logo_geo
თეა ფირცხალავა: აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს 90 წელი შეუსრულდა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 16:05

 

 

 

„დამნაშავეთა დაუსჯელობას საზოგადოებრიობა აღიქვამს, როგორც უმაღლესი პარტიული აპარატისა და სამხედრო სარდლობის ყოვლისშემძლეობას... თბილისის ტრაგედიამ შეძრა ყველა და ლახვარი ჩასცა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებზეც ამდენს ვლაპარაკობთ დღევანდელ ყრილობაზე. ყოველივე ეს შეუთავსებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში მიღებულ მორალურ და სამართლებრივ ნორმებთან და უნდა მივიჩნიოთ დანაშაულად საკუთარი ხალხისა და საერთოდ ადამიანურობის წინაშე...“

 

ეს სიტყვები დღევანდელმა იუბილარმა სსრკ სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე წარმოთქვა, რომელსაც პროსაბჭოთა უმრავლესობა სტვენით, ხოლო დისიდენტთა მცირე ნაწილი და მათი ლიდერი აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი ტაშით და ფეხზე ამდგარი შეხვდა. ის იყო სიმართლის გამარჯვების რამდენიმე წუთი, რომელმაც მცირეოდენი, მაგრამ იმ დროს მეტად საჭირო შვება მოჰგვარა ტელეეკრანებს მიჯაჭვულ საქართველოს მოსახლეობას. გავა ხანი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ასე ეტყვის 9 აპრილის ამბების გამომძიებელი კომისიის წევრს აკადემიკოს ანდრეი სახაროვს: „მოხდა ისე, რომ სწორედ ქართველმა ერმა იტვირთა ეს მძიმე ჯვარი და ამით იხსნა სხვა ერები ასეთივე დიდი უბედურებისგან. ასეთი რამ არსად და არასოდეს უნდა განმეორდეს“.

 

ახლა კი გავიცნოთ ის „გაბედული“ გამომსვლელი, რომელმაც მაღალი ტრიბუნიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად დასდო ბრალი საბჭოთა კავშირის იმდროინდელ უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებით უამრავი კონფორმისტი გააოცა, შინაც და გარეთაც:

 

1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა მსოფლიო დონის ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ინდოევროპეისტი, სსრკ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის, ბრიტანეთის, ავსტრიის, უნგრეთის, ლატვიისა და საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების წევრ-კორესპონდენტი, ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, მათ შორის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს - „წმინდა გიორგის ოქროს ორდენის“ კავალერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

 

თამაზ გამყრელიძემ გამოიკვლია ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურა და ამ საკითხებს მიუძღვნა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, დაწერა 200-მდე ფუნდამენტური ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი დაიბეჭდა უცხოეთის წამყვან სამეცნიერო გამოცემებში, აგრეთვე რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“ (ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით), მან, როგორც ხეთოლოგმა, გადაჭრა ენათმეცნიერების სფეროს ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი, რომელიც ეხებოდა ხეთური ენის მიმართებას ინდოევროპულ ენებთან, გამოიკვლია ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობა, 1988-94 წლებში იგი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „Вопросы Языкознания“-ს მთავარი რედაქტორი.

 

დღეს მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი წიგნი - თამაზ გამყრელიძის „ფალსიფიკაციების მსხვრეველნი“, რომლის მე–2 თავში ბატონი თამაზი წერს:

 

„სომხური ისტორიული ტრადიცია უძველესი ქართული დამწერლობის შექმნას მესროპ მაშტოცის მოღვაწეობას უკავშირებს. მაგრამ იმავე ისტორიული ტრადიციების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მესროპ მაშტოცმა საერთოდ არ იცოდა ქართული ენა, რაც სრულიად გამორიცხავს მის მიერ ქართული დამწერლობის შექმნას.

 

არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ მესროპ მაშტოცი უძველესი ქართული დამწერლობის „ინსტრუქტორად“ ან „კონსულტანტად“ მივიჩნიოთ... რამეთუ ძველქართლი და ძველსომხური ალფავიტები სრულიად განსხვავებულ სტრუქტურულ პრინციპებს ეყრდნობა“.

 

1990 წელს აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად და 28 ოქტომბერს ხელი მოაწერა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს“. 1992-2004 წლებში ბატონი თამაზი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

და კიდევ ერთი ფაქტი, 1989 წელს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელი, ხოლო 1990 წელს ბატონ თამაზს დამსახურებულად მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.

 

2014 წელს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის წინასიტყვაობით და აკადემიკოსების როინ მეტრეველისა და ვლადიმერ პაპავას და პროფესორ გრიგოლ ბერაძის რედაქტორობით გამოიცა თამაზ გამყრელიძის წიგნი „რჩეული წერილები და გამოსვლები".

 

დღეს აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს შეუსრულდა 90 წელი.

 

გულწრფელად ვულოცავ დიდ ქართველ მოღვაწეს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს - საქართველოს და ქართველი ერის სასახელოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი