logo_geo
1904 წლის 21 ოქტომბერს გიორგი წერეთელი დაიბადა
- +

21 ოქტომბერი. 2019. 17:18

 

 

 

 

„ქართველნო, დექით მტკიცედ და შეურყევლად“ - ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული ეს სიტყვები შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურული ცენტრის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკის მოზაიკაში იყო ჩაჭედილი და დღეს მუზეუმშია დაცული. ჯვრის მონასტრის ხელნაწერების შესწავლაში, სხვა სახელოვან ქართველ მეცნიერებთან ერთად, დიდი ღვაწლი მიუძღვოდა დღევანდელ იუბილარს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1904 წლის 21 ოქტომბერს დაბა თიანეთში დაიბადა მოძღვრიშვილ-წერეთლების საგვარეულოსა და იმერეთის მეფის დავით II-ის პირდაპირი შთამომავალი, უდიდესი ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ფუძემდებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს და სსრკ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, საქართველოს მეციერების დამსახურებული მოღვაწე და მსოფლიო დონის ორიენტალისტი გიორგი წერეთელი, რომელმაც ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი არაერთი საშვილიშვილო საქმე გააკეთა, რომელთაგან დღეს მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ: გიორგი წერეთელმა დაადგინა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი, დაწერა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის "მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში" და „უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან“, მისი ინიციატივით დაარსდა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. მისი კვლევების სფერო იყო: არაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობები, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ანბანის წარმოშობა და რუსთველოლოგია. მან გამოიკვლია და გაშიფრა „არმაზის ბილინგვა“, ანუ 1941 წელს არმაზში აღმოჩენილი სერაფიტას საფლავის ორენოვანი წარწერა, აგრეთვე „არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა", რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სემიტური დამწერლობების ისტორიაში...

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს გიორგი წერეთლის აქტიური მონაწილეობა საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იგი იყო ქვეყნის გასაბჭოების სასტიკი წინააღმდეგი და მონაწილეობდა 1924 წლის ეროვნულ ამბოხში, რისთვისაც ორჯერ იყო დაპატიმრებული და 1938 წლამდე ციხეში იჯდა.

 

მინდა განსაკუთრებით გამოვყო აკადემიკოს გიორგი წერეთლის ღვაწლი რუსთველოლოგიაში და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგახსენოთ 1960 წლის იერუსალიმის ექსპედიცია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის. იმ ექსპედიციის დროს აკადემიკოსებმა გიორგი წერეთელმა, აკაკი შანიძემ და ირაკლი აბაშიძემ აღმოაჩინეს შოთა რუსთაველის ფრესკა, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ მთავარ სვეტზე, წმინდა იოანე დამასკელისა და წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ფრესკებს შორის, შავი და ლურჯი საღებავით იყო დაფარული. აქვე გეტყვით, რომ ექსპედიციაში მონაწილე „ბრწყინვალე სამეულმა“ იცოდა იმ ფრესკის არსებობის შესახებ, რადგან მე-19 საუკუნეში იგი პირველად ნახა ნიკოლოზ ჩუბინაშვილმა, მაგრამ მოგვიანებით ჩასულმა ნიკო მარმა ფრესკას ვეღარ მიაგნო...

 

მინდა, მოვიყვანო ამონარიდი აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის „პალესტინის დღიურიდან“, სადაც იგი დეტალურად აღწერს აღთქმულ მიწას: „აგერ გოლგოთა… აგერ აღდგომის ტაძარი… აგერ ქრისტეს საფლავი… ომარის მიზგითი… ელეონის მაღალი კოშკი… სიონი… გეთსიმანიის ბაღი… ზეთისხილის მთა… შორს, მთის ძირში მკვდარი ზღვა... და ესეც ჯვარის მონასტრის საყდარი! შევდგით შიგ ფეხი...

 

სამასი წელი მაინც იქნება, ქართველთაგან აქ არავის უგალობნია“...

 

და ბოლოს... შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენა და გიორგი წერეთლის, აკაკი შანიძისა და ირაკლი აბაშიძის სამ ხმაში „შესრულებული“ სანუკვარი ამოძახილი:

 

„მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი! ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!“

 

(როგორ შეიძლება, ქართველმა გულგრილად წაიკითხოს ეს სიტყვები?! ახლაც ვერ ვიკავებ ემოციას, რომელიც რუსთაველის ფრესკის ნახვისას დამეუფლა იერუსალიმში... რა დიდი ერი ვართ, რა ისტორიის მქონენი და რა გულგრილნი ჩვენი საგანძურის მიმართ)...

 

და კვლავ გამახსენდა ის სიტყვები, რითიც ეს სტატუსი დავიწყე: „დექით მტკიცედ და შეურყევლად“ და მეც იგივე განცდა დამეუფლა, რაზეც ასე ემოციურად წერს ირაკლი აბაშიძე: „ჟრუანტელმა ამიტანა, ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა, თითქოს იატაკიდან ამოვარდა გუგუნი თავგანწირულთა მოწოდებისა, სადღაც საუკუნეების გაღმიდან“.

 

აკადემიკოსი გიორგი წერეთელი გარდაიცვალა 1973 წელს. უდიდესი მეცნიერი დაიკრძალა თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში.

 

და ამ სტატუსს კვლავ დიდი პოეტის სიტყვებით დავასრულებ, ლექსიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“:

 

„ნახო ამ გზებს, ჯერ უხილავს, ჯერ უხსოვარს,

რა მზე აჭერს, რა ბულბული უსტვენს...

ეს ქვეყანა თვით გენიოსს, სწორუპოვარს,

არ იქნება, არ ენახოს რუსთველს.

და მეც დავალ, ვინძლო მის კვალს ვინიშნებდე

ინდოეთის გადაკარგულ გზებზე;

შვიდასი წლის, შვიდიათას წვიმის შემდეგ

მის ნაფეხურს, მის ნაკვალევს ვეძებ“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი