logo_geo
1758 წლის 29 სექტემბერს ვიკონტი ჰორაციო ნელსონი დაიბადა
- +

29 სექტემბერი. 2019. 17:52

 

 

 

ნუთუ ჩადგა ქარიშხალი ლედი ემმა,

ნუთუ ღელვა აღარ არის ლედი,

ნუთუ აფრა ჩამოუშვა უკვე გემმა

და ბოლომდე მიაცურა ბედი?!

 

ეს ლექსი 14-15 წლისამ დავწერე, როდესაც უმშვენიერესი ვივიენ ლის გარდაცვალების შესახებ შევიტყვე... მახსოვს, ფიქრები ქარიშხალივით დატრიალდნენ თავში და ასოციაციების ლაბირინშთი აღმოვჩნდი... ხან ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე „მაფორიაქებდნენ“, ხან კი ემმა ჰამილტონი და ჰორაციო ნელსონი... არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა ჩემი წუხილი საზოგადოების სიყვარულში „დამხრჩვალი“ და მთელი ცხოვრება დიდების ზენიტში მყოფი ვივინ ლის გარდაცვალების გამო... მაგრამ... იქვე მახსენდებოდა საზოგადოების სიძულვილში „ჩამხრჩვალი“ და თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე განწირული, ბოლოს კი დაცემის ზენიტში ასული ემმა ჰამილტონი... ამიტომ...

 

მახსოვს, გრძელი და ცოტა მოაბდაუბდო ლექსი დავწერე და ეგრევე მამას გავუგზავნე, რადგან სხვას ვერავის ვანდობდი ჩემი გულისნადების წაკითხვას... მოუთმენლად ველოდი მის რეაქციას... მამამ ლექსი მომიწონა, ცოტა „გააშალაშინა“, მერე რუსულადაც თარგმნა და უკან დამიბრუნა... ამდენი იმიტომ „ვილაპარაკე“, რომ ჩვენი დღევანდელი იუბილარი პირდაპირ და ირიბად უკავშირდება ჩემგან ნახსენებ ორ ქალბატონს...

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

 

1758 წლის 29 სექტემბერს ნორფოლკის საგრაფოში დაიბადა უდიდესი სამხედრო მოღვაწე, ბრიტანეთის ფლოტის მთავარსარდალი და ვიცე–ადმირალი, ვიკონტი ჰორაციო ნელსონი, რომელიც დღემდე რჩება ნაციონალურ გმირად და ბრიტანეთის ფლოტის სიმბოლოდ.

 

დაბადებიდანვე ჰორაციო ერთი დაბალი, ჩია ბიჭი იყო და 12 წლისამ იუნგად დაიწყო მუშაობა ბიძამისის გემზე, რომელსაც „ტრიუმფი“ ერქვა. ბიძას, რომელიც „შვიდწლიანი ომის“ გმირი იყო, ეცოდებოდა ჰორაციო, ფიქრობდა, ნეტა, რა ეფლოტება და ეხომალდება ამ სუსტ ბიჭუნას, რომელსაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცობა თუ მოელისო... მაგრამ... ჰორაციოს გადაწყვეტილება ვერაფერმა შესცვალა...

 

ეჰ, რა იცოდა ბიძამ, რა მამაცი ნათესავი ეზრდებოდა, რომელიც 20 წლისა უკვე კაპიტანი გახდებოდა და ხომალდ „ტრიუმფისა“ არ იყოს, ტრიუმფალურად „ივლიდა“ კარიერულ „კიბეებზე“, თანაც უმაღლეს ტიტულებს მიიღებდა, მრავალ წარმატებულ ბრძოლას ჩაატარებდა და თვით ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი დაამარცხებდა...

 

ზემოხსენებულ ისტორიას კაპიკის ფასი ექნებოდა სასიყვარულო თავგადასავლების გარეშე...

 

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, კვებეკში ყოფნისას, ჰორაციომ 16 წლის მერი სიმფსონი გაიცნო და შეუყვარდა. მანამდე სიყვარულისთვის არ ეცალა, ამიტომ პირველმა გრძნობამ მთელი ძალით აუფორიაქა სული, ეგონა, რომ იმაზე ამაღლებული და „ცხელი“ გრძნობა არ არსებობდა, მაგრამ... „გამოუცდელი“ მიჯნური შესცდა... მერი სიმფსონი ერთი „ყინული“ აღმოჩნდა და კაცის გულიც ადვილად გააცივა... სულ მალე ჰორაციოს ჯერ ერთი, მერე მეორე და კიდევ მრავალი გოგონა შეუყვარდა... მანამ, სანამ... 1758 წლის ერთ მშვენიერ დღეს დაქვრივებული ფანი ჰერბერტი არ გაიცნო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1787 წელს ჰორაციო და ფანი დაქორწინდნენ... თუმცა...

 

ჰორაციოს ჯერ კიდევ წინ ჰქონდა მთავარი „გამოწვევა“...

 

1798 წელს ფრანგულ ფლოტზე გამარჯვებული ნელსონი ნეაპოლში ჩავიდა, სადაც ათასობით ადამიანი ელოდა, ყველას სურდა, თავისი თვალით დაენახა უძლეველი გმირი. ნაპირზე ფეხი დაადგა თუ არა, ჰორაციოს ინგლისის ელჩი - ლორდი ჰამილტონი და მისი მეუღლე ემმა მიუახლოვდნენ. ვინაიდან ნელსონი დაჭრილი იყო, ემმა ჰამილტონმა მისი მოვლა-მკურნალობა „იკისრა“ და... „ქიმიაც“ ადგილზე გაჩნდა... მათ შორის სასწაული ვნების კოცონი დაინთო...

 

არ ვაპირებ, ბევრი ვისაუბრო ჰორაციო ნელსონისა და ემმა ჰამილტონის სიყვარულზე, რადგან ამ თემაზე, რომეო და ჯულიეტას სიყვარულისა არ იყოს, უამრავი ლეგენდა, ფილმი, ესსე, სიმღერა, ლექსი და ფერწერული ტილოა შექმნილი. უბრალოდ ვიტყვი, რომ ემმა ჰამილტონი ისტორიაში შევიდა არა როგორც ემმი ლაიონი, ანუ ერთი ვიღაც მდაბიო მჭედლის ქალიშვილი, არამედ როგორც ქალი, რომელმაც შეძლო და ევროპის უძლეველი მთავარსარდალი „დაამარცხა“... მოგვიანებით ჰორაციო ნელსონი იტყვის, ემმა საუკეთსო ქალია მთელ მსოფლიოშიო...

 

ჰორაციო ნელსონის სიყვარულის ამბავმა მის მეუღლემდეც მიაღწია. ფანიმ ნეაპოლშიც ჩააკითხა, რა აღარ იღონა, მაგრამ ნელსონს არავისი და არაფერი ესმოდა... ეს უძლიერესი კაცი შელოცვილივით „მიწებებოდა“ ემმას და იყო მომენტი, როდესაც, უკაცრავად და, ფეხზეც კი ეკიდა კარიერაც, რეპუტაციაც და მით უმეტეს ცოლი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც არასოდეს ჰყვარებია...

 

1800 წელს ჰორაციო და ემმა ნეაპოლიდან ინგლისში დაბრუნდნენ, 1801 წელს კი ნელსონი ერთდროულად გახდა ვიცე-ადმირალიც და მამაც... იმ წელს დაიბადა მათი „გიჟური“ სიყვარულის ნაყოფი - ჰორაცია... ემმა ჰამილტონის ქმარი კი ყველაფერზე თვალს ხუჭავდა... ემმას „დევნაში“ ნეაპოლის ელჩობას დაემშვიდობა, ჯანმრთელობა გაუუარესდა, გულმა უმტყუნა და 1803 წელს ლორდი გარდაიცვალა.

 

ჩემზე კარგად იცით, რომ მუდმივი არაფერია, მათ შორის... ბედნიერება...

 

თავდაჯერებული ემმა ჰამილტონი ფიქრობდა, რომ ნელსონი ზღვას დაემშვიდობებოდა და გადამდგარი ადმირალი დარჩენილ წლებს თავის ორ საყვარელ ქალთან - ემმასა და ჰორაციასთან ერთად გაატარებდა, მაგრამ... მას ავიწყდებოდა, რომ ნელსონს „ჰყავდა“ კიდევ ერთი მუდმივი „საყვარელი“ და უმთავრესი სიყვარული - ინგლისი, რომლის წინაშეც უზარმაზარ მოვალეობას გრძნობდა... ამიტომ...

 

1805 წელს დიდების პიკზე მყოფი 47 წლის ადმირალი ჰორაციო ნელსონი ფრანგი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ეს მოხდა ესპანეთში, კერძოდ, ტრაფალგარის კონცხზე.

 

იმ დროის ბრიტანეთში ერთი წესი ჰქონდათ, დაღუპულ მეზღვაურებს ზღვაში კრძალავდნენ ხოლმე, მაგრამ ვინაიდან ნელსონი ადმირალი გახლდათ, გადაწყდა, რომ იგი ინგლისში წაესვენებინათ. მიცვალებული რომ არ „გაფუჭებულიყო“, გემის კაპიტნის თანაშემწემ ნელსონის ცხედარი რომით სავსე ავზში მოათავსა, რომელიც ქაფურის სპირტით და ბალზამით იყო გაზავებული. ლონდონში ჩასვლისას აღმოჩნდა, რომ ნელსონის „სასახლეში“ ერთი წვეთი რომიც აღარ იყო, მეზღვაურებს ხვრელი გაეკეთებინათ და ბოლომდე „გამოეწრუპათ“ სასმელი. მას შემდეგ რომის ერთ-ერთ სახეობას „ნელსონის სისხლი“ ეწოდება.

 

იმ დროის „The Times“ წერდა, რომ ნელსონის სიკვდილით შეწუხებულმა დიდი ბრიტანეთის მეფემ ჯორჯ III-მ ცრემლმორეულმა წამოიძახა, იმაზე მეტი წავაგეთ, ვიდრე მოვიგეთ... არც კი ვიცი, უნდა ვიგლოვოთ თუ ვიზეიმოთო...

 

დღეს, ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე აღმართულია ჰორაციო ნელსონის უზარმაზარი მონუმენტი, რომლის ქვეშ მსოფლიოდან ჩასული მილიონობით ტურისტი იღებს ფოტოს.

 

ჰორაციო ნელსონის გარდაცვალების შემდეგ ემმა ჰამილტონს უკიდურესად გაუჭირდა... ის, რაც ეპატიებოდა გმირ ადმირალს, არ ეპატია ვიღაც „მდაბიოს“, თუნდაც ის ჰორაციოს „დედოფალი“ ყოფილიყო... აი, მაშინ გამობრძანდა ავანსცენაზე ნელსონისგან „გამწარებული“ ქვრივი, რომელსაც, როგორც იქნა, საშუალება მიეცა, შური ეძია და ბოლომდე „მოეხრჩო“ ულამაზესი მეტოქე... ქვრივის „წყალობით“ ემმა ჰამილტონი ყველამ „ჩაწიხლა“... ჰორაციო ნელსონი ხომ მხოლოდ მის ოფიციალურ ქვრივს ეკუთვნოდა და მორჩა...

 

ემმა ისე წავიდა ხელიდან, რომ ნელსონის გასისხლიანებული სამხედრო ფორმა და ქალიშვილისთვის ნაჩუქარი ვერცხლის მედალიონიც კი გაყიდა. მერე ვალების გამო ციხეში მოხვდა და... საფრანგეთში გაქცეულმა სიცოცხლე სხვენზე დაასრულა... 1815 წელს ემმა ჰამილტონი დიზენტერიით გარდაიცვალა. იწერება, რომ მისი საწოლის თავზე ჰორაციო ნელსონის სურათი და ქრისტეს ჯვარცმა ეკიდა.

 

ემმას და ლორდ ნელსონის ქალიშვილი ჰორაცია მამიდასთან იზრდებოდა, რადგან გოგონა ადმირალ ნელსონის სიკვდილისთანავე წაართვეს ემმას. ჰორაციამ დიდი ხნის მანძილზე არ იცოდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები.

 

და ამ სტატუსს კვლავ ჩემი ლექსით დავასრულებ:

 

ქარიშხალი ლედი ისევ დაიწყება,

ზღვაზე ღელვა კვლავ იქნება ლედი

და... არასდროს მიეცემა დავიწყებას,

ნელსონის და ჰამილტონის ბედი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი