logo_geo
რატომ გადაიკეთა დაბადების თარიღი პირადობის მოწმობაში გრიგოლ რობაქიძემ? - ალექსანდრე ფანჩულიძის მოგონება გრიგოლ რობაქიძეზე
- +

18 ნოემბერი. 2019. 12:58

 

 

 

რატომ გადაიკეთა დაბადების თარიღი პირადობის მოწმობაში გრიგოლ რობაქიძემ? - ალექსანდრე ფანჩულიძის მოგონება გრიგოლ რობაქიძეზე

 

* წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა: გრიგოლ რობაქიძის მამიდაშვილის შვილი და მისი ერთადერთი სისხლით ნათესავი საზღვარგარეთ, ალექსანდრე ფანჩულიძე ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქართველთა შორის, რომელთაც ხშირი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მარტოხელა მწერალთან.

 

ალექსანდრე ფანჩულიძე, გარდა მორალური მხარდაჭერისა, ფინანსურ დახმარებასაც უწევდა მძიმე მატერიალურ პირობებში მყოფ ნათესავს, პარიზიდან ჟენევაში ჩადიოდა მის მოსანახულებლად, აწვდიდა ქართულ წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებს…

 

გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ (1962), ალექსანდრე ფანჩულიძემ, მიუხედავად დიდი მონდომებისა, ვერ შეძლო გამხდარიყო მწერლის მემკვიდრე, რათა საბოლოოდ, დაკარგვას გადაერჩინა მისი არქივი. სამაგიეროდ, კალისტრატე და ნინო სალიებთან ერთად, ის ერთ-ერთი იყო, ვინც 1976 წელს, მონაწილეობა მიიღო გრიგოლის ნეშტის შვეიცარიიდან პარიზში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადასვენების საქმეში. რობაქიძის საფლავი, წლების განმავლობაში, უპატრონოდ იყო მიტოვებული ჟენევის გარეუბნის ერთ-ერთ სასაფლაოზე.

 

ქართველი საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ ალექსანდრე ფანჩულიძის პირად არქივში (რომელიც გურამ შარაძემ პარიზიდან ჩამოიტანა და დააბინავა ქართული ემიგრაციის მუზეუმში) მივაგენით ბევრ საინტერესო მასალას თუ უცნობ ცნობას გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ; აქ დაცული კორესპონდენციით ნათელი ეფინება მწერლის სიკვდილის შემდეგ, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის ირგვლივ ატეხილ არაერთ სკანდალურ ისტორიას (ამის შესახებ ჩვენ სხვა სტატიებში ვწერდით).

 

არქივში აღმოჩნდა, აგრეთვე, ალექსანდრე ფანჩულიძის „გრიგოლ რობაქიძის ხატი“ და „მოგონება გრიგოლ რობაქიძეზე“, რომელთაც მკითხველი დღეს პირველად გაეცნობა.

 

აქვეა ალ. ფანჩულიძის ჩაწერილი გრიგოლ რობაქიძის მონათხრობი საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ.

 

ამით ზუსტდება კლასიკოსი მწერლის ბუნდოვანი ბიოგრაფიის თარიღები, რომლის შესახებ სხვადასხვა ცნობა არსებობს; ვიგებთ არაერთ სრულიად უცნობ ისტორიას მისი ცხოვრებიდან…

 

* * *

ალექსანდრე ფანჩულიძე

 

1962 წლის აგვისტოში მე, სანდრო ფანჩულიძე და ნიკო ყურულაშვილი ვიყავით სტუმრად გრიგოლ რობაქიძესთან, ჟენევაში. ჩვენთან საუბრის დროს, გვითხრა გრიგოლმა:

 

„სანდრო, მე დაბადებული ვარ 1881 წელს, მწიფობისთვეში, სვირში (დედულეთში). საზღვარგარეთ რომ გადავედი, ჩემი პირადობის მოწმობა გადავასწორე - 1881 წელი 1884-ით. ერთი ოთხად ადვილი გადასასწორებელია. რად ვქენი? არ უნდა მექნა? ახლა ვნანობ, მაგრამ გვიან არის!“

 

გრიგოლ რობაქიძის ოჯახი ცხოვრობდა დაბა ჩხარიდან ათას ორასი მეტრის მოშორებით. სოფელს ჰქვია ჩხარი-ეწერი. ეკლესიას კი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახლიდან იყო დაშორებული 15 მეტრით, გუდელისი. მამა იყო დიაკვანი (მნათე) გუდელისის ეკლესიაში. იყო კარგი წიგნების ამკინძველი. ამავე დროს, სეფისკვერისთვის ბზის ხისგან გამოჭრიდა ფორმას ჯვრის გამოსახულებით.

 

* * *

გრიგოლ რობაქიძის ხატი

 

საშუალო სიმაღლის, სახე - კუშტი, ცივი გამომეტყველების, მაგარი, ექსპრესიული; მოძრაობა - დინჯი; აზროვნება - ფილოსოფიური, მაღალი, ჩაღრმავებული; საუბარი - დინჯი ბარიტონით, ცეცხლოვანი, მზიური... უბადლო მჭერმეტყველი; პოეტი, დრამატურგი, რომანისტი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, კრიტიკოსი, მუსიკის და მხატვრობის შემფასებელი, მცოდნე ღვთისმეტყველიც, ქართული ენის არაჩვეულებრივი მზმელი... არც წინაპარი ჰყავდა და არც გამგრძელებელი - ნამდვილი მეტეორი! მისი წამკითხველი მიხვდება, ვინ იყო გრიგოლ რობაქიძე!

 

* * *

მოგონება გრიგოლ რობაქიძეზე

 

განსვენებული გრიგოლ რობაქიძე ჩემზე 25 წლით უფროსი იყო. მე როდესაც წამოვიზარდე, ჩვენს ოჯახში ხშირად იყო საუბარი მის შესახებ და როგორც ყოველი ბავშვი, ინტერესით ვისმენდი და ძლიერ დამაინტერესა მისმა ცხოვრებამ.

 

ერთ დღეს, ჩვენს ოჯახში დიდი მზადება იყო. მამიდას შევეკითხე, რისთვის არის ეს მზადება, მამიდა? მიპასუხა - გრ. რობაქიძეს მოველიო. მთელი დღეს ველოდეთ, მაგრამ ამაოდ, არ მოვიდა და ჩემი სურვილი უფრო გამძაფრდა.

 

ამის შემდგომ მრავალმა წელიწადმა განვლო. მამაჩემს შევეკითხე, რომ რაიმე ეამბნა გრ. რობაქიძის ცხოვრებიდან. მომითხრო შემდეგი:

 

„ქუთაისში სწავლობდა. არდადეგების შემდგომ, გრიგოლის მამამ დამავალა, ქუთაისში წამეყვანა ცხენით, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთი კილომეტრის მოშორებით, პატარა მდინარე ძერული ჩამოდის, მაგრამ საშინელი ადიდება იცის. სწორედ, ჩვენი გამგზავრების დღეს, საშინელი ადიდებული იყო. რადგან ხიდი არ იყო მდინარეზე, ცხენზე შევჯექით და გრიგოლი შემოვისვი უკან! შუა მდინარეში რომ მივედით, ცხენი და ჩვენც წყალმა აგვატივტივა. თუმცა ჩემ წელზე შემოხვეული ჰქონდა ორივე ხელი, მაგრამ მაინც მოსწყდა ჩემს წელს და გადამივარდა მდინარეში. მდინარეს ჩქარი გამდინება აქვს და სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდა. ცხენიდან ჩავვარდი და დავედევნე. ცხენმა, რასაკვირველია, გაცურა და გავიდა ხმელეთზე. მე გრიგოლს დავედევნე და დახრჩობას გადავარჩინე“.

 

გრიგოლ რობაქიძის ოჯახი ცხოვრობდა ჩვენიდან კილომეტრნახევრის მოშორებით. სადაც გრიგოლი ცხოვრობდა ასი მეტრის მოშორებით იყო ეკლესია გუდელისი. კვირა დღეს მამიდაჩემი ხშირად წამიყვანდა და ეკლესიაში წირვის გათავების შემდეგ გამატარებდა გრიგოლის სახლში. მამამისი მე არ მახსოვს, მის დედას კარგად ვიცნობდი. მამიდა ერთ-ორ საათს ისაუბრებდა და შემდეგ გავუდგებოდით გზას სახლისაკენ.

 

როგორი იყო გრიგოლის სახლი: ძელური მუხის, ოროთახიანი, მხოლოდ ოთახები იყო დიდი! იქვე მეზობლები, რობაქიძეები ყველა მჭედლები იყვნენ, როგორც ჯაყვა-დანის საუკეთესო გამომჭედავი.

 

ოცი წლის ახალგაზრდა შევიქენი და ასეთი სახელგანთქმული ნათესავი მყავდა და სურათითაც არ მყავდა ნახული. პირველად, გრიგოლ რობაქიძეს შორიახლოდან შევხედე თბილისში, ვინაც მითხრა, ეს არის გრ. რობაქიძეო, მე ვუპასუხე, ჩემი ნათესავი არის-მეთქი. რა ნათესავიო, მომიგო. მამაჩემი გრიგოლის მკვიდრი მამიდაშვილი არის-მეთქი. მიპასუხა - ახლო ნათესავი ყოფილა!

 

ერთი წლის შემდეგ მამა თბილისში ჩამოვიდა ჩხარიდან. მე ვცხოვრობდი [ბაიაზეთის] ქუჩაზე #4-ში. გრიგოლ რობაქიძე ასი მეტრის მოშორებით ჩემგან, გურამიშვილის ქ. #10-ში. მამამ მითხრა, ამისთანა ცნობილი ნათესავი გვყავს და წავიდეთ, ვნახოთო. მართლაც წავედით. ვისაც უნახავს #10 გურამიშვილის ქუჩა - სახლი იყო საუკეთესო ნაგები. დავრეკეთ, შემოგვეგება [შაგრიმალი] ძლიერ ლამაზი ქალი და რუსულად გვკითხა, - ვინ გნებავთ? - გრ. რობაქიძე! გრიგოლმა გაიგონა ჩვენი საუბარი და ცოლს ხმა მოაწვდინა, ვინ არიან და საიდან. - ვუპასუხეთ ჩხარიდან. - შემობრძანდით. მამაჩემი ვეღარც იცნო, ლოგინში იყო ჩაწოლილი, ბოდიში მოიხადა, უქეიფოდ ვარო. ერთ საათი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ. მამაჩემი ძლიერ ნაწყენი იყო, არაფერი შემოგვთავაზა... მას შემდეგ თითქმის ხშირად ვხვდებოდი რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ვერასდროს ვერ გავბედე, რომ გამოვსაუბრებოდი. მიზეზი ჩემი დაბადებით დაყოლილი მორცხვობა არის.

 

ერთად ვცხოვრობდით თბილისში, ბაიაზეთის ქუჩაზე მე და ნიკო და დავით ყურულაშვილები. ერთ [დღეს] მე და დავით რუსთაველის გამზირიდან ნასეირნები მოვდივართ შინისკენ, ამოვუდექით გურამიშვილის ქუჩის აღმართს, შორს არა ვართ ათი ნომრიდან, ეტლი დაგვედევნა, მაგრამ ცხენებს უჭირს აღმართში ამოსვლა. შევხედე - შიგ გრიგოლ რობაქიძე ზის. დავითს უთხარ - აგე, ბიჭო, გრიგოლ რობაქიძე. გაიქცა და შესავალ კარებში როგორც კარისკაცი ისე გაიჭიმა, რომ კარგად დაენახა მისი სახე...

 

რამდენიმე დღის შემდეგ რუსთაველის გამზირზე [...ის] […] დუქნის ახლოს დიდი აფიშა _ გრ. რობაქიძე წაიკითხავს მოხსენებას კონსერვატორიის დარბაზში. ძლიერ ბევრი [თემები] იყო. „რვა თვე გერმანიაში“. რასაკვირველია, ამ მოხსენებას დავესწარი და პირველად მოვისმინე გრიგოლ რობაქიძის საუბარი. მისმა მხატვრულმა ენამ განცვიფრებაში მომიყვანა. დიდძალი ხალხი იყო, მთელი თბილისის პოეტები და მწერლები. მოხსენების დროს სთქვა, რომ გერმანულად თარგმნა მისი „გველის პერანგი“ და ახლო მომავალში გამოსცემენ სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობითო. იმ საღამოს გროგოლმა ძლიერ ბევრი ილაპარაკა ცვაიგზე. მეორე დღეს ყველა თბილისის გაზეთები სწერდნენ: მე და ცვაიგი, მე და ცვაიგ... გრ. რობაქიძემ ნახევარ მოხსენება ამას მოანდომაო! სხვათა შორის, მოხსენების შეწყვეტის დროს, მახსოვს იოსებ გრიშაშვილი ძლიერ ჭირვეულობდა, რატომ არ თარგმნა ალ. ყაზბეგის რომანები და თარგმნა თავისი „გველის პერანგი“? მაგრამ ეს საყვედური სახალხოდ არ გამოუთქვამს, მხოლოდ თავის ახლო მეგობრებთან ამბობდა საყვედურს. ეს ამბავი მოხდა 1928 წელში, თბილისში.

 

მე რამდენიმე ჩემ მეგობართან [ერთად], 1929 წლის 17 სექტემბერს თბილისი დავტოვე და საზღვარგარეთ წამოვედი. მოვხვდი საფრანგეთში, პარიზში. 1932 წლის 19 დეკემბერს გარ დე ლიონის სადგურზე ჩამოვხტი. ჩემი ისტორიის აღწერას აღარ შევუდგები, საკმაოდ გრძელია და მრავალ ტანჯულ ფეროვანი.

 

1932 წელში პარიზში შევიტყვე, რომ გრიგოლ რობაქიძე გერმანიაშია, როგორც ლტოლვილი და შეუდგა გერმანულ ენაზე გამოსცეს მრავალი ნოველა და რამდენიმე რომანი. გავიდა ხანგრძლივი დრო, მსოფლიომ ომი დაიწყო. გრ. რობაქიძემ არაჩვეულებრივი სახელი გაითქვა გერმანიაში თავისი რომანებით. 1943 წელს პარიზს ეწვია და წაიკითხა მოხსენება, რომელსაც, რასაკვირველია, დავესწარი და როგორც ყოველთვის, მისმა მოხსენებამ ქართველი საზოგადოება განცვიფრებაში მოიყვანა, როგორც საუბრის დინამიურობით, ისე არტისტული სიტყვის [...], რომელი მთელ მუსიკად იღვრებოდა მისი მეტყველების დროს.

 

რამდენიმე დღის შემდეგომ პარიზი დასტოვა და გერმანიაში დაბრუნდა. ომის უკუღმართობამ გრ. რობაქიძე იძულებული გახადა გერმანია დაეტოვებინა და გადასახლებულიყო შვეიცარიაში, სახელდობრ, ჟენევაში, სადაც 17 წელიწადი იცხოვრა თითქოს შეუმჩნევლად, მიმალულად. რასაკვირველია. 17 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალში „ბედი ქართლისა“, რომლის რედაქტორი კ. სალია იყო. რატომ თანამშრომლობდა კ. სალიასთან დღესაც ჩემთვის ამოუცნობი და სიბნელით მოცულია. თუმცა გრ. რობაქიძისაგან მაქვს ორი ბარათი კალე სალიას დახასიათება. თუ როგორია ეს დახასიათება, ახლო მომავალში პრესაში გამოვაქვეყნებ. ვინც წაიკითხავს, სახტად დარჩება! როგორ წასწვდა კ. სალიას ბუნებას და ისეთი [მხატვრობით] გადმოშალა, რომელსაც მკითხველი ახლო მომავალში გაეცნობა.

 

მეორედ გრიგოლ რობაქიძეს შევხვდი პარიზში. 1953 წელში წაიკითხა მოხსენება, თემა - „იმამ შამილი“. პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში თუ როგორ გაშალა ქართული სიტყვა და განცვიფრებაში მოიყვანა ქართველი საზოგადოება, ამის ახსნას აღარ შევუდგები, ამ დროულად პარიზის ქართველთა სათვისტომოს კარგად ახსოვს.

 

გრიგოლ რობაქიძის პარიზში ყოფნის დროს, მის ცოლს დამბლა დაეცა. ხუთი წლის განმავლობაში როგორ იტანჯებოდა გრიგოლი და როგორც პატარა ბავშვს, მის ცოლს ისე უვლიდა, მის ცხოვრებაში დიდი მწვავე როლი ითამაშა, რომ თითქმის და ნერვული ავადმყოფობა დაემართა, მაგრამ როგორც ძლიერი ნების ყოფის ადამიანი, ჩქარა განიკურნა.

 

მისი ჟენევაში ცხოვრება იყო მეორე ეტაპი უცხოეთში ცხოვრებისა, 17 წელი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა… ამ ხელად შემონახული მაქვს მისი 100 ბარათი. ალბათ დადგება დრო, ამ ბარათებს პრესაში გამოვაქვეყნებ.

 

ამ ხანად მოგითხრობთ ჩემს შეხვედრას მასთან. ხშირად მწერდა ჩავსულიყავი მასთან ჟენევაში. გადავწყვიტე ერთ დღეს, აღდგომის დღეებში, ვწვეოდი. მართლაც ვეწვიე - სიხარულით აღტაცებაში მოვიდა. რადგან დანატრებული იყო ქართველებს და ქართულ საუბარს, ოთხი დღე დავრჩი მასთან, არასოდეს დილის პირველ საათამდის არ შევდგომივართ ძილს, სულ ვსაუბრობდით. ქართველთა ჭირ-ვარამზე და მის ყოველ გვარ შემოქმედებაზე. მე უფრო მსმენელის როლში ვიყავი, მაგრამ განა მისი სმენა მოგწყინდებოდა?

 

ჟენევაში სულ რამდენიმე ქართველი ცხოვრობდა. ერთი _ გვარად ხარიტონ შავიშვილი. ერთ საღამოს გრიგოლთან ზარი დარეკა, კარი გავუღე, შემოვიდა. მივიღეთ ქართულად. გრიგოლს [სამზარეულო] ოთახი ქონდა დიდი. კარებს რომ შეაღებდი, მარჯვნით იდგა სავარძელი და სავარძლის შემდგომ ერთი „კუშეტკა“. მარცხნივ: მაგიდა ოთხი სკამით. მე და შავიშვილი მაგიდასთან ვზივართ, პირის-პირ, გრიგოლი კი სავარძელში, ორთავეს გვზომავს, გვათვალიერებს. ღვინოს ვსვამთ პატარა სასმისებით, რასაკვირველია. გრიგოლიც ჩვენთან, ორი შესვა, მეტი არა. მე და ხარიტონი ქართულად შევექცევით... ლაპარაკი ჩამოვარდა გოეთეზე. გრიგოლს ხარიტონმა უპასუხა, რომ გოეთე იყო მატერიალისტი. პასუხი - ჩაიხედე შიგ. სად უნდა ჩავიხედო გოეთეში, ზეპირად ვიცი!..

 

დილის პირველ საათზე რომ გავიყარენით, გრიგოლმა მითხრა: - სანდრო! აკვირდები ხარიტონს, როგორი მანერები აქვს, კინოში გამოდგება. ბევრი რაიმე არ იცის, მაგრამ ძლიერ ნიჭიერი არის.

 

მე მეორე დღეს გრიგოლს ვთხოვე მანქანით გასეირნება. ამ დროს ხარიტონიც მოვიდა და ვთხოვეთ, საითმე გაგვესეირნა. – „ვიცი ერთი მებაღე ჟენევის გარეუბანში, რომლის ბაღში ყოველ ნაირი ჯიშის ხე არის და ქართულიც - ძელქვა, რომელიც შენ გიყვარს, გრიგოლ?!“.

 

წავედით. მივედით მებაღესთან და ნებართვა ვთხოვეთ მისი ბაღი დაგვეთვალიერებინა! სიამოვნებით დაგვრთო ნება და შევუდექით ძელქვის ძებნას. მართლაც ვიპოვნეთ. როგორც მახსოვს ბაღის შესავალ კარებში მარჯვენა მხარეს. კარგა ხანს დავრჩით მის ძირში და შემდეგ შინ მოვბრუნდით.

 

გრიგოლის სამზარეულო ოთახში ვსაუბრობდით სხვადასხვა ლიტერატურულ თემებზე. შევეკითხე: თუ აქვს დაწერილი ავტობიოგრაფია და ან თუ აპირებს დაწერას? მიპასუხა არ მაქვს და არც ვაპირებ. ჩემი პასუხი რატომ.

 

- „სანდრო, ვსწავლობდი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. ტიფით გავხდი ავად, სიცხე მაქვს, გრძნობა სრულიად დავკარგე. აცნობეს მამაჩემს. რასაკვირველია, სასწრაფოდ ჩამოსულა ქუთაისში ბიძაჩემთან ერთად. წამოუღიათ არაყი. სასწავლებლის დარაჯს სთხოვეს ჩემი ნახვა. დარაჯმა ნება არ დართო... (როგორც მერე მიამბეს) დაათვრეს დარაჯი, მომიპარეს შკოლიდან, დაკრეს კურტნიას ცხენზე და გამოუდგნენ გზას ჩხარისკენ. ქუთაისი გადმოსჭრეს, გადავიდნენ მდინარე წყალ-წითელაზე. გამოიარეს ნახშირა ღელე. მე სრულიად სიცხემ გამიარა, გამოვფხიზლდი, მეორე დღეს ჩემს სახლში ცეცხლის პირას ვიჯექი. ახლა ეს რომ დავწერო, ვინ დაიჯერებს?

 

მეორე შემთხვევა: წლის დასრულებისას გამოცდები გვქონდა, რომელსაც ესწრებოდა „ინსპექტორი“, ვუამბე ჩემებურად. „ინსპექტორი“ განცვიფრდა და სთქვა: თავის მასწავლებელზე გაცილებით უკეთ იცის!.. ეს არ უნდა ეთქვა, მაგრამ ჩემთვის როგორი წამახალისებელი არის!..

 

მესამე შემთხვევა: გაკვეთილი გვაქვს ფილოსოფიაში. კანტზე. მე კანტი არ წამეკითხა იმ დროს, მაგრამ მასწავლებელი რასაც კითხულობდა, მე ყველაფერი ვიცოდი! საიდან, როგორ! ეხლაც არ მესმის“.

 

მერე დაუმატა: „რაღაც იყო ჩემში შინაგან შეუცნობლად!“

 

მეორე დღე გათენდა. გრიგოლმა კარგ ხასიათზე გამოიღვიძა. სანდრო, „ფოსტაში“ წავიდეთ. [სხვათა შორის] განუწყვეტლივ დიდი მიწერ-მოწერა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, გერმანიაში. სანამ დაწერილ ბარათებს ჯიბში ჩაიდებდა, მისამართებს დახედა, რომ შეცდომა ხომ არ დაუშვა. ძირს ჩავედით, კიდევ ამოიღო და დახედა. შემდეგ ფოსტაში მივედით, სანამ მარკებს დააწებებდა, კიდევ ერთხელ გადახედა. ამითი ის მინდა ვთქვა, რომ როგორ სიფრთხილით ეპყრობოდა ყველაფერს. ვისაც მისი შემოქმედება თუ კერძო წერილები გადაუკითხავს, ეს ყველაფერი ჩანს. დააკვირდით მის გამართულ წინადადებებს - გეგონებათ გრდემზე არის გაკვერილი: სიტყვას გადასვამ? წინადადება სრულიად დაიშლება. მის სიტყვებს მის წინადადებებში აქვს მიჩნეული თავისი ადგილი, უკეთესი მოუნახო ყოვლად შეუძლებელია.

 

ერთ დღეს, ვთხოვე სადმე გავისეირნოთ: თეატრში, სინემაში, თუ სადმე „ვარიეტეში“. მითხრა ცირკში წავიდეთ. ბავშვობიდან მიყვარს და ახლაც ძლიერ მიყვარსო. სხვადასხვა ნომრებთან ერთად, გვაჩვენეს [...], ლომების და ვეფხვების ნომერიც. გრიგოლმა მითხრა: აი, ადამიანის გენია - ამათი ასე გაწრთვნა!.. ეს ცირკის ბილეთები ეხლაც შემონახული მაქვს განსვენებულის მოსაგონებლად.

 

მისი სურვილის თანახმად, რამოდენიმე ზაფხულს ჩავდიოდი ჟენევაში და ხუთმეტი-ოცერთ დღეს ვატარებდი მასთან. ეს იყო უფრო ნათესაური ურთიერთობა და მასთან ერთად ქართულ ჭირ-ვარამზე საუბარი, რომელიც მის წარმოსახვაში, მაღალ რეგისტრში განიხილავდა, მხატვრულად განფენდა. მე ეგსტაზით შევყურებდი და შინაგან ვფიქრობდი, როგორ განგებამ ასე უხვად მიანიჭა მხატვრული წარმოსახვა!..

 

ერთ ზაფხულს, 1962 წელს მომწერა, რომ აუცილებლათ ჩავიდე ჟენევაში მასთან და თან წავიყვანო ნიკო ყურულაშვილი. მართლაც, ასე მოვიქეცით. 30 ივნისში დილის 6 საათზე გავემგზავრეთ მანქანით... განსვენებული გრიგოლი ცხოვრობდა მდინარე „ავრა“ ნაპირზე… კარი გაგვიღო გრიგოლმა, მიგვიწვია სამზარეულოში, ძლიერ გაუხარდა ჩვენი მისვლა. მოწყურებული ქართველებს და ქართულ საუბარს, მისვლისთანავე დაიწყო საუბარი ფილოსოფიაზე, გვითხრა დაჯექით, თვითონ ფეხზე იდგა და ორი საათის განმავლობაში შეუწყნარებლივ ილაპარაკა. ნიკო დროგამოშვებით ფეხზე წამოდგებოდა. - ნიკო დაჯექ, ხელს ნუ მიშლი!

 

დავრჩით 12 დღეს ჟენევაში. ყოველ დღე სადილ-ვახშამზე გრიგოლთან ვიყავით. იყო საუბარი სხვადასხვა საკითხებზე. მე და ნიკო უფრო მსმენელთა როლში ვიყავით. თორმეტი დღის შემდგომ გამოვეთხოვეთ გრიგოლს და ეს შეხვედრაც მასთან უკანასკნელი იყო. ეს იყო აგვისტოს თვეში 1962 წელს. რამდენიმე ბარათი მომწერა, ჩემი პარიზში დაბრუნებისას. 16 ნოემბერს მივიღე ერთი ბარათი. გავხსენი - მისი სურათი. გამიკვირდა, რადგან ვიცოდი - განსვენებულს არ უყვარდა ფოტო-სურათები.

 

19 ნოემბერს კ. სალიამ დამირეკა, სანდრო, ძლიერ ცუდი ამბავი - გრიგოლი გარდაიცვალაო. მე ძალიან შევშფოთდი, რადგან ძლიერ მიყვარდა გრიგოლი, ჯერ როგორც საუკეთესო შემომქმედი და მერე, როგორც ჩემი ნათესავი (გამტეხით უნდა ვთქვა, რომ ასეთი სახელმოხვეჭილი ადამიანის ნათესაობა მეამაყებოდა). რაც შეიძლება: მე, კ. სალია და მისი მეუღლე ნინა დავტრიალდით. 20-ში საღამოს ნოემბერში ავიღეთ მატარებელი და გავემგზავრეთ ჟენევაში _ დილით ჩავედით ადრე, სასტუმრო ავიღეთ, შემდეგ გავემგზავრეთ გრიგოლის ბინაზე. რასაკვირველია, ოთახი დალუქული დაგვიხვდა. ერთი პატარა ბარათი შევუცურეთ კარების ქვეშ. შემდგომ წავედით რუსების ეკლესიაში, განსვენებული ცხედარი იქ იყო დასვენებული. რომ დავინახე მისი კუბო, ვეღარს გზით ცრემლი ვერ შევიკავე...

 

რაც შეგვეძლო ქართული მოვალეობა მოვიხადეთ, გვირგვინებით შევამკეთ. 23 ნოემბერს ჟენევის ერთ გარეუბნის სასაფლაოზე დავასაფლავეთ. თოვდა, ბარდნიდა. 12 საათი შესრულდა და კუბო ზონარებით ჩაუშვეს საფლავში, თოვაც შეწყდა.

 

ქართველებიდან დასაფლავებას დაესწრნენ შემდეგნი: მე, კ. სალია, ნინო სალია, ხარიტონ შავიშვილი, ნინო დადიანი, დიკა კედია, მაყაშვილი, ჩხოტუა.

 

დასაფლავების შემდეგ, ჟენევაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად მე და კალე და ნინო სალიებს გვქონდა საუბარი გრ. რობაქიძის მემკვიდრეობის შესახებ და როგორც მე მის ნათესავს, ყველამ გადასწყვიტა, გამოვცხადებულიყავი იქაურ მთავრობასთან, როგორც ერთადერთ ნათესავი საზღვარ გარეთ და მომეთხოვა მისი მემკვიდრეობა. მართლაც ასე მოვიქეცით. გამომყვნენ კ. სალია, ნინო სალია, ჩხოტუა და მაყაშვილი. გამოვცხადდით ჟენევის პოლიციაში, წითელ ჯვარში და ყველა ჩემმა თანმხლებმა დაადასტურეს, რომ მე ვარ მისი ნათესავი და თუ მემკვიდრეობა არის მისაღები, მეკუთვნის მე... განსვენებულ გრიგოლს სიმდიდრე და ქონება არა ჰქონდა, მხოლოდ მისი ნაწერები, პირადად ჩემთვის და ყოველი ქართველისათვის არის და იქნება დიდი საგანძური. ამ გადაწყვეტილებით მოვბრუნდით პარიზში. მაგრამ, ნახეთ შედეგი რა მოხდა? მე პარიზში ვინახულე ვექილი და მივწერე ჟენევაში, აქაური ჩემი მეზობლების და სათვისტომოს დამოწმებით, თუ როგორი ნათესავი ვიყავი განსვენებულისა. და წყნარად დაველოდე ჟენევის პასუხს. რამდენიმე ხნის შემდეგ, მივიღე გრ. რობაქიძის დის - ლიდას წერილი და მწერდა შემდეგს:

 

„სანდრო, შენ ხარ ჩვენი ახლობელი ნათესავი, ჩვენი მამის დის შვილიშვილი და შენი იმედი მაქვს, რომ გრიგოლის ხელნაწერებს და თუ რაიმე ჰქონდა, ყველაფერს მოუვლი, როგორც შეშვენის ნათესავს და ქართველს“. მე ვუპასუხე, რომ ყველა ამისათვის მე ნაბიჯები გადავდგი, მართლაც მემაყებოდა, რომ გრ. რობაქიძის მემკვიდრე გავმხდარიყავ...

 

მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში (არიან ადამიანები, რომლებიც უკუღმართად იბადებიან ამ ქვეყნად. სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებს ეკუთვნის კ. სალია). სალიამ მიაწერია ჟენევაში 8 ადამიანს - გრ. რობაქიძის ნაწერები ეკუთვნის უფრო ,,ბედი ქართლისას”. ამ, ასე ვთქვათ კულისებიდან მიწერილმა ისე გაართულა მდგომარეობა, რომ მთელი საქართველოს საქმეში ჩარევაც ვერაფერს უშველიდა.

 

მართლაც, დღეს-დღეობით მისი ნაწერები ქართველი ხალხისთვის დაკარგულად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ, ალბათ, დადგება დრო, გრიგოლის ნაწერებს გადასცემენ საქართველოს. ეს შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში, შეიძლება ასი წლის შემდეგ.

 

2004 წელი

 

ავტორი: რუსუდან შარაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი