logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ესაა, რამაც საუკუნე-ნახევარზე მეტს გაუძლო, გადარჩა და აწი მასზე სახელმწიფო იზრუნებს...
- +

17 ოქტომბერი. 2019. 18:03

 

 

 

წლები ისე გადიოდა, სამსახურის და დედაქალაქის რეჟიმში ჩართული ამ ეზო-კარისთვის ვერ იცლიდა. თბილისის ბევრ უბანში იცხოვრა, სახლებიც აშენა, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, დაბრუნდა მამა-პაპის ფუძეზე, ზურა მაისაშვილი რაჭაში, სოფელ წესში ახლა წინაპრების კვალზე დგას და მასპინძელია! ეს სახლი კი მის დიდ ბაბუას, ასევე ზურა მაისაშვილს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აუშენებია, იგი წიფის გვირაბის მშენებლობაზე, ცნობილ შოტლანდიელ ინჟინერ ჰენრიხ მუატთან ერთად მუშაობდა (მუატმა ცოლად შეირთო ეკატერინე ყარანგოზიშვილი და სამუდამოდ საქართველოში დარჩა, დაკრძალულია ქაშუეთის ეზოში). ახლა ამ სახლში, კედელზე გაკრულ უნიკალურ ფოტოზე, მუატის თანაგუნდელებში ზურა მაისაშვილის ფოტოცაა. ეს სახლი თავიდან 24 ოთახისაგან შედგებოდა, მაგრამ ესაა, რამაც საუკუნე-ნახევარზე მეტს გაუძლო, გადარჩა და აწი მასზე სახელმწიფო იზრუნებს... არის კიდევ ერთი ზურა მაისაშვილი, ამ ფუძე-კარის შთამომავალი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც იზრუნა და სახლი კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შევიდა. პატარა ზურას სხვა გეგმებიც აქვს, სტარტაპერია და უკვე დაიწყო აქაური ყურძნის - რაჭული თეთრას ღვინის ჩამოსხმა და სახელიც აქაური დაარქვა - ღვინუკა, ასევე, რაჭული ძველშავი, რომელიც მეხუთე საუკუნიდანაა ცნობილი მალე აღორძინდება - ზუკა დიდი მარანის აშენებას აპირებს, ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში დგება და ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელდება მაისაშვილების გვარი, რაჭას კი ერთი კარგი ფუძე უძლიერდება. ამის თქმის უფლებას აი, ეს წლევანდელი, შრომასუჩვევი, გაქალაქებული კაცის მოწეული მოსავალიც მაძლევს - ბოსტანი, გოგრები, ვაშლები, მოვლილი ეზო და რაც მთავარია, ვენახი - ძველშავი და საფერავი, ახალჩაყრილი ვაზი და სიცოცხლის ხმები - ეს ზურა მაისაშვილის და მისი მეუღლის, მანანა მაჩაიძის „ნამოღვაწარია“. ღმერთო, ასე ახმაურებულიყოს მთელი რაჭა და ჩემი ქვეყნის ყველა მიტოვებული ეზო-კარი!

 

P.S. და ერთიც, რაჭაში ახლა ამინდებს გზის მშენებლებიც ეშურებიან, სანამ მუჭისხელა ფიფქებს ჩამოყრის ზეცა და აქაურობა თოვლით შეიბუმბლება, უნდა მოასწრონ გზები, გზები, რომ რაჭას ახალი სიცოცხლე დაუბრუნდეს, მალე საჩხერიდან სრულიად ახალი სამანქანო გზის მშენებლობა დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროს ამ ულამაზეს კუთხეში მოსახვედრად - გზა სიცოცხლეა!!!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი