logo_geo
ზვიად სეხნიაშვილი: ცრემლიანი ლეგენდა...
- +

20 დეკემბერი. 2019. 13:43

 

ცრემლიანი ლეგენდა

- - - - - - - -

ბრწყინვალე ფეხბურთელის და ადამიანის, ვიტალი დარასელიას ხსოვნას

- - - - - - - - - -

 

ქართულ ფეხბურთს თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე ბევრი ლამაზი წუთი ახსოვს, რომელსაც ვერაფრით ივიწყებს გულშემატკივარი. თუმცა, ამ სიხარულს დროდადრო ისეთი ტრაგედიებიც ენაცვლებოდა, მთელი არსებით რომ შეძრავდა ხოლმე ხალხს. მაინცდამაინც გამორჩეულ ოსტატებს სდევდათ ხოლმე მსახვრალი ბედი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ავტოავარიის მსხვერპლი გახდა.

 

ჯერ იყო და „დინამოს“ სახელგანთქმული გოლკიპერის, ვლადიმერ მარღანიას, სიცოცხლე შეიწირა უბედურმა შემთხვევამ. მოგვიანებით 60-იანელთა „ოქროს“ კაპიტანი, 34 წლის შოთა იამანიძე იმსხვერპლა ავტოკატასტროფამ. ერთ წელიწადში გორის გზაზე, კვლავ ავარიაში, ქართულ ფეხბურთს მოუკვდა ამომავალი ვარსკვლავი, 21 წლის მეკარე თამაზ სტეფანია. კიდევ ერთ წელიწადში ავტოკატასტროფამ ლოგინს სასიკვდილოდ მიაჯაჭვა ლეგენდარული ბასა - ავთანდილ ღოღობერიძე...

 

აგერ, სულ რამდენიმე წლის წინ, დათო ყიფიანის სიცოცხლეც შეიწირა ამ უბედურებამ...

 

ყველა ეს ტრაგედია საერთო მწუხარებად იქცა საქართველოში და ორმაგად მძიმე ასატანი იყო მათი გარდაცვალება, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდები განეშორნენ წუთისოფელს.

 

დათო ყიფიანამდე კი იყო კიდევ ერთი, ისევ ავტოკატასტროფის შედეგად დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც არა მარტო გულშემატკივრის უსაყვარლესი ფეხბურთელის სიცოცხლეს დაუსვა წერტილი, არამედ წელში გაწყვიტა თბილისის „დინამოც“ და მთლიანად ქართული ფეხბურთიც...

 

37 წლის წინ საქართველო შეძრა თავზარდამცემმა ცნობამ - 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოავარიამ 25 წლის ვიტალი დარასელიას სიცოცხლე შეიწირა...

 

თმაშევერცხლილ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, როგორ მივიდა „დინამოში“ 17 წლის ოჩამჩირელი ჭაბუკი ვიტალი დარასელია და მინდორზე გამოჩენისთანავე კოჭებშივე შეეტყო დიდი ფეხბურთელობა. მაშინ, გაჭიანურებული კრიზისის შემდეგ, საქართველოს უპირველესი გუნდი, ფაქტობრივად, ხელახლა იბადებოდა და ამ უმძიმეს საქმეს სამწვრთნელო წრეებში ჯერაც უცნობი ნოდარ ახალკაცი უძღვებოდა. ვიტალი დარასელიას ახალკაცის სქემაში ერთ-ერთი საკვანძო როლი ენიჭებოდა და მკაცრი მწვრთნელი ვარჯიშებზე ცხრაპირ ოფლს ადენდა უთქმელ და მოკრძალებულ ჭაბუკს.

 

დაუფასდა კიდეც. 1976 წელს რამაზ შენგელიასთან ერთად დარასელიამ ირანში გამართული 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში. ამ დღიდანვე დაიწყო „დინამოს“ აღმასვლაც. ამ დროისთვის ვიტალი დარასელია „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. ერთ წელიწადში საბჭოთა კავშირის მთავარ გუნდში მიიწვიეს და იქაც მისვლისთანავე დაიმკვიდრა ადგილი...

 

ვინ იცის, იქნებ ესეც მისი ბედისწერის გამოძახილი იყო, რათა როგორმე მოესწრო და ყველასთვის სამუდამოდ ეჩუქებინა თავისი გამორჩეული ხელწერა, მხოლოდ მას რომ ახასიათებდა და არავის სხვას საფეხბურთო სამყაროში...

 

უნივერსალური იყო მწვანე მინდორზე. ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგი ებარა, მაგრამ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ნახავდით ლომივით შემართულსა და უდრეკს.

 

არც შავ სამუშაოს თაკილობდა. ქართველებისთვის ასე საყვარელი ცნება - „ბურთი ფეხში“ - მასზე დიდად არ მოქმედებდა. დაკარგულ ბურთებს აუცილებლად ბოლომდე მიჰყვებოდა და თანაგუნდელს არ აჰკიდებდა ტვირთად.

 

1978 წელი ვიტალისთვის მართლაც გამორჩეული იყო. „დინამო“ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და დარასელიების ახალშექმნილ ოჯახს ახალშობილიც შეემატა. სწორედ იმ დღეს „დინამო“ უეფას თასის განმეორებით შეხვედრას ატარებდა იტალიაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ. თამაშის წინ მომავალ მამას უთქვამს, - ვიცი, დღეს ბიჭი შემეძინება და ვინც გოლს გაუტანს იტალიელებს, იმის სახელს დავარქმევო. ის შეხვედრა ფრედ - 1:1 დამთავრდა და ის ერთადერთი გოლიც თავად გაიტანა. ასე დაიბადა მეორე ვიტალი დარასელია!..

 

მომდევნო წელს თბილისის „დინამომ“ „ლივერპული“ დააჩოქა. პირველ მატჩში, „ენფილდზე“, ვიტალი დარასელიამ ისეთი იუველირული სიზუსტის კედელი გაითამაშა ჩივაძესთან, რომ ტრიბუნები ფეხზე წამოშალა.

 

იმავე წელს თასიც აიღეს „დინამოელებმა“. ნახევარფინალში, „ცსკა“-სთან მატჩის მიწურულს სწორედ დარასელიამ გაათანაბრა ანგარიში საოცარი გოლით, თორემ ისეთი „ეშელონები“ ედგათ დაცვაში მოსკოველებს, მათი გარღვევის იმედი უკვე გადაწურული გვქონდა. „ცსკა“ თუ უფრთხოდა, სწორედ დარასელიას, რადგან ყოველ სეზონში გოლებით ასაჩუქრებდა შინ თუ გარეთ. 1977 წელს კი ისეთი გოლი გაუტანა არმიელთა გოლკიპერ ოსტაპოვსკის, უმწეობისგან ხელები გააშლევინა: კუთხურის ადგილიდან ოდნავ მოშორებით მცველი ჩამოიცილა და „ხმელი ფოთოლი“ პარაშუტივით ჩაუკიდა ზურგს უკან, „დევიატკაში“...

 

თითქოს ტანმორჩილი იყო, მაგრამ ერთიანად დაკუნთული, რკინის სხეული ჰქონდა. გულს აღარ იკითხავთ? თავად იშვიათად იცოდა გაფიცხება, მაგრამ თანაგუნდელის გულისთვის უკან არაფერზე დაიხევდა. რევაზ ჩელებაძემ მიამბო ამ რამდენიმე წლის წინ: „კიევში ვთამაშობდით უპრინციპულეს თამაშს. უკრაინელებს ერთი აყლაყუდა მცველი ჰყავდათ, გვარად ბოიკო, ნამეტანი უხეშობდა და გვისისხლიანებდა ფეხებს. ვიტალიმ ის შეხვედრა საოცარი ჟინით ჩაატარა და უკვე ვეღარაფერს უპირისპირებდნენ კიეველები. მერე ბოიკო მიუჩინეს და ერთ მომენტში ისე ჩაარტყა აუტის ხაზთან ვიტალის ფეხში, რომ ბუცი გახადა. საერთოდ, ვიტალი ვაჟკაცი ბიჭი იყო, თუ ძალიან არ გამწარდებოდა, არათუ საპასუხო უხეშობას არ მიმართავდა, სიტყვასაც კი არ შეუბრუნებდა. აქ კი ისე განრისხდა, რომ ძლივს დავაკავეთ. ბოიკო იქვე „შევამკე“ და გასახდელის გვირაბში რომ შემოვედით, იქაც შევახურე და ერთი მივარტყი კიდეც წინწამოწეულ ნიკაპში. გამოიწია ეს ამხელა ახმახი კაცი ჩემზე და „სოროკპასლედნი რაზმერის“ ბუცი ისე ჩამაზილა ფერდში, რომ სუნთქვა გამიჭირდა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ვიტალი მასზე ორი თავით მაღალ ბოიკოს ვეფხვივით დააცხრა და ერთი დარტყმით დააგდო. მოგვესია კიევის მილიცია, მაგრამ ვიტალის უკან არ დაუხევია. მერე ლობანოვსკი გამოვარდა გასახდელიდან და წინ გადაგვეფარა...

 

ასეთი გულიანი ბიჭი იყო ვიტალი - ერთგული, მეგობრის გამტანი და ვაჟკაცური თვისებებით შემკული...“

 

დარასელიას კარიერის უმთავრესი გაელვება კი დიუსელდორფი და ის ფანტასტიკური სილამაზის გოლი აღმოჩნდა, რომელმაც სრულიად საქართველოს ენით აუწერელი სიხარული აჩუქა. „ასეთი დონის მატჩებში ასეთი საოცარი გოლის გატანა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია“, - ეს სიტყვები სახელგანთქმულ არგენტინელ მწვრთნელ ლუის სეზარ მენოტის ათქმევინა ვიტალის ბრწყინვალე სოლომ, რომელმაც თასების თასი მოუტანა თბილისის „დინამოს“. ამ დროს სიხარულით გაგიჟებულ საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ვიღაცას სრულიად ალალად წამოუძახია - „Дараселия - Герой Советского Союза!“

 

ღიმილის მომგვრელი იყო ეს ლოზუნგი, მაგრამ მრავლისმთქმელიც - მისთვის ყველაფერი უშურველად ემეტებოდათ, რადგან მინდორზე თავად არასოდეს დაუზოგავს თავი საქართველოსთვის...

 

1982-ში ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და პირველივე მატჩში ისეთი რეიდი მოუწყო ბრაზილიის ნაკრებს, თქვენი მოწონებული...

 

იმავე სეზონში ჩივაძის არყოფნაში რამდენჯერმე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა „დინამო“ მოედანზე, ყიფიანის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. როგორც ამბობენ, ახალკაცს ყიფოს შემდეგ სწორედ დარასელიაზე უნდა აეწყო „დინამოს“ ხერხემალი. თავადაც მთელი მონდომებით ემზადებოდა მომდევნო სეზონისათვის და...

 

მეხივით გასკდა საქართველოში - ვიტალი დარასელია დაიღუპაო!..

 

ყველას გაუჭირდა 25 წლის საღ-სალამათი, ოსტატობის ზენიტში მყოფი ვარსკვლავის სიკვდილის დაჯერება. ათი დღე ეძებდნენ, მერე ძირულას კლდოვან ნაპირზე იპოვეს სილით დაფარული...

 

უკანასკნელად მიიყვანეს „დინამოს“ სტადიონზე, უკანასკნელად გადაიჭედა მის სანახავად ტრიბუნები და თავშეუკავებელი ქვითინით და მქუხარე ტაშით გააცილეს მოედნიდან...

 

ვინ იცის, ვიტალი დარასელიასთან ერთად ქართული ფეხბურთის გადამსხვრეულ ხერხემალსაც გლოვობდა გულშემატკივარი...

 

ავტორი: ზვიად სეხნიაშვილი

 

 https://www.facebook.com

big_banner
არქივი