logo_geo
როდის აპატია გია ფერაძეს ქალიშვილმა: ეს ჩემი ძმის გამოჩენის მერე მოხდა
- +

29 ნოემბერი. 2019. 01:53

 

მსახიობ გია ფერაძის უმცროსი ვაჟი - გია ფერაძე, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და მოსკოვში თეატრისა და კინოს მსახიობია, ამჟამად ქართულ სატელევიზიო შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობს.

 

ტრაგიკული ბედის მქონე ფერაძის მეოთხე შვილი ძალიან ჰგავს მამას. ეს ჩვეულებრივი მსგავსება არ არის - ტემბრი, მანერულობა, არტისტიზმი... გია ფერაძე უმცროსმა ქართულ მედიაში პირველად ინტერვიუ „პრაიმტაიმს“ რვა წლის წინ მისცა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გია სამშობლოში ჩამოვიდა და თავისი ოჯახის წევრები გაიცნო - და-ძმები და ბიძა... გაიცნო მამის მეგობრების არმია, რომელთაგან ყველამ ერთიანად აღიარა, რომ პატარა გია გასაოცრად ჰგავს მამას.

 

მარიკუნა მიქატაძე - გიას ქალიშვილი და უმცროსი გია, ფაქტობრივად, ტოლები არიან. მარიკუნა თვეების იყო გია გასტროლით რუსეთში რომ იმყოფებოდა. ათ დღიანი გასტროლის შედეგად გაჩნდა მამის ასლი - უმცროსი გია ფერაძე.

 

მარიკუნა მიქატაძე: - გიამ გამომიგზავნა ძმა - გია... ის კიდე ამბობს, მთელი ცხოვრება დაზე ვოცნებობდი, მაგრამ ასეთი მაგარი და წარმოდგენაში არც მქონიაო.

 

გია ფერაძე: - ყოველთვის მინდოდა, და მყოლოდა, ყველაზე დიდი ოცნება იყო. დედას რომ ვეუბნებოდი, თავი დამანებე, შენთვის ვერ მიმიხედია, ახლა კიდევ დაო. ისევ ბიჭი რომ გამიჩნდეს, თავი ჩამოსახრჩობი მექნებაო. აქ რომ პირველად ჩამოვედი, ბიძაშვილმა ნინკამ რომ მითხრა - წამოდი, და გაგაცნოო, დავიწყებული მქონდა, და რომ მყავდა, ემოციებისგან გათანგული ვიყავი. გამოვდივარ ქუჩაში, არავინაა. მანქანის ფარები ანთებულია და კარი იღება. გადმოდის ქალი, ულამაზესი, ფერაძეებისთვის დამახასიათებელი „ღირსებებით“ და... პირველი, რაც ვთქვი: რა სამწუხაროა, რომ ჩემი და ხარ-მეთქი. რა ვქნა, ასეთი რეაქცია მქონდა. მან „ხულიგნურად“, ავტორიტეტულად მომმართა: „პრივეტ, ბრატუშკა“ (ვგიჟდები, მარიკუნა რუსულად რომ მელაპარაკება)!

 

მას შემდეგ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ. მარიკუნა კიევში ცხოვრობს. გიას, როგორც კი დრო გამოუჩნდება, დასთან ჩადის. ერთად გატარებულ დროს არაფერი ურჩევნიათ. რაც ბავშვობაში გამოტოვეს, ახლა ინაზღაურებენ.

 

ახლა მარიკუნა კიევიდან ძმის საგულშემატკივროდ რამდენიმე კვირით ჩამოვიდა და ისევ დაბრუნდა.

 

 მარიკუნა მიქატაძე: - მოსკოვში სპექტაკლს ითამაშებს და „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ ჩამოდის. სერიალში გადაიღეს, წამყვანად იწვევენ საღამოებზე... დატვირთული გრაფიკი აქვს. პროექტმა აქ სახლი უქირავა და ყველა ხარჯი უზრუნველყო. 

 

გია რომ ცეკვავს, იმ დღეს ისე ვღელავ, მგონია, რომ ჩემი ტყუპის ცალია. ისედაც ერთი წლით ვარ დიდი. იმიტომაც გვაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა. გიას მარტივი ეგონა ამ შოუში მონაწილეობა და თავისი პერფომანსების ხარჯზე გამოვიდოდა ეგონა. თუმცა, როგორც მოცეკვავე, მაინც შედგა. მონდომებულია. ნიჭიერია. მამაჩვენისგან ყველაფერი - სიმაღლე, ნიჭი მაგან წაიღო, წამართვა. მე კიევში მივფრინავ და ღელავს, დარბაზში რომ გამოვიხედავ და ვერ დაგინახავ, ვინერვიულებო, ამბობს.

 

 - ქართული ისევ არ უსწავლია?

 

- არა, არ ინდომებს. ცეკვებში მისმა პარტნიორმა ვერამ რუსული არ იცის, გიამ - ქართული. და ეს მიხარია. ძალიან კარგია, რომ იქნებ ქართული ისწავლოს. ნიჭიერი ხარ და რომ მოინდომო, ისწავლი-მეთქი ვეუბნები. ცოტა ესმის. რამდენიმე სიტყვა იცის. მაგრამ დიდ ძალას არ ატანს, რომ ისწავლოს.

 

- მარიკუნა, რითი ამსგავსებ გიას მამას, რომელსაც თვითონაც ეკრანიდან იცნობ?

 

- ნიჭიერებით და გარეგნობით. მამაჩვენის და დედაჩემის მეგობრებთან ერთად რომ ვხვდებით სუფრასთან, ყველა აღნიშნავს, რომ ჟესტიკულაცია, მანერა, ხმის ტემბრი - ყველაფერი გიასი აქვს. ასე როგორ დაემსგავსა მამას რუსი ქალის შვილი, აზრზე არ ვარ. არც ერთი ქართველი შვილი არ ვგავართ გიას ასე.

 

- მარიკუნა, ერთ ინტერვიუში თქვი, მამას თავისი საქციელი ვაპატიეო, რის შემდეგ მოხდა ეს?

 

- რაღაცნაირად, ჩემმა ძმამ, გიამ დამაძლევინა. მამაჩემის საფლავზე ერთხელ ვიყავი ნამყოფი, მთხოვეს და დაბადების დღეზე წავედი. მეტად, გიას გამოჩენამდე, არ ვყოფილვარ. გია რომ ჩამოვიდა, უარი ვერ ვუთხარი და ავედით საფლავზე. მერე ამან სისტემატური სახე მიიღო. პირველად რომ ავედით საფლავზე, გიამ ხელი ხელზე მომკიდა, ორივე ვტიროდით და ამ დროს გაწვიმდა. კინოს კადრივით იყო. ვერ ავხსნი, რა მომივიდა, მაგრამ რაღაცნაირად გამიადვილა და წყენა გამიქრა მამის მიმართ. აგრესია აღარ  მაქვს. მის ლექსებსაც სხვანაირად აღვიქვამ. სულ სხვა შეგრძნებები გამიჩნდა და ეს ჩემი ძმის გამოჩენის მერე მოხდა. რომ არა მამაჩემი, ჩემი ძმა არ იქნებოდა და მე მადლობელი ვარ, რომ გია გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. თან იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა...

 

გვაქვს ასეთი დამთხვევაც - ორივე აპრილში ვართ დაბადებული. ჩვენი დედების სახელი ირინაა.

 

 

 - როგორი ბიჭია? დაახასიათე.

 

- სუფთაა, არ თამაშობს. რასაც ამბობს, ეგაა. საინტერესო მოსაუბრეა.  გაბრაზება ქართული იცის, სისხლი უყივის. შენთან ჩხუბი არ მეშინია, რადგან და ხარ და ვერ დაგკარგავო. როგორც ჩანს, ბევრი ქალი დაუკარგავს თავისი ხასიათის გამო. ძალიან ქარიზმატულია და ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონია... თბილისი უყვარს. კიევში ჩემი ხშირი სტუმარია. ვსეირნობთ, ერთმანეთს ვავსებთ, ვმაიმუნობთ. ჩვენი ერთად ყოფნა ერთი დიდი ფეიერვერკია, არავინ რომ არ გვჭირდება, ისეთი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი