logo_geo
რა უქნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა 20 წლის მარტვილელ გოგონას?
- +

10 თებერვალი. 2020. 19:32

 

 

 

გასულ კვირას ქვეყანაში ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა და იმათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის ამბებიც არის.

 

 

საერთოდ, ქართველ საზოგადოებას მალხაზ მაჩალიკაშვილის აგრესიული ქცევები და განცხადებები დიდი ხანია, აღარ უკვირს. ის კი არა, საზოგადოების ერთი ნაწილი მის აგრესიას ახსნა-გამართლებასაც უძებნის: კაცს შვილი მოუკლეს, გამწარებულია და აბა, რანაირად მოიქცევაო. თუმცა, საზოგადოების მეორე ნაწილისთვის მაჩალიკაშვილის მძიმე მდგომარეობა მაინც არ ამართლებს მის აგრესიულობას, ძალადობრივ გამოხდომებსა და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომლებსაც იგი არცთუ იშვიათად აკეთებს.

 

სამწუხაროდ, ქართველ საზოგადოებას ბევრი გაუბედურებული დედა და მამა უნახავს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა სრულიად უდანაშაულო შვილები მიწაში ჩაუწვინა, მაგრამ, არავის ახსოვს, რომელიმე მათგანს რუსთაველის გამზირზე მუშტი-კრივი გაემართოს, ჟურნალისტებისთვის ეგინებინოს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მუქარებით აეკლოს.

 

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილებდახვრეტილ მშობლებს, რომლებიც სამართლიანობისთვის თავდადებით იბრძოდნენ, არასოდეს უთქვამთ – რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში თავი უნდა ავიფეთქოთ ან რომელიმე ჩინოვნიკი მისი ოჯახის წევრის საფლავზე ავაფეთქოთო.

 

ის კი არა, პირიქით მოხდა: იური ვაზაგაშვილი, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძოდა და სურდა, მისი შვილის მკვლელები კანონის ძალით დასჯილიყვნენ, შვილის საფლავზე ააფეთქეს!

 

სხვათა შორის, იური ვაზაგაშვილის მუხანათური მკვლელობის ამბავი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მაშინ გაახსენდა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში მოისმინა, როგორ გეგმავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის აფეთქებას მისივე მამის საფლავზე.

 

გასულ კვირას კი მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, როცა პარლამენტის შენობის წინ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგინა და მიკროფონის „ერთ ადგილას შეტენვით“ დაემუქრა. ტელევიზიით გასულ კადრებში ისიც გამოჩნდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელში „ასავალ-დასავალის“ წინა ნომერი ეჭირა და თითს პირველ გვერდზე დაბეჭდილ საკუთარ სურათს ადებდა.

 

მართალია, ტელესიუჟეტში არ გაისმა, თუ რას ამბობდა მაჩალიკაშვილი იმ მომენტში, როცა ჩვენს გაზეთს აფრიალებდა, მაგრამ გაისმა მასთან ახლოს მდგომი გაურკევეველი პირის ხმა – ბატონო მალხაზ, ეგენი ჭორიკნები არიან და რასაც წერენ, ყველაფერზე პასუხს აგებენო!

 

რა ლაპარაკი უნდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი რომელიღაც მხლებლის უკმაყოფილება „ასავალ-დასავალის“ წინა ნომერში გამოქვეყნებულმა კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის ინტერვიუმ გამოიწვია, რომელშიც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა საერთაშორისო დონის ტერორისტის ახმედ ჩატაევის დაჯგუფებასთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფების წევრებს მალხაზ მაჩალიკაშვილიც კარგად იცნობდა.

 

მოკლედ, მაჩალიკაშვილი უკვე ჟურნალისტებისადმი ღია მუქარაზეც გადავიდა და სულაც არ იქნება გასაკვირი, მალე ახალი ფარული აუდიოჩანაწერიც მოვისმინოთ, რომელშიც იგი მისთვის მიუღებელი მედიასაშუალებების აფეთქებაზე საუბრობს.

 

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილს, რომელიც გასული წლის ივლისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა, მას 6 თებერვალს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და ორწლიანი პირობითი მსჯავრით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

შეგახსენებთ, რომ მორის მაჩალიკაშვილს ბრალად ედებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე, როცა ნაცმოძრაობის აქტივისტებმა პარლამენტის შენობის შტურმით აღება სცადეს.

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მორის მაჩალიკაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მას „პოლიტპატიმრად“, „ივანიშვილის რეჟიმის მძევლად“ და „უსამართლობის მსხვერპლად“ მოიხსენიებდნენ, თუმცა, მორის მაჩალიკაშვილმა გასულ კვირას ბრალი აღიარა, გამოძიების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დაეთანხმა, დანაშაული მოინანია და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დადო.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა სასამართლო პროცესზე ერთი საყურადღებო ფრაზაც თქვა – პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, მხოლოდ ბიძაჩემს ვიცავდი და ვითარებიდან მისი გარიდება მინდოდაო!

 

საინტერესოა, ვისგან იცავდა ბიძას მორის მაჩალიკაშვილი? ბუნებრივია, მალხაზ მაჩალიკაშვილს აქციის მონაწილეებისგან დაცვა არ სჭირდებოდა, რადგან მათ მხარეს იყო და გამოდის, რომ ძმისშვილი სამართალდამცავებისგან იცავდა. კი მაგრამ, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე კანონს თუ არ არღვევდა, პარლამენტში შეჭრის მცდელობაში არ მონაწილეობდა და პოლიციელებსა თუ სპეცრაზმელების წინააღმდეგ არ მოქმედებდა, სამართალდამცვები მას არც შეეხებოდნენ და დაცვა რაში სჭირდებოდა?

 

მოკლედ, კარგად თუ ჩავუღრმავდებით, ისე გამოდის, რომ მორის მაჩალიკაშვილმა არამარტო საკუთარი დანაშაული აღიარა, არამედ იმაზეც მიანიშნა, რომ 20-21 ივნისის აქციაზე კანონის ფარგლებში არც ბიძამისი მალხაზ მაჩალიკაშვილი მოქმედებდა.

 

საერთოდ კი, მორის მაჩალიკაშვილის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება მისასალმებელი ფაქტია, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს არ სურს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული.

 

დიახ, როგორც ჩანს, ახალგაზრდა მორის მაჩალიკაშვილი, ბიძამისისგან განსხვავებით, მიხვდა, რომ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სახლში ამოგანგლული „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგომა სირცხვილი და მორალური დანაშაულია!

 

მალხაზ მაჩალიკაშვილს კი მორალური დანაშაულის გრძნობა არც იმის გამო აწუხებს, რომ მკვლელებისა და გამაუპატიურებლების გვერდით დგას და არც სხვა ამბის გამო, რომელიც მორალურად არანაკლებ მძიმე და სავალალოა, ვიდრე მკვლელებთან და გამაუპატიურებლებთან დაამხანაგება.

 

ეს ამბავი, გარდა იმისა, რომ მძიმეა, საკმაოდ დელიკატურიც არის, რადგან მარტო მალხაზ მაჩალიკაშვილს არ ეხება და მასში 20 წლის მარტვილელი გოგონაც არის გარეული.

 

როგორც ჩვენი წყაროები ამტკიცებენ, ეს ისტორია გასული წლის აპრილში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ საპროტესტო კარავში დაიწყო და გაგრძელდა ბინაში, რომელიც მას დიდუბეში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა ნაქირავები.

 

ჩვენმა მარტვილელმა მეგობრებმა, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ სპეციფიკურ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, იმ 20 წლის გოგონას სახელი და გვარიც გაგვიმხილეს, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის მეშვეობით, კარავში გაიცნო, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, მის ვინაობას არ და ვერ დავასახელებთ.

 

როგორც სანდო წყარო ჰყვება, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილს თბილისში მეგობარი გოგონა ჰყავდა და იგი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავშიც ხშირად მიჰყავდა. მორის მაჩალიკაშვილის მეგობარ გოგონას კარავში რამდენჯერმე თან ახლდა მეგობარი – 20 წლის მარტვილელი გოგონა, რომელთანაც მალხაზ მაჩალიკაშვილს გაცნობიდან ცოტა ხანში ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

 

ინფორმირებულმა ადამიანებმა მალხაზ მაჩალიკაშვილსა და 20 წლის მარტვილელ გოგონას შორის განვითარებული ამბავი წვრილმანი დეტალების დონეზე გვიამბეს, მაგრამ მათ გადმოლაგებას ნამდვილად არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, სიღრმისეულად იცნობდეს მაჩალიკაშვილის პიროვნებას, რადგან იგი კარგა ხანია საჯარო ფიგურად იქცა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს, აცხადებს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის, ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს და არ მალავს, რომ ხელისუფლებისადმი შურისძიების გრძნობა ამოძრავებს.

 

დიახ, ყოველივე ამის მიუხედავად, არანაირი სურვილი არა გვაქვს და არც მივცემთ თავს უფლებას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს მორალი წავუკითხოთ ან მისი საქციელი რამენაირად განვსაჯოთ, რადგან ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესს თვითონ ირჩევს, საკუთარ მორალურ სახესაც თვითონ ძერწავს და საკუთარი თავისთვის მორალური საფლავის გასათხრელი ნიჩაბიც თვითონვე უჭირავს ხელში.

 

ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა და რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ზნეობრივ-მორალურ საკითხებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მშობლიურ პანკისის ხეობაში, სადაც უხუცესთა ინსტიტუტი მოქმედებს და დაუწერელ კანონებს ხშირად დაწერილზე მეტი ძალა აქვთ.

 

სწორედ ამიტომ, იქნებ პანკისის ხეობის უხუცესებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს უხმონ და სთხოვონ, ყურანზე დადებული ფიცის ქვეშ უპასუხოს კითხვებს:

 

  1. გასული წლის აპრილის მიწურულს, მუსლიმთათვის წმიდათაწმიდა რამადანის მარხვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მის მიერ დიდუბეში, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე ნაქირავებ ბინაში ჰყავდა თუ არა მიყვანილი 20 წლის მარტვილელი გოგონა, რომელიც პარლამენტის წინ კარავში გაიცნო?

 

  1. რა მოხდა იმ ბინაში და რას ჰპირდებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისი გარდაცვლილი ვაჟის თანატოლ მარტვილელ გოგონას?

 

  1. ბინაში მომხდარი ამბის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა 20 წლის მარტვილელი გოგონასთვის მიცემული პირობა შეასრულა თუ იგი მოატყუა და მოისროლა?

 

  1. მალხაზ მაჩალიკაშვილის ნაქირავებ ბინაში მომხდარის შესახებ გახდა თუ არა ცნობილი 20 წლის მარტვილელი გოგონას ოჯახისთვის, აპირებდნენ თუ არა თბილისში ჩამოსვლას მაჩალიკაშვილთან ანგარიშის გასასწორებლად და ვინ შეაჩერა ისინი?

 

  1. მომხდარის თაობაზე შეიტყვეს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და რა რეაქცია ჰქონდათ მათ, განსაკუთრებით კი მის ქალიშვილს ნატა მაჩალიკაშვილს?

 

– ვფიქრობთ, პანკისის ხეობის ბრძენმა უხუცესებმა, რომელთა პატრიოტიზმი და სახელმწიფოებრივი აზროვნებაც საქართველოში არავითარ კითხვის ნიშანს არ ბადებს, მალხაზ მაჩალიკაშვილისგან სიმართლე უნდა მოისმინონ და თავიანთი მორალური კოდექსის, ადათ-წესებისა და სარწმუნოებრივი დოგმების გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნაც გამოიტანონ.

 

ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს კი მალხაზ მაჩალიკაშვილის მორალურ სისუფთავესა და გულწრფელობასთან დაკავშირებით სწორი დასკვნის გამოსატანად ისიც ეყოფა, რომ იგი თავისი შვილის მკვლელის დასჯასა და სასამართლოს პოვნას იმ ადამიანების მხარდამხარ ლამობს, რომლებიც უსამართლობის ცოცხალ სიმბოლოებს წარმოადგენენ და მსახვრალი ხელები სხვათა შვილების სისხლში აქვთ გასვრილი.

 

მაგალითად, მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ სანდრა რულოვსთან ერთად, მასთან როგორი სიახლოვეც არ უნდა აკავშირებდეს, სამართალს ვერ იპოვის, რადგან სანდრა რულოვსი იმ რეჟიმის დედოფალი იყო, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში თესავდა და გვამებს გვამებზე ალაგებდა.

 

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, საკუთარი თანატოლების მიერ მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მალევე მიხვდა, რომ სხვათა შვილების სისხლში მობუყბუყე „ნაცმოძრაობა“ მის ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და სააკაშვილის სექტას გაემიჯნა, მალხაზ მაჩალიკაშვილს კი, როგორც ეტყობა, სურვილიც არ გააჩნია, ამას მიხვდეს.

 

 

თამა(ზ) სურმავა

 

 

 

 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი