logo_geo
ნუგზარ ფოფხაძე: გაუტეხელი კაცი
- +

6 დეკემბერი. 2019. 23:39

 

 

7 დეკემბერს აკადემიკოს როინ მეტრეველს 80 წელი უსრულდება. იქნება ბევრი მილოცვა. წინა დღეს, წმ.ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პატრიარქთან ერთად, თავად გახლავთ, საიუბილეო შეკრება გაიმართება, კოლეგების და მოწაფეების გამოსვლებით, მილოცვებით, მორიგი საინტერესო წიგნის პრეზენტაციით.

 

მეცნიერებათა აკადემიაში „ზეიმის“ კატეგორიული წინააღმდეგი თავად იგი - ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. სხვა დიდებული მამულიშვილების ღვაწლის დამფასებელი, მათი საიუბილეო თარიღების არდამვიწყებელი და აღმნიშვნელი, საკუთარის შეფასებისას თავმდაბლობის ზღვარს არასოდეს გასცდენია. რაც შეეხება დედა-უნივერსიტეტს, რომელთანაც დაკავშირებულია მთელი ცხოვრება, ვერაფერს გეტყვით, პოეტის მოხდენილი სტრიქონისა არ იყოს, „სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული...“

 

ბუნებრივია ჩემი სურვილი, გამოვეხმაურო ამ სასიამოვნო მოვლენას, რამეთუ, ლამის 60 წელი - ნებისმიერ „ეპოქაში“, კეთილმოსურნე თუ ავადგანწყობილი ყველა „რეჟიმის“ დროს ვიყავი და ვარ „პროფესიონალი როინისტი“ - დაუფარავად თავაწეული და ამაყი ამ „პროფესიით“. და რა გასაკვირია, მქონდეს ბევრი მოსაგონებელი და სათქმელი.

 

...დავიწყებ იმ ფაქტით, როცა 1965 წლის 30 ივნისს, დედა-უნივერსიტეტის 105-ე აუდიტორიაში ერთმა ასპირანტმა, ანუ მომავალმა აკადემიკოსმა, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. ამ პროცესის დამსწრე სტუდენტმა-ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოვართვი ისტორიის ფაკულტეტის მაშინდელ ლეგენდარულ დეკანს, პროფესორ შოთა მესხიას, რომელიც ვერ ფარავდა კმაყოფილებას თავისი გამორჩეული მოწაფისა და დისერტანტის მოსაწონი დაცვის გამო და „გამომიტყდა“: დაიხსომეთ, ისტორიკოსთა ოჯახს შეემატა საიმედო წევრი, რომ იმდღევანდელი წარმატება არც პირველია და არა უკანასკნელიო...

 

მალე ამ დაცვას მოჰყვა ამ დისერტანტის - როინ მეტრეველისა და მისი კოლეგა-მეგობრის - შოთა ბადრიძის წიგნი, რომელიც პირველად (!!!), საჯაროდ და მასშტაბურად აცნობდა იმ დროინდელ ქართულ საზოგადოებრიობას ღვაწლს და პიროვნებას დიდი ექვთიმე თაყაიშვილისა, რომელიც ქართულმა ეკლესიამ შემდგომ წმინდანად აღიარა.

 

მას შემდეგ 50 წელი გავიდა.

 

ამ პერიოდში ბატონ როინთან დაკავშირებული ბევრი რამ მოხდა საყურადღებო, სასიხარულო, საამაყო და... გულსატკენიც, მაგრამ ერთი მოვლენა გახლდათ განსაკუთრებული - ნიშანდობლივი და მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელიც. ესეც დისერტაციის დაცვა გახლდათ, ახლა უკვე სადოქტოროსი. ოღონდ, ამ დღის ვითარება დიამეტრულად განსხვავდებოდა წინა დაცვის ამაღლებული განწყობებიდან.

 

საქმე იმაში კი არ იყო, რომ ეს საშინელი თარიღი -1974 წლის 11 სექტემბერი, ემთხვეოდა აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აღებისა და აოხრების ტრაგიკულ დღეს, რაც დაცვაზე შეკრებილ მეცნიერულ საზოგადოებას ძილშიაც კი ახსოვდა ყოველთვის და, ცოტა არ იყოს, გაკვირვებაც კი გამოითქვა ამ „დამთხვევის“ გამო.. არამედ იმაში, რომ საქართველოს იმ დროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის დისერტანტი უკვე გახლდათ ერთობ „საეჭვო“ და „არასასურველი“ პოლიტიკური რეპუტაციის მქონე პერსონა, აქედან გამომდინარე ყოველნაირი ნეგატივის „გამოსხივებით“.

 

ეს იცოდა ყველამ, ეტყობოდა არა მარტო დამსწრეთა ხაზგასმულ თაშეკავებულობას, არამედ... ისტორიულ მეცნიერებათა და აკადემიურ წრეებთან არავითარ კავშირში მყოფი „ყურცქვიტებით“ მომრავლებურ აუდიტორიასაც(!) და ამ კონიუნქტურას ანგარიშს უწევდა აშკარად, კონკრეტულად თუ ზოგადად, მსგავს ვითარებაში, 37 წელს გამოვლილ-„გამობრძმედილი“ საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი, მცირე გამონაკლისის გარდა.

 

საქმე იმაში გახლდათ, რომ 1972 წლის გაზაფხულზე მოსკოვმა, სპეციალური დადგენილებით, საჯაროდ აგრძნობინა თავის უკმაყოფილება საქართველოს ელიტას, და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მიანიშნა რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა. ამ „ისტორიულ დადგენილებას“ (ასე უწოდებდნენ მაშინ ამ დოკუმენტს) უნდა მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები. რა გასაკვირია, რომ ატყდა მაგრამ რა ატყდა „სკამების“ მაძიებელთა და პრეტენდენტთა „შფოთი“, თანაც, ყველა მიმართულებით - საკუთარი (ნამდვილი თუ ცრუ) დამსახურებების წარმოჩენისა და „კონკურენტთა“ ჩაძირვის მიზნით.

 

„ჩაშვების“ ერთ-ერთი უმთავრესი ობიქტი გახლდათ სწორედ ეს ჩვენი დისერტანტი, პოლიტარენაზე მოქმედი, იმ დროისთვის 32 წლის უაღრესად პერსპექტული სახელმწიფო მოღვაწე, ახალგაზრდული ორგანიზაციის პოპულარული ლიდერი, დაწინაურებული ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტიულ თანამდებობაზე, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თაობის ლიდერად თვლიდა და რესპუბლიკის სავარაუდო ხელმძღვანელადაც მოიაზრებოდა. მით უმეტეს, რომ საპენსიოდ გამზადებული რესპუბლიკის თავკაცი ვასილ მჟავანაძე გულწრფელად მხოლოდ(!) მას უწევდა რეკომენდაციას, თანაც, როგორც ჩემთან პირად საუბარში უთქვამს, ეს გააკეთა ორჯერ, დაჟინებით, სსრკ მმართველთან ლეონიდ ბრეჟნევთან პირადი შეხვედრებისას.

 

მაგრამ, მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა. „მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა“, არჩევანი მასზე არ შეჩერდა.

 

ამ „სხვამ“ კი, რომელიც 30 სექტემბერს, კვირის ბოლო(!) სამუშაო დღეს - პარასკევს აირჩიეს რესპუბლიკის ხელმძღვანელად, ორშაბათს, მომდევნო კვირის პირველ(!) სამუშაო დღეს, 3 ოქტომბერს, გამოკვეთილად პირადული მოტივაციით, ხელმძღვანელი ბირთვიდან მოიშორა „კონკურენტი“, ჩამოაქვეითა და „იქ“ გააგზავნა სამუშაოდ, საიდანაც პოლიტიკაში, როგორც წესი, არ ბრუნდებიან. და არა მარტო პოლიტიკაში, მისთვის მეცნიერულ ასპარეზზეც უნდა შექმნილიყო „ჭაობი“ და ამას ქონდა კიდეც უფრო „სერიოზული“ სარჩული: რესპუბლიკაში მომხდარი რადიკალური ცვლილებები ხირციელდებოდა იმ „დოკუმენტების“ საფუძველზე, სადაც ეს ჩვენი დისერტანტი, ორიოდე წლის წინ საპირველკაცოდ გამზადებული პარტიული კაცი, „გამოცხადული“ გახლდათ (ზოგიერთ სხვა კოლეგასთან ერთად) მმართველი პარტიისთვის არასასურველ პერსონად. უფრო კონკრეტულად: მამალ ნაციონალისტად, გამოუსწორებელ მონარქისტად, მხოლოდ იმიტომ რომ მისი იდეალი და კვლევის ობიექტი მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა გახლდათ.

ეს მოსკოვისთვის. „ჩამშვებთათვის“ კი „კლასიკიდან“ კარგად იყო ცნობილი, რომ

„არ არის კაცი... არ არის პრობლემა!“

ეს სტალინური ფორმულა 1972-ში ვერ ამოქმედდებოდა ფიზიკურად(!), იმიტომ რომ გარეთ არ იყო 1937 წელი. ამიტომ კონკრეტული პირის „ჩაქოლვა“ და მის გარშემო „სიცარიელის“ შექმნა ისე უნდა მომხდარიყო თუნდაც იმ სფეროში, სადაც „დამალეს“, რომ ის, როგორც „ფიგურა“ ყველას დავიწყებოდა და მასაც არ უნდა გასჩენოდა „თავის გამოჩენის“ სურვილი.

 

რა თქმა უნდა, ეს ვითარება მეტ-ნაკლებად ქმნიდა ადეკვატურ რეალობას.

 

ისე, ახალთაობამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკურად ეს ფორმულა არა მარტო 1972-74 წლებში ცოცხლობდა, არამედ საქართველოში სულ(!) აქტუალურია, თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც.

 

...ჰოდა, დავუბრუნდები ისევ სადოქტოროს დაცვას. სხდომას ესწრებოდა სამეცნიერო-სადისერტაციო საბჭოს 44 წევრიდან 43. დისერტანტს ხმა მისცა ყველა დამსწრემ. გეეყურებათ? აბსოლუტურად ყ ვ ე ლ ა მ !!!!

 

საინტერესოა ისიც, რომ ოპონენტებსა და გამომსვლელებს შორის იყვნენ ბუმბერაზები, მათ შორის: შალვა ამირანაშვილი, ვახტანგ ბერიძე, ანდრია აფაქიძე... ეს ქართული მეცნიერების სინდის-ნამუსი ხალხი, რომლისთვისაც მთავარი პოლიტიკა გახლდათ მეცნიერული დონე, სიღრმე და არა... პოლიტთამაშები და კეკლუცობა. სწორედ მათ, თავიანთ გამოსვლებში მოთხოვეს დისერტანტს დაუღალავად გაეგრძელებინა „იძულებით“ არჩეული გზა და განსაკუთრებული სითბოთი, ქვეყნის გასაგონად დალოცეს მისი საქმიანობა.

და მოხდა ის, რაც არ შედიოდა „დამკვირვებელ ყურცქვიტთა“ გათვლაში: მდუმარების და სიფრთხილის ატმოსფერო ერთ წამში დაარღვია ტაშმა, აღტაცებამ, მოწონებამ, სიხარულმა და...

ვგონებ, ახლიდან დაიბადა ახალგაზრდა დოქტორი.

 

ჭეშმარიტებითვის უნდა გავიხსენო ერთი ჩემთვის მეტად უსიამო ფაქტი, რამეთუ ეხება საყვარელ ადამიანს, მაგრამ ნათელყოფს ამ სადოქტოროს დაცვის გარშემო არსებულ კონიუნქტურას.

 

სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ერთადერთი წევრი, უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც დილით „რაღაც“ საქმეზე მოსკოვს გაფრინდა და... ის შემდგომ ჩემი უახლოესი უფროსი მეგობარი გახდა და იყო სიცოცხლის ბოლო დღემდე. ერთხელ სინანულით გამომიტყდა: კაცი, რომელმაც ფაშისტებთან ომი თავიდან ბოლომდე გამოვიარე, საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზეც კი ვიყავი წარდგენილი, როგორც უშიშარი მფრინავი-გამანადგურებელიო, მხდალივით გავიპარე ამ დაცვიდან, რათა პრობლემები არ შექმნოდა დედა-უნივერსიტეტს და მე, როგორც მის რექტორსო...

 

სწორედ ამ შემთხვევისას ვიტყვით ხოლმე: მდაააა!

 

...ახლა მე ისეთ ასაკში ვართ, ზომიერების დარღვევა-გადაჭარბება არ მეკადრება. ამიტომ ნურავინ ჩამითვლის გადაჭარბებად იმას, რასაც გულწრფელად ვიტყვი: ბ-ნი როინ მეტრეველი სრულიად უნიკალური მოვლენაა ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში.

 

უაღრესად გამორჩეული, ნაყოფიერი და ხელხვავიანი მეცნიერი, დიდი ივანე ჯავახიშვილის და მისი ერთობ პატივსაცემი კოლეგების, მათი მოწაფეების საქმის არა მარტო გამგრძელებელი, არამედ ავტორიტეტული ლიდერი; ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელი, გზის გამკვალავი და მხარდამჭერი.

 

დიდ ირაკლი აბაშიძესთან ერთად პირველი ქართული ენციკლოპედიის მთავარი მესაძირკვლე, მეცნიერ-შემოქმედთა ამ განუმეორებელი ჯგუფის თავკაცი.

 

დედა-უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული რექტორი. უმძიმეს პერიოდში, როცა საქართველოში შუქი, წყალი, გათბობა სანატრელი იყო, როცა „დროული ხელფასის“ უბრალო ცნებაც კი მწარენარევ ღიმილს იწვევდა, უნივერსიტეტში სწავლა(!!!) ერთი (!!!) დღითაც არ შეწყვეტილა. ცალკე თემაა, რის ხარჯზე კეთდებოდა ეს. რომ არა თავდადება პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა კოლექტივისა, რომელსაც ზვიად გამსახურდიას თაოსნობით სათავეში ჩაუდგა და შემდგომი 13 წლის მანძილზე თავკაცობდა პროფესორი როინ მეტრეველი, უნივერსიტეტი თავზე „დაენგრეოდა“ ქვეყანას. და რაც არ უნდა იქირქილოს ავმა, ბოროტმა და „დაუნახავმა“ ენამ, გამიზნულად რა ცილიც არ უნდა დასწამონ თავად კორუმპირებულმა „მავანმა“, ვითომ „ძაან ნაკითხმა“ ფუყე ტიპაჟმა, უწიგნურმა „კმარელმა“ ნაძირლებმა, ამ დამსახურებას ვერავინ წაართმევს საუნივერსიტეტო ცხოვრების ამ ავტორიტეტულ და ნიჭიერ ორგანიზატორს.

 

1972 წლის ოქტომბრის შემდგომ „ამღვრეულ წყალში“ არაერთმა, მათ შორის კოლეგად ცნობილმა ზოგიერთმა არაკაცმა, მოინდომა „ღლავის დაჭერა“ - კარიერის გაუმჯობესება, უკადრებელიც კი იკადრა, შემდგომაც არაერთგზის დაუმსახურებლად ატკინეს გული, მაგრამ... ვერ გატეხეს! ვერა!

 

არ მახსოვს ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა როინ მეტრეველს დაეკარგოს წონასწორობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიეყენებინოს თავის ბიოგრაფიისთვის. უფრო მეტიც, მავანისთვის პასუხი გაცემის არაერთ მსურველი (მათ შორის მეც, თანაც არაერთგზის) თავად მეტრეველმა დაამუხრუჭა, რათა საბაბი არ მიეცა ქვეყნის სათავეში მოსული ჯგუფის ზოგიერთი „ენთუზიასტისთვის“(სხვათაშორის, ზოგიერთ მის მიერ ხელდასხმულისთვის), ანგარიში გაესწორებინა განსაკუთრებით გამორჩეული „როინისტებისთვის“ (ამ „მომენტს“ იმიტომ ვიხსენებ, რომ დავაოკო ზოგიერთი ჭკუასუსტი თუ ცხელთავა, რომელსაც ზოგჯერ დღესაც კი, წინ უსწრებს ენა, თუმც არ ყოფნის ასაკი, განათლება, გამოცდილება და, „ჟარგონით“ რომ ვთქვათ, კაცობა - „ჭრას და კეროს“ ის ეპოქა, ის დრო, ის საქმეები და იმდროინდელი პერსონების ნაღვაწი).

 

სამართალმა გვიან, მაგრამ, როგორც იტყვიან, მაინც ჭამა პური. და ეს, უწინარესად, გამოიხატა არა კარიერული სიმაღლეების დაძლევით, არამედ და უწინარესად მეცნიერული პროდუქციით, რომელიც ასზე ბევრად მეტ მცირე თუ სქელტანიან წიგნს, უამრავ პუბლიკაციას ითვლის და რომელთა გარეშეც მომავალში წარმოუდგენელია ქართული ისტორიოგრაფია. მისი ფანტასტურად საინტერესო წიგნები დავით აღმაშენებლსა და მეფე თამარზე გეუძლებს არა ერთ ეპოქას.

 

ორი წლის წინ, როცა საპატრიარქოს უნივერსიტეტში შეკრებილმა საზოგადოებამ თავმდაბლურად, მაგრამ ღირსეულად აღნიშნა 75 წლის აკადემიკოსის დამსახურება, სასიამოვნოდ გაგაოცებდათ მისი მოწაფეების გულწრფელი გამოსვლები და შეფასებები. სწორედ მის წიგნებს, პუბლიკაციებს და მისი აღზრდილების საქმიანობას ვთვლი პირადად მე, იმ „სამართლის ქმნად“, რაც არა და არ მოხდებოდა, რომ არა 1972 წლის ოქტომბრის დასაწყისში იძულებით დამთავრებული პოლიტიკური კარიერა და „ახალი ცხოვრების“ დაწყება. ღიმილის მომგვრელია ის ფაქტიც, როცა 90-იან, პოლიტიკურად არეულ დროს, მას დაჟინებით თხოვდნენ და აძალებდნენ კიდეც კომპარტიის ლიდერობას, მაგრამ მიიღეს მტკიცე, უყოყმანო უარი.

 

როინ მეტრეველის ბიოგრაფია, საქმიანობა იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რა შეუძლია ნიჭს, შრომისმოყვარეობას, სულიერებას, უკეთილშობილეს ადამიანურ თვისებებს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ადრე - სიყმაწვილეში დაკარგა საამაყო მამა და არცთუ დალხენილ პირობებში იზრდებოდა დედისერთა ბიჭი. დიახაც, რომ საოცარმა დედაშვილობამ და საკუთარმა ღირსებამ საზოგადოებას მისცა ნამდვილი მოქალაქე, ოჯახს - სამაგალითო მეუღლე და მამა, საქართველოს ისტორიას - ერთობ კომპეტენტური მკვლევარი, ეროვნულ აკადემიას საამაყო წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, საახლობლოს - უღალატო და ერთგული მეგობარი.

 

ამ „მონოლოგის“ გაცნობის შემდეგ, ჩემი მრავალრიცხოვანი მეგობრებისთვის ნათელი უნდა იყოს, რატომ ვხვდებით ბატონი როინი და მე მეუღლეებით ყოველ ახალ წელს ერთად უკვე 47 წელი, თითქმის ნახევარი საუკუნე! რატომ მიყვარს და ვამაყობ ჩემი მეგობრით. მისი დიდი ოჯახით, მისი საოცარი მეუღლით, რომელიც ბატონი როინის ცხოვრების ფრონტის მუდმივი და საიმედო „ზურგის სარდალი“ გახლავთ.

 

დღეგრძელობა არ მოაკლდეს დამაშვრალ კაცს, ბევრჯერ გაეხარებინოს ქართული საზოგადოება დიდი საქმეებით და უმშვენიერესი წიგნებით.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი