logo_geo
გუშინ გალაკტიონის დაბადების დღე იყო
- +

18 ნოემბერი. 2019. 13:34

 

გუშინ გალაკტიონის დაბადების დღე იყო.

 

გადავწყვიტე, რომ ცოტაოდენი განტვირთვის მიზნით გამოვაქვეყნო ფოტო, რომელიც პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ნამდვილად უკავშირდება დიდ პოეტს. პირველ ფოტოზე აღბეჭდილი არიან ჩემი დედიკო მერი, მამიდა ლილი ფირცხალავა, ბიძა ვახტანგ (ვატა) ფირცხალავა და უახლოესი ნათესავი ლოლო ლოლუა. ვატა და ლილი მამას ბიძაშვილები იყვნენ, მაგრამ ვინაიდან მამას ღვიძლი დედმამიშვილები არ ჰყოლია, ამიტომ მათ მიიჩნევდა და-ძმად.

 

ფოტოს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ ვატა იყო გალაკტიონის გერის (უფრო კი ერთადერთი შვილობილის) ნუნუ ებანოიძის მეუღლე. ნუნუს დედა - ნინო კვირიკაძე გახლდათ გალაკტიონის რიგით მესამე, მაგრამ პირველი ოფიციალური მეუღლე, რომელთან ქორწინებაც პოეტს იურიდიულად ჰქონდა გაფორმებული. ნუნუ 16 წლისა იყო, როდესაც გალაკტიონი და ქალბატონი ნინო შეუღლდნენ. გოგონა იმდენად ახლოს იყო „მეფესთან“ და მის „კართან“, რომ მოგონებები ცალკე წიგნადაც კი გამოსცა. წიგნის შეძენა შესაძლებელია (ან იყო) წიგნის მაღაზიებში.

 

ბიძაჩემი ვატა ფირცხალავა მრავალ ფილმშია გადაღებული, მათ შორის ლეგენდარულ ფილმში „აბეზარა“, სადაც იგი არქიტექტორ გიორგის (თენგიზ მუშკუდიანის) საცოლის შეყვარებულის გიას როლს ასრულებდა. ხომ გახსოვთ სიმპათიური გია?! (პრინციპში, ვატა კი არ თამაშობდა, შეიძლება იქვას, რომ საკუთარ სტიქიაში იყო მაგ როლში)... ვატა ფირცხალავა თამაშობდა „ქეთო და კოტეში“, სადაც იგი კოტეს ძმაკაცის როლს ასრულებდა, ხოლო მისი მეუღლე ნუნუ ებანოიძე თამაშობდა ქეთოს მეგობარი გოგონას როლს.

 

რაც მთავარია, გალაკტიონი მეგობრობდა ჩემს ბაბუასთან ლეონტი ფირცხალავასთან და მის ძმა სერაფიონთან და ხშირად სტუმრობდა ჩვენს ოჯახს. ჩემი ძმის ბიბლიოთეკაში დაცულია გალაკტიონის ლექსების წიგნი მისივე ავტოგრაფით, რაც ერთობ მეამაყება.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10221155463095969

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი