logo_geo
ლელა ანჯაფარიძე ზურაბ ჟვანიაზე: დღეს რომ ყოფილიყო ცოცხალი, ნამდვილად გამოადგებოდა ჩვენს საქართველოს...
- +

9 დეკემბერი. 2019. 13:12

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

თავიდანვე გეხვეწებით, ვისაც რამე პოლიტიკური აქვს სათქმელი, ვინც შემოდის უბრალოდ იმიტომ, რომ ხასიათი გაგვიფუჭოს, შემოდით ჩემს ჩატში და მიფუჭეთ, რამდენიც გინდათ... ოღონდ აქ და ახლა, არა, რა...

 

იცით, ჩემი ცხოვრება იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკმაოდ და სერიოზულად პოლიტიზირებული. ბევრი რაღაცის მოწმე ვარ... ბევრი რაღაცა ვიცი... ბევრ რამეს არასდროს არ ვიტყვი, „გესტაპოშიდაც“. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის კაცი, ვინც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1963 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანია - იყო გამორჩეული კაცი...

 

ალბათ, უნდა გასულიყო გარკვეული წლები და ამას მივხვდი... ვიღაცა ჩემზე ადრე მიხვდა... ვიღაცა უფრო გვიან მიხვდება... ვიღაცამ ისედაც იცოდა...

 

ის იყო ნამდვილი პროფესიონალი... ახლა რომ მახსენდება, რუსეთში საქართველოს საელჩოში მუშაობის დროს, ერთადერთი - მისი თბილისიდან მოსკოვში ჩამოსვლის დროს, არ ვნერვიულობდი... მის შეხვედრებზე დასწრება ერთი სიამოვნება იყო... ხმას არასდროს არ უწევდა... იყო საოცრად დელიკატური და წყნარი, თან ცოტა ნელა საუბრობდა... მაგრამ ოპონენტებს არ უტოვებდა არცერთ არგუმენტს... არცერთ შანსს... თან როგორ ოპონენტებს, იცით? უკაცრავად ამ სიტყვისთვის, „შ“-ზე რომ იწყება მათი სახელი...

 

მე არასდროს არ მინახავს, რომ ადამიანი ასე ღირსეულად და დიპლომატიურად, ზედმეტი და არასაჭირო ემოციების გარეშე და თან გულიანად იცავდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციას...

 

ის მართლა პოლიტიკოსი იყო და ძალიან მტკივნეულია, რომ წავიდა სულ რაღაც 42 წლის ასაკში... საქართველოს ნამვილად დააკლდა მისი ნიჭი და პროფესიონალიზმი...

 

არ გამიბრაზდეთ, მე მაინც მგონია, რომ ზურაბის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ - არ შეიძლება გადაუდგე ადამიანს, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გაგიკეთა... შეიძლება შეტრიალდე და წახვიდე, თუ რამე ვერ დაუმტკიცე, მაგრამ არ უნდა გადაუდგე... ყველაზე მშვენიერი ვარდების გამოც...

 

თუმცა... ეს სულ ხდება ხოლმე ისტორიაში... მითუმეტეს, პოლიტიკაში...

 

მე ვერ შევეჩვიე ასეთ რაღაცებს, ალბათ, რადგანაც ჩემი პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, გულში ყოველთვის ვრჩებოდი უპატრონო ძაღლების თავშესაფრის დირექტორი.

 

მე ვერ შევეჩვიე და ზურაბი კი შეეწირა... ამიტომ მე ძალიან გულით გთხოვთ, უბრალოდ გავიხსენოთ ეს კაცი... მე ასე მგონია, რომ ის დღეს რომ ყოფილიყო ცოცხალი, ნამდვილად გამოადგებოდა ჩვენს საქართველოს...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და მერცხლებივით იმედიან დღეს!

 

 

 

 

big_banner
არქივი