logo_geo
რატომ აძევებენ სულ უფრო ხშირად რუს დიპლომატებს-ბოლო წლების გამაოგნებელი მონაცემები
- +

7 ნოემბერი. 2019. 13:05

 

რამდენიმე დღის წინ, ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან  რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა, ვინაიდან სამართალდამცველებმა მისი ჯაშუშური საქმიანობა გამოაშკარავეს. მედიაში ამ ჩავარდნილი ჯაშუშის ვინაობაც დასახელდა-ეს რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ვლადიმერ რუსიაევი იყო. რუსიაევი  ბულგარეთის მთავრობის წევრების გადაბირებას ცდილობდა და მათ სახელმწიფო საიდუმლოებების, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა. ეს ქმედება ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება ევროპული ქვეყნების მიმართაც კი მოქმედებს უკიდურესად უპატივცემულოდ, ცდილობს გავლენა მოახდინოს სუვერენულ სახელმწიფოებზე და არც საერთაშორისო კანონმდებლობას იცავს. 

 

საინტერესოა, ბოლო წლებში რამდენი რუსი ჯაშუში გამოაშკარავეს დასავლეთში, რამდენად მასშტაბური სახე აქვს რუსი დიპლომატების დანაშაულებრივ საქმიანობას; რამდენად დიდია უკმაყოფილება იმ  ქვეყნებში, რომლებთანაც კრემლს თითქოს და ცივილიზებული დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. ირკვევა, რომ 2011-2019 წლებში ათობით რუსი დიპლომატი იყო შემჩნეული, გამოაშკარავებული და გაძევებული მათი სტატუსისთვის შეუფერებელი საქმიანობის გამო. როგორც არასრული მონაცემებიც კი ცხადყოფს, რუსი დიპლომატების საქმიანობა დიდი ხანია გასცდა ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ ნორმებს;

 

2019 წლის 13 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატი, რომელიც ლვოვში, რუსეთის ფედერაციის საკონსულოში მუშაობდა, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და მან უკვე დატოვა ქვეყანა. ის სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა.

 

2018 წლის 22 ნოემბერს სლოვაკეთმა გააძევა რუსი დიპლომატი და ის სადაზვერვო საქმიანობის წარმოებაში დაადანაშაულა. დიპლომატმა ქვეყანა 48 საათში დატოვა.

 

2018 წლის 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიურმა სპეცსამსახურებმა ნიდერლანდებიდან 13 აპრილს გააძევეს  ოთხი რუსი, რომლებიც  ჰაკერული შეტევის განხორციელებას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე აპირებდნენ. ეჭვმიტანილებს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ. ამსტერდამი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეები ასევე ცდილობდნენ მიეღოთ დაშვება მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმის ფაილებზეც.

 

2018 წლის 11 ივლისს, ბერძნულ მედიაში გაჩნდა ცნობები ორი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. მედიაში ითქვა, რომ დიპლომატები ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას, ასევე ჩინოვნიკების მოქრთამვას.

 

2018 წლის მარტში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ 100-ზე მეტი  რუსი დიპლომატი გააძევა. მიზეზი დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში მომხდარი ფაქტი იყო. 4 მარტს, იქ „გრუ“-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებული გამოძიებით, სკრიპალების მოწამლვასთან კავშირი რუსეთის სახელმწიფოს აქვს. 14 მარტს, ტერეზა მეიმ სამეფოდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გააკეთა განცხადება. რამდენიმე დღეში, ევროკავშირის ქვეყნებმა სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, სადაც რუსეთის პასუხისმგებლობაზეა საუბარი. 26 მარტს, ინგლისთან სოლიდარობის გამოსახატავად, აშშ-მ 60-ზე მეტი დიპლომატის გაძევების და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ განაცხადა. რუსი დიპლომატები გააძევეს გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, დანიამ, იტალიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ჰოლანდიამ, რუმინეთმა, უკრაინამ, ლატვიამ, კანადამ, ავსტრალიამ და სხვებმა. აღსანიშნავია, რომ ამ უპრეცედენტო მასშტაბის სოლიდარობის კამპანიას საქართველოც შეუერთდა- გაძევებულ იქნა შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი.

 

2017 წლის 29 მაისს, მოლდოვაში 5 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც სპეცსამსახურებისგან იქნა მიღებული.

 

2017 წლის 26 მაისს, ესტონეთმა გადაწყვიტა 2 რუსი დიპლომატი გაეძევებინა ქვეყნიდან. ესენი იყვნენ გენერალური კონსული ნარვაში დიმიტრი კაზიონოვი და კონსული ანდრეი სურგაევი. მიზეზები არ გასაჯაროებულა.

 

2016 წლის 29 დეკემბერს, აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნიდან 36 რუს დიპლომატს აძევებდა, რადგან ისინი დიპლომატიური საქმიანობისთვის შეუსაბამო ქმედებებს ახორციელებდნენ. ასევე, აშშ-მ რუსებს შეუზღუდა წვდომა ორ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომლებიც ამერიკაში რუსეთის წარმომადგენლობის სარგებლობაში იყო.

 

2015 წლის 13 ივლისს,  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  ოდესაში გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დიპლომატიურ საქმიანობასთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის გამო.

 

2014 წლის ოქტომბერში, პოლონეთმა გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი  სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობის გამო.

 

2011 წლის 1 თებერვალს, ირლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა დუბლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის გაძევების შესახებ. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ რუსეთის ჯაშუშებმა  სხვადასხვა დოკუმენტები გააყალბეს და  ყალბ პასპორტებს იყენებდნენ.

 

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენცია მასპინძელ სახელმწიფოს  უფლებას აძლევს ნებისმიერ დროს და მიზეზების ახსნის გარეშე, პირი დიპლომატიური პერსონალიდან  პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. აკრედიტირებულმა ქვეყანამ უნდა გაიყვანოს ეს პირი ან შეაჩეროს მისი საქმიანობა მასპინძელ ქვეყანაში. დიპლომატიური სტატუსის მქონე პირები დაცულები არიან სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დევნისგან დიპლომატიური ხელშეუხებლობით, გარდა კონვენციაში დასახელებული სპეციალური შემთხვევებისა. ისინი არიან ვალდებულნი დაემორჩილონ მასპინძელი ქვეყნის კანონებს, თუმცა, დანაშაულის ჩადენა მათ დაპატიმრების საფუძველს არ იძლევა. პერსონა ნონ გრატას სტატუსი არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ქვეყნიდან გაძევებას იწვევს და ის იცავს მასპინძელ ქვეყანას უცხოელი დიპლომატების კანონდარღვევებისგან. დიპლომატების გაძევება ითვლება უკიდურეს ზომად და ძირითადად დაკავშირებულია ჯაშუშურ საქმიანობასთან-ეს არის „საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება დიპლომატის სტატუსს“.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი