logo_geo
ვასილ ბესელია: ვენოს აკორდეონი
- +

25 იანვარი. 2020. 20:26

 

 

იმ წელს სკოლა მეათე და მეთერთმეტე კლასმა ერთად დაამთავრა.

ეს იყო საბჭოთა განათლების სისტემის ერთადერთი რეფორმა, რომელსაც მე მოვესწარი.

ასოცდახუთი ბავშვი დავემშვიდობეთ მშობლიურ სკოლას.

თუმცა რაღა ბავშვი, დიდები ვიყავით.

მე ათი კლასი დავამთავრე. ვენომ - თერთმეტი. ორივემ ოქროს მედალზე.

ორივეს მეცხრეკლასელი გულნარა გვიყვარდა.

სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით ზეიმი სახალხო თეატრში მოგვიწყეს. კურსდამთავრებულები თავად მონაწილეობდნენ კონცერტში. დიდებული სანახაობა იყო. მე პარტერში ვიჯექი, მაყურებელი გახლდით, არც პლასტიკა მქონდა და არც მუსიკალური სმენა.

ვენო აკორდეონს უკრავდა. იდგა სცენაზე თვალდახუჭული და ისეთი აზარტით აჟღერებდა ინსტრუმენტს, დამთავრებისას ტაშით დაინგრა დარბაზი.

სულ მეგონა, კონსერვატორიაში ისწავლიდა, მაგრამ პოლიტექნიკურში ჩააბარა, სამშენებლო ფაკულტეტზე.

მე ერთი წელი მეურნეობაში ვიმუშავე. ტრაქტორზე ვიჯექი. ტრაქტორის მართვის მოწმობას მაშინ სკოლა იძლეოდა.

ყოველ საღამოს წამოვახრიგინებდი ჩემს პარკინსონიან „ბელარუსს“ და გულნარას ჭიშკარს მივაყენებდი.

გადმოვიდოდა ეზოდან ბებიამისი.

- ბიჭო, მოეშვი ამ გოგოს, სად სცალია შენთვის, სამეცადინო აქვს!

მოვწონდი ბებიას - ვგრძნობდი და მიხაროდა. გულნარა არაფრით არ გამომხედავდა.

- არ ვუყვარვარ ვითომ, ბებო? - ღიმილიანი ვკითხავდი, რას მიწუნებს მედალოსან ბიჭს?!

- აცალე სწავლა, შე მოსასპობო, არ გადამირიო ბაღანა !

ტკბილი ქალი იყო, ცხონებული.

ვიცოდი, ვენოს საძმო ჰყავდა გაფრთხილებული, გულნარას გვერდით არ გავეჭაჭანებინეთ, მაგრამ რაღა საძმო უნდოდა, დღე მე არ მეცალა და საღამოს გულნარა სახლიდან არ გამოდიოდა.

ერთ წელიწადში იმანაც დაამთავრდა და ჩვენთან, მეურნეობაში დაიწყო მუშაობა მეკუჭნავედ. მე კი, ჩემდა სავალალოდ, თბილისში წავედი და პოლიტექნიკურში ჩავირიცხე.

ეშველა ვენოს, მაგრამ, მოულოდნელად, გულნარა გეჯეთელ ბიჭს „გაეკიდა“ ( ბებიამისმა ბრძანა ასე ) და ორივენი პირდაღებულები დაგვტოვა.

ინსტიტუტში ვხვდებოდი ვენოს. ცივად ვესალმებოდით, თითქოს ერთმანეთს ვაბრალებდით შეყვარებულის გათხოვებას.

სიმართლე გითხრათ, გულნარას ამბავი დიდად არ განმიცდია.

ვენომ ინსტიტუტი რომ დაამთავრა, ერთ - ორჯერ რომელიღაც სამშენებლო სამმართველოს საქმიან ეზოში შევხვდი ორხევში, იქაც უგერგილოდ მომესალმა.

მერე ვიღაცამ მითხრა, „საქმრეწვმშენის“ ტრესტის მმართველად გადაიყვანეს სადგურის ქუჩაზეო.

მერე არ მინახავს.

 

. . .

 

ზემელზე მეტროდან ამოვედი.

თუ დაკვირვებიხართ, იქვე, მარჯვნივ, ბუკინისტი დგას და რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ, გრანიტით მოპირკეთებულ ბორდიურზე ძველი წიგნები უწყვია.

ბავშვობიდან მიყვარს ძველი წიგნების თვალიერება. ვდგავარ და ვესიყვარულები, ხან კვესელავას „პოეტური ინტეგრალები“ გადავშალე, ხან გრიშაშვილის „ერთტომეული“... ლარია მათი ფასი, აფსუს, ლარად ახლა ვერაფერს იყიდი!

აკორდეონის ხმა მესმის. მგონია კინოში ვმონაწილეობ - გულდაწყვეტილ წიგნებს ვეფერები დრამატული მელოდიის ფონზე. ჟრუანტელი მივლის.

მუსიკოსი არ შემინიშნავს. აქვე ყოფილა - ამოხვალ მეტროდან და მარცხნივ, მიკროფონიც უდგას და ერთი დინამიკიც. ხმა კარგად ისმის. საქმეზე მეჩქარება, მაგრამ აკორდეონს ვერ ვეშვები. დაამთავრებს ერთს და მეორეს იწყებს, თავდაუზოგავად წელავს გოფრეს, ვირტუოზია... მივდივარ და ცილინდრში ლარიანს ვუგდებ. მუსიკოსი თავს ოდნავ მიქნევს და თვალებს ხუჭავს...

აკორდეონის ჯადო ხმა და უპატრონო წიგნების ცოდვა ძილში ჩამყვა. დილით ის მელოდია მაღვიძებს, კლავიშებზე მორბენალი თითები მელანდება... ვძაბავ მეხსიერებას... თითქოს ეს ოდესღაც მოხდა, ერთი სიცოცხლით ადრე, როცა ამ წიგნებსაც პატრონი ჰყავდა.

ისევ ზემელზე ამოვდივარ. არაა მუსიკოსი. მანქანების ჰაეროვანი ღმუილი ისმის.

ნუთუ ის იყო? დავიჯერო, მე, მუსიკალურად ყრუს, მელოდია მახსოვს და კაცი ვერ ვიცანი? ერთი სული მაქვს, მოვიდეს და დავაკვირდე!

- პირველის მერე მოდის, - მეუბნება ბუკინისტი - შუაღამემდე აქაა და დილით ვერ დგება, ასაკი თავისას შვრება, მეც ერთი სულით ველოდები, მაგია რომ მაძლებინებს, ზემლიაკია ჩემი...

- მეგრული კილო გაქვს...

- კი, სენაკელი ვარ, ხვიჩა აბრამია...

- იცნობ იმ კაცს?

- აქ გავიცანი, ალიოშაა, კუპრავა, ხობელი!

ცოტა დავმშვიდდი. სხვა ყოფილა. მთლად არ გამოვშტერებულვარ.

- სადღაც, ავლაბარში აქვს ბარაკი დაქირავებული, - გააგრძელა ხვიჩამ, - მარტოა, აკორდეონით ირჩენს თავს.

არ გამოჩნდა იმ დღეს. ცხრა საათამდე ველოდე. არც მეორე დღეს მოსულა. მერე სოფელში წამოვედი.

კარგა ხანი აკვიატებული მქონდა ის ჰანგები და გულში ვიხსენებდი. მერე მივივიწყე.

 

. . .

 

საახალწლოდ ისევ ჩავედი დედაქალაქში. შვილიშვილებს ჩავაკითხე.

მოულოდნელად ქუჩაში ხვიჩა შემხვდა. კაი ხნის მეგობრებივით მივესალმეთ ერთმანეთს. გაფუჭდა ამინდები და წიგნების სეზონი დავხურეო. ის ალიოშა რა შვრება - მეთქი. მოკვდაო.

- ცხონებულმა დაკვრა დაასრულა, აკორდეონი მოიხსნა, დასაკეც სკამზე დადო... და წაიქცა, სასწრაფო მე გამოვიძახე, საავადმყოფოში ვერ გავყევი, წიგნები მქონდა გაშლილი. წამოვიღე აკორდეონი, კარგა ხანს ვინახავდი, არავინ რომ არ მოიკითხა, ანტიკვარებში მივიტანე. მე რად მინდოდა. არ გამოდგა მთლად ძვირფასი, ამდენი თრევისგან დაზიანებულიც იყო... წამო, აქვეა მაღაზია, ვნახოთ, თუ გაიყიდა... შესანდობარი დავლიოთ.

გავყევი.

აკორდეონი თაროზე, თავახდილ ფუტლიარში იდო. სახურავის შიგნითა მხარეს მიწებებული პატარა, საპასპორტო ზომის, გაყვითლებული ფოტო შევნიშნე.

სათვალე გავიკეთე. დავაკვირდი, დავაკვირდი და მეცხრეკლასელი გულნარა ვიცანი!

 

 

 

big_banner
არქივი