logo_geo
"ნახევარი თბილისი მამაჩემის, ნახევარიც ჩემს ხელშია გამოვლილი" - პროფესია "ძვლების გამსწორებელი"
- +

25 თებერვალი. 2020. 01:18

 

 

ისტორიული წყაროების თანახმად, XVII – XVIII საუკუნეებში ტფილისის აბანოებს უკვე მთელი უბანი ეჭირა და ამის გამო აბანოთუბანი ეწოდა. ეს უბანი დღემდე ერთ-ერთ ხალხმრავალ და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად ითვლება...

 

აბანოთი სარგებლობა­ თავად­ებისთვის ერთი მანეთი ღირებ­ულა, აზნაურთათვის, ოფიცრებისა და ვაჭრებისთვის - აბაზი, მდაბიოთათვის კი მომსახურების ფასი ორ შაურს შეადგენდა. ტფილისური გოგირდის აბანოებით მოხიბლულა არაბი გეოგრაფი ისთახარი, რომელიც დღიურში წერდა: "ტფილისს აქვს თბილი წყლები, მსგავსად ტიბერიისა, უცეცხლოდ ცხელი"... რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი­ დეტალურად აღწერს უცხვირო მექისე ჰასანას გასაოცარ ოსტატობას და ქისას რუსულ ცოცხზე მაღლა აყენებს. აბანოს ერთ-ერთ კედელზე წარწერაცაა: სიცოცხლის განმავლობაში თბილისის აბანოებზე საოცარი რამ არ მინახავსო - ეს სიტყვები სწორედ პუშკინს ეკუთვნის, რომელიც გოგირდის აბანოებს 1829 წელს სწვევია.

 

თბილისური აბანო მექისეს გარეშე წარმოუდგენელია. მათი დიდი ნაწილი აზერბაიჯანელია. რომ არა მექისეს, ანუ მეაბანოეს ხელოვნება, ალბათ, თბილისური აბანოც ვერ იქნებოდა ასეთი პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის სერტიფიკატი არა აქვთ, მასაჟის ტექნიკას ვირტუოზულად ფლობენ, რადგან ეს ცოდნა შთამომავლობით გადაეცათ.

 

არსებობენ ქალი და მამაკაცი-მექისეები. "ძვლების გამსწორებელ" მამაკაცებზე მოთხოვნა უფრო დიდია. ქალებიც სარგებლობენ მექისეთა მომსახურებით, ძირითადად, ევროპელები, იშვიათად ადგილობრივებიც.

 

"ჩემი კლიენტები პირად ცხოვრებაზეც მიყვებიან, მაგრამ რასაც აბანოში გაიგებ, იქვე უნდა დარჩეს!"

 

ჭრელ აბანოში გიდობა მექისე ემზარ გასინოვმა გამიწია. ის უკვე 25 წელია მექისეა და ეს პროფესია მამამ შეაყვარა, ემზარმა კი თავის შვილს ასწავლა ქისით ხეხვა და მასაჟი. ახლა გიორგიც მექისეა.

 

ემზარი მათვალიერებინებს დარბაზებს, სადაც სულ 12 აბანოა. ყველას თავისი საუნა, გასახდელი, საპირფარეშო და გოგირდის ჯაკუზი აქვს. ფასები 50 ლარიდან იწყება და 500 ლარამდეც აღწევს, მექისეს მომსახურება კი დამატებითი თანხა ღირს.

 

"23 წლის ვიყავი, ჭრელ აბანოში მუშაობა რომ დავიწყე. მექისეობა მამამ მასწავლა. ნახევარი თბილისი მამაჩემის, ნახევარიც ჩემს ხელშია გამოვლილი. ნამდვილ მამაკაცს ვერც დრო შეცვლის, ვერც ქალი და ვერც ფულიო, ასე მასწავლიდა მამაჩემი.

მექისეობა ჩვენი ოჯახური პროფესიაა - ახლა ჩემი შვილიც მექისეა. ზოგი ამბობს, რომ დიდხანს ორთქლში ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ ჩემთვის საზიანო ორთქლისა და გოგირდის სუნის გარეშე ყოფნაა...

 

ეს კედლები ძველ თბილისურ ამბებს ინახავს და იმდროინდელი ქალაქური ცხოვრების ეპიზოდებს მიცოცხლებს. ახლაც ასეა - არ არსებობს ამბავი, რომელსაც აბანოში ვერ გაიგებ. ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩემი კლიენტები ხშირად პირად ცხოვრებაზეც მიყვებიან, მაგრამ რასაც აბანოში გაიგებ, იქვე უნდა დარჩეს! ქისა ყველას მოსწონს და მეც ჩემს კლიენტებს მთელი გულით ვემსახურები, არც სტატუსის მიხედვით გამოვყოფ ვინმეს..."

 

"ქართველი ქალები ჩვენთან იშვიათად დადიან, მაგრამ ტურისტი ქალები ხშირად გვსტუმრობენ"

 

მარინა ალახვერდოვა მასაჟისტია, ის ერთ-ერთი მექისე ქალია ჭრელ აბანოში. მარინასაც ეს პროფესია მამამ შეაყვარა.

- ქართველი ქალები ჩვენთან იშვიათად დადიან, მაგრამ ტურისტი ქალები ხშირად გვსტუმრობენ. აქ მოსული ადამიანი უკმაყოფილო არასდროს წასულა. კლიენტს არა მარტო განტვირთვას ვთავაზობთ, ჩვენი მასაჟი სამკურნალო დანიშნულებისაა - კანს შორდება ძველი ქსოვილი, იხსნება ფორები და უფრო კარგად იწყებს სუნთქვას.

 

 

 

ნამშობიარებ ქალს სხვანაირი მასაჟი­ უკეთდება, ვისაც ბავშვი არ გაუჩენია, სხვანაირი. ეს იმიტომ, რომ ნამშობიარები ქალის სახსრები გაფართოებულია და მარილების დაგროვების მეტი საფრთხე არსებობს. თუ მექისემ ეს არ იცის, კლიენტს დააზიანებს და სახელსაც გაიტეხს."

 

"ჩემი ხელები საპნის ქაფით დაფარულ სხეულზე დაცურავდა, ძვლებს კი სულ ჭახაჭუხი გაუდიოდა..."

 

როგორც ყველა მეაბანოემ, მეც ჩამო­ვი­ცვი­ შალის ხელთათმანი, ტილოს ბუშტი, იგივე ქისა მოვიმარჯვე, გავქაფე და საქმეს შევუდექი... ბატონი შალვა­ ძველი­ თბილისელია. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ექსპერიმენტზე მაინც დამთანხმდა. მეც მის "დამუშავებას" შევუდექი. გაგიკვირდებათ და, არცთუ ცუდად გამომივიდა, რადგან ემზარი მანდობდა ძველი ხელოვნების საიდუმლოებებს. თავდაპირველად, ერთი შეხედვით მარტივ საქმეს შიშითა და დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი, რადგან პატარა შეცდომა და, დიდი შანსი იყო ბატონი შალვასთვის რამე დამეზიანებინა. ჩემი ხელები საპნის ქაფით დაფარულ სხეულზე დაცურავდა, ძვლებს კი სულ ჭახაჭუხი გაუდიოდა...

 

მასაჟი ყველაზე ფაქიზად ხერხემალზე კეთდება - თით­ოეული წერტილი უნდა იცოდე, სად და როგორ შეეხო, რომ არ დააზიანო. ჩემი ქისა-მასაჟი ათ წუთს გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ამ დროში პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდები, მაგრამ რაღაცები ვისწავლე და თუ ოდესმე პროფესიას შევიცვლი, შეიძლება მექისეობაზეც დავფიქრდე. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... ცხადია, მექისეობა და მასაჟი მხოლოდ ხელების მოძრაობა არ არის. როცა ემზარი კლიენტს ზურგზე ფეხებით შედგა და ისიც სიამოვნებისგან გაიტრუნა, გავოცდი - ამას ისე ოსტატურად აკეთებდა, თანაც გასაპნულ სხეულზე, რომ გაკვირვებულმა ვკითხე, როგორ არ სრიალებ-მეთქი? თუმცა­ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, მივხვდი, ამ დროს ემზარი არ უნდა მომეცდინა, რადგან ერთი არასწორი მოძრაობით შეეძლო კლიენტი დაეზიანებინა.

 

ერთი სიტყვით, ჩემი მასაჟით ბატონი შალვა კმაყოფილი დარჩა... პროცედურის შემდეგ გოგირდის აბანოს მიღება ნეტარებაა... მე და შალვამ უამრავ თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ როგორც ემზარმა დამარიგა, აბანოში ნათქვამი აბანოშივე რჩება!..

 

P.S. თუ თბილისურ აბანოებში მექისის­ ხელში აღმოჩნდებით, იცოდეთ, რომ მათ არც მაგისტრატურა აქვთ გავლილი და არც უცხოეთში მიუღიათ განათლება. ეს გამოცდილება მამა-პაპათაგან შეიძინეს, ცოდნით, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. მექისეობა მეტად რთული და საპასუხისმგებლო, თანაც ინტიმური პროფესიაა - მექისის მარჯვე ხელები ფორებთან ერთად კლიენტის გულსაც ხსნის და პირად ცხოვრებაზე ალაპარაკებს, მეაბანოე კი ამ ამბებს წყალს ატანს და ახალი ამბებით შემდეგ კლიენტს ელოდება.

 

ტფილისური აბანო

 

XII საუკუნის ტფილისში 40 აბანო იყო, XIII საუკუნეში კი უფრო მეტი - 65. მიუხედავად იმისა, რომ ტფილისის აბანოები საზოგადოებრივი დანიშნულების იყო, შეზღუდვები მაინც არსებობდა. აბანოთა დიდი ნაწილი მუსლიმანთათვის ყოფილა განკუთვნილი. იქ თურმე "ურწმუნო" ქართველები, სომხები და იუდეველები ვერ შევიდოდნენ. გადმოცემით, ასეთი "ისმაილის აბანო" ყოფილა. 1850 წლის გეგმაზე აღნიშნულია შვიდი აბანო: ორბელიანის, სიონის, სუმბათოვის, მელი­ქოვის, ზუბალოვის, თამამშევისა და მირზოევის.

 

აბანოების შემოსავლიანობის შესახებ არქივებში ბევრი საინტერესო ცნობაა დაცული, ასევე იჯარით გაცემისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხშირი ყოფილა აბანოს გირაოთი გაცემაც. აბანოს შემოსავლიანობას უცხოელებიც აღნიშნავდნენ. ფრანგი მოგზაური ემილ ლევიე წერს: "დღეს წავედი აქაურ აბანოებში, საზოგადო აბანოში შესვლა ვერ გავბედეთ. ტიტველა ხალხი ჭიანჭველასავით ირეოდა".

 

ქალებისთვის ტფილისური აბანო კვირაში რამდენიმე დღეს მუშაობდა. მათთვის აბანოს გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ ჰიგიენის სახლს - ისინი თითქმის მთელ დღეს ატარებდნენ აბანოში და ათას ჭორ-მართალს უზიარებდნენ ერთმანეთს. ქალებს იქ თავიანთი გამრთობი, აშუღი უსინათლო მაია ჰყავდათ, რომელიც სიმღერებით ართობდა ქალებს. ტფილისურ აბანოებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო სარძლოს შეთვალიერება-შერჩევა.

 

ყარაჩოხელებისათვის აბანო ბოჰემის ნაწილი იყო. სხვაგან დაწყებული ქეიფი აუცილებლად აბანოში მთავრდებოდა...

 

ზურა სოლომნიშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი