logo_geo
1905 წლის 23 ოქტომბერს ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი დაიბადა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 15:59

 

 

„ჩვენთვის, ვოკალისტებისთვის, განსაკუთრებით ძვირფასი და სასიხარულოა, როდესაც უდიდესი მასშტაბის საოპერო დირიჟორს ესმის მომღერლის, გრძნობს მას და უყვარს იგი. მას ვუყვარდით და ყოველთვის ისეთი გატაცებით, აღმაფრენითა და ტემპერამენტით დირიჟორობდა, გეგონებოდა, რომ ჩვენთან ერთად მღეროდა“.

 

აი, ამ სიტყვებით შეაფასა უდიდესმა ტენორმა და თბილისის ოპერის თეატრის ყოფილმა სოლისტმა სერგეი ლემეშევმა დღევანდელი ლეგენდარული „ქართველი“ სომეხი იუბილარი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თბილისი და თბილისელები, ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე არ „გაუცივებია“.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1905 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში, კერძოდ, სოფელ შულავერში მცხოვრები ყარაბაღელი სომხების ოჯახში დაიბადა მომავალი უდიდესი საბჭოთა დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი, მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, სსრკ სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი, რომელმაც დაწყებითი მუსიკალური განათლება საქართველოში, კერძოდ, ოჯახში მიიღო და იქვე ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. ჰოდა, ნიჭმა თავისი ქნა და... იმ დროისთვის უმაღლესი მუსიკალური განათლების არქონის მიუხედავად, 1921 წელს ბატონი ალექსანდრე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კონცერტმაისტერი, შემდეგ კი დირიჟორი გახდა და მისივე მოგონებების თანახმად, მას მამობრივი დახმარება გაუწია სახელოვანმა ქართველმა დირიჟორმა ივანე ფალიაშვილმა, რომელმაც უთხრა:  „აბა, მოსინჯე ძალები და უდირიჟორე „ფაუსტს“, რეპეტიციის გარეშე“. როგორც ბატონი ალექსანდრე წერს, სწორედ იმ დღემ გადაწყვიტა მისი, როგორც დირიჟორის ბედი. მისი სადირიჟორო რეპერტუარი მაშინაც და მომავალშიც ძალზე მრავალფეროვანი იყო: დოლიძის „ქეთო და კოტე“, ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ბოროდინის „თავადი იგორი“, არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ვერდის „აიდა“, ბიზეს „კარმენი“ და ა.შ.

 

გავიდა ხანი და ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი თბილისიდან ლენინგრადში გაემგზავრა. 1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია და მალევე გახდა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

1931 წელს იგი დაინიშნა მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორად, ხოლო 1953 წლიდან, 10 წლის მანძილზე, იგი იყო იმავე თეატრის მთავარი დირიჟორი. მის სადირიჟორო რეპერტუარში შედიოდა საბჭოთა და საზღვარგარეთის ქვეყნების ყველა ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოები, ისევე როგორც სიმფონიური კონცერტები, რომლის დროსაც სრულდებოდა გენიალური ავტორების მონუმენტალური ოპუსები.

 

ალექსანდრე მელიქ-ფაშაევზე არაერთი სტატია მაქვს წაკითხული, რომლებშიც ერთხმად „აღიარებენ“, რომ მას არასოდეს ჰქონია „მორიგე“ სპექტაკლი და კარიერის დასაწყისიდან ვიდრე გარდაცვალებამდე მსმენელს აჯადოებდა მისი განუზომელი ნიჭით, მგზნებარე შესრულებით, მუსიკალური ფრაზის მოქნილობით, სინატიფით და იმ საოცარი ჟღერადობით, რომელიც მის მიერ სადირიჟორო ჯოხის აღმართვისთანავე ისადგურებდა დარბაზში.

 

ალექსანდრე მელიქ-ფაშაევმა დაწერა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერები „პეჩორინი“ და „მეთორმეტე ღამე“, აგრეთვე რამდენიმე სიმფონია და რომანსი.

 

ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი გარდაიცვალა 1964 წელს დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის წინაპრების სახლი, რომელიც დღესაც დგას შულავერში (დღევანდელ შაუმიანში), ააშენა მიხაილ ქალანთაროვმა, რომლის მამა იყო მე-19 საუკუნის ცნობილი მეწარმე ეგორ ქალანთაროვი, რომელიც შულავერში ცხენსაშენებსა და ზეთსახდელ ქარხნებს ფლობდა.

 

2018 წელს მელიქ-ფაშაევების სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

და ამ მოგონებას ლეგენდარული სოპრანოს გალინა ვიშნევსკაიას სიტყვებით დავასრულებ: „არასოდეს მიფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე და ემიგრანტობაზე... პიროვნულადაც ვერასოდეს გავხდებოდი ისეთი თავისუფალი, როგორადაც დიდი თეატრის ანსამბლთან მუშაობისას ვგრძნობდი თავს, როდესაც შეხება მქონდა ისეთ ვირტუოზებთან, როგორებიც იყვნენ მელიქ-ფაშაევი, პაკროვსკი, შოსტაკოვიჩი და, ბუნებრივია, ჩემი მეუღლე“.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი