logo_geo
თეა ფირცხალავა: ორი ოფიციალური ქორწინებიდან და ქორწინების გარეშე კავშირებიდან პაბლო პიკასოს დარჩა 4 შვილი
- +

27 ოქტომბერი. 2019. 18:00

 

 

 

ორი ოფიციალური ქორწინებიდან და ქორწინების გარეშე კავშირებიდან პაბლო პიკასოს დარჩა 4 შვილი, რომლებმაც თანაბრად გაინაწილეს მამის მრავალმილიარდიანი ქონება.

 

მიუხედავად წინააღმდეგობრივი ინფორმაციისა და ბევრი მითქმა-მოთქმისა, ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმე უყვარდა პაბლო პიკასოს, ეს იყვნენ მისი შვილები, ჩემთვის კი ეს ფაქტი ბევრზე და ყველაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს...

 

პაბლო პიკასოს და მისი პირველი ოფიციალური მეუღლის, უკრაინელი ოლგა ხახლოვას დაახლოვება პარიზში დაიწყო. ოლგა სერგეი დიაგილევის „რუსული ბალეტის“ ცნობილი მოცეკვავე იყო. 1918 წელს მათ პარიზის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ოფიციალურად წყვილის ქორწინებამ ოლგას სიკვდილამდე გასტანა (1955), რადგან მათ საქორწინო კონტრაქტში იყო ერთი საბედისწერო დათქმა, რომლის თანახმადაც განქორწინების შემთხვევაში პაბლოს მთელი ქონება, მათ შორის ნახატებიც, თანაბრად უნდა განაწილებულიყო მეუღლეებს შორის. ოლგას და პაბლოს ჰყავდათ ერთი ვაჟი - პაულო, რომელიც მამის სიკვდილიდან ორ წელიწადში, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შედეგად წარმოქმნილი ციროზით გარდაიცვალა. იგი 52 წლისა იყო და მამამისის პერსონალური მძღოლის ფუნქციას ითავსებდა. მას დარჩა სამი შვილი: პაბლიტო და მარინა - პირველი ქორწინებიდან და ბერნარი - მეორე ქორწინებიდან. მოხდა ისე, რომ 24 წლის პაბლიტო პიკასომ თავი მოიწამლა და 3 თვეში გარდაიცვალა. მისი და - მარინა პიკასო - საკმაოდ წარმატებული პიროვნება გახდა და 1994 წელს ქალის არომატი „Chapeau Bleu“ („ცისფერი ქუდი“) გამოუშვა. სუნამოს ფლაკონიც და შესაფუთი კოლოფიც გენიალური ბაბუის ავანგარდული შედევრის მოტივებზე შეიქმნა. მოგვიანებით, მარინამ გამოსცა მემუარების წიგნი „პიკასო - ჩემი ბაბუა“, რომელიც, სამწუხაროდ, სავსეა ბაბუის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით, გულისტკივილით და წყენით. იგი ბაბუას ძმის სიკვდილშიც კი ადანაშაულებს, თითქოსდა მან არ გამოიყენა თავისი დიდი ავტორიტეტი, რათა მომაკვდავ ბიჭს დახმარებოდა. ამასთან, მარინა წერს, რომ 20 წელი მისი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა...

 

ნება მიბოძეთ, არ დავუჯერო მარინას სიტყვებს, რადგან, ზოგიერთი „ავტორი“ ყველაფერს კადრულობს, რომ გამოსაცემი წიგნის სიუჟეტი კიდევ უფრო „გაამძაფროს“ სრულიად გამოგონილი ბრალდებებით და ამით ბესტსელერად აქციოს იგი. არადა, არსებობს უამრავი ფაქტი, რომ მარინას და მის ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა, ის კი არადა, 25 წლის მარინას პიკასოს 10 ათასი შედევრი და კანნში არსებული უძრავი ქონება ერგო მემკვიდრეობით, რასაც წიგნში ასე ხსნის, მე სიყვარულისგან დაცლილი მემკვიდრეობა მივიღეო. გოგონას ამ სიტყვებს უკომენტაროდ დავტოვებ... თუმცა, დადებითი მხარეც უნდა აღინიშნოს... გაყიდა რა ბაბუის ქონების ნაწილი, მარინამ ის თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა და ვიეტნამში ბავშვთა საავადმყოფო ააშენა.

 

რაც შეეხება პაბლოს კიდევ ერთ შვილიშვილს ბერნარს, იგი ხელოვნებათმცოდნეზე დაქორწინდა და მასთან ერთად დააფუძნა „ალმინა და ბერნარ რუის-პიკასოს ფონდი“, რომელშიც შესაძლებელია იმ შედევრების შესწავლა, რომლებიც მას დიდი ბაბუისგან ერგო მემკვიდრეობით. ამასთან, ბერნარი არის პიკასოს მუზეუმის საბჭოს წევრი, რომელიც მან დედასთან ერთად დააფუძნა მალაგაში.

 

პაბლო პიკასოს მეორე და უკანასკნელი ცოლი გახლდათ ცნობილი მოდელი ჟაკლინ როკი, რომელმაც პიკასო კერამიკის სახელოსნოში გაიცნო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ქალიშვილი ქეთრინ იუტენ-ბლე, რომელიც პიკასომ უსიტყვოდ იშვილა და იგი თავის ერთ-ერთ მემკვიდრედ დაასახელა. პაბლოს და ჟაკლინის ქორწინებამ 19 წელს - პაბლოს სიკვდილამდე გასტანა. იმ პერიოდში პაბლომ ჟაკლინის 400-მდე პორტრეტის შექმნა მოასწრო, რაც აღემატებოდა სხვა საყვარელი ქალების პორტრეტების რაოდენობას.

 

გარდა ზემოთქმულისა პაბლოს ჰყავდა კიდევ სამი, ქორწინების გარეშე შვილი, მათ შორის ქალიშვილი მაია, რომელიც მარია-ტერეზა ვალტერთან ურთიერთობისას მოევლინა ქვეყანას. მაიას პაბლო კვირაში ორჯერ ნახულობდა (რაც, ვფიქრობ, არც თუ ისე ცოტაა პაბლოსავით უზომოდ დაკავებული კაცისთვის). გავა დრო და მაია ვიდმაიერ-პიკასო იტყვის, გასაკვირია, რომ ორი გიჟი მშობლის ხელში ნორმალური გავიზარდეო... დღეს 80 წელს გადაცილებული მაია და მისი მეუღლე ცხოვრობენ პარიზში, ხოლო წყვილის სამი შვილი პიკასოს მემკვიდრეობას განაგებს, სხვადასხვა კუთხით.

 

რაც შეეხება პაბლოს კიდევ ორი შვილს - კლოდ და პალომა პიკასოებს, ისინი ულამაზეს ფრანსუაზა ჟილოსთან ურთიერთობის შედეგად დაიბადნენ.

 

კლოდი, ერთი პერიოდი, უდიდესი ამერიკელი ფოტოხელოვანის რიჩარდ ავედონის ასისტენტად მუშაობდა და პარალელურად სამსახიობო სკოლაც დაამთავრა. ამასთან, იგი გახდა დიზაინერი და დიდი ბაბუის შედევრების მოტივებზე ქმნიდა ტექსტილის ნაწარმს. ამჟამად ის და მისი ოჯახი ცხოვრობს ჟენევაში.

 

პალომა პიკასო მხატვრის უკანასკნელი შვილია. მასში ყველაზე მაგრად იფეთქა ბაბუის გენეტიკამ და არა მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით... მაგალითად, მას საგვარეულო ცხვირი დაჰყვა, რაც სულაც არ აკომპლექსებს უნიჭიერეს გოგონას, რომელიც უზადო გემოვნებით გამოირჩევა. მან შეისწავლა საიუველირო საქმე და თვით ივ სენ-ლორანს შესთავაზა მისი სეზონური სამოსისთვის აქსესუარების შექმნა. პირველივე ჯერზე პალომამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერი. პაბლოს გარდაცვალების შემდგომ, პალომამ ფირმა „Tiffani“-ში მოსინჯა ბედი და დიზაინერთა კონკურსშიც გაიმარჯვა. პარალელურად კი, ქმართან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ბრენდს „Paloma Picasso“, რომელიც 1984 წლიდან სრული სვლით ამუშავდა. მოკლედ, პალომას ქალების არომატს მოჰყვა კაცების პარფიუმი Minotaur“, მერე იყო პომადა „Mon Rouge“ და სათვალეების, ტყავის გალანტერეის, სახლის ჭურჭლის, „ლუქს“ კლასის ტექსტილის მაწარმი და ა. შ.

 

დღეს პალომა პიკასო ცხოვრობს ლოზანაში, თავის მესამე მეუღლესთან ერთად, რომელიც ქირურგია. პალომა წარმატებით განაგებს მისივე სახელობის ბიზნესს და „Tiffani“-სთანაც აგრძელებს თანამშრომლობას. ამასთან, იგი სიამოვნებით დებს ინვესტიციებს მშობლების, განსაკუთრებით კი დედის - ფრანსუაზა ჟილოს შემოქმედებითი მიღწევების პოპულარიზაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ პიკასოს, შეიძლება თავისებურად, მაგრამ ნამდვილად უყვარდა ყველა ზევით დასახელებული ქალი, რადგან „ვიღაც“ ქალებისგან გაჩენილ და უსიყვარულო შვილებს მრავალმილიარდიან ქონებას არავინ უტოვებს... ამის პრეცედენტი არ მახსენდება...

 

და, რაც მთავარია, დააკვირდით მხატვრის შვილებთან და საყვარელ ქალებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ან პაბლოს შვილების შედევრალურ პორტრეტებს, რომლებშიც უდიდესი სიყვარული იკითხება და თქვენც ადვილად დარწმუნდებით ჩემს ნათქვამში... ის კი არადა, პირველივე შვილის დაბადების შემდეგ პაბლოს ფერწერის მანერაც კი (დროებით, მაგრამ მაინც) შეიცვალა, უფრო რეალისტური გახდა... დააკვირდით პაულოს პორტრეტებს...

 

დღეს ასევე შემოგთავაზებთ პაბლო პიკასოს შთამომავლების - მისი შვილებისა და შვილიშვილების ფოტოებსაც, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი