logo_geo
თეა ფირცხალავა: ესე ამბავი ერთი „ხელოვნებათმცოდნე“ და მოღვაწე დამპყრობლისა...
- +

23 სექტემბერი. 2019. 17:57

 

 

 

ესე ამბავი ერთი „ხელოვნებათმცოდნე“ და მოღვაწე დამპყრობლისა...

 

„იმპერია შეიძლება დაიპყრო ცხენზე მჯდომმა, მაგრამ მას ვერასოდეს მართავ ცხენიდან“. ეს ჩინური სიბრძნე ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა „მიკარნახა“, რომელსაც განსაკუთრებით სწყალობდნენ მისი და შემდგომი ეპოქების ხელოვანები და პოეტები, მათ შორის ინგლისელი პოეტი სემიუელ თეილორ ქოულრიჯი, რომლის ლექსიც შესანიშნავად თარგმნა კონსტანტინ ბალმონტმა:

 

„В стране Ксанад благословенной

Дворец построил Кубла Хан,

Где Альф бежит, поток священный,

Сквозь мглу пещер гигантских, пенный,

Впадает в сонный океан.“

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1215 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ჩჟუნდუში, ჩინგიზ-ყაენის უმცროსი ვაჟის ტოლუის და ულამაზესი სორღაღტანის ოჯახში, დაიბადა მონღოლთა მომავალი მე-5 დიდი ყაენი - ხუბილაი, იგივე ყუბილაი, იგივე კუბლაი, იგივე ხუბილაი ბრძენი, როგორც მას ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ. მართალია, იგი ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი იყო, მაგრამ სულაც არ საჭიროებდა ძლევამოსილი ბაბუის ჩრდილქვეშ ყოფნას, ან მის სახელს ამოფარებას, რადგან თავადაც დიდი დამპყრობელი გახდა, ოღონდ უფრო „რბილი“ და მიმტევებელი....

 

პატარა ხუბილაი ჯერ ბაბუის კარზე იზრდებოდა, 1236 წლიდან კი წინაპრების „ჯაფით“ მოპოვებულ ჩინურ „მამულებში“ გადაბარგდა და ტრადიციულ განათლებას და აღზრდას იღებდა. მისი მასწავლებელი იყო ტოლოჩუ, რომელმაც უიღურული ენა და წერა ასწავლა. წამოიზარდა თუ არა, ხუბილაი ვეღარ და აღარ დაკმაყოფილდა წინაპრების „მონაპოვრით“და თავადაც განაგრძო ჩინეთის მიწების დაპყრობა. მისი „სიზმრით“ თუ ვიმსჯელებთ:

 

„...И из пещер, где человек не мерял

Ни призрачный объем, ни глубину,

Рождались крики: вняв им, Кубла верил,

Что возвещают праотцы войну.“

 

1260 წელს მონღოლეთის იმპერიის დედაქალაქი ხუბილაიმ ყარაყორუმიდან ჩჟუნდუში გადაიტანა და მას ხანბალიკი უწოდა (დღევანდელი პეკინი). თითქმის იმავე პერიოდში ხუბილაი ოფიციალურად გახდა მონღოლთა დიდი ყაენი და მალე ბირმას, კამბოჯას და კორეას მიადგა. მათზე გამარჯვების შემდგომ ხუბილაიმ ვიეტნამსაც მოუსინჯა კბილი, მაგრამ უშედეგოდ... მერე სამჯერ იაპონიაზეც გაილაშქრა, მაგრამ იაპონელებმა და მათთან ერთად მძვინვარე ტორნადომ ხუბილაის კუდით ქვა ასროლინეს...

 

1271 წელს ხუბილაი-ყაენი გახდა იუანის პირველი იმპერატორი, ანუ ჩინეთის ტერიტორიაზე მის მიერვე დაარსებული მონღოლური სახელმწიფო იუანის მმართველი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენდა არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ აღმ. თურქესტანის, ტიბეტის და კორეის ტერიტორიებიც და რომელთაც ხუბილაი-ყაენი 35 წლის მანძილზე განაგებდა. აქვე გეტყვით, რომ ხუბილაი იყო ჩინგიზ-ყაენის შთამომავლებიდან უკანასკნელი, ვინც დაპყრობით ომებს აწარმოებდა, თუმცა, დიდი წინაპრებისგან განსხვავებით, იგი (ხანდახან) მარცხდებოდა ხოლმე.

 

ხუბილაის და ჩინეთის შესახებ ევროპამ პირველად ცნობილი ვენეციელი ვაჭრის, მოგზაურისა და მწერლის მარკო პოლოს წიგნიდან შეიტყო.

 

1271 წელს მარკო პოლომ გადაწყვიტა, რომ საყოველთაოდ ცნობილი „აბრეშუმის დიდი გზა“ დაელაშქრა, ამიტომ, თავგადასავლების მაძიებელმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მთელი კავკასია შემოიარა, სომხეთი და საქართველოც გაიარა და 3 წლის შემდეგ ხუბილაი-ყაენის მდიდრული რეზიდენციის კარიბჭემდე მიაღწია, მერე „კარიც“ შეაღო და... ჰოი, საოცრებავ...

 

„На десять миль оградой стен и башен

Оазис плодородный окружен,

Садами и ручьями он украшен.

В нем фимиам цветы струят сквозь сон...“

 

ისტორიული მასალების თანახმად, მარკო პოლომ ხუბილაი-ყაენს ძვირფასი საჩუქრები ჩაუტანა, რომელთა შორის იყო იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძრიდან წამოღებული წმინდა ზეთით სავსე ჭურჭელი, რომლის ჩატანაც ყაენმა ჯერ კიდევ მარკო პოლოს მამას და ძმას სთხოვა, რომლებიც უფრო ადრე სტუმრობდნენ მის სასახლეს. მარკომ არა მხოლოდ ხუბილაი-ყაენის სასახლის კარი შეაღო, არამედ მის კარზე დაიწყო მუშაობა და მთელი 17 წელი ცხოვრობდა იქ.

 

1279 წელს ხუბილაიმ უკვე სრულიად ჩინეთი დაიპყრო...

 

იწერება, რომ ხუბილაი-ყაენი წინააღმდეგობრივი და რთული პიროვნება იყო. ეს სრულიად გასაგებია, ასეც იქნებოდა, მაგრამ მას, რატომღაც, ჩინეთის დამპყრობლად მოიხსენიებენ, არადა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ხუბილაი-ყაენი ჩინეთის გამაერთიანებელი იყო (რის ფასად და რა ხერხებით, ეს სხვა თემაა და როგორც სხვების, ისე მის შემთხვევაშიც, „დიდი“ მიზანი ამართლებდა საშუალებას).

 

ხუბილაი-ყაენის დამსახურებაა დანაწევრებული ჩინეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, ხოლო მის მიერ განხორციელებული ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა - დღემდეა შენარჩუნებული. ამასთან, არსებობს არაერთი ისტორიული ფაქტი, რომ ჩინელები ხუბილაის სამართლიან და მოღვაწე მმართველად მიიჩნევდნენ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის ასაღორძინებლად, იწვევდა უცხოელ მეცნიერებს, ექიმებს, ხელოსნებს, არქიტექტორებს, ხელოვანებს, პოეტებს, კალიგრაფებს, მასწავლებლებს, აშენებდა საავადმყოფოებსა და სკოლებს, მანვე დააფუძნა საიმპერატორო სამედიცინო აკადემია, მისი ხაზინიდან გამოყოფილი თანხებით აიგო ჩინეთის უდიდესი თეატრი, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს ჩინეთის ისტორიაში, ასევე ყვაოდა ოპერა და საოპერო ხელოვნება (იხ. ფოტო). ხუბილაი-ყაენმა განახორციელა უამრავი სასიკეთო რეფორმა, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სამხედრო დარგში.

 

რაც მთავარია, ჩანაწერების თანახმად, ხუბილაი არ იყო ბაბუამისივით, ანუ ჩინგიზ-ყაენივით დაუნდობელი და მრისხანე. მას მოიხსენიებენ როგორც „ზედმეტად“ მიმტევებელ ადამიანს, თუნდაც სხვა რელიგიების მიმართ... უფრო მეტიც, ხუბილაის ბრძანებით სხვადასხვა კონფესიების ქრისტიანები, მუსლიმები, ბუდისტები, დაოსები და კონფუცისა და შამანიზმის მიმდევრები გათავისუფლებული იყვნენ ხარკის გადახდისგან და მათ ურიგდებოდათ სპეციალური საბუთი, რომლებიც მათი ტაძრებისა და სალოცავების ქონებას იცავდა... ამის შესახებ აღნიშნულია მარკო პოლოს წიგნშიც და თუ მას დავეყრდნობით, ხუბილაის ყველაზე მეტად ქრისტიანობა „აღელვებდა“, რადგან დედამისი სორღაღტანი ქრისტიანული მრწამსისა იყო, ზოგი წყაროს თანახმად, ხუბილაი უპირატესობას ანიჭებდა ბუდიზმს, სხვა მასალებით კი, ყაენი დიდ ინტერესს იჩენდა კონფუცის მოძღვრების მიმართ. ახლა, თუ მუსლიმ მეცნიერსაც დავესესხებით, ხუბილაი მუსლიმების მფარველი იყო... მოკლედ, ხუბილაი, თანამედროვე ტერმინოლოგიის თანახმად, ტოლერანტული ადამიანი იყო...

 

ხუბილაი-ყაენის მიწვევით იუანში ჩავიდა დიდი სპარსი ასტრონომი ჯამალ-ად-დინი, რომელიც ჩინური კალენდრის დაზუსტებას შეუდგა და თავისი მხრიდან ხუბილაის მზის საათი და ცისა და ხმელეთის გლობუსების მაკეტები აჩუქა. ამის შედეგად, 1271 წელს, ხუბილაიმ დააფუძნა ასტრონომიის ინსტიტუტი და ააგო დიდი ობსერვატორია.

 

ხუბილაი-ყაენი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ჩინური სახვითი ხელოვნების განვითარებას. 1280 წელს ხუბილაის ნადირობა პირველმა აღბეჭდა ნახატზე მისი კარის მხატვარმა ლიუ გუანდაომ (იხ ფოტო). ხუბილაის კოლექციაში იყო დაცული სუნის საიმპერატორო სურათების გალერეიდან გატაცებული ნახატები, რომლებიც მან დააბრუნებინა. ხუბილაის თანამედროვეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი მმართველობის პერიოდი იყო ჩინეთში სახვითი ხელოვნების ნამდვილი ზეობის და რევოლუციური განვითარების ხანა, ხოლო იმ დროს შექმნილი „ბამბუკის ფერწერა“ (იხ. ფოტო) დღესაც ხელოვნების შედევრებად ითვლება.

 

ხუბილაი-ყაენის მმართველობისას ჩინეთში გამოუშვეს ერთნაირი ნიმუშის ქაღალდის ფული, რაც ადასტურებს, რომ მის დროს ძალზე განვითარებული იყო ფულად-სასაქონლო ურთიერთობები. ამას ჩვენი „მეგობარი“ მარკო პოლოც ადასტურებს, თუმცა... ხუბილაის იმპერატორობის უკანასკნელ წელს ფულის დიდი მასის დაბეჭდვამ და სხვა დამატებითმა ფაქტორებმა სერიოზული ინფლაცია გამოიწვიეს...

 

ხუბილაი-ყაენზე არაერთი ლეგენდა და მითია შექმნილი. იგი აღბეჭდილია ევროპული და ჩინური ხელოვნების ნიმუშებზე, სპარსულ მინიატურებზე და ზოგადად აზიური კულტურის და მარკო პოლოს ნაშრომებში შესულ მანუსკრიპტებზე.

 

ხუბილაი-ყაენი იყო უზომოდ ხელგაშლილი მმართველი, განსაკუთრებით მისი გვარდიელებისა და სტუმრების მიმართ.

 

ოთხი ოფიციალური ცოლიდან ხუბილაი-ყაენს ჰყავდა 22 ვაჟი და 2 ქალიშვილი, ხოლო „ოფიციალური“ ხარჭებიდან - 25 ვაჟი. ხუბილაის ყველაზე მეტად უყვარდა მეორე ცოლი - ჩაბი და მისი ვაჟი - ჩინკიმი (იგივე ჩინგიმი ან ჯინგიმი), რომელიც იუანის ტახტზე მის მემკვიდრედ ითვლებოდა. ამ ორი უსაყვარლესი ადამიანის გარდაცვალებამ ყაენზე იმდენად იმოქმედა, რომ სიცოცხლის ბოლოსკენ იგი სმას მიეძალა. ყაენს ასევე აწუხებდა პოდაგრა და სხვა დაავადებებიც, რის გამოც სამარყანდიდან სპეციალურად ჩაუტანეს სპარსული „შერბეთი“ , რომელსაც გაუსაძლისი ტკივილის დასაამებლად სვამდა.

 

78 წლის ხუბილაი-ყაენი გარდაიცვალა 1294 წელს. მის შემდეგ იუანის დინასტიისა და მონღოლეთის იმპერატორი გახდა მისი შვილიშვილი თემურ-ყაენი.

 

2006 წელს მონღოლეთის მთავრობის სასახლის წინ აღმართული ჩინგიზ-ყაენისა და უგედეი-ყაენის ქანდაკებების გვერდით დაიდგა დიდი ხუბილაი-ყაენის ძეგლი, რითიც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მისდამი პატივისცემას.

 

სანამ დაგემშვიდობებოდეთ, გეტყვით, რომ ხუბილაი-ყაენი თავადაც წერდა ლექსებს და ამ სტატუსს სწორედ მისი ლექსით და მისი ინგლისური თარგმანით დავასრულებ:

 

時膺韶景陟蘭峰 不憚躋攀謁粹容

淨刹玉毫瞻禮罷 回程仙駕馭蒼龍

„I ascended on Fragrant Hill

in the friendly season of spring

Not discouraged I climbed

to the peak and met the Golden Face

In front of the Buddha in the temple

I conducted the incense ceremony

And on the way back I rode

a Blue Dragon in the royal carriage.“

 

ახლა კი ნამდვილად გემშვიდობებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი