logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: დღეს დიდებული ადამიანის, შესანიშნავი ჟურნალისტის, თემურ ჟღენტის დაბადების დღეა!
- +

12 იანვარი. 2020. 15:25

 

ვულოცავთ!

 

დღეს ჩვენი მეგობრის, დიდებული ადამიანის, შესანიშნავი ჟურნალისტის, თემურ ჟღენტის დაბადების დღეა. თემური ახკომელია, ისევე, როგორც მე. სწორედ იქ, რედაქციაში გავიცანი და დავმეგობრდით. მე ის მხოლოდ ჟურნალისტი მეგონა კარგა ხანს, მერე წიგნები გამოსცა და კეთილად გაოცებული დავრჩი მისი შემოქმედებით. იუმორითაა გაჟღენთილი მისი ნაწარმოებები, რა ქნას, გურულია და ეს გენეტიკურია. ახკომელობას ერთხანს კასპელობა მიამატა, კასპის რაიონული გაზეთის რედაქტორი გახდა და მართლაც კარგი გაზეთი გააკეთა, კასპელები დამემოწმებიან. მერე შანსელი გახდა, სოხუმშიც წავიდა რედაქციასთან ერთდა და ომის შუაგულიდან გვამცნობდა ახალ ამბებს. ახლა ლექსების წერა დაუწყია. ეს ჩვენთვისაა ახლა, თორემ ასეთ დიდებულ ლექსებს ასე უცებ ვერ შეთხზავს ადამიანი, წერდა, ალბათ, ჩუმ-ჩუმად და სხვა თუ კომბლებს ინახავდა ჭერში, თემური ლექსებს დებდა თაროზე. ერთ დღესაც გარისკა და შემოგვთავაზა ჟღენტური პოეზია. ისევ გაგვაოცა.

 

თემურ, გილოცავ დაბადების დღეს, გილოცავ ძველით ახალ წელს. ბედნიერება შენს ოჯახს.

 

***

თემურ ჟღენტი

 

ბებრის ციხეს წიხლი ვკარი,

ჩავუსისხლე ბებერები.

მცხეთისაკნ მივიჩქარი,

მე ბერ მცხეთას ვეფერები.

ყურმა გული გადარია,

ზარების ხმით მონასტრების.

გული თითქოს ღადარია,

აგონიით მონატრების.

ქარს ნისლები მოყვებიან,

ხევზე შეუქუჩებია.

სერაფიტის ლოყებია

თუ შორენას ტუჩებია!..

წყალს რომ ქაფი მოადგება,

ნებიერას ნაირია.

რა იცოდნენ მონაზვნებმა,

ფური რატომ აირია.

ქალს ოსტატი ჰყვარებია,

ფხოვის წყალი სწყურებია.

სადაც სიძვის ალებია,

იქ ეშმაკის ყურებია.

ყრმას ტაძარი აუგია,

მეფეს გული მორევია.

თუ მიზეზი აუგია,

მეფის გულიც მორევია!..

გზა კი არა, ედემია,

გვირილების გუნდებია.

განა მხოლოდ კერტებია,

გულს რომ თვალით უნდებიან.

აწი... სვეტიცხოველია,

სულ რომ ცრემლით სობელია.

დიდოსტატის ოფელია,

ხეკორძულა რომელია?..

 

***

მერჩივნა, ღმერთმანი,

ცეცხლი დამელია.

ხანძარი სხეულზე

შიგნიდან გამიჩნდა.

გამიფრთხილებიხარ,

ლამაზო თოჯინა,

სისხლი არ დაღვარო

წაწლობით ამ ბიჭთან.

შენს ბედს უმადლოდე,

რომ ხარ მასპინძელი,

მე მაგ კერტებისგან

თავს უნდა ვუშველო.

არ მომნატრებიხარ

მთელი ასი წელი,

კიდევ ერთ ას წელსაც

გავძლებდი უშენოდ.

მაგრამ გაჩენილხარ

მაცდურად ასეთი,

თითქოს მთავაზობდე

ტუჩებით ზედაშეს.

ამ ხანძარს, ღმერთმანი,

შენშიც ავანთებდი,

ერთი რომ ვიცოდე,––

რა ვუთხრა დედაშენს!..

 

***

კარგ ყმას რა უნდა?

არც არაფერი,

სააქაოში დასაგდებად

გარდა სახელის.

გული რკინის და

აბჯარი თუნდაც...

გვერდზე დიაცი,

თუნდაც ავყია,

ოღონდ ერთგული,

ოღონდ ისეთი,

მზეს რომ ადრიან.

ტოლ–სწორთა შორის

სიტყვაც ყოჩაღი,

ისე ალალი,

ისე ნათქვამი

როგორც...კაფია.

რილო–ჭრილოზე

უფრო ლამაზი,

ხევისბერივით

ღრძო და გაგრია.

სხვა დანარჩენში

აბა,.. რა ყრია?..

კარგ ყმას რა უნდა?

არც არაფერი.

სააქაოში დასაგდებად

მარტო სახელი.

საფლავის ქვაზეც

ერთი...

ძუნწი ეპიტაფია.

 

***

ღმერთმა თუ იცის,

ისეთი რა სჭირს,

ვინც საკუთარ თავს

უწერს განაჩენს.

მტერი ჩავარდა

მილეთის ყბაში,

მერე...მყოფადიც

გიზამს დანარჩენს.

მზე მთვარეაო!––

ფლიდი თუ მეტყვის,

თანაც უმანკო

ღიმილით ბავშვის.

რაღა ამბორი

ჯეჯილზე სეტყვის,

რაღა...სიქველე

ნაყიდი ტაშის!..

უცნაურია,

რომ ამ კარგ დროშიც

ათას მეერთედ

ვცოდავთ ლირივით.

უკეთურების

არამი ლოშნით

ვინ საბრალოა,

ვინ კი...პირიქით!..

 

***

ნისლის კი არა, იმის თმებია,

ჩამოუხსნია ზეცას პირბადე.

ფიქრებიც ისეთ ამბებს ყვებიან,

ბნელსაც ვარდისფრად რომ გაგინათებს.

ფიალა თმენის ლამის წკიპზეა,

ჭადრებიც ჩურჩულს არ ეშვებიან.

ეს...ვარსკვლავების ოაზისია

თუ ოცნებების მირაჟებია?!.

მოდის გუგუნით, სადღაც აქვეა,

ის ის რომ არის, გრძნობს ორგანიზმიც.

ჩიტმაც კი იცის, იმას რა ჰქვია

და...ტკივილამდე რატომ განიცდის!..

 

***

მაყვლის თვალებავ,

რად მიყურებ

ასე იოლად,

რად შემომცინი

ვარსკვლავივით

ცივი თვალებით?

ვითომ არ იცი,

რა ხანია,

რის თქმას ვაპირებ,

და რატომაა,

რომ ვერ ვამბობ

იმას სიტყვებით.

მაყვლის თვალებო,

რად მაკავებთ,

წინ...რად მიდგებით?..

 

***

შემომესმა ხმა სიმღერის,

ჩუმი, ნაზი, საკვირველი,

ნელ სიოზე უფრო ნელი.

უცებ გაზაფხული დადგა,

გადათეთრდა ლურჯი ველი

გულყვითელა გვირილებით.

ქალი როცა კაცს გიმღერის,

კაცი ვარსკვლავსაც მისწვდები.

კაცმა უნდა დაიჯერო,

ქალმა რაც ილაპარაკა.

მაგრამ შიშივით მაცდური

მაქვს პასუხი საპოვნელი:

თუ ვიწამე, ჩემთვის მღერი,

მაგ სიმღერით, საკვირველით,

მერე რა ვქნა,

რა ვქნა, ნელი?..

 

***

როგორ ხარ, ჩემო გოგია,

დროს რად უყურებ ცერადა?

რა გითხრა, როგორც ზოგია,

მეც ისე, ნელა–ნელადა.

რა დაგემართა, გოგია,

რატომ ხარ ასე ხმელადა?

წუთისოფელი...დოქია,

იცლება თურმე ხელადა.

მაინც, რას იტყვი, გოგია,

ამ ქვეყნის მიეთ–მოეთზე?

რა გითხრა, მგონი სჯობია,

დროსაც დოქივით მოვექცე.

თორე, ვაი, შენს გოგიას,

ვალს ადებს, ვისაც ემართა.

ანდა, იოლი როდია,

კაცად ხსენება კბენართა.

სწორს ამბობ, ჩემო გოგია,

ვინ არ ცდებოდა ძველადა.

როცა მილეთი ჯოგია,

გერჩივნოს...ღვინის ხელადა.

გამოიცვალა გოგია,

მღერის,––ოდელა–დელასა.

დღესო,––დოქისა სჯობია,

გულში ნადების დენასა.

 

***

როცა დინებას მივყვებით სიძვის,

როცა სიცრუე არ იწვევს სირცხვილს,

როცა ნეტართა რწმენას მწყემსი რყვნის

და სათავისოდ თერძივით იღწვის,

როცა გუგუნებს ღრუბელი სეტყვის,

და აღარაა საშველი თითქმის,

გიხაროდესო!-ვინმე თუ მეტყვის,

იმაზე მხოლოდ...ერთი რამ ითქმის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი