logo_geo
თეა ფირცხალავა: დღეს ერთი ტრაგიკულ ქალზე და მის „ჯადოსნურ“ ბედისწერაზე გიამბობთ...
- +

24 ოქტომბერი. 2019. 17:15

 

 

ასოციაციური სტატუსი...

 

დღეს ერთი ტრაგიკულ ქალზე და მის „ჯადოსნურ“ ბედისწერაზე გიამბობთ...

 

1734 წლის 24 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ზენვალდში დაიბადა უკუდო „კუდიანი“ ქალი ანნა გიოლდი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ევროპის, მათ შორის შვეიცარიის უკანასკნელი „ჯადოქარი“, რომელიც კუდიანობისთვის სიკვდილით დასაჯეს... („ბორია, საბლიუ, თავი უნდა მოჩრა“, უკაცრავად ლირიული გადახვევისთვის და...) ანნა გიოლდის თავი მოჰკვეთეს... ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ...

 

ანნა გიოლდის ბიოგრაფია წინააღმდეგობრივი მონაცემებითაა სავსე. მივყვეთ მოვლენების განვითარებას:

 

ანნამ ბავშვობიდანვე დაიწყო მუშაობა და პროფესიონალ მოახლედ ჩამოყალიბდა. იგი 17 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ოჯახში. ამბობენ, რომ პირველი შვილი ვიღაც ჯარისკაცისგან ეყოლა, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვალა. აი, სწორედ მაშინ გაისმა პირველი ბრალდება ანნა გიოლდის მიმართ, რომელსაც ბავშვის განზრახ მკვლელობა დასწამეს.. მაშინ ანნას სირცხვილის ბოძთან გაკიცხვა და 6 წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ანნამ თავს უშველა, სახლიდან გაიპარა და გლარუსში დასახლდა. მალე მან ცვიკების სახლში დაიწყო მუშაობა და ოჯახის მამა-მარჩენალისგან მეორე „უკანონო“ შვილი გააჩინა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, 45 წლის ანნამ ცვიკების ოჯახიც დატოვა და იოჰან იაკობ ჩუდისთან განაგრძო მოახლეობა, რომელიც ერთდროულად ექიმიც იყო და მოსამართლეც. ერთხელაც, ჩუდის ქალიშვილს ანნა-მარიას კრუნჩხვები დაეწყო და პირღებინებისას სულ ნემსები ყარა პირიდან. მოხდა „ჩუდო“ და ჩუდის გოგონა გადარჩა, მამამისმა კი ივარაუდა, რომ მის გოგონას მეთოდურად კლავდა მათი მოახლე, რომელიც ბავშვს რეგულარულად კვებავდა ნემსგაყრილი პურით და ნემსჩაყრილი რძით... მოკლედ, ასე თუ ისე, იმ დღიდან დაიწყო ანნა გიოლდის, როგორც დაუნდობელი კუდიანის, დევნა. მაშინვე დაირხა ხმები, რომ ანნა, რომელიც ასაკშიც კი ლამაზად გამოიყურებოდა, ექიმ-მოსამართლისგან იყო ფეხმძიმედ, რამაც კაცი ჭკუიდან გადაიყვანა და ქალს ბავშვის მოშორება უბრძანა... მოკლედ, ანნა გიოლდი „ამხანაგ“ ჩუდის ვერაგული ცილისწამების მსხვერპლი გახდა.

 

პირველ ჯერზე ანნა გიოლდი იმალებოდა და ასე გადაურჩა დაპატიმრებას, მაგრამ კანტონ გლარუსის ხელისუფლება არ ჩერდებოდა და „ნოიე ციურიხ ცაიტუნგში“ განაცხადა, რომ ანნას „თავში“ დიდ ანაზღაურებას გადაიხდიდა. დაპირებამ შედეგი გამოიღო და ანნა გიოლდი მალევე დააპატიმრეს. წამების შედეგად ანნას „პირი ვეღარ დაახურინეს“ და აღიარებინეს, რომ იგი მისდა უნებურად შეეკრა ეშმას, რომელიც მას შავი ძაღლის სახით ეცხადებოდა ხოლმე.

 

1782 წელს გლარუსის საქალაქო სასამართლომ 48 წლის ანნა გიოლდის - მოწამვლის ბრალდებით - სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ქმედების“ შედეგად არავინ გარდაცვლილა. ანნას იმავე დღეს მოკვეთეს თავი, ხოლო მის „საქმესთან“ დაკავშირებული ყველა განცხადება და სასამართლო ოქმები, რომლებშიც ჯადოქრობაზე იყო საუბარი, დაუყოვნებლივ გაანადგურეს...

 

2008 წელს, ანუ 226 წლის შემდეგ, შვეიცარიის პარლამენტში კანტონ გლარუსის წარმომადგენელმა ფრიც შისერმა ანნა გიოლდის საქმე აღიარა სასამართლო შეცდომად და ქალის იურიდიული რეაბილიტაციის ნაცვლად, მის მორალურ რეაბილიტაციას მიანიჭა უპირატესობა. მან დააყენა წინადადება, რომ გამოცემულიყო წიგნი, რომელშიც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ანნა გიოლდის ისტორია, რაც მის ერთგვარ იურიდიულ რეაბილიტაციასაც უდრიდა. წიგნში ხაზგასმით უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ანნა გიოლდი სასამართლო შეცდომის მსხვერპლი გახდა. ანნა გიოლდი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ქალი, რომელსაც ოფიციალურად მიესაჯა სიკვდილით დასჯა ჯადოქრული საქმიანობის გამო.

 

დასკვნის სახით გთავაზობთ ინფორმაციას - განსჯისთვის:

 

XIV-XVIII საუკუნეებში „კუდიანების დევნამ“ ათასობით ახალგაზრდა თუ მოხუცი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გლარუსის ისტერიას უფრო ღრმა ფესვები აქვს... იგი თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ იყენებდნენ საკუთარ უძლეველობაში დარწმუნებული სრულიად სამყაროს ხელისუფლებები ხალხის უწიგნურობას, გაუნათლებლობასა და ისტერიებს მასობრივი განადგურების იარაღად, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. „ჯადოქრობასთან“ დაკავშირებულმა მასობრივმა ისტერიამ მთელი აშშ და ევროპა მოიცვა, სეტყვასავით იფრქვეოდა „დამნაშავე“ ახლობლებზე, მეზობლებზე, ნათესავებზე, მეუღლეებზე და, ზოგადად, არასასურველ ხალხზე დაწერილი დასმენები. ხელისუფლების სათავეში მჯდომი რომელიმე დებილი გასცემდა ბრძანებას „მიდით“ და იმაზე უფრო დებილი ქვეშევრდომი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მას.

 

კიდევ კარგი, რომ მე-18 საუკუნიდან ეს ტალღა შემცირდა, დადგა განმანათლებლობის ეპოქა და თანდათანობით საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ანნა გიოლდის, ანუ ევროპის უკანასკნელ „კუდიანს“, საკუთარი მუზეუმიც გაუხსნეს გლარუსის კანტონის ქალაქ მოლისში, სადაც იმ ეპოქის წამების ინსტრუმენტებია გამოფენილი.

 

C'est la vie!!!

Такова жизнь!!!

 

ცხოვრებაში ყველაფერი „მოსულა“ (სამწუხაროდ).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი