logo_geo
1943 წლის 18 ნოემბერს თემურ ჩხეიძე დაიბადა
- +

18 ნოემბერი. 2019. 13:45

 

„თეატრის კართან პოლიტიკა ვერ დამთავრდება, რადგან პოლიტიკა ქვეყნის ბედია... ჩვენი ქვეყნის გარეშე ვინ ვართ ან თქვენ, ან მე? … თუ „მამული, ენა სარწმუნოება“ დავივიწყეთ და ვერ ვუპატრონეთ, ესე იგი, ძალიან ტყუილად მოვსულვართ ამქვეყნად... როგორ შეიძლება, ეს საკითხები თეატრის კართან დამთავრდეს?! პოლიტიკაც ამაზე უნდა მუშაობდეს – ამ ცნებების გადასარჩენად, რომლებიც შეადუღაბებს ერს…“

1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა ამ სიტყვების ავტორი, ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი, საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტი, მრავალი პრესტიჟული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი ქართველი ხელოვანი თემურ ჩხეიძე, რომელმაც არაერთი დაუვიწყარი სპექტაკლი დადგა ზუგდიდის, სოხუმის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, სანქტ-პეტერბურგის და სხვა თეატრებში და მრავალი ტელესპექტაკლით დაგვამახსოვრა თავი. დღეს მის მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარს შეგახსენებთ: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რ. სტურუასთან ერთად), „გუშინდელნი“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „ოიდიპოს მეფე“, „ჰაკი აძბა“, „ოტელო“, „დარისპანის გასაჭირი“, „ჯაყოს ხიზნები“, „ანტიგონე“; ან თუნდაც, მის მიერ შესრულებულ რაიკომის მდივანს რეზო ჩხეიძის ფილმიდან „მშობლიურო ჩემო მიწავ“.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ თემურ ჩხეიძის ერთგვარ „შეგონებას“, რომელიც ქართველების განძს უკავშირდება:

 

„უმდიდრესი ენის პატრონი ვართ, რომელიც, რატომღაც, თანდათან კნინდება და კნინდება დამოუკიდებელ საქართველოში. რატომ უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დროს ქართული ენა გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე დღეს არის? ...თვალსა და ხელს შუა ენა იმდენად მახინჯდება, რომ ერთ-ერთ ყველაზე საგანგაშო პრობლემად ყალიბდება. მე, მაგალითად, საპროტესტო აქციას ამის გამო ჩავატარებდი. ეს არ არის უმუშევრობაზე ნაკლები პრობლემა, თუ მეტი არა!“

 

1991 წლიდან ვიდრე 2013 წლამდე თემურ ჩხეიძის ერთგვარი "ნავთსაყუდელი“ იყო პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახ. დიდი დრამატული თეატრი. 2004 წელს თემურ ჩხეიძე გახდა თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო კირილ ლავროვის გარდაცვალების შემდგომ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. იწერება, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კირილ ლავროვს უთქვამს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს მხოლოდ თემურ ჩხეიძეს ვანდობდიო...

 

ცნობილ ფაქტია, რომ წლების მანძილზე, რუსეთთან გამწვავებული პოლიტიკური ვითარების გამო, ბატონი თემური უარს ამბობდა რუსეთში წასვლასა და თეატრში მთავარ რეჟისორად დაბრუნებაზე, რის გამოც თვით კირილ ლავროვიც კი ჩამოსულა თბილისში და უთხოვია, თეატრი არ მიატოვოო. 2013 წელს ბატონმა თემურმა მაინც დატოვა თანამდებობა, განაცხადა, რომ თეატრს იმგვარი ცვლილებები სჭირდებოდა, რაზედაც ის ვერასოდეს წავიდოდა: „ბევრი რეტროგრადს მიწოდებს, მაგრამ ეს ჩემი პრინციპული არჩევანი იყო, რათა ტოვსტონოგოვის მემკვიდრეობა შემენარჩუნებინა... ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ ჩემი სპექტაკლები ანაქრონიზმად აღიქმება. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მისი გულწრფელობისთვის“.

 

ჩვენს საამაყო ქართველ რეჟისორს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და მრავალ სასიხარულო დღეს ვუსურვებ.

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10221153906857064

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი