logo_geo
თეა ფირცხალავა: ხალილ-ბეკ მუსაიასსულის გარდაცვალების შემდგომ მისი მეუღლე მუშკა ნაგელი-მუსაიასსული მონაზვნად აღიკვეცა
- +

28 ოქტომბერი. 2019. 17:21

 

 

 

გთავაზობთ ძალზე საინტერესო ისტორიას ბევრისთვის უცნობ ორ პიროვნებაზე:

 

„დაღესტანში ჩვენ გვყავს კიდევ ერთი შამილი და ეს არის ხელოვნების შამილი, გენიალური ხელოვანი სოფელ ჩოხიდან, რომლის ნეშტიც ოკეანისგაღმა განისვენებს“.

 

ეს სიტყვები ეკუთვნის სახელოვან ავარელ პოეტს რასულ გამზათოვს, რომელმაც, ამ სიტყვების წარმოთქმამდე რამდენიმე წლით ადრე, სრულიად განსხვავებული „ჩვენება“ მისცა, როდესაც დღევანდელ იუბილარს ბრალი დასდო არაპატრიოტულობაში და „უძღები შვილიც“ კი უწოდა... სამწუხაროდ ამგვარ „ჩვენებებს“ ბევრი სასიქადულო ქართველიც აძლევდა... ვერავის განვსჯი, რადგან... ხომ გაგიგონიათ, სხვის ომში ყველა ბრძენიაო?!

 

1897 წლის 21 მარტს დაღესტნის ღუნიბის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა მომავალი ფერმწერი, გრაფიკოსი და მწერალი ხალილ მუსაევი (იგივე ხალილ-ბეკ მუსაიასსული).

 

1910 წელს ხალილ მუსაევი თბილისში ჩავიდა და ფერწერის დაუფლების მიზნით გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (დღევანდელ სამხატვრო აკადემიაში) დაიწყო სწავლა. იმ პერიოდში ზემოხსენებული სკოლა აღიარებული იყო კავკასიაში სახელოვნებო განათლების ერთადერთ ცენტრად და მისი დირექტორი გახლდათ გერმანული წარმოშობის ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი. სასწავლებელი განთავსებული იყო თავად ვარდან არშაკუნის სასახლეში, რომელშიც გარკვეული პერიოდი „ტფილისის საარტისტო წრე“ ფუნქციონირებდა. თბილისში სწავლის პერიოდში ხალილ მუსაევთან ერთად სწავლობდა ლადო გუდიაშვილი და ისინი საკმაოდ ახლო მეგობრები იყვნენ.

 

1921 წელს ხალილ მუსაევი გერმანიაში გაემგზავრა, დაამთავრა მიუნჰენის სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ ქალაქში რეგულარულად იმართებოდა მისი ნამუშევრების გამოფენები. სწორედ გერმანიაში დაუახლოვდა იგი დიდ ქართველ მწერალს გრიგოლ რობაქიძეს.

 

1937 წელს ხალილ-ბეკ მუსაიასსულმა (მუსაევმა) გაიცნო 30 წლის ბარონესსა მელანი ოლივია იულია ფონ ნაგელი, რომელიც ხელოვნების დიდი ტრფიალი იყო. 1938 წელს მათ ირანის საელჩოში იქორწინეს, ბერლინში, რადგან 1930 წლიდან ხალილი ირანის მოქალაქე იყო. მელანი, იგივე მუშკა ნაგელი, ცნობილი პოეტი იყო და ლექსებს ინგლისურ და გერმანულ ენებზე წერდა და აქვეყნებდა. ხალილ-ბეკ მუსაიასსულმა თავისი დახვეწილი და ულამაზესი მეუღლის არაერთი პორტრეტი შექმნა.

 

1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ხალილ-ბეკ მუსაიასსული და მისი მეუღლე მუშკა ნაგელი ნიუ-იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად და დიდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ, ეხმარებოდნენ რა მთიელ თეთრგვარდიელებს და ნაცისტური ბანაკებიდან გათავისუფლებულ მთიელ ხალხებს.

 

ხალილ-ბეკ მუსაიასსულის ნამუშევრები იფინებოდა ნიუ-იორკის მუზეუმებში, ხოლო მათი დიდი ნაწილი დღეს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებშია დაცული, მათ შორის საქართველოშიც.

 

აქვე გეტყვით, რომ ხალილ-ბეკ მუსაიასსულის პატივსაცემად დღეს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამოფენილია მისი ხელების ტვიფარი. პირველი, ვისაც ასეთი პატივი ერგო, იყო უდიდესი კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი.

 

1936 წელს მიუნხენში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ხალილ-ბეკ მუსაიასსულის მემუარული ტიპის წიგნი „უკანასკნელ რაინდთა ქვეყანა“.

 

52 წლის ხალილ-ბეკ მუსაიასსული (ხალილ მუსაევი) გარდაიცვალა 1949 წელს.

 

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მუშკა ნაგელი-მუსაიასსული იტყვის:

 

„ხალილი იყო კარგი მუსლიმი, მე კი, იმედია, კარგი ქრისტიანი. ჩვენ გვყავდა ერთი ღმერთი - თანაგრძნობისა და სამართლიანობის, განსაკუთრებით კი სილამაზის ღმერთი, სილამაზე კი მხოლოდ სამშობლოსა და თანასწორობის სიყვარულით და დახმარებით მიიღწევა. ხალილი სწორედ ამ თვისებებით იყო დაჯილდოვებული. მას უყვარდა სილამაზე და იგი მუდამ გარშემორტყმული იყო სილამაზით“.

 

საყვარელი მეუღლის, ხალილ-ბეკ მუსაიასსულის გარდაცვალების შემდგომ მისი ერთგული მუზა და სიყვარული მუშკა ნაგელი-მუსაიასსული მონაზვნად აღიკვეცა და დედა ჯერომის სახელით განაგრძობდა მოღვაწეობას ნიუ-იორკის ახლოს მდებარე მონასტერში. იგი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა უნატიფეს ნაკვთებსა და შეუდარებელ შარმს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი