logo_geo
1890 წლის 22 ნოემბერს შარლ დე გოლი დაიბადა
- +

22 ნოემბერი. 2019. 13:31

 

„ათი მცნება იმიტომ არის ასე ლაკონური, მკაფიო და გასაგები, რომ იგი მრჩევლებისა და ექსპერტების გარეშე დაიწერა... რაც შეეხება პოლიტიკაში ყოფნას, მაგ დროს ადამიანი ხშირად დგება არჩევანის წინაშე - უღალატოს საკუთარ ქვეყანას თუ საკუთარ ამომრჩევლებს... მე ყოველთვის მეორეს ვანიჭებ უპირატესობას“, - ეს სიტყვები ეკუთვნის დღევანდელ იუბილარს, საფრანგეთის უდიდეს მოქალაქეს და დიდ სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწეს შარლ დე გოლს. ვფიქრობ, რომ ზევით ციტირებული სიბრძნე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისა და ჭეშმარიტი პოლიტიკოსის სახელმძღვანელო მითითებად უნდა იქნას აღიარებული.

 

1890 წლის 22 ნოემბერს ქალაქ ლილში დაიბადა მეხუთე რესპუბლიკის დამფუძნებელი და მისი პირველი პრეზიდენტი (1959–1969 წ.წ.) შარლ დე გოლი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საფრანგეთის ისტორიაში.

 

ვინაიდან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სრულიად სცილდება ჩემს კომპეტენციას, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე პასაჟს გავიხსენებ.

 

შარლ დე გოლზე უამრავი ლეგენდაა შექმნილი. იწერება, რომ იგი ცნობილი „ანგლოფობი“ იყო, თუმცა, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ უდიდეს პატივს სცემდა უინსტონ ჩერჩილს. დე გოლი, თურმე, მხოლოდ ერთხელ გაბრაზებულა ჩერჩილზე და მწარე სიტყვებიც კი დასცდენია მასზე, როდესაც გაუგია, რომ ჩერჩილმა იგი იალტის კონფერენციაზე მიწვეულთა შემადგენლობიდან ამოიღო. ეს წამსვე „უყნოსიათ“ ჟურნალისტებს და მაშინვე უკითხავთ, ვისთან ერთად ისურვებდით უიკენდის გატარებას, ჩერჩილთან ხომ არაო... დე გოლს უპასუხია, უდავოდ რუზველტთან, ან ბოლო–ბოლო სტალინთან ერთადო. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერთან ერთ-ერთი შეხვედრისას, დე გოლს მაინც გაუმხელია წყენა და უთქვამს, ჩერჩილი ფიქრობს, რომ თავი ულვაშიანი ჟანა დ’არკი მგონია, არადა, მაგრად ცდება, რადგან თავი მხოლოდ და მხოლოდ გენერალი დე გოლი მგონია და არა სხვა ვინმეო...

 

შარლ დე გოლის ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახლდათ საოცრად მოკრძალებული ქალბატონი ივონ ვანდრა, რომელიც, ქართულად რომ „მოვუქციოთ“, ყველგან და ყოველთვის იზიარებდა საყვარელი მეუღლის ჭირსა და ლხინს და მუდამ თან ახლდა მას, მათ შორის ცხელ წერტილებშიც. მრავალ სიკეთესთან ერთად, დე გოლი დღემდე ლიდერობს იმ სახელმწიფო მეთაურთა ჩამონათვალში, რომლებზეც ყველაზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.

 

მოგეხსენებათ, რომ შვილების ბედი და ჯანმრთელობა ყველა ნორმალურ მშობელს აღელვებს, წოდების და ქონების მიუხედავად, თუნდაც ის მშობელი სახელგანთქმული გენერალი იყოს.

 

შარლ დე გოლის მესამე შვილი ანნა დე გოლი დაუნის სინდრომით დაიბადა. შარლს და ივონს არასოდეს დაუმალავთ ქალიშვილის დიაგნოზი და არც არასოდეს უფიქრიათ, რომ ბავშვი სპეციალურ დაწესებულებაში მიებარებინათ. შარლ დე გოლი გიჟდებოდა თავის პატარა გოგონაზე. იწერება, რომ დამხმარე პერსონალს ხშირად უნახავს, როგორ ეთამაშებოდა და უმღეროდა ხოლმე დე გოლი თავის პაწაწუნას. გენერალი ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, რომ ანნას დაბადებამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება. 1945 წელს დე გოლის მეუღლემ ივონმა დააფუძნა ანნა დე გოლის სახელობის ფონდი, რომელიც დაუნის სინდრომიან ბავშვებს ეხმარებოდა.

 

1948 წელს ანნა დე გოლი გარდაიცვალა. გენერალს უთქვამს, ანნა იმხელა გულს და იმდენ სითბოს მაძლევდა, რომ რასაც მივაღწიე, მხოლოდ მისი დამსახურებააო.

 

1969 წელს შარლ დე გოლი გადადგა. იგი ჯერ ირლანდიაში, შემდეგ კი ესპანეთში გაემგზავრა ოჯახთან ერთად. სწორედ იმ დროს დაიწყო მემუარებზე მუშაობაც, მაგრამ დასრულება ვერ შეძლო და მხოლოდ 1962 წლამდე პერიოდი მოიცვა.

 

1970 წელს გენერალ დე გოლს აორტა გაუსკდა და სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი კოლომბეს სასაფლაოზე დაკრძალეს, ქალიშვილის - ანნა დე გოლის გვერდით.

 

დღეს გთავაზობთ უნიკალურ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილი არიან: ფრანკლინ რუზველტი, შარლ დე გოლი და უინსტონ ჩერჩილი კასაბლანკას 1943 წლის კონფერენციაზე. ბოლო ფოტოს დავარქვი „გზაგასაყართან“, რადგან შარ დე გოლი სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10221196591124144

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი