logo_geo
დღეს სიმონ ყაუხჩიშვილს 124 წელი შეუსრულდებოდა
- +

14 ოქტომბერი. 2019. 16:46

 

 

 

 

14 ოქტომბერს, 124 წელი სრულდება დიდი ქართველი მეცნიერის, სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან...

 

სიმონ ყაუხჩიშვილი

 

ის არა ჰგავდა იმ მეცნიერებს, რომლებიც დილიდან შუაღამემდე თავაუღებლად მაგიდასთან სხედან, წიგნებში ჩაფლულნი, და სხვა არაფერი აინტერესებთ. საზოგადოებაში იშვიათად გამოჩნდებიან - თავს უძვირებენ ხალხს...

 

სიმონ ყაუხჩიშვილს ყოველდღე ნახავდი მტკიცე, ენერგიული ნაბიჯით მიმავალს. ძველებური შავი კოსტიუმი ეცვა (ძველებურივე ვიწრო ტოტებიანი შარვალი), ზამთრობით - ასევე შავი თხელი პალტო; ეხურა შავი შლიაპა, რომლისგანაც ზოგჯერ შეჭაღარავებული სქელი თმა ოდნავ ჩამოეშლებოდა ხოლმე. სქელლანჩიანი ფეხსაცმელი ასფალტზე რიტმულ ხმას გამოსცემდა, და რომ შეხედავდი, მოგეჩვენებოდა, თითქოს მისი ფიქრთა დენაც ამ რიტმზე იყო შეწყობილი. შაბათ-კვირას - ზოგჯერ სხვა დღეებშიც - დილაადრიან, ვერის ბაზრიდან მოდიოდა, სანოვაგის ჩანთით ხელში; სწრაფად შემოივლიდა ხოლმე ვერის პატარა ბაზარს, ახარებდა დახლებზე უხვად დალაგებული ნაყოფი ქართული მიწისა, მშრომელი კაცის მონაგარი. გლეხები ცნობდნენ და სახე გაებადრებოდათ - ეამაყებოდათ ამ კაცის სალამი. თითქოს პატივი და ღირსება ემატებოდათ. მომაღლო ტანისა იყო, ზომიერად გამხდარი, ამაყი, მაგრამ არა ქედმაღალი... და მაინც მის გარეგნობაში ყველაზე დამახასიათებელი თვალები იყო - ჭაბუკურად ანცი და ცნობისმოყვარე, მოძრავი, მკვირცხლი, სასიამოვნოდ ირონიული და ამავე დროს კეთილი და შემწყნარებელი... მეტყველება - თითქოსდა მკვეთრი, მაგრამ ამ სიმკვეთრის განწყობილებას სიტლანქე კი არ ქმნიდა, რაც მას ოდნავადაც არა ჰქონია, არამედ მეტყველების ლაკონიურობა და ოდნავ უფრო გამოკვეთილი მახვილები, ვიდრე ჩვენი ენისათვის არის დამახასიათებელი. სათქმელის გამოსახატად მუდამ ზუსტად შესაფერი სიტყვები ჰქონდა; აზრის გასაძლიერებლად ზედმეტი განმარტების ფრაზები და დამატებითი სინონიმები არა სჭირდებოდა; და შენც - მასთან მოსაუბრე - ცდილობდი როგორმე შეგეკავებინა თავი ჩვენში თითქმის ჩვეულებად ქცეულ უხვსიტყვაობისგან.

 

ეს ლაკონიურობა და აზრის სინათლე გამოსჭვივის მისი ყველა წიგნიდან. მგზნებარე პატრიოტიზმს იგი ჭეშმარიტი მეცნიერის კეთილსინდისიერებით კარგად უხამებდა ობიექტურობას და ამით ერთგული მოწაფე იყო თავისივე სათაყვანებელი მასწავლებლის ივანე ჯავახიშვილისა. კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო, მაგრამ მისი ინტერესები ვიწრო სპეციალობით როდი იფარგლებოდა - მთელი თავისი საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე იგი ცდილობდა, საქართველოს ისტორიის ახალი მასალები მოეპოვებინა, შეესწავლა ის ურთიერთობა, რაც ქართველ ხალხს და მის უძველეს კულტურას ანტიკურ სამყაროსა და შემდეგ ბიზანტიასთან ჰქონდა, და ამით გაემდიდრებინა ქართული ისტორიოგრაფია. ეს კარგად ჩანს არა მარტო იმ დიდებული „გეორგიკის“ სერიაში, რომელსაც მეცნიერი თავისი მოწაფეების მონაწილეობით ათეული წლების განმავლობაში ამზადებდა და რომლის 8 ტომის გამოცემა მოასწრო, არამედ ისეთ წიგნებშიაც, სადაც თითქოს ნაკლებად მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო ამგვარ ურთიერთობათა ძიება და ჩვენება - „ბერძნული ლიტერატურის ისტორიასა“ და, განსაკუთრებით, „ბიზანტიურ ლიტერატურაში“. ეს სამაგიდო წიგნებია მათთვისაც, ვინც საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული კულტურის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

იშვიათად შეხვდებით ამგვარი ხასიათის სამეცნიერო წიგნს, ასე ნათლად და ლაღად დაწერილს. ამიტომაა, რომ მის შრომებს მასობრივი მკითხველიც გატაცებით კითხულობს. ეს წიგნები თითქოს ჟანრის ჩარჩოებიდან გამოდიან, მაგრამ ამით მეცნიერული ღირსება როდი აკლდებათ. ე. წ. მეცნიერული აპარატურაც კი, რაც უმთავრესად სპეციალისტებს აინტერესებთ და ფართო მკითხველისთვის, ჩვეულებრივ, მიუწვდომელიც არის და უინტერესოც, სიმონ ყაუხჩიშვილის შრომებში სულ სხვა ფუნქციას იძენენ; კერძოდ „გეორგიკის“ ტომებისათვის დართული კომენტარები დამოუკიდებელი ნოველებივით იკითხება და, ამდენად, საჭირო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ესთეტიკურ სიამოვნებასაც გვანიჭებს.

 

ასეთივე იყო ლექციები სიმონ ყაუხჩიშვილისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლექციები სასწავლო პროგრამის რეგლამენტით იყო განსაზღვრული და არასოდეს მეცნიერული სიღრმე არ მოჰკლებია, სიმონ ყაუხჩიშვილს საოცარი უნარი ჰქონდა, ისე უბრალოდ და მიმზიდველად მიეწოდებინა ეს დიდი მასალა აუდიტორიისთვის, როგორც ბუხართან მოსმენილი საინტერესო ამბავი. აუდიტორიაში რომ შევიდოდა, სტუდენტებს მიესალმებოდა, მარჯვენა ხელს ზეასწევდა და ერთბაშად დაიწყებდა წინა ლექციაზე გაწყვეტილ ამბავს, ყოველგვარი შესავლის გარეშე; ისე დაირეკებოდა ლექციის დამთავრების ზარი, არც მას გაუწყდებოდა გაბმული თხრობის ძაფი და არც მრავალრიცხოვან აუდიტორიაში გაიგონებდი უბრალო ჩქამსაც კი.

 

ლექციაში უსათუოდ ჩაურთავდა ისეთ საინტერესო ეპიზოდებს, რაც ცოცხლად განგაცდევინებს ეპოქის კოლორიტს, ისტორიული პირის ხასიათსაც უფრო გამოკვეთს, და რასაც, რატომღაც, სახელმძღვანელო წიგნებში ვერ შეხვდები ხოლმე. როცა, მაგალითად, იულიუს კეისრის „გალიის ომის ჩანაწერებზე“ გვესაუბრებოდა, იგი კეისრის ბიოგრაფიის ცალკეულ მომენტებსაც გვიამბობდა და არ ავიწყდებოდა რომაელი ჯარისკაცების სალაღობო სტრიქონებიც, რაც მათ თავიანთ სარდალზე შეეთხზათ და ჩუმ-ჩუმად ქილიკობდნენ... ასეთი ხასიათის ლექსებსაც და მოზრდილ ციტატებსაც დიდი მწერლების ქმნილებებიდან, იგი ზეპირად ამბობდა - ჯერ ორიგინალის ენაზე, მერე კი ქართულად, და საგულისხმოა, რომ თავისივე თარგმანით. ახლაც თითქოს ყურში ჩამესმის პირველი სტრიქონი „ილიადადან“ - „ქალღმერთო, მიმღერე რისხვა აქილევსის, პელეას ძისა“..., რომელსაც ორიგინალისთვის დამახასიათებელი მახვილებით წარმოთქვამდა. სხვათა შორის, თავადვე აპირებდა „ილიადის“ მთლიანად თარგმნას, მგონი თარგმნა კიდეც საკმაოდ დიდი ნაწილი, მაგრამ დაბეჭდვით, რამდენადაც ვიცი, არ დაუბეჭდავს.

 

აქ არ მოვყვები მისი მეცნიერული მოღვაწეობის განხილვას. მაგრამ არ შეიძლება მადლიერებით არ აღვნიშნოთ, რა ამაგი დასდო მან ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოცემას და განსაკუთრებით კი „ქართლის ცხოვრებას“, რაც ასე ერთად თავმოყრილი, ყველა არსებულ ხელნაწერთან შედარებული და ასე მდიდარი აპარატურით აღჭურვილი პირველად გამოიცა. როგორც ირკვევა, სიმონ ყაუხჩიშვილს განზრახული ჰქონდა „ქართლის ცხოვრების“ წიგნები ოთხ ტომად გამოეცა. სამწუხაროდ, ეს არ დასცალდა. პირველი ორი ტომის გამოცემის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა. ვიცოდი, რომ მას მესამე ტომიც ჰქონდა გამზადებული, და როცა გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა, შევთავაზე - ბარემ მესამე ტომიც ჩვენთან გამოვცეთ-მეთქი. ძალიან გაეხარდა, მაგრამ მესამე ტომის ჩვენთან გამოცემისგან მაინც თავი შეიკავა - მესამე ტომი უკვე ჩაბარებული მაქვს სხვა გამომცემლობისთვისო, მითხრა და შემომთავაზა ვახუშტი ბატონიშვილის დიდი შრომის გამოცემა, რომელსაც იგი „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ ტომად ვარაუდობდა. განზრახული მაქვს პირვანდელი სახით გამოვცე, როგორც თვით ავტორს ჰქონდა დაწერილი და როგორადაც ჯერ არ გამოცემულაო. ამაზე, რაღა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდით და რამდენიმე ხნის შემდეგ წარმოადგინა წიგნი.

 

მე ხომ იმ პირველი ორი ტომის მიხედვით ვიცოდი, რა მეცნიერულ დონეზე იყო გამოცემული და რა კოლოსალური შრომა ჰქონდა გაწეული სიმონ ყაუხჩიშვილს. ახლა კი, ვახუშტის შრომის - ანუ „ქართლის ცხოვრების“ მეოთხე ტომის გამოცემისას - იმის მოწმეც გავხდი, რა დროსა და ენერგიას ახმარდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვით წიგნის გამოცემის პროცესს. ვისაც უნახავს ეს წიგნი, ადვილად დარწმუნდება, რომ ტექნიკურად ძნელად გამოსაცემი იყო. წიგნი განსაკუთრებული შრიფტით არის აწყობილი და სტამბას საშუალება არა ჰქონდა ერთბაშად აეწყო და დაებეჭდა - იწყობოდა და იბეჭდებოდა ნაწილ-ნაწილ, ცალკეული ფორმები. ამიტომ მის აწყობა-დაკაბადონებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა; თან, გაცილებით უფრო ძნელიც იყო მისი აწყობა და კორექტურა. სიმონ ყაუხჩიშვილი თავზე ადგა ასოთამწყობს, და კორექტურასაც თვითონ კითხულობდა. და რა გახარებული იყო, როცა ამ დიდებული წიგნის პირველი სასიგნალო ეგზემპლარი აიღო ხელში.

 

ამჟამად „ქართლის ცხოვრების“ წიგნები ჩვენი მკითხველის ხელთ არის და მას ეწაფება ყველა განათლებული ადამიანი. ისინი მადლობელი უნდა იყვნენ სიმონ ყაუხჩიშვილისა - თუ არა მისი საოცარი გულმოდგინება და საქმის სიყვარული, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გამოუცემელი იქნებოდა ეს დიდებული წიგნები. ნეტა ამჟამად სად არის ის მესამე ტომი, რომლის დარდი თან გაჰყვა მეცნიერს?

 

არ შეიძლება საგანგებოდ არ აღინიშნოს სიმონ ყაუხჩიშვილის დამოკიდებულება ახალგაზრდებთან. ქართულ კლასიკურ ფილოლოგიასა და ბიზანტინოლოგიას საერთაშორისო აღიარება აქვს, ყველგან ანგარიშს უწევენ. ეს სკოლა დიდმა მეცნიერმა გრიგოლ წერეთელმა და მისმა ღირსეულმა მოწაფემ სიმონ ყაუხჩიშვილმა შექმნეს; ამ დარგის დღევანდელი მოღვაწეები სიმონ ყაუხჩიშვილის აღზრდილები არიან. მაგრამ მისი გულისხმიერება ახალგაზრდების მიმართ არასოდეს ყოფილა ხაზგასმული. იგი პირველი კურსიდანვე შეარჩევდა ხოლმე სტუდენტს - შორიდან ამოწმებდა მის ნიჭს, უნარს, სიბეჯითეს... და არა მარტო თავისი საგნის მიხედვით. მას მოლაპარაკება ჰქონდა სხვა ლექტორებთანაც. ვის აზრსაც კი ანგარიშს უწევდა. სტუდენტი ამას ვერც კი გრძნობდა. ასე გახდა, მაგალითად, ალექსანდრე გამყრელიძე მისი საყვარელი მოწაფე. ალექსანდრე გამყრელიძე სტუდენტობის დროს ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა ერეკლე ტატიშვილის ხელმძღვანელობით. იგი გამოირჩეოდა ნიჭით, სიბეჯითითა და, საერთოდ, ყველა იმ თვისებით, რაც მეცნიერს სჭირდება. ეს, ეტყობა, თავიდანვე შეამჩნია სიმონ ყაუხჩიშვილმა, რომელიც მას ანტიკური ლიტერატურის კურსს უკითხავდა. მოელაპარაკა ერეკლე ტატიშვილს, თვით სტუდენტსაც, და მგონი მესამე კურსიდანვე თავად დაუწყო სწავლება ბერძნული და ლათინური ენებისა, რასაც დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტები ისე ღრმადა და საფუძვლიანად არ გადიოდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტად დაიტოვა ალექსანდრე გამყრელიძე. ხოლო თუ რა ღვაწლი დასდო ახალგაზრდა მეცნიერმა ქართულ კულტურას, ეს ცნობილია და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

 

მარტო თავისი ასპირანტების მიმართ როდი იჩენდა სიმონ ყაუხჩიშვილი ყურადღებას. ანტიკურ ისტორიას იგი უკითხავდა მთელი ფაკულტეტის გაერთიანებულ ჯგუფებს, ძალიან ფართო აუდიტორიას. და მიუხედავად იმისა, რომ ლექციებს მრავალრიცხოვანი სტუდენტობა ისმენდა, იგი თითქმის ყველა სტუდენტს ცნობდა, დაინტერესებული იყო მათი მომავლით. არასოდეს დამავიწყდება: ერთხელ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოპერის თეატრის წინ ვდგავართ ალექსანდრე საჯაია, რევაზ მარგიანი და მე. შორიდანვე მოვკარით თვალი – სიმონ ყაუხჩიშვილი მოდის. ეს ხდება იმ დროს, როცა თბილისიდან თავისდაუნებურად დიდი ხნის წასვლის შემდეგ იგი ის-იყო სამშობლოში დაბრუნდა. ამ წლებს ვერ გაეტეხა – წინანდებურადვე ენერგიული ნაბიჯით მოდიოდა. რაღა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა მისი დანახვა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავით, თუ გვიცნობდა - საიდან უნდა დავემახსოვრებინეთ იმდენ სტუდენტებში – აკი ითქვა: მრავალრიცხოვან აუდიტორიაში გვიკითხავდა ლექციას, ისიც რამდენიმე წლის წინათ!.. გვიცნო. ჩვენ ვერ გავბედეთ შევგებებოდით, და ის გამოემართა ჩვენკენ, ხელი ჩამოგვართვა, ღიმილით მოგვეალერსა, და საჯაიას მიმართა – იქ ლიტერატურული გაზეთი ჩამივარდა ხელში და თქვენი ლექსი წავიკითხე, ძალიან მომეწონაო... ბევრისთვის მიუნიჭებია ასეთი სიხარული თავისი გულისხმიერებით.

 

საერთოდ, თვალს ადევნებდა თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებას, არ გამოეპარებოდა ასე თუ ისე მნიშვნელოვანი წიგნი თუ ცალკეული ნაწარმოები. თუ მოეწონებოდა, დაურეკავდა კიდეც ავტორს, ან როცა შეხვდებოდა, მაშინ მიულოცავდა, თავის მოსაზრებას გაუზიარებდა... არა მარტო მწერლობას – კარგად იცნობდა თანამედროვე ხელოვნებას; თეატრშიც ნახავდი, მხატვრის გამოფენაზეც... არ გამორჩებოდა ასე თუ ისე მნიშვნელოვანი მოვლენა კულტურული ცხოვრებისა და გიკვირდა, როგორ ასწრებდა იგი ამდენ რამეს. იძინებდა ძალიან გვიან და გამთენიისას უკვე ფეხზე იყო. ერთხელ მე მიმიწვია ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც მას კათედრა ებარა, და ინგლისური ლიტერატურის კურსი მომცა. ყოველთვიურად თითო კვირით ჩავდიოდი ხოლმე. ღამეს ვათევდი პატარა სასტუმროში, რომელიც საგანგებოდ ლექტორებისთვის იყო. ლექციების ცხრილი ისე იყო შედგენილი, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს ბატონი სიმონიც ჩამოდიოდა ორი თუ სამი დღით, და ბინად ისიც იმ პატარა სასტუმროში იყო. ჩვენ ერთ ოთახში ვიძინებდით. იგი მთელი დღე გადაბმით ლექციებს კითხულობდა, ღამით გვიან მოდიოდა, ერთხანს მაგიდას მიუჯდებოდა, თბილისიდან წამოღებულ სამუშაოს აკეთებდა – ხან კორექტურას კითხულობდა, ხან სარეცენზიოდ გადმოცემულ დისერტაციას ეცნობოდა... პირველ საათამდე მუშაობდა. დილით კი, როგორც ითქვა, ძალიან ადრე დგებოდა. ერთხელ ვუთხარი, ამდენ მუშაობას როგორ უძლებთ-მეთქი. ოცდაოთხი საათი ძალიან მცირეა, მითხრა, ადამიანს დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება...

 

არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მუშაობდა ქუთაისის პედინსტიტუტში, მაგრამ გავიდა კარგა დიდი ხანი და უკვე მოხუცი იყო, როცა გელათის სახალხო აკადემიის რექტორად აირჩიეს (სწორედ მას ეკუთვნოდა ეს საპატიო თანამდებობა – გელათის ძველ აკადემიას ხომ მან მიუძღვნა ყველაზე საფუძვლიანი გამოკვლევა!). და უნდა გენახათ, როგორი გატაცებითა და ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს ეს მოხუცი კაცი, რა ხშირად ატარებდა ლექციებს, იწვევდა მეცნიერებს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ათასი გადაუდებელი საქმე ჰქონდა.

 

ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან უბრალო და მომხიბლავი იყო, დაჯილდოებული იუმორის იშვიათი ნიჭით. უყვარდა ხუმრობა და სიცილიც უხდებოდა... იცოდა გულითადი თანაგრძნობა მწუხარების დროს - ბედმა არგუნა, რამდენიმე თავისი მოწაფის გარდაცვალებას მოსწრებოდა, და ამ დროს ჭირისუფალს არ შორდებოდა; პანაშვიდზე ჭირისუფალთა შორის იყო – მათ მწუხარებასაც იზიარებდა და თავადაც ღებულობდა სამძიმარს.

 

იცოდა მშვენიერი მოლხენაც, დროს ამისთვისაც პოულობდა. ერთხელ, ქუთაისში ყოფნის დროს, დილით გამაფრთხილა, დღეს ვქეიფობთ და არ დაიგვიანოო. იმ დღეს მასა და კოტე ბაქრაძეს ლექციები უმთავრდებოდათ და ღამის მატარებლით თბილისში უნდა წამოსულიყვნენ. იქვე იყვნენ თბილისიდან ჩამოსული სხვა ლექტორები, მათ შორის მანდილოსნებიც. სიმონ ყაუხჩიშვილთან და კოტე ბაქრაძესთან მთელი საღამოს გატარება, რაღა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ მაშინ ჯერ ისევ ახალგაზრდა ვიყავი და ცოტათი მერიდებოდა. სად უნდა ვიქეიფოთ-მეთქი, ვკითხე. აქვე, ჩვენს სასტუმროშიო. იმ სახლს არც რესტორანი ჰქონია და არც ქეიფისათვის შესაფერი დარბაზი და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, მაგრამ თქმით არაფერი მითქვამს. საღამოს ექვსი საათისთვის ლექციებს მოვრჩი და შინისკენ გავეშურე. მოშიებული, ფსიქოლოგიურად ქეიფისთვის განწყობილი, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ზამთარი იყო და ადრე ბნელდებოდა. შინ დამხვდა, მაგიდას უჯდა და ჩვეულებრივ მუშაობდა. ოთახის კარი რომ შევაღე, საათი ამოიღო (ჯიბის საათს ატარებდა), დახედა და მითხრა – ცოტა დაისვენე, მალე კოტეც მოვა და ქეიფს შევუდგეთო. გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ თქმით ვერაფერი ვუთხარი – არც ღვინო ჩანდა სადმე, არც შემწვარ-მოხრაკულის სუნი იდგა და არც თეფშებისა და დანა-ჩანგლის ჩხაკუნი. არ გასულა დიდი ხანი და კარზე კოტე ბაქრაძემ დააკაკუნა. იგი მე უნივერსიტეტიდან მიცნობდა. სახეგაბადრულები შეხვდნენ ერთმანეთს. თითქოს დიდი ხნის უნახავები იყვნენ. კოტე ბაქრაძეს იშვიათი უნარი ჰქონდა – ხელად დაიახლოვებდა და დაუახლოვდებოდა ადამიანს. ისიც ყაუხჩიშვილივით უბრალო და თავმდაბალი კაცი იყო. უყვარდა ხუმრობა, კარგი მოსაუბრე იყო – სულ უმნიშვნელო ამბავსაც გატაცებით მოყვებოდა და შენც გატაცებით მოგასმენინებდა. ერთხანს ვისაუბრეთ, მერე ბატონმა სიმონმა ისევ დახედა საათს და თქვა – უკვე დროა, სხვებიც მოვიდოდნენ, თავისი დიდი პორტფელი გახსნა და ორი ბოთლი შამპანური ამოიღო. დერეფნის ბოლოში დიდი ოთახი იყო და იქ შევედით. იქ სამი თუ ოთხი ადამიანი დაგვხვდა, ორი საწერი მაგიდა ერთმანეთზე მიედგათ და ზედ დაელაგებინათ თონის პური, ყველი და ძეხვი. აშკარა იყო, მეტი საჭმელი არ ჰქონდათ. მაგრამ ღვინო? მივიხედ-მოვიხედე – ღვინო არსად ჩანდა, არც დიდი ბოცოთი, არც პატარა ბოცოთი, არც ბოთლებით... არადა, სუფრას შემოვუსხედით ხუთი მამაკაცი და ორი მანდილოსანი. ისინიც მატარებლით მიემგზავრებოდნენ იმ ღამეს. მატარებელი ღამის 12 საათზე გადიოდა. ბატონმა სიმონმა ის ორი ბოთლი შამპანური მაგიდაზე დადგა, საიდანღაც მოიტანეს მინის პაწაწინა სათითურებისხელა ყანწები და ქეიფი დავიწყეთ. თამადობა შეუთავაზებლად თვით სიმონ ყაუხჩიშვილმა იკისრა. რვა საათი იქნებოდა, რომ დავსხედით და დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე ავიშალეთ. ძნელია სიტყვებით გადმოსცე სიამოვნება, რაც იმ ღამეს იქ განვიცადეთ. შესანიშნავი თამადა გამოდგა, ქართული სუფრის ყოველგვარ წესს იცავდა, ერთხელ დააჯარიმა კიდეც ვიღაც სუფრის წესის დარღვევისათვის. იყო სიმღერა, ანეკდოტები, ხუმრობების ფეიერვერკი – თამადა და კოტე ბაქრაძე თითქოს ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, და ორივე შესანიშნავი იყო, სიცილით ლამის ცრემლები მოგვდიოდა თვალებიდან, და საოცარია – იმ ორი ბოთლი შამპანურით, იმ მინის სათითურებით კარგად შევზარხოშდით. ისე შემიყვარდნენ ყველანი, რომ როცა წასასვლელად გაემზადნენ, გული დამწყდა, თითქოს ძალიან ახლობელ ადამიანებს დიდი ხნით ვშორდებოდი.

...

უკანასკნელად პიონერთა სასახლის წინ ვნახე, ჩიტაძის ქუჩიდან ეშვებოდა, ნაბიჯი საგრძნობლად დამძიმებოდა, თვალები კი ისეთივე შერჩენოდა – მკვირცხლი, მოძრავი, ლაღი ირონიის გამომხატველი. გამაჩერა, ამბავი მკითხა – ხმა ოდნავ გატეხოდა, მძიმედ სუნთქავდა. ცოტა ხანს მელაპარაკა და წავიდა. მე კი ფეხი ვეღარ მოვიცვალე ადგილიდან, გავყურებდი, როგორ მძიმედ ადგამდა ფეხს – თავადაც დამძიმებული, და დაღლილი... და გონებაში უნებურად გაცოცხლდა ის ბედნიერი დღეები, როცა აუდიტორიის კარი გაიღებოდა და ბატონი სიმონი შემოვიდოდა – მხნე, ხალისიანი, გაღიმებული. ხელს ოდნავ ასწევდა, თითქოს ჯადოსნური კვერთხი უჭირავსო, და დაიწყებდა... ჩვენ სულგანაბული ვუსმენდით და ჩვენს თვალწინ თანდათან ცოცხლდებოდა დიდებული ანტიკური ლიტერატურის ზღაპრული სამყარო.

 

ვახტანგ ჭელიძე

1985 წ.

ფოტოზე აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე და სიმონ ყაუხჩიშვილი. 1967 წ. თბილისი.

 

 

 

დავით ჭელიძე

 

 

big_banner
არქივი