logo_geo
1916 წლის 19 ოქტომბერს ემილ გილელსი დაიბადა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 17:23

 

 

 

„ოდესის კონსერვატორიის დირექტორმა ჟღალთმიანი ბიჭუნა წარმომიდგინა, რომელიც მაშინვე როიალს მიუჯდა და... „აპასიონატას“ პირველივე ტაქტებიდანვე ვიგრძენი, რომ ჩემს წინაშე უხვად დაჯილდოვებული ტალანტი იჯდა“.

 

მაესტრო არტურ რუბინშტეინის ეს სიტყვები ჩვენს იუბილარზეა ნათქვამი... მანამდე კი...

 

1916 წლის 19 ოქტომბერს ოდესაში დაიბადა ХХ საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი პიანისტი, მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, სსრკ სახალხო არტისტი ემილ გილელსი. მომავალი ვირტუოზი უღატაკეს ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ „მისცა რა ნიჭს ფართო გზა“, 8 წლისა პირველად გამოვიდა კონცერტზე, 12 წლისამ პირველი სოლო კონცერტი გამართა, 16 წლისა უკვე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა, ხოლო 19 წლისა კი პროფესორ გენრიხ ნეიჰაუზის მოწაფე გახდა მოსკოვის კონსერვატორიაში... მაგრამ... მოხდა ისე, რომ 1937 წელს იმავე კონსერვატორიაში აკიაფდა განუზომელი ნიჭის სრულიად უცნობი ვარსკვლავი, სახელად სვიატოსლავ რიხტერი. პროფესორი მთლიანად რიხტერზე გადაერთო და ემილ გილელსი თითქმის „მიავიწყდა“. ამბობენ, რომ ნეიჰაუზს რაღაც „აკვიატებული“, პირადი ანტიპათია გაუჩნდა ემილის მიმართ. საკითხავია, რა იყო ამის მიზეზი? სახელდება რამდენიმე ვერსია, მაგრამ მე არცერთის მჯერა და ამიტომ, არც აქ გავახმოვანებ... იწერება, რომ ემილ გილელსი ძალზე ჩაკეტილი ადამიანი იყო, არ უყვარდა პრესასთან ურთიერთობა და ემოციების გამოხატვა, რაც, ნეიჰაუზს მის უდიდეს ნაკლად მიაჩნდა.... არადა, გავა რამდენიმე წელი და 1941 წელს, როდესაც გენრიხ ნეიჰაუზს დააპატიმრებენ, სწორედ ემილ გილელსი დაიხსნის საყვარელ პროფესორს და რასაც ის გააკეთებს, იმას ბევრი თავგამოდებული ვაჟკაცი ვერ გაბედავდა. იგი ორჯერ „შეაწუხებს“ სტალინს, პირველად, როდესაც ეტყვის, რომ მისი მასწავლებელი უსამართლოდ დააპატიმრეს, ხოლო მეორედ მოსკოვში ჩერჩილის ვიზიტის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე, როდესაც დროს იხელთებს, სტალინისა და ჩერჩილის საუბარში „შეიჭრება“ და ბელადს შეახსენებს, რომ მისი პროფესორი უსამართლოდაა დაპატიმრებული. იწერება, რომ სტალინმა, თურმე, ეგრევე უხმო პოსკრიბიშევს და სამ დღეში ნეიჰაუზი გაათავისუფლეს და სვერდლოვსკში გაამგზავრეს, ხოლო 5 წელიწადში კვლავ მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორად დააბრუნეს. გილელსმა განაახლა ნეიჰაუზთან სტუმრობა და... ერთხელაც, სოლო კონცერტის პროგრამის დაკვრისას, გილელსის ტალანტით „შეძრწუნებულმა“ ნეიჰაუზმა, თურმე, კედელს ჭიქა ესროლა და „მიახალა“, რაც არ უნდა იყოს, მაინც ყიური ხარო...

 

ეს ისტორია აღებულია გილელსის მეუღლის ფარიზეტ გილელსის დღიურიდან...

 

ფაქტი კი ის არის, რომ ომისშემდგომი რუსეთი რიხტერის და გილელსის ბანაკებად დაიყო. ამ ორ ვირტუოზს შორის სწორედ ნეიჰაუზს უნდა აღედგინა „ჩატეხილი ხიდი“, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა... გილელსს ხშირად დაუმსახურებლად „აკნინებდნენ“, რიხტერს კი განადიდებდნენ (რასაკვირველია, დამსახურებულად). გილელსს ცხვირში ადენდნენ ხოლმე სტალინის საყვარელ პიანისტობას და ბელადის ცნობილ ფაზას: „ჰიტლერს გებელსი ჰყავს, მე კი გილელსიო“.

 

(ისე, ბელადის სიყვარული არც რიხტერს აკლდა)...

 

და მაინც... მიუხედავად გილელსის ყველა ზემოჩამოთვლილი ღირსებისა, პირადად მე რიხტერის „ბანაკში“ დავისვენებდი...

 

ის, რომ ემილ გილელსი პატიოსანი, უშიშარი და უკომპრომისო ადამიანი იყო თუნდაც იქიდანაც ჩანს, რომ ჩაიკოვსკის პირველი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარედ ყოფნისას მას, მუქარის მიუხედავად, არ შეეშინდა და პირველი პრემია ამერიკელ ვან კლიბერნს მიანიჭა. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ 1953 წელს ემილ გილელსმა ხელი არ მოაწერა „ექიმი-მკვლელების“ წინააღმდეგ „შეთხზულ“ წერილს.

 

1950 წელს ნეიჰაუზმა გამოსცა წიგნი, რომელშიც იკვეთებოდა თვალშისაცემი უტაქტობა გილელსის მიმართ, განსაკუთრებით გილელსისა და რიხტერის შედარებისას. ნეიჰაუზს საყვედურის თქმა, თურმე, მხოლოდ ლევ ბარენბოიმმა „შეჰბედა“, მაგრამ პროფესორმა მის სიტყვებს სრული იგნორი გაუკეთა. ამ ამბის შემდეგ ემილ გილელსმა ნეიჰაუზს გაუგზავნა წერილი და სთხოვა, მეტი აღარასოდეს დაესახელებინა იგი თავის მოწაფეებში... მას შემდეგ ემილ გილელსი თავის ერთადერთ მასწავლებლად მხოლოდ ბერტა რეინგბალდს მიიჩნევდა. ომის შემდგომ, როდესაც ბერტა ოდესაში დაბრუნდა და თავის ბინაში უცხო ოჯახი დახვდა ჩასახლებული, 47 წლის ქალი კიბეებიდან გადაეშვა და თავი მოიკლა. მის საფლავზე დგას ძეგლი, რომელიც საყვარელ მასწავლებელს მისმა მოწაფემ ემილ გილელსმა დაუდგა.

 

ემილ გილელსის ვირტუოზულ შესრულებას აღტაცებაში მოჰყავდა მთელი მსოფლიოს უდიდესი ხელოვანები, მათ შორის პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, სიბელიუსი, მარკ შაგალი, სალვადორ დალი... მისი რეპერტუარი უზომოდ მრავალფეროვანი, ნიჭი კი - უსაზღვრო იყო. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც მაესტრო რახმანინოვმა რადიოთი მოისმინა გილელსის შესრულება, მას მაესტრო ანტონ რუბინშტეინისგან მიღებული მედალი და დიპლომი უანდერძა, წარწერით „ადგილმონაცვლეს“.

 

ემილ გილელსი იყო პირველი საბჭოთა პიანისტი, რომელმაც გაარღვია „რკინის ფარდა“ და 1955 წელს გასტროლებით ჩავიდა აშშ-ში და ფილადელფიის ორკესტრთან ერთად შეასრულა ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი და რახმანინოვის მესამე კონცერტი. ორკესტრს დირიჟორობდა იუჯინ ორმანდი. იმავე გასტროლებისას გილელსმა კონცერტები გამართა კარნეგი ჰოლში. გაზეთები წერდნენ, რომ იმ დღეებში ნიუ-იორკის ქუჩებში საშინელი საცობები იყო, რადგან ათასობით ადამიანს უნდოდა, მოხვედრილიყო უდიდესი მაესტროს კონცერტზე. იწერება, რომ კონცერტის შემდეგ თვით მსოფლიოს უცნობილესი ადამიანებიც კი რიგში იდგნენ, რომ გილელსისგან ავტოგრაფი აეღოთ.

 

იმავე პერიოდში მთელი მსოფლიო იცნობდა სამი მაესტროს - პიანისტ ემილ გილელსის, მევიოლინე ლეონიდ კოგანისა და ვიოლონჩელისტ მსტისლავ როსტროპოვიჩის ტრიოს.

 

ემილ გილელსი გარდაიცვალა 1985 წელს, დიაბეტის გართულების შედეგად. იგი ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის, ანუ იმ ქვეყნის დაშლას, რომელმაც იგი აღზარდა და გულში ჩაიხუტა. ემილ გილელსი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი