logo_geo
ამირან გომართელი: ვის ეძღვნება აკაკის „სულიკო“?
- +

3 თებერვალი. 2020. 02:02

 

 

უცნაური ბედი დაჰყვა აკაკის ,,სულიკოს“. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველო მღეროდა, არავინ უწყოდა, ვის ან რას გულისხმობდა პოეტი ლექსის ადრესატში. სულიკოში ხან გარდაცვლილ სატრფოს ხედავდნენ და ხან სამშობლოს მოიაზრებდნენ. ასე გაგრძელდა ლამის ერთი საუკუნის მანძილზე, ვიდრე აკაკი ბაქრაძემ არ ამოიკითხა ,,სულიკოს“ საიდუმლო – ლექსის ჭეშმარიტი აზრობრივი შინაარსი (რასაც ქვემოთ შევეხები).

 

მიუხედავად ამისა, ახლახან კიდევ უფრო „დააკონკრეტეს“ ლექსის ადრესატი. ტელეარხ „მთავარში“, თამრიკო ჭოხონელიძის გადაცემაში ითქვა: „სულიკო“ პატარა თონეთელ სულიკო სამადალაშვილს ეძღვნება, რომელიც ტყეში ნადირს დაუგლეჯია და ოჯახი, საცოლესთან ერთად, შემოდგომიდან გაზაფხულამდე ეძებდაო. როგორც ამ სოფლის მკვიდრ ღრმად მოხუცებულებს განუცხადებიათ, აკაკი გარდაცვლილის ძმასთან ყოფილა დაახლოებული, რომელსაც თითქოს თბილისში, პოეტთან, ნახშირი და სოფლის ნობათი ჩამოჰქონდა. ამიტომ ლექსის თავდაპირველი ვარიანტი ასე იწყებოდა: „ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო“. მერე, აკაკი პატარა თონეთში ასულა, სულიკოს დამწუხრებული საცოლე უნახავს და მოგვიანებით ძმა სატრფოთი შეუცვლია.

 

ხალხის რომანტიკულ ფანტაზიას არ გაემტყუნება, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს სანუკვარ პოეტურ ქმნილებასთან. ასე გახალხურდა „ვეფხისტყაოსანი“, ასე გამოცხადდა ილიას ლექსი - „წუთისოფელი ასეა“ - ხალხურად... ამიტომ არც პატარა თონეთელი ბერიკაცების ამჟამინდელი აღტკინება უნდა გაგვიკვირდეს - აკაკიმ ლექსის თავდაპირველი ვარიანტი ჩვენი თანასოფლელის საფლავზე წაიკითხაო.

 

მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამკვიდრდეს თვალსაზრისი, რომელიც ხელს შეუშლის „სულიკოს“ აზრობრივი შინაარსის გაგებას, ვაქვეყნებ ჩემს ადრინდელ ნარკვევს საგრძნობი შემოკლებით.

 

აკაკი ბაქრაძის შესანიშნავი ინტერპრეტაციის კვალდაკვალ, „სულიკოში“ კიდევაა დამარხული საიდუმლო, რომლის ამოხსნა მკაფიო წარმოდგენას მოგვცემს აკაკის ლექსის გენეზისზე – მის მიმართებაზე ვაჟას ლექსთან ,,სამეფო სიყვარულისა“, რომელსაც, პირობითად, ლიტერატურული არქეტიპი შეიძლება ვუწოდოთ. ამავდროულად, ვფიქრობ, დამატებით არგუმენტებსაც შემატებს „სულიკოს“ აკაკი ბაქრაძისეულ წაკითხვას.

 

,,სამეფო სიყვარულისა“ 1894 წელს დაიწერა („სულიკო“ - 1895 წელს), მართალია, არც აკაკის და არც ვაჟას სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, მაგრამ აკაკი მას „კვალის“ რედაქციაში გაეცნო, როცა იქ მცირე ხნით შემოსული მასალების შემფასებლად მუშაობდა.

 

1894 წლის 2 აპრილს ვაჟა-ფშაველა უგზავნის საყვედურის წერილს „კვალის“ რედაქტორს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას. ვაჟას საყვედური იმან გამოიწვია, რომ „კვალში“ არ დაიბეჭდა მისი სამი ლექსიდან ორი. ერთი მათგანი იყო „სამეფო სიყვარულისა“, რომელიც აკაკი წერეთელმა დაიწუნა. ვაჟა საკუთარ ღირსებაში ღრმად დარწმუნებული მიმართავს ,,კვალის“ რედაქტორს: ,,მე თვითონ დიდ პატივს ვცემ აკაკის ნიჭსა და მოღვაწეობას, მაგრამ ისე კი არა... რომ საკუთარის თავის პატივისცემაზედ ხელი ავიღო ან საკუთარ მსჯელობაზედ, საკუთარ შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე!“

 

აკაკი წერეთელი საკმაოდ ღრმა რელიგიური განცდის პოეტია. წინასწარ ვიტყვი, სწორედ ეს ასაზრდოებს „სულიკოს“ ოპტიმისტურ მრწამსს და მიუღებელს ხდეის ვაჟას ლექსში გამოხატულ პესიმიზმს სამყაროს მოუწყობლობის გამო.

 

ახლა საკუთრივ ვაჟას „სამეფო სიყვარულისას“ და აკაკის „სულიკოს“ შეპირისპირება-ანალიზს შევუდგეთ. როცა ვაჟა ლექსის დასაწყისში იტყვის: ,,სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი, /შემოვიარე მთელი ქვეყანა,“_ არ შეიძლება, ამ ორმა ტაეპმა სულიკოს დასაწყისი სტრიქონები არ გაგვახსენოს: „საყვარლის საფლავს ვეძებდი, / ვერ ვნახე, დაკარგულიყო“.

 

ჩვენი მსჯელობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ნიშნავს, რას გულისხმობს ვაჟას მიერ ნახსენები ,,სატრფო“ ან აკაკის ,,საყვარელი“ და ,,სულიკო?“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში იმ პოეტის ქმნილება დაგვეხმარება, რომელსაც აკაკიც და ვაჟაც დიდ პატივს სცემდნენ. ის დავით გურამიშვილია.

 

აკაკიმ იონა მეუნარგიას ანკეტის შეკითხვას, თუ ვის პოეზიას აფასებდა ყველაზე მეტად, უპასუხა: ,,პოეზია დავით გურამიშვილისა“. ვაჟა თავს გურამიშვილის სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევდა:

 

„შენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო!..

შენის ცრემლებით მოვხარშე, ჩემის გრძნობების ფაფაო“.

/„დავით გურამიშვილის ხსოვნას“/

 

აკაკისაც ჰქონდა ამ სიტყვების გამეორების უფლება. სწორედ „დავითიანის“ ფრაზაა აკაკის გენიალური „განთიადის“ ბიძგის მიმცემი _ „გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო“ („დავითიანი“). შდრ. „დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო“ („განთიადი“).

 

„დავითიანი“ აკაკისაც და ვაჟასაც ღრმად ჰქონდათ გათავისებული. ჩვენთვის საინტერესო ორივე ლექსი, ვაჟას „სამეფო სიყვარულისა“ და აკაკის „სულიკო“, დასაბამს სწორედ გურამიშვილთან იღებს, კერძოდ, მისი ლექსიდან „სიმღერა დავითისა. ზუბოვკა“. „ზუბოვკას“ რეფრენივით გასდევს ფრაზა: „სად წავიდა, ვერა ვნახე ჩემი საყვარელი“. ეს სიტყვები ღმერთის ძიებაზე მიგვანიშნებს. „საყვარელი“ ე.წ. აღორძინების ხანის პოეზიაში, ისევე, როგორც „სატრფო“ და „სულო“ მაცხოვრის ეპითეტებია. მამუკა ბარათაშვილი ასე მიმართავს მაცხოვარს : „ვიხილე შენი შვენება... სახესა ვეტრფიალები... სულო...“ ვახტანგ მეექვსე „ვეფხისტყაონის“ კომენტარებში გარკვევით აცხადებს: საყვარელი ქრისტეს ჰქვიან. „დავითიანშიც“ მკაფიოდ ჩანს ეს _ „მომიკლეს მე საყვარელი, ძე ღვთისად თხრობილი“.

 

როგორც ვაჟას, ისე აკაკის ლექსის სახისმეტყველებითი შინაარსი გურამიშვილის სტრიქონებს ემყარება, მისი ვარიაციაა: „სად წავიდა, ვერა ვნახე, ჩემი საყვარელი...“

„აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?“ /“დავითიანი“/

 

„სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,

შემოვიარე მთელი ქვეყანა...“

„მე კი ვიძახდი: სატრფოვ, სადა ხარ,

რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?“

/“სამეფო სიყვარულისა“/

 

„საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახე, დაკარგულიყო...“

„სადა ხარ ჩემო სულიკო?..

/“სულიკო“/

 

ვაჟას, მიუხედავად გურამიშვილის „ზუბოვკასთან“ მკაფიო მიმართებისა, ლექსში „სამეფო სიყვარულისა“ მაინც საპირისპირო დასკვნა გამოაქვს. მის ლირიკულ გმირს სატრფოს ძიებისას დროებით წარმოესახება „ტრფობის ქვეყანა“ - სამოთხე, სადაც უკვდავების წყაროც არის და ხეც ცნობადისა, ოღონდ გველი ვეღარ აცდუნებს ევას, ვეღარც ბოროტება ბოგინებს; სამეფო ტახტზე სიყვარული ზის და კაცთა თუ პირუტყვთ ქვენა გრძნობებზე მბრძანებლობს. სწორედ სიყვარულის ძალით ლომი და ვეფხვი აღარ მტრობს ირემსა და შველს, ქორ-შევარდენი _ კაკაბსა და გნოლს; ერთმანეთზე საომრად გამზადებული მოლაშქრენი ურთიერთმტრობაზე ხელს იღებენ და ცა და ხმელეთს „ვეღარა ჰღებენ კაცის სისხლითა“. პირიქით, შეჰხარიან ერთმანეთს...

 

მერე ირკვევა, რომ ყოველივე სიზმარი ყოფილა და „ტრფობის ქვეყანა“ რეალობაში არ არსებობს:

„მე კი ვიძახდი: სატრფოვ, სადა ხარ,

რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?“

_ მე თვით გახლავარ ის შენი სატრფო!

_ ტრფობის ქვეყანა ერთხმად ჰკიოდა.

გამომეღვიძა სიზმრად მენახა

და ამის გამო გული მტკიოდა“.

 

დასკვნა აშკარად პესიმისტურია. სამოთხე მირაჟია. ქვეყნიერება იმის საპირისპიროდ არის მოწყობილი, რასაც სამოთხის სურათი გვიხატავს. ამას გვეუბნება ვაჟას ლექსის ქვეტექსტი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს სამყაროს ღვთაებრიობას, ამქვეყნად ღვთაებრივი სიყვარულის არსებობას, უფლის ხელით შექმნილი მატერიალური სინამდვილე ადამიანურ ბიწიერებას მოუცავს. ვაჟას ლექსის დაბეჭდვაზე აკაკის უარის მიზეზიც ეს იყო - მისი მრწამსისთვის მიუღებელი თვალსაზრისი.

 

აკაკის ლექსის აზრობრივი შინაარსი კი სრულ თანხმიერებაშია გურამიშვილის მრწამსთან.

 

„ღვთის გამო ქმნილ არს ყოველი, არს მყოფობს რაც ნივთიერი“, _ იტყვის დავით გურამიშვილი, რომელმაც კარგად იცის, რომ ამქვეყნად ყველაფერს ორი მნიშვნელობა აქვს: _ ერთი თავისთავადი და მეორე შემოქმედზე მიმანიშნებელი: „მას (ღმერთს) აქებენ“, _ ამბობს „დავითიანის“ ავტორი ლექსის დასაწყისში. ასე რომ, დავით გურამიშვილის სტრიქონები აშკარად ცხადყოფს, რომ მატერიალური სამყარო ღვთაებრივი შემოქმედების შედეგია, ღვთაებრიობის გამოვლენაა. გურამიშვილისეულ მრწამსს თუ აკაკის `სულიკოს~ მაგალითებზე გავავრცელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცაზე მოკიაფე ვარსკვლავი მნათობიც არის და ღვთის შემოქმედების მაუწყებელიც. ასევე, ბულბული თუ ვარდიც ღვთაებრივი შემოქმედების გამოვლენაა, მათი არსებობაც შემოქმედზე მიანიშნებს. ამდენად, აკაკის „სულიკოშიც“ ის ზოგადქრისტიანული აზრი დომინირებს, რომ მატერიალური სამყარო ღვთაებრივის ნაწილია, მისი გამოვლენა, მისი განფენა-ემანაციაა.

 

თუკი ერთხელ კიდევ გავიხსენებთ ვახტანგ მეექვსის განმარტებას _ „საყვარელი ქრისტეს ჰქვიან“ და მაცხოვრის მამუკა ბარათაშვილისეულ ეპითეტს _ „სულო“, აშკარაა, რომ აკაკის ლექსში „საყვარლის საფლავის“ (სამყოფლის), მისი საუფლოს თუ სამკვიდრებლის ძიება, ღმერთის ძიებაა (აკაკი ბაქრაძე). სწორედ ამიტომ შფოთავს და დრტვინავს აკაკის ლექსის ლირიკული გმირი, რომელიც მხოლოდ მაშინღა დამშვიდდება და აღივსება ღვთაებრივი ნეტარებით, როცა გაიცნობიერებს, რომ ღმერთი ყველგან არის, ყოველ არსსა თუ არსებაში ღვთაებაა განფენილი, ყოველივე ღვთის გამოვლენაა: მიწაზე - ვარდი; ცაში - ბულბული; შორეულ კოსმიურ სივრცეში - ვარსკვლავი. ამიტომაა ლექსში ნათქვამი: „რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა“.

 

აკაკი „სულიკოს“ მეშვეობით გამოთქვამს საკუთარ მრწამსს ხილული, მატერიალური სინამდვილის ღვთაებრიობის, ყოველივე არსებულის ღვთაებრივი ნებითა და ძალით გამსჭვალვის შესახებ.

 

უდავოა, რომ „სულიკო“ პოლემიკაა ვაჟას ლექსთან „სამეფო სიყვარულისა“, თუმც სწორედ ამ პოლემიკამ და უთანხმოებამ შვა ღვთაებრივი შინაარსითა და გასაოცარი მელოდიურობით აღსავსე აკაკის „სულიკო“. მის შექმნას ბიძგი ვაჟა-ფშაველას ლექსმა მისცა; მან დააფიქრა აკაკი „დავითიანის“ თუ, საზოგადოდ, აღორძინების ხანის პოეზიის სახისმეტყველებით შინაარსზე; მან შთააგონა აკაკი, მზერა მიემართა ტრანსცენდენტური სამყაროსაკენ; ყოველივე ამან კონკრეტული ლექსის გამო გამოწვეული უთანხმოება ქართული პოეზიის გამარჯვებად აქცია. ამ გამარჯვებაში ვაჟა-ფშაველას ლომის წილი უდევს - „სულიკო“ ხომ ერთი უკეთეს ქმნილებათაგანია ქართული ლირიკული პოეზიისა.

 

 

ამირან გომართელი

 

 

 

 

big_banner
არქივი