logo_geo
ბონდო ქურდაძე: ცოცხალი ვლადისლავ არძინბას სიკვდილი „ვრემიამ“ გადმოსცა(!)...
- +

20 ნოემბერი. 2019. 12:43

 

 

ნამდვილი ამბავი

*************************

თამაზ ჭეიშვილი რომ იყო, აუცილებლად თამაზ ჭეიშვილად უნდა დაიბადო, კლონირება გამორიცხულია, ასეთი ხალხი არ მეორდებიან... დღეს, მის დაბადების დღეს, მინდა ერთი ძალიან გახმაურებული ამბავი გავიხსენო, ისეთი ამბავი, ოსტაპ ბენდერი თავს რომ დახრიდა და თვით მიხეილ სააკაშვილიც...

 

იმ დროს, ძალიან პოპულარული გაზეთის, „შანსის“ რედაქტორი ვიყავი, ქალაქში ხმა რომ გავარდა, თამაზ ჭეიშვილს ხილვები დაეწყოო... მოჟამულ ხასიათზე ვარ, სოხუმზე პირველი შეტევაა, მაგრამ ამის გაგონებაზე, ისტერიული სიცილი წამსკდა, ვეცი ტელეფონს, 1993 წლის მარტია... ვურეკავ ჩემს უფროსს კოლეგასა და მასწავლებელს... თაზო, ვიღაცა ჭორებს გიყრის, „მკითხაობა“ და „მჩხიბაობა“ დაიწყოო, ვცდილობ, გავაღიზიანო...

 

-არავითარი ჭორი, სიმართლეა, - მპასუხობს მენტორული ტონით, - ოღონდ მას ხილვა ჰქვია და არა მკითხაობა... ასე გასწავლე რესპონდენტთან ურთიერთობა? - მსაყვედურობს...

 

„რესპონდენტის“ ხსენებაზე, უცებ ძალიან ვერაგულმა აზრმა გამიარა თავში, პირდაპირ მივახალე, შენი ექსტრასენსობის მჯერა, გულთმხილველობის არა, მაგრამ შემიძლია ქვეყანას დავაჯერო ეგ ამბავი, გინდა?...

 

- გაზეთში დაწერ, კოლეგა თამაზ ჭეიშვილს ხილვები დაეწყოო, - მპასუხობს კმაყოფილი ტონით...

 

- მასე არ მასწავლიდი, მასწ, სად არის აქ, დამაჯერებლობა?...

 

- „ხვალიუ, ხვალიუ“, მართალი ხარ, - მპასუხობს...

 

- მაგარი აზრი მაქვს, ინტერვიუს ჩავწერ...

 

- კარგია, - ისმის ყურმილიდან...

 

- იცი, დღეს, დილის 5 საათზე, რუსები და აფხაზები სოხუმს რომ მოადგნენ...

 

- ვიცი, - მწარედ ამოიოხრა თამაზმა...

 

- მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენებმა წარმატებით მოიგერიეს შეტევა და მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენეს... ჰოდა, შენ, როგორც ნათელმხილველი, ამ ყველაფერს აღწერ და ბოლოში იტყვი, რომ ბრძოლის დროს, ვლადისლავ არძინბა სასიკვდილოდ დაიჭრა და ამას შენ ხედავ...

 

- ხომ არ დაუშტვინე, - გამოსცრა ყურმილიდან ნათელმხილველმა...

 

- არა, ძმაო, დიდი ტირაჟით ვბეჭდავთ გაზეთს და დეზინფორმაციისთვის აფხაზეთში შეგვაქვს, ცნობილი მეთოდია, სტალინი იყენებდა, - ვუმატებ დამაჯერებლობისთვის, - ქვეყანას რომ სჭირდება, ზუსტად ისეთი ხილვაა...

 

თამაზმა ყურმილი დამიკიდა, მაგრამ დილით, თვითონ მოიტანა უშველებელი ინტერვიუ, ჩემი ხელმოწერით:

 

„თამაზ ჭეიშვილი: არძინბა მკვდარია!...“, - იქვე გამოვაცხვეთ სათაური.

 

რედაქცია სასწრაფოდ დახურულ რეჟიმზე გადავიყვანე, ავკრძალე ყოველგვარი ინფორმაციის გატანა და მხოლოდ რედკოლეგიასა და ძალიან ერთგულ ხალხს ვაცნობე, რომ ვფლობთ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს და გაზეთის დაბეჭდვა-გავრცელებამდე, არავითარი ინფორმაცია არ უნდა გავიდეს რედაქციიდან... გავზარდეთ ტირაჟი და სასწრაფოდ მოვამზადეთ ანოტაცია ტელევიზიისთვის... დილით პირველმა არხმა, პრესის მიმოხილვისას, მთელ ქვეყანას ამცნო „შანსის“ სენსაციური წერილის შესახებ... საღამოს, ტელეკომპანია „ვრემიამ“ კი, მსოფლიოს გააგებინა არძინბას დაღუპვის ამბავი... მე და ჭეიშვილს იმ დღეს მთელი საქართველო გვეძებდა და იძულებული გავხდით, პირდაპირ ეთერში მამუკა არეშიძეს პოპულარულ გადაცემაში გამოვსულიყავით, სადაც თამაზ ჭეიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ხედავდა არძინბას მიცვალებულ სახესა და მის დამწუხრებულ გარემოცვას...

 

ტელევიზიის შემდეგ, სასწრაფოდ თბილისის უშიშროების კომიტეტის შეფთან, ბატონ ავთანდილ იოსელიანთან გაგვაქანეს, რომელიც გულმხურვალედ შეგვხვდა ხილით და ნუგბარებით გაწყობილ მაგიდასთან... სიზმარში მეგონა თავი, უშიშროების შენობაში ქალაქის უშიშროების შეფი, ბრწყინვალე ნათელმხილველისა და პოპულარული გაზეთის რედაქტორის სადღეგრძელოს მიირთმევს და იქვე მოკრძალებით გვიმხელს, რომ ეს ამბავი ჩვენზე წინ იცოდა, მაგრამ არ იცის, სად დაასაფლავეს საიდუმლოდ მიცვალებული...

 

აქ კი, თამაზ ჭეიშვილმა ავანტიურის ფოიერვერკი მოაწყო.

 

- წამიყვანეთ, ბატონო ავთო, გუდაუთაში და მე გაჩვენებთ არძინბას საფლავს...

 

კინაღამ ყბა ჩამოუვარდა უშიშროების შეფს, სასწრაფოდ შეცვალა საუბრის თემა და ჩვენც გამოგვემშვიდობა გადაუდებელი თათბირის მომიზეზებით...

 

შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ტაქსი გავაჩერეთ და თამაზს შევთავაზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი საგაზეთო ავანტიურა, რესტორანში აღგვენიშნა...

 

- რა ავანტიურა, ბონდო, რაც მე დავწერე, სრული სიმართლეა, არძინბა მკვდარია...

 

- რაა, მე არ გითხარი, არძინბა მოკალი-თქო, - გადავიხარხარე...

 

- კი, შენ მითხარი, რაც მე შენს ბიოველში შემოვედი და გათქმევინე, რაც თქვი... შენ მხოლოდ პირს აღებდი და ჩემს აზრებს აფიქსირებდი, ამას მეცნიერულად „ტვინის შეუცნობადი მართვა“ ეწოდება, ასე რომ არ ყოფილიყო, ხილს და კონიაკს არავინ დაგვიწყობდა „კაგებეს“ შენობაში...

 

- გააჩერე, - დავუყვირე მძღოლს და ლამის გაქანებული მანქანიდან გადმოვხტი... იმ ღამეს, გათიშვამდე რომ არ მესვა, დღესაც არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა სრულ ჭკუაზე...

 

- არძინბაა ტელევიზორში, გაცოცხლებულა..., მირეკავს ერთი ძალიან ცუღლუტი გაზეთის მურტალი რედაქტორი და კვდება სიცილით...

 

მართლაც, გაგიჟებული არძინბა მუშტებს იქნევს „ვრემიაში“ და ყვირის, ცოცხალი ვარო და წამყვანს სთხოვს, ხელი რომ შეახოს(!)...

 

ტელეფონს ვეცი, ნათელმხილველო, მართლა მოკვდაო, ხომ ამბობდი, - ვხარხარებ...

 

დილით რედაქციაში რომ მივედი, მისაღებში მომღიმარი ჭეიშვილი მხვდება და რაღაც წერილს მაწვდის მსხვილი სათაურით:

 

„რუსებმა არძინბას ორეული ალაპარაკეს!..“, ერთი კვირა, ამით იქცევდნენ ინტრიგების მოყვარულები თავს..

 

ბონდო ქურდაძე. 11 ნოემბერი. პარიზი.

 

P.S. არძინბას ორეულის არსებობა ერთხმად დაადასტურეს მსოფლიოს წამყვანმა გამომცემლებმა და ამ ავანტიურაში, კრემლი და „ვრემია“ დაადანაშაულეს(!!!)...

 

 

 

big_banner
არქივი