logo_geo
არნოლდ გეგეჭკორი: ქოჩორა ბიჭიდან... დღემდე... რვა ათეული წლის ტვირთი, მაგრამ თქვენით შემსუბუქებული...
- +

17 იანვარი. 2020. 12:24

 

 

ქოჩორა ბიჭიდან... დღემდე... რვა ათეული წლის(!!!) ტვირთი, მაგრამ თქვენით შემსუბუქებული...

Arnold Gegechkori Birthday, 16.1.2020 (80 years old)

 

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,

თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია.

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ ზღვას შუა კავკასის ხედი

და კითხვა: „ვინ ვის?“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,

არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა

არ გამაჩნია!

მურმან ლებანიძე

 

...მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლის ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე. იქ მიღამდებოდა და მითენდებოდა. მართალია, ეს მე მჭირდებოდა, როგორც ლანდშაფტების, ორგანული სამყაროს შემსწავლელ ბიოლოგსა და ბიოგეოგრაფს, მაგრამ ჩემს წინაშე მხოლოდ საჭიროების პრობლემა რომ მდგარიყო, შესაძლოა რამდენადმე მაინც დამეზოგა ცხოვრების საუკეთესო წლები. არა, წინა პლანზე აქ სხვა ფენომენი იდგა...

ადამიანის გულს ბევრნაირი გატაცება იპყრობს. ხშირად ეს გატაცება უსაზღვროა და ჩვეულებრივ მოკვდავს სასწაულებს ჩაადენინებს ხოლმე. მსგავს მიდრეკილებათა მქონე პიროვნებები, არც თუ იშვიათათ, გინესის წიგნის ნუსხაშიც კი ხვდებიან. მეც ასეთი გამძფრებული შეგრძნების მქონეთა რიცხვს მივეკუთვნები, ოღონდ ჩემი ჭარბი გატაცების სფერო ბუნება გახლავთ. ასეთ ადამიანებს ნატურფილებს, ანუ ბუნების ტრფიალთ უწოდებენ. თავგამოდებული ბუნების ტრფიალის ბუნების წიაღისკენ ლტოლვას წინ ვერაფერი დაუდგება - ვერც რეალური (მატერიალური) და ვერც ირეალური... აბა, რა გააჩერებს ადგილზე ზაფხულის მიწურულს თბილ ქვეყნებში გადასაფრენად გამზადებულ ზოგიერთ ფრინველს? ამ დროს ფრთოსანთა ტვინის სათანადო ცენტრში ისეთი ჰორმონი გამოიყოფა, რომელიც თვით ნიბლიის მსგავს პაწაწუნა ფრინველსაც შეუძლებელს შეაძლებინებს - ზღვების, უდაბნოებით გაყოფილი ერთი კონტინენტიდან მეორეზე განასახლებს. არც იმაზე ძლიერი გრძნობა არსებობს, რაც ნადირ-ფრინველს ერთმანეთთან შეწყვილებისას ეუფლება. აი, რაღაც ასეთი მაგიური ძალა აქვს ნატურფილობასაც. დგება მორიგი გაზაფხული. წელიწადის ამ უმშვენიერესი ჟამის დადგომას არაერთი მაცნე გვაუწყებს: ეფემერა ყვავილები, მარტის მზის მბჟუტავი სხივებით გამოტყუებული პეპლები, ნედლ ჰაერში შეზავებული პირველყვავილთა დამბაგველი სურნელი... ბუნების გამოღვიძებისათვის დამახასიათებელ ამ ნიშნებზე - სათანადო ბიოსიგნალებზე - ბუნების ტრფიალის ტვნსა და სისხლშიც, როგორც ჩანს, მთელი რევოლუცია ხდება. სიტყვით არ გამოითქმის ის ეიფორია, აფორიაქებული განწყობილება, რომელიც ბუნების ჭეშმარიტ მოყვარულს ამ დროს ეუფლება. „ფრთებს ისწორებ“, თანდათანობით ყველაფერს გვერდზე დებ, უნებლიეთ თვალები საველე პირობებში ცხოვრებისათვის აუცილებელი საგნებისაკენ გაგირბის...

 

თითქმის 50 წლის განმავლობაში ხუთი კონტინენტის, დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა, ამ ზონებში წარმოდგენილი ათობით ქვეყანა მოვიარე. მეცნიერულმა დაკვირვებებმა, ამა თუ იმ ქვეყნის მიწა-წყლის, ადგილობრივ ხალხთა ზნე-ჩვეულებების გაცნობამ, ბევრი საინტერესოს ფოტოფირზე აღბეჭდვამ საკუთარი აზრი, რიგ შემთხვევაში კონცეფცია ჩამომიყალიბა. რა არის დედამიწა, როგორც პლანეტა, როგორც კაცობრიობის საერთო სახლი? რას წარმოადგენს აქ დაუნჯებული ესოდენ მრავალფეროვანი სიცოცხლე? ვინ არის შემოქმედი ამ ზღვა სილამაზისა? ვისი ყალმითაა მოხატული, ვისი საჭრისითაა ნაქანდაკევი ეს პეიზაჟები - მთა-ჭიუხები, ტყეები, ველები? რას ემორჩულება ბუნების შემოქმედებითი ძალები, რა მართავთ მათ?

 

ჩვენს დიდებულ პლანეტაზე თითოეულ ადამიანს თავისი სასიცოცხლო ადგილი - სამშობლო აქვს, სადაც ის ცხოვრობს, შრომობს და ყოველდღიური საქმიანობით მატერიალურ თუ სულიერ კულტურას ქმნის, ზრუნავს უკეთესი მერმისისათვის, ბედნიერი ცხოვრებისათვის. დედამიწაზე გვხვდება იშვიათი სილამაზის ადგილები, საქართველო მათ რიცხვს განეკუთვნება.

 

სად ნახავთ ერთ მუჭა მიწაზე მოქცეულ ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილისათვის დამახასიათბელ ბუნებრივ პირობებს, კანონზომიერებს?

 

„ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები,

ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა ვინა მტერები“

- წერს უკვდავი შოთა რუსთაველი.

 

ესთეტიკური ტკბობისა და პატრიოტიზმის გარდა არის კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლამაზი მამულის ღირსებას ერთი-ორად ზრდის. ეს ის ძვირფასი შეხამებაა, როდესაც ლამაზი მამული ბარაქიანი და დოვლათიანიცაა, ე.ი. იქ დასახლებულ ხალხთა არსებობის საიმედო წყაროცაა.

 

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ქვეყანა საქართველოა!

 

ქართველ კაცს საარსებო საშუალებების საძებნელად თავისი მამულიდან დღემდე (სამწუხაროდ) არსად ესაჭიროებოდა წასვლა.

 

მშვენიერებასთან სასარგებლოს ეს იშვიათი ჰარმონია ქმნის დასრულებულობის, სრულყოფილების, უფრო მეტიც - უნივერსალურობის ჭეშმარიტ შეგნებას. ვფიქრობ, ნათქვამით და ჩემს მიერ მოწოდებული სტატიებით, ესეისტური ჩანახატებით და, რაც მთავარია, მონოგრაფიების რამდენიმე ტომეულით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ რა სწორუპოვარი შემოქმედია დედაბუნება და იმ დასკვნამდეც მიხვალთ, რომ ბევრს ვერ ნახავთ ამ დალოცვილ პლანეტაზე ჩვენი ქვექნის მსგავსს „ცა-ფირუზ-ზურმუხტს“... ამიტომ ჩემს ნაშრომთა თავების წყობაში, მთლიანად კომპოზიციაში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში შეიძლებოდა ასობით გვერდიან ნაშრომთა მთელ ამ „კრებულისათვის“ სათაურად შეგვერჩია - „საქართველოო, ლამაზო“...

 

უღრმესი პატივისცემით, სიყვარულითა და საუკეთესოს სურვილებით,

არნოლდ გეგეჭკორი

16.01.2020

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1220102985045806&id=100011383470985

 

 

big_banner
არქივი