logo_geo
1898 წლის 26 სექტემბერს ჯორჯ გერშვინი დაიბადა
- +

26 სექტემბერი. 2019. 17:54

 

 

„Summertime, and the living is easy.

Fish are jumping, and the cotton is high…“

 

ჩარლი პარკერი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ფრენკ სინატრა, მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი, სტინგი... ვინ აღარ მღეროდა და უკრავდა ჩვენი ჯადოქარი იუბილარის დაწერილ ამ ტანშიჟრუანტელისმომგვრელ სიმღერას და მელოდიას, რომელიც ედვინ დიუბოს ჰეივორდის რომანის „პორგის“ მიხედვით შეიქმნა და სრულიად სამყარო მოაჯადოვა... ჯადოქარი იყო ჩვენი იუბილარი, ნამდვილი ჯადოქარი.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

 

1898 წლის 26 სექტემბერს ოდესელი ებრაელი ემიგრანტების მოიშე გერშოვიცის და როზა ბრუსკინას ოჯახში დაიბადა პატარა, მაგრამ დიდი იაშა, ანუ უდიდესი ამერიკელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ჯორჯ გერშვინი... კარგად დაიმახსოვრეთ სახელი როზა, ჩვენებურად ვარდო, რომელსაც ჯორჯი არასოდეს ივიწყებდა და ჩვენც მოვიხსენიებთ...

 

ჯორჯ გერშვინი 6 წლისა იყო, როდესაც პირველად მოუსმინა ჯაზს, 12 წლისამ ფორტეპიანოს „ათვისება“ დაიწყო, 16 წლისა - პროფესიონალი მუსიკოსი გახდა, მერე კი, ჯაზით „მოწამლულმა“, მთელი ცხოვრება მე-20 საუკუნის მთავარ ფენომენს, ჯაზის განვითარებას დაუთმო, ამბობდა, მასში ამერიკის მუსიკალური კალეიდოსკოპი, ჩვენი ნაციონალური მაჯისცემა და სიმღერები მესმისო. სხვა მრავალი ვირტუოზისა და გერშვინის უზარმაზარი წვლილის წყალობით, მე-20 საუკუნეს „ჯაზის საუკუნე“ ეწოდა.

 

ჯორჯ გერშვინს, პრინციპში, არასოდეს ჰყოლია „ოფიციალური“ მასწავლებელი და არც სპეციალური მუსიკალური განათლება მიუღია, იგი, „უბრალოდ“, ერთი თვითნასწავლი გენიოსი იყო, რაზეც ძალზე ენაბრძნულად იტყვის მაესტრო არნოლდ შიონბერგი, ტალანტი სხვებისგან სწავლობს, გენიოსი კი საკუთარი თავისგანო...

 

1924 წელს პირველად შესრულდა ჯორჯ გერშვინის ერთ-ერთი შედევრი და სავიზიტო ბარათი „რაფსოდია ბლიუზის სტილში“, ან „ცისფერი რაფსოდია“, როდესაც ფორტეპიანოსთან თავად ჯადოქარი იჯდა. პრემიერას, სხვა კორიფეებთან ერთად, ესწრებოდნენ სერგეი რახმანინოვი, იაშა ჰეიფეცი, ჯონ სუზა, იგორ სტრავინსკი, ხოლო ორკესტრს - არც მეტი, არც ნაკლები - უდიდესი ჯაზმენი და მევიოლინე პოლ უაითმენი დირიჟორობდა და... იწერება, რომ მის ლოყებზე ცრემლები ბრწყინავდნენ... სწორედ იმ დღეს მოხდა კლასიკური და ჯაზური მუსიკისა და შემსრულებელთა გაერთიანება, რასაც ვირტუოზულად გაართვეს თავი გერშვინმა და უაითმენმა, რითიც დასაბამი დაუდეს ახალ მუსიკალურ მიმართულებას - „სიმფოჯაზს“...

 

იმავე პერიოდში დაიწყო ჯორჯისა და მისი უფროსი ძმის, აირა გერშვინის ნაყოფიერი თანამშრომლობაც. გერშვინის თითქმის ყველა შედევრის ლიბრეტოს ავტორი სწორედ აირა, იგივე ართურ ფრენსისია, რომელიც ცნობილი პოეტი და ლიტერატორი იყო. ართურ ფრენსისი შემთხვევით არ შეურჩევია ფსევდონიმად, ასე ერქვათ აირას და ჯორჯის მესამე ძმასა და დას. და ერთიც, ჯორჯი და აირა იყვნენ მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატები და პირველები, რომელთაც პულიცერის პრემია მუსიკალური დადგმისთვის მიენიჭათ.

 

1934 წელს დაიწერა გერშვინის მთავარი შედევრი და მისი „გედის სიმღერა“ „პორგი და ბესი“, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, დიუბოს ჰეივორდის რომანის მიხედვით შეიქმნა. ჯორჯს დიდი ხნით ადრე „აწუხებდა“ იმ ოპერის შექმნის იდეა... ამიტომ ბოლოს იმარჯვა, ნიუ-იორკს გაეცალა და ერთ მიყრუებულ სოფელში დასახლდა, რომ მთელი ენერგია „პორგიზე“ დაეხარჯა და... 1935 წელს ოპერაც შეიქმნა...

 

„მეტროპოლიტენ ოპერის“ დირექცია იყო პირველი, ვინც გერშვინს მომგებიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ჯორჯმა ოპერის ბედი „თეატრალურ გილდიას“ მიანდო. საქმე იმაშია, რომ კომპოზიტორის სურვილი იყო, რომ შავკანიანი რომეო და ჯულიეტას, ანუ პორგი და ბესის როლები ნამდვილ აფროამერიკელებს შეესრულებინათ და არა შავად „შეღებილ“ მომღერლებს, რასაც „მეტროპოლიტენ ოპერა“ ითხოვდა... მალე აფროამერიკელი ბარიტონი და სოპრანოც მოიძებნა და... 1935 წელს ბოსტონის Colonial Theatre-ში შედგა „პორგი და ბესის“ პრემიერა.

 

ეს ოპერა იყო და არის გერშვინის ფანტაზიის ნამდვილი ფოიერვერკი, რომელშიც შერწყმულია ჯაზი, ფოლკლორული მოტივები და საორკესტრო პარტიები. იწერება, რომ პრემიერის დასასრულს მთელი 20 წუთი არ წყდებოდა აპლოდისმენტები და ოვაციები. იმავე წელს ოპერა ბროდვეიზეც დაიდგა (თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა)...

 

მოკლედ, გერშვინის „პორგი და ბესით“ განსაკუთრებით გაიხარეს შავკანიანებმა, რადგან ის იყო პირველი წარმოდგენა, რომელსაც სხვადასხვა რასის მაყურებელი დაესწრო. მოხდა ისე, რომ პირველად ამერიკამ ნაკლები ენთუზიაზმით მიიღო გერშვინის შედევრი, ესაოდა, ნამეტნავად „ეკუნტრუშება“ შავკანიანებსო... ამის გამო გერშვინმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალიც განიცადა, მაგრამ თავს იმშვიდებდა, 50 წლის შემდეგ მაინც ხომ მიხვდებიან, რა დავწერე და წარმატებაც მოვაო... ვერ გათვალა... ოპერა გაცილებით ადრე აღიარეს, მაგრამ „კრიტიკა“ მაინც საბედისწერო აღმოჩნდა კომპოზიტორისთვის... ნერვიულობის ნიადაგზე ჯორჯმა ძილი და მოსვენება დაკარგა და თანდათან მეხსიერებაც დაუქვეითდა.

 

ამბობენ რომ გერშვინი იყო არა მხოლოდ უდიდესი კომპოზიტორი, არამედ დიდი დონ ჟუანიც. ბევრი იწერება მის რომანებზე ჩარლი ჩაპლინის ყოფილ მეუღლესთან - პოლეტ გოდართან, ფრედ ასტერის დასთან - ადელთან, გერტრუდა ლორენსთან, კიწი კარლაილთან, ქეი სვიფტთან, რომელიც, თითქოს, თავდავიწყებით უყვარდა... შეიძლება, უყვარდა კიდეც, მაგრამ ვინ აცალა? როგორც კი ჯორჯს ვინმე მოეწონებოდა, „ავანსცენაზე“ ჩნდებოდა მისი დედა, ქალბატონი როზა, რომელიც ყველა ქალზე ეჭვიანობდა, ეშინოდა, ვინმეს შვილი არ „წაეყვანა“... თან სავარაუდო რძალი აუცილებლად ებრაელი უნდა ყოფილიყო. სწორედ დედის ეგოისტური სიყვარულის გამო დარჩა უცოლოდ დიდი კომპოზიტორი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მშობლებთან ცხოვრობდა... დედა კი, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო, მარტო არსად „უშვებდა“... ის კი არადა, ერთხელ ფსიქიატრსაც უთქვამს, როზა, გენცა(თ), ამ კაცს შეეშვით, ნუ დაღუპავთო...

 

არაერთი მოგონებიდან ირკვევა, რომ ჯორჯ გერშვინს ქალისა და სიყვარულის გარეშე არ შეეძლო და არც უცხოვრია, არადა... იქვე კითხულობ დედის ისტორიებს და ერთი, ძალზე „ცუდი“ აზრი გებადება, რომ დიდ მაესტროს, სინამდვილეში, მხოლოდ მუსიკა და დედა უყვარდა... ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, რომელი მეტად...

 

ჩემგან კი მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ დედები ხშირად სცოდავენ და ვერც კი ხვდებიან, რომ „გიჟური“ დედობით და ეგოისტური სიყვარულით მხოლოდ შვილებს ვნებენ....

 

1937 წელს 38 წლის ჯორჯ გერშვინი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ნიუ-იორკის გარეუბნის Westchester Hills-ის სასაფლაოზე.

 

ვინაიდან ჯორჯი არასოდეს დაქორწინებულა და არც შთამომავლობა და ანდერძი დაუტოვებია, ამიტომ მთელი მოძრავი და უძრავი ქონება, მათ შორის საავტორო უფლებები, მის საყვარელ დედა როზას დარჩა.

 

და ამ სტატუსს ერთი „ლეგენდით“ დავასრულებ, რომელიც უცებ შევთხზე, როდესაც „პორგი და ბესის“ ბოლო სტროფებმა გამიელვეს თავში... ისტორიების იმპროვიზირება კი ჯორჯისგან „ვისწავლე“, რომელიც ამბობდა, ცხოვრება ჯაზივითაა… მაგარია, როცა მის იმპროვიზაციას აკეთებო... ჰოდა...

 

ჩემი ლეგენდის მიხედვით, ჯორჯის საფლავზე ხშირად ჩაესმით ხოლმე დედა როზას ხმა, რომელიც ზეციურ სამყაროში გამგზავრებულ პატარა იაშას მის საყვარელ სიმღერას „უგზავნის“:

 

„One of these mornings you're gonna rise up singing.

Yes, you'll spread your wings and you'll take to the sky.

But 'til that morning, there's nothing can harm you.

Yes, with daddy and mammy standing by.

So, hush, little baby. Baby, don't you cry.“

 

 „Однажды с песней ты поднимешься рано,

Крылья вскинув, взлетишь в простор голубой,

А пока здесь тебя вряд ли кто-нибудь ранит:

Ведь папа и мама закроют тебя собой...

Утихни, малыш, не плачь, засыпай, сынок...“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი