logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: უსაშველოდ ქართული და საყვარელი სინტაგმა: ანზორ ერქომაიშვილი...
- +

9 იანვარი. 2020. 20:17

 

 

შემოქმედის დაბადება სამშობლოს სულიდან - შტრიხები ანზორ ერქომაიშვილის პორტრეტისათვის/გამოქვეყნებულია ჟურნ. „ცისკარში“ - #8,2019/

 

კინოსცენარს რომ ვწერდე, ასე დავიწყებდი:

 

მაყურებლით გადაჭედილი საკონცერტო დარბაზი.

 

სცენაზე მომღერალთა ოჯახია - სამი თაობის თითო წარმომადგენელი:

 

ბაბუა, შვილი და შვილიშვილი.

 

სიმღერას, მოულოდნელად, მაყურებლის სიცილი და ტაში შეწყვეტს...

 

***

წლების შემდეგ, შვილიშვილი, უკვე სახელგანთქმული ლოტბარი და მომღერალი, თავის წიგნში ამ ფაქტს ასე მოიგონებს:

 

„მამაჩემისა და ბაბუაჩემის ჩახვეულ ხმებს ვეღარ გავუძელი, ტონალობას ავცდი, გავჩერდი და „სემესალა, ბაბუ“-მეთქი, ვუთხარი სკამზე შემდგარმა, ოთხიოდე წლის ბავშვმა ბაბუას, რითაც მაყურებლის გულიანი ხარხარი და ოვაცია გამოვიწვიე.

 

- შენ კი არა, ჩვენ შეგვეშალა, - დამამშვიდა ბაბუამ, - აბა, ერთხელ კიდევ დავიწყოთ და აღარ შეგვეშლება, - მითხრა მან ტკბილად და თავიდან დამაწყებინა სიმღერა, რომელიც მართლაც აღარ შეგვშლია“.

 

ადვილი გამოსაცნობია, რომ ეს ერქომაიშვილთა დინასტიაა:

 

ბაბუა - არტემი;

შვილი - დავითი;

შვილიშვილი - ანზორი.

მაგრამ დინასტიას ერთი დიდი წინაპარი აკლია...

 

***

დაახლოებით 40 წლის წინათ, მოსკოვის არქივებში მუშაობისას, ანზორ ერქომაიშვილმა მიაკვლია 1934 წლით დათარიღებულ ფირფიტას, რომელზეც ერთ-ერთი უძველესი ქართული ხალხური სიმღერაა ჩაწერილი. პირველ ხმას ასრულებს ანზორის დიდი ბაბუა, 94 წლის გიგო ერქომაიშვილი, „გამყივანს“ – 12 წლის დავითი(მამა), ხოლო ბანს - 48 წლის არტემ ერქომაიშვილი(ბაბუა).

 

აი, საიდან მოდის ანზორ ერქომაიშვილი!

 

***

დიდი ბაბუა.

მომღერალ-მგალობელი.

მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში გიგო ერქომაიშვილმა სოფელ მაკვანეთში ჩამოაყალიბა ანსამბლი, რომელმაც არა მხოლოდ სიმღერა-გალობით გაითქვა სახელი: გრამოფონის ფირფიტებზე ერთ-ერთმა პირველმა ჩაწერა და დავიწყებას გადაარჩინა ქართული ხალხური სიმღერების უძველესი ვარიანტები;

 

სიმბოლური ფაქტი: 1970-იან წლებში ანზორ ერქომაიშვილმა მოსკოვისა და ლონდონის ფონოარქივებში მიაკვლია მაკვანეთის ანსამბლის უნიკალურ ჩანაწერს - ოთხხმიან გურულ ნადურს „საჯავახურას“.

 

ბაბუა.

 

„ეროვნული განძი - ასე შეიძლება ეწოდოს ღვაწლსა და დანატოვარს, რომელიც დიდი მგალობელ-მომღერლის, ლოტბარის არტემ ერქომაიშვილის შემოქმედების სახით მოეპოვება საქართველოს. მისი შესრულებით შემონახული ტრადიციული ქართული მუსიკალური ხელოვნების, ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის შედევრებით აღვსილი ფონოჩანაწერები ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძურია“(დავით შუღლიაშვილი).

 

მამა.

მომღერალი.

 

დავით ერქომაიშვილი, სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა, 32 წლისა, ტრაგიკულად დაიღუპა.

 

შვილი.

 

მომღერალი და ლოტბარი.

 

ანზორ ერქომაიშვილი - დღევანდელ საქართველოში, ალბათ, ძალიან ცოტაა ასეთი სიყვარულით წარმოსათქმელი სახელ-გვარი.

 

არ ვიცი, ანზორი სადაური სახელია, ეს კი ზუსტად ვიცი: სინტაგმა „ანზორ ერქომაიშვილი“ უსაშველოდ ქართულია.

 

აქ გალაკტიონის ორი სხვადასხვა სტრიქონი ერთდროულად გაგვახსენდება:

„მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით“...

„სავსე ქართული პატიოსნებით“...

მართლაც იშვიათია სულისა და ფიზიკის ასეთი ჰარმონია.

***

 

წიგნები ვახსენეთ.

ანზორ ერქომაიშვილი მრავალი წიგნის ავტორია.

ყველა მათგანი ბესტსელერივით იკითხება.

შიგადაშიგ ისეთ პასაჟებს შეხვდებით, აღიარებულ მწერლებს რომ შეშურდებათ.

ბაბუის საფლავის მოსანახულებლად მიმავალს, ძველი გურული სიმღერის მელოდია აეკვიატება: „შავი შაშვი ჩი - ოოო - და“...

საფლავთან მისულს აკვიატებულ მელოდიას ნამდვილი შაშვის გალობა შეაწყვეტინებს.

შაშვი იმ ჭადრის ტოტზე ზის, არტემ ერქომაიშვილის სამარეს რომ დაჰყურებს.

„ფრთხილად მივუახლოვდი საფლავს და ჩამოვჯექი. შაშვმა გალობა შეწყვიტა. ალბათ, დაიღალა და გაფრინდება-მეთქი, - გავიფიქრე გულდაწყვეტილმა. მაგრამ ჩიტმა ადგილი მოინაცვლა ტოტის წვერისაკენ, რამაც შაშვის სიმძიმეს ვერ გაუძლო და თითქმის მიწამდე დახარა მგალობელი. შაშვი გალობდა, ტოტი ნელ-ნელა თანაბრად ირხეოდა მიწისკენ და მომეჩვენა: ფრინველი ხმამაღლა ჩაჰგალობდა იმ კაცს, რომელსაც, ალბათ, ყველაზე მეტად შეეძლო, გაეგო მისი გალობის ფასი“.

 

ასეთი მწერლური მონასმების ავტორი გამუდმებით იმეორებს, მე ხომ მწერალი არა ვარო.

 

კეთილი, აქ არ შევედავები.

 

ნამდვილად შესადავებელი მაინც სულ სხვაა:

 

ამასაც ხშირად იმეორებს - მოღვაწე არა ვარო.

მოღვაწეები ილია და ექვთიმე იყვნენო.

ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობიდან ეს სიტყვა დიდი ხვეწნით ამომაშლევინა.

ცხადია, ხათრი ვერ გავუტეხე.

მაგრამ აი, რას ვკითხულობთ წიგნში, რომელიც მისი დაბადებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა:

 

„საყოველთაოდაა აღიარებული ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართული მუსიკალური ენის, ჩვენი მრავალხმიანობის გადარჩენისა და პოპულარიზაციისათვის გაწეული მსახურების გამო, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი მომავალში ღირსეულად მოიხსენიება ისეთი დიდი მოღვაწეების გვერდით, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, ფილიმონ ქორიძე, ექვთიმე კერესელიძე, ძმები კარბელაშვილები, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი“...

 

ღვაწლიო... დიდი მოღვაწეების გვერდითო... ექვთიმე თაყაიშვილის გვერდითო...

 

რა გასახარია, რომ ამას პროფესიონალი მუსიკოსები წერენ - გიორგი დონაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი.

 

სხვათა შორის, ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ხსენებულ წიგნ - ალბომს კონსპირაციულად ამზადებდნენ, რისი მიზეზიც „ამ ადამიანის საოცარი თავმდაბლობა და მოკრძალებულობაა. ბატონ ანზორს გულწრფელად სჯერა, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და აღნიშვნას არ იმსახურებს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ადამიანმა უხმაუროდ უნდა აკეთოს“.

 

რა ფასდაუდებელია ასეთი თავმდაბლობა მაშინ, როცა „ათასი ჯურის უნიჭობა იბრძვის, ფაფხურობს“ (მ. ლებანიძე)...

 

***

ანზორ ერქომაიშვილის სახელი ქართველთა ცნობიერებაში, ძირითადად, მაინც ორ სახელგანთქმულ ანსამბლს უკავშირდება - „რუსთავს“ და „მართვეს.“

ორივემ ტრიუმფით მოიარა მთელი მსოფლიო.

„მართვეში“ განსხეულდა მისი შემოქმედებითი კრედო და მრწამსი: „თუ გვინდა, ქართული ხალხური სიმღერა შევინახოთ, ის ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და შევაყვაროთ“.

რაც შეეხება „რუსთავს“, პირდაპირ უნდა ითქვას:

ქართული კულტურის ჭეშმარიტი სახე, დონე და ხარისხი მსოფლიოს, უპირველესად, სამმა შემოქმედებითმა კოლექტივმა გააცნო - „სუხიშვილებმა“, „რუსთავმა“ და რუსთაველის თეატრმა.

როცა „რუსთავს“ საფრანგეთში მოუსმინეს და აცრემლებული ქართველი ემიგრანტები იხილეს, იქაურ პრესაში დაიწერა: „ისინი ბედნიერები არიან, რათა მაყურებელი ტაშს უკრავს მათი სამშობლოს სულის ნაწილს“.

უკეთესი რა უნდა ეთქვათ?!

სამშობლოს სულის ნაწილია მრავალხმიანი ქართული სიმღერა, ანსამბლი „რუსთავი“ და თვითონ მისი დამაარსებელიც.

ანზორ ერქომაიშვილის მაგალითი იმას ადასტურებს, რომ დიდი შემოქმედი და მოღვაწე სწორედ სამშობლოს სულიდან იბადება.

 

***

ერთმა გერმანელმა მუსიკისმცოდნემ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი ამ სიტყვებით გახსნა: „ქართველები ის ხალხია, ღმერთს სიმღერით რომ ელაპარაკებიან“.

 

ასე მგონია, ნიცშეს რომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მოესმინა, მასაც ესქილესეული დადებითი მზერით შეხედავდა და აღტაცებას ასე გამოხატავდა: „მაგრამ ისიც მითხარი, უცხოელო, რამდენი უნდა ეტანჯა ამ ხალხს, ესოდენ მშვენიერი რომ გამხდარიყო?!“

 

ქართველმა ერმა, სამიათასხუთასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, მართლაც ბევრი იტანჯა და არაერთი მშვენიერება შექმნა. ერთ-ერთი მრავალხმიანი სიმღერაა.

 

***

სკოლა რომ დაამთავრა და პროფესია უნდა აერჩია, გული უნივერსიტეტისაკენ მიუწევდა.

 

არტემ ბაბუამ კი ეს უთხრა: „ძველი თაობა წავიდა. ...ახლა მხოლოდ მე გამაჩნია ის სიმდიდრე, რომელიც არც ფულზე იყიდება და არც ოქროზე აიწონება. ამ სიმდიდრის ფასს შენ ჯერ ვერ გაიგებ. ეს არის სიმდიდრე, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიპოვება. მე რომ რაიმე შემემთხვეს, ისეთი განძი წამყვება თან, რომლის დაკარგვას ერი არ გვაპატიებს, რომელსაც ვერავინ აღადგენს და ამ ცოდვის სიმძიმე მე და შენ დაგვაწვება კისერზე. ...შენ სისხლში გაქვს გურული სიმღერა გამჯდარი და ამიტომ, თუ მუსიკალურ განათლებას მიიღებ, ყველაზე მეტად შენ შეძლებ ამ საქმის გაკეთებას“.

 

მიიღო. შეძლო. აღადგინა.

 

და დაუწერელი თუ დასაწერი კინოსცენარის ერთი ეპიზოდი:

 

შვილიშვილი ჩამუხლულა არტემ ერქომაიშვილის საფლავთან და უხმოდ ელაპარაკება:

 

„ქართულ ხალხურ სიმღერას უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ, ბაბუ. იუნესკომ ის კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური კულტურის შედევრად აღიარა“.

 

***

მხოლოდ ციფრები:

არსებობის 50 წლის განმავლობაში, ანსამბლმა „რუსთავმა“ მსოფლიოს 80 ქვეყანაში 6 ათასი კონცერტი გამართა, კომპაქტდისკზე ჩაწერა და ალბომებად გამოსცა 900-ზე მეტი სიმღერა.

ანსამბლის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა სანიმუშოდ გამოცემული ალბომი, რომელსაც ახლავს 16 კომპაქტდისკი, 400 სიმღერით.

 

***

აქამდე, მისი მთავარი წიგნი სწორედ ის იყო, ბაბუას რომ უძღვნა და არა მხოლოდ თბილისში და ქართულად, არამედ ამერიკაშიც გამოიცა - ინგლისურ ენაზე.

 

ბაბუას მისთვის რა და ვინ შეცვლის, მაგრამ...

 

სულ მალე, ასევე, ორ ენაზე, თბილისშიც და ვაშინგტონშიც, გამოვა 400-გვერდიანი წიგნი - „მოგვითხრობს ანზორ ერქომაიშვილი“.

 

ეს არის მისი რჩეული ნაწერების კრებული, რომელიც ქართველ ხალხს კიდევ უფრო თვალნათლივ დაანახებს, „თუ რა შვილი აჩუქა განგებამ“ (აკ. გაწერელია)...

 

***

უფრო მშვიდ, გაწონასწორებულ, ღიმილიან და მიმტევებელ გურულს, ალბათ, მთელ დუნიაზე ვერ მოძებნით, მაგრამ საოცარი გაკერპება იცის, როცა საქმე ზნეობრივი პრინციპების დაცვას ეხება.

 

ამიტომაც დატოვა, სხვადასხვა ეტაპზე - პარლამენტი, კომპოზიტორთა კავშირის სამდივნო, რუსთაველის პრემიების კომიტეტი...

 

ამიტომაც თქვა უარი „ვარსკვლავზე“...

 

როცა რუსთაველის პრემია მეტისმეტად გააუფასურეს, მისი დაბრუნებაც გადაწყვიტა, მაგრამ დიდი ხვეწნით გადააფიქრებინეს...

 

ერთადერთი თანამდებობა, რომელიც პროტესტის გამო არ დაუტოვებია, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელობაა - 50 წელი ვიყავი, საკმარისიაო და მუსიკალურ ხელმძღვანელად გადავიდა.

 

თუმცა, აქ არ შეიძლება, ლევან ღვინჯილიას ნათქვამს არ დავეთანხმოთ: „რა მნიშვნელობა აქვს, რას დაირქმევს?! არნოლდ ჩიქობავა ინსტიტუტის დირექტორობიდან რომ გადადგა, მაინც არნოლდ ჩიქობავად დარჩა და ყველაფერი ისევ თვითონ იყო. ანზორ ერქომაიშვილის შემთხვევაშიც ასე იქნება“.

 

უდავოდ, ზუსტი პარალელია...

 

***

გიგოსგან ჩვენ ვიწყებთ, თორემ ანზორ ერქომაიშვილს ბაბუა ეუბნებოდა, ამ გვარის ჩვენეული შტო 300 წელს ითვლის და შენ მეშვიდე თაობას მიეკუთვნებიო.

 

გიგო წუთისოფელს ამ სიტყვებით გამოეთხოვა:

 

„მე დიდხანს ვეღარ გავატან. მივდივარ და აბა თქვენ იცით, სიმღერები შეინახეთ და გვარი არ წაშალოთ“.

 

არტემ ერქომაიშვილმა კი შვილიშვილს ეს დაუბარა:

 

„მე კი არ ვკვდები, მივდივარ. მივდივარ და ცოცხალი ვიქნები შენით. შენ შეგიძლია, მომკლა და შეგიძლია, საუკუნეები მაცოცხლო. ეს დამოკიდებულია იმაზე, გურულ სიმღერებს როგორ მოუვლი და შეინახავ“.

 

ქვეყანაა მოწმე, როგორ აცოცხლა და კვლავაც აცოცხლებს ანზორ ერქომაიშვილი თავის სათაყვანებელ ბაბუას.

 

***

და დაუწერელი თუ დასაწერი კინოსცენარის ფინალი, რომელსაც მთლიანად ანზორ ერქომაიშვილს დავესესხები:

 

„ჩვენი ბაღჩის ბოლოში იდგა ატმის ხე, რომელიც უგემრიელეს ნაყოფს ისხამდა. „თეთრ ბაბუს“ ძალიან უყვარდა ის ატამი, ამბობდა, ასეთი გემრიელი გორშიც კი არ მოდისო...

 

იმ ატმის ფესვზე რამდენიმე ახალი ამონაყარი იყო. ბაბუამ ფესვი ფრთხილად გადაჭრა, ნერგი მომაწოდა და მთხოვა, გიგოს საფლავზე წავყოლოდი...

 

საფლავთან მივედით. ბაბუამ, ბარით, მიწა ორი მტკაველის სიღრმეზე ამოთხარა, ნერგი მომაწოდა და მთხოვა, ჩამერგო. ფესვები ორმოში კარგად ჩავალაგე და ფხვიერი მიწა ხელით მივაყარე. მერე ბაბუამ ერთი დოქი წყალი დაუსხა და მიწა კარგად მიუტკეპნა.

 

ატამმა იხარა. ტანი კარგად აიყარა და მეორე წელს უკვე ნაყოფი გამოისხა.

 

ატამი თანდათან გაიზარდა და ყოველ წელს ბლომად ნაყოფს ისხამდა.

 

გავიდა დრო. ატამი ნელ-ნელა გახმა, მაგრამ მის ფესვზე ახალი ნერგი ამოვიდა. ახლა იმან იხარა. მერე ისიც გახმა და ისევ ახალი ამოვიდა. ასე გრძელდება დღემდე“...

 

უკეთესი ფინალი რა გინდა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისათვის?!

 

ან დაწერას რაღა უნდა?!

 

ნეტა გადაღებაც შემეძლოს...

 

***

შარშან ანზორ ერქომაიშვილმა ერთი პაწია წიგნიც გამოსცა - „ნაფიქრალები“.

 

პაწია კია, მაგრამ ბევრ ჭკვიანურ მოსაზრებას იტევს, ისეთი ოსტატობით გამოთქმულს, სენტენციისგან ბორხესი რომ მოითხოვდა.

 

გამონათქვამები „თემატურადაა“ დაყოფილი.

 

პირველი ქვეთავი ღირსებას ეძღვნება.

 

აი, ზოგიერთი ნიმუში:

 

„ჩემი ღირსება ჩემს სიცოცხლეზე წინ დგას“.

„ღირსეულად ატარო შენი გვარის ტრადიცია - დიდი ტვირთია“.

„ღირსება ოცნებაშიც უნდა შეინარჩუნო“.

„ღირსეულად განვლო მთელი ცხოვრება - ეს დიდ სიფრთხილესა და მორალურ სიმტკიცეს მოითხოვს“.

 

ვის დაეჯერება ეს ყოველივე დღევანდელ საქართველოში, თუ არა ანზორ ერქომაიშვილს?!

 

არადა, თვითონ ყველაზე ნაკლებად დამჯერეა.

 

აი, რას წერს:

 

„თუ გენიოსი გიწოდეს, ბედნიერებაა, თუ დაიჯერე, - უბედურება“.

 

ამ სიტყვების ავტორი ეპითეტს არ საჭიროებს, ყველაფერს სახელ-გვარი ამბობს - უსაშველოდ ქართული და საყვარელი სინტაგმა: ანზორ ერქომაიშვილი...

 

იოსებ ჭუმბურიძე

 

big_banner
არქივი