logo_geo
ვის საფლავზე ავიდა პირველად გენერლის ფორმით შოთა გორგოძე და რა უბედურება დაატყდა თავს მის ოჯახს ექიმების შეცდომის გამო
- +

2 მარტი. 2020. 01:01

 

 

„ნეტა, არ მესწავლა, ჩემს სოფელს არ მოვწყვეტოდი, დავრჩენილიყავი მამაპაპაურ მიწაზედ და გლეხკაცად გავზრდალიყავი. ეს ცხოვრება სულ წვალებასა და  ჯოჯოხეთში გავიარე”.

 

 

 ხანდახან გვავიწყდება, რომ ჩვენ გვერდით არსებობდნენ და არსებობენ ისეთი ღირსეული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იდგნენ ქვეყნისა და ერის  სამსახურში და თავიანთ კეთილდღეობაზე წინ, ხალხის უსაფრთხოებას და მშვიდ ცხოვრებას აყენებდნენ. საკუთარმა პრობლემებმა დაგვავიწყა, რომ დღეს ამ ადამიანებს ჩვენგან ელემენტარული ყურადღებაც კი ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.

 

 

 გენერალ-ლეიტენანტ შოთა გორგოძეს პატივი და ღირსება არასდროს დაჰკლებია, ბრწყინვალე კარიერა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ნერვების ფასად დაუჯდა. მისი ყველაზე დიდი ტკივილი ახლა მისი ოჯახია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება – სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, გამოსავალი კი არსაიდან ჩანს. მოდი, ერთად გადავხედოთ ამ არაჩვეულებრივი კაცის ცხოვრების ფურცლებს – საიდან იწყება და სად მთავრდება.                                        

 

 

„შევარდნაძის აპარატში ვმუშაობდი. როგორც ინჟინერმა და მრეწველობის სპეციალისტმა საინტერესო გზა გავიარე. ვემსახურებოდი რაიონის სამრეწველო განყოფილებას. რაც ბიუროზე საკითხები გადიოდა ფაბრიკა-ქარხნების შესახებ მრეწველობის ხაზით, ყველაფერს მე ვამზადებდი. ერთ მშვენიერ დღეს შევარდნაძე გამოიძახეს მჟავანაძესთან და გადაიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრად. პარტიული მუშაკი იყო და მაინცდამაინც არ ჰქონდა სურვილი, „ემვედეს“ ხაზით წასულიყო, მე ვიცოდი მისი განწყობა. გავიდა პერიოდი. ჩვენც, რამდენიმე კაცი, შეგვარჩიეს რაიკომის ახალგაზრდა მუშაკებისგან და გაგვიწვიეს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ. მე შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალისტური საკუთრების მტაცებლობისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილედ დამნიშნეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რადგან არც სურვილი მქონდა და არც ორგანოში მუშაობის გამოცდილება. ინჟინერი ვიყავი, ჩემი გატაცება მქონდა საინჟინრო საქმიანობაში, გამოგონებები, საკავშირო ოლიმპიადებსა და კონკურსებზე ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული. მოკლედ, მოვწყდი  ჩემს ძირითად საქმეს. ეგრევე შემაგდეს უნივერსიტეტში იურიდიულის დაუსწრებელზე, აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი იურისტი. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ასე წავიმუშავე „ობეხეში”, მერე განყოფილების უფროსად გადამიყვანეს, შემდეგ სამმართველოში. მოგეხენებათ, მაშინ ეს განყოფილება ებრძოდა გამომძალველებს, მექრთამეებს, მტაცებლებს, ბევრი ფაქტი გამოვავლინეთ. ჩვენ ვამზადებდით პირველად ოპერატიულ მასალებს, ჩვენს ხელში გადიოდა ყველაფერი.

 

ძალიან გავრცელდა იმ პერიოდში ყალბი ფული. ეს იყო 1968 წელი. დიდი რაოდენობის  ორმოცდაათმანეთიანი ყალბი კუპიურები მოხვდა ბრუნვაში, რომელიც ლენინგრადში საღდებოდა. ამას ებრძოდა მთელი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადმინისტრაციული ორგანოები... მოსკოვმა ეჭვი საქართველოზე აიღო. ძალიან რთული აღმოჩნდა ამ საქმის გახსნა. შეიქმნა საკავშირო ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც გენერალი, საბჭოთა კავშირის „ობეხეს” სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობდა. ჩამრიცხეს ჯგუფში და ვმუშაობდით ამ საკითხზე. არ გასულა დიდი დრო, დავადგინეთ, რომ მართლაც ქართველები იყვნენ დამამზადებლები. ეს ფული მზადდებოდა თბილისში, საბურთალოზე. გაგარინის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდნენ ძმები დათუკაშვილები, რომლებიც თავიანთ სარდაფში ეწეოდნენ ამ საქმიანობას. ლენინგრადში უკვე მობილიზებული იყო ოპერატიული ჯგუფი, ყველა ბაზარი კონტროლზე გვყავდა აყვანილი. თუ ვინმე პროდუქტის შეძენისას ხუთთუმნიანს იხდიდა, ეგრევე აგვყავდა.

 

 

დიდი ინტერესი გამოიწვია ერთმა რუსმა ქალბატონმა.  თითქმის ყოველდღე მიდიოდა ბაზარში, იყიდდა ერთ კილო ვაშლს  ან სხვა რაღაცას, ორმოცდაათ მანეთს გადაიხდიდა და ნაღდ ფულს  უბრუნებდნენ. ამ ქალზე დავაწესეთ მეთვალყურეობა. დაზვერვა მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს ისევ რომ მოვიდა (უკვე მომზადებული იყო მის შესახებ ოპერტიული მასალები და შეიძლებოდა დაკავება) იყიდა ვაშლი, გადაიხადა ფული ამ დროს მოვკიდეთ ხელი. მოასწრო და დარჩენილი ორმოცდაათმანეთიანი გადაყლაპა. ძალიან გამოცდილი ქალი იყო, სხვათა შორის ლამაზიც. უცებ ჩავსვით მანქანაში, წავიყვანეთ საავადმყოფოში, გაუკეთეს ამორეცხვები და ფული ამოვიღეთ. მერე წავიყვანეთ სახლში, იქ კი აღმოჩნდა ერთ-ერთი ძმა დათუკაშვილი, რომელიც მასთან ცხოვრობდა და ამ ქალის საშუალებით ასაღებდა აქედან ჩატანილ ყალბ ფულებს. ეს, იმ დროს ისეთი დანაშაული იყო, რომ ამ საქმისთვის არამცთუ იჭერდნენ, ხვრეტდნენ კიდეც. საჭირო გახდა მეორე ძმის მოძებნა. იმ კაცმა მისცა ჩვენება, რომ ფულს უშუალოდ მისი ძმა ამზადებდა, რომელიც მხატვარი იყო. მერე დავიწყეთ ძმის ძებნა და აქედან გავხსენით ეს საქმე. სხვათა შორის, ეს კაცი რუსთაველის თეატრის მხატვარი იყო – ძალიან კარგი კაცი, განათლებული, მაგრამ ცხოვრებამ აიძულა ეს ჩაედინა. ლენინგრადში იყო ქარხანა, სადაც საბჭოთა ფული იჭრებოდა და იქიდან გამოჰქონდათ ქაღალდი. ამიტომ მომხმარებლისთვის ძნელი გამოსაცნობი იყო. გადაიყვანეს მოსკოვში, მიდიოდა დაკითხვები, სასამართლო. დადგა დრო, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება – დახვრეტა ან თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. ბოლოს 15 წელი მიუსაჯეს. ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო. ძალიან მოქმედებდა ჩემზე და ერთი სული მქონდა, ჩქარა წამოვსულიყავი ორგანოებიდან. ვხვდებოდი, რომ არ იყო ჩემი საქმე. ნერვიულობისგან ღამეები არ მეძინა, კამერებში ჩავდიოდი პატიმრების მოსანახულებლად. ამიტომ, დავწერე განცხადება წამოსვლაზე, მაგრამ არ გამომიშვეს. გავიდა დრო. გადამიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ბოლოს მინისტრი გავხდი. ბუნებრივია, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, უკან ხომ აღარ დავიხევდი. ასე იყო თუ ისე, ამ საქმის პროფესიონალი გავხდი. 1985 წლიდან 1991  წლამდე ვიმუშავე, მერე მივატოვე და წამოვედი. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ახალი ცხოვრება მოვიდა. ვერ გეტყვით, რომ საბჭოთა კავშირის წეს-წყობილების მიმართ ნოსტალგია მაქვს-მეთქი, მაგრამ ის სამოთხე იყო იმასთან შედარებით, რაც მერე წამოვიდა ამ სისტემაში. ჩვენ, მაგალითად, არ გვქონდა უფლება ქუჩაში კარგი მანქანებით გამოვსულიყავით. ჩვენს დროს არ იღებდნენ ორგანოებში პიროვნებას, ვისაც ჰყავდა ნასამართლევი ოჯახის წევრი. მაგრამ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თვითონ ნასამართლევი ხალხი მიიღეს ორგანოებში.  

 

 

კახეთში ვართ. ოპერაციას ვატარებთ. ჯერ კიდევ მინისტრი  ვარ. ობიექტზე, რომელზედაც ვმუშაობდით, უნდა გამოგვევლინა კრიმინალი. ჩვენთან ერთად მუშაობდა დაზვერვა. კარგი მომენტი რომ დადგებოდა, კრიმინალის ფაქტზე დასაკავებლად, მერე ჩვენ  უნდა ჩავრთულიყავით. ელოდებოდნენ ჩემს განკარგულებას. მოხდა ისე, რომ ერთი დაზვერვის მანქანა დაიკარგა, ჩამოგვშორდა. გახსოვთ, მაშინ ავტოინსპექციის პატარა საგუშაგოები იდგა გზებზე, ერთი ასეთი საგუშაგო იყო გომბორის გადასახვევთან. იქ  გავჩერდით. მივდივარ ამ საგუშაგოსკენ, რომ ვუთხრა, ამა და ამ მანქანაზე გაამახვილეთ ყურადღება-მეთქი. ერთი თანამშრომელი ზურგით დგას ვიღაცის პირისპირ და ლაპარაკობს, ძალიან მეჩქარებოდა და ბეჭზე ხელი დავადე. შემოტრიალდა, ვხედავ, მის წინ მოქალაქეს ხელში უჭირავს მართვის მოწმობა და ათმანეთიანი. ეტყობა, გარიგება მიდიოდა. რა თქმა უნდა, არც მე ველოდებოდი ამას და არც ის. რომ დამინახა, ადგილზე ჩაიკეცა, გული წაუვიდა, ალბათ, იფიქრა მიჭერენო. ვეცი, ბეჭებში ხელს ვარტყამ, ვეუბნები, რა მოგივიდა, ბიჭო, ნუ გეშინია, აგერ ვარ-მეთქი. იქიდან კი მეორე მპასუხობს – ჰოდა, აგერ რომ ხართ, ბატონო, იმიტომაა ცუდად, წადით თქვენ და კარგად გახდებაო. ღმერთი, რჯული, ხმა არ გამიცია, დავანებე თავი. როგორც მინისტრს ამაზე რეაგირება არ მომიხდენაი, ისედაც ნახევარი სიცოცხლე გაათავა საწყალმა. ამას რატომ გიყვებით იცით, ორგანოს მუშაკი რომ იყო, საჭიროა ადამიანური მომენტებიც გესმოდეს და გაითვალისწინო. მარტო კანონებით კი არ უნდა იყო დაკავებული, სადაც შეიძლება, გვერდიც უნდა აუარო. ცოლი ჰყავს, შვილი, დედა, მამა... ხომ უნდა გაითვალისწინო რაღაც. ოპერაციაზე ყოველი გასვლა, რა თქმა უნდა, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ არასდროს ქუჩაში არ გვისვრია, არავინ დაგვიჭრია. თუ დავიჭერდით ამას ხალხი ვერც ხედავდა, ისე ვაკეთებდით.

 

 

მამაჩემს ძალიან უყვარდა ფორმიანი მუშაკები, დიდ პატივს სცემდა. როცა პოლკოვნიკი გავხდი, ისე გაუხარდა, იმერული პურმარილი გააკეთა და ჩამოიტანა. ოჯახში შეხვედრა მოუწყო ჩემს კოლეგა-მეგობრებს, მაგრამ, გენერალი რომ გავხდი, მამა უკვე ერთი თვის გარდაცვლილი იყო. ისე დამწყდა გული, ვერ აგიწერთ... 1979 წელია. მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება და საერთოდ, როდესაც ბრძანება მოდიოდა, ფორმაც მოჰყვებოდა. 7  ნოემბერს პარადზე უკვე გენერლის ფორმით უნდა გავსულიყავი.  გადმომცეს ეს ყველაფერი. იმ დღეს, დიდი ხნის საგზაო-სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სურამის გზა იხსნებოდა, რიკოთის უღელტეხილი. მე, როგორც მინისტრის მოადგილე, ალექსი ინაური, როგორც უშიშროების კომიტეტეის თავმჯდომარე და  შევარდნაძე ცენტრალური კომიტეტის მდივანი, უნდა დავსწრებოდით გზის გახსნას. ფორმა მანქანაში ჩავდე. ვიფიქრე, თუ მომეცა საშუალება, ავალ ჩემს სოფელში და ფორმას პირველად მამაჩემის საფლავზე ჩავიცვამ-მეთქი. გაიხსნა გზა, რა თქმა უნდა, სიტყვით გამოვიდნენ საპატიო სტუმრები, მერე შევარდნაძემ თქვა – თუ გზის გახსნაა, მოდი, ბოლომდე გავხსნათ და ზესტაფონამდე ჩავიდეთო. გამიხარდა. ჩავედით ზესტაფონში, მოედანზე მანქანებიდან გადმოვედით, ხალხი შემოგვეხვია. მივედი და შევარდნაძეს ვთხოვე – ბატონო ედუარდ, ჩაფიქრებული მქონდა, თუ მშობლიურ კუთხეში მოვხვდებოდით, პირველად გენერლის ფორმით მამაჩემის საფლავზე მივსულიყავი. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, წავალ-მეთქი. ბეჭებზე დამარტყა ხელი – ყოჩაღ! მეც წამოვიდოდი, დასაწერი რომ არ მქონდეს. ხვალინდელი აღლუმისთვის სიტყვა მაქვს მოსამზადებელიო. წავედი. დედა დამხვდა სოფელში. გაუხარდა, რა თქმა უნდა. დარჩები, შვილოო. ვერა დედა, ხვალ აღლუმზე ვარ გამოსასვლელი, ახლა ერთი ბოთლი ღვინო, მჭადი და ყველი მოამზადე და საფლავზე ავიდეთ-მეთქი. სანამ დედა ქვევით, სამზარეულოში ამას ყველაფერს ამზადებდა, მეორე სართულზე ავედი და ფორმა ჩავიცვი. სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავი ვერ ვიცანი. ჩამოვდივარ კიბეზე, დედაჩემი მიყურებს გაოცებული, ვეღარ მცნობს. მოვიხადე ქუდი – დედა მე ვარ-მეთქი. ეს რა ჩაგიცვამს, შვილოო. ეს ჩემი ფორმაა, გენერალი გავხდი, ახლა მამას საფლავზე უნდა წავიდეთ-მეთქი. ახლა რომ მახსენდება, ცრემლს ვერ ვიკავებ. მეორე დღეს პირველად გამოვცხადდი გენერლის ფორმით პარადზე და პირველი, ვინც მომილოცა, მოედანზე რომ შემოვედით, გენერალ-პოლკოვნილი, ამიერკავკასიის ჯარების სარდალი იყო – ძალიან კარგი კაცი. მაგრამ, მერე გახდა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ცხრა აპრილს ჩამოვიდა აქ და ამ უბედურებას ხელმძღვანელობდა, რაც მოხდა. 

 

 

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტი იყო ცხრა აპრილის ღამე. რაც არ უნდა კრიმინალებთან შეჯახება მომსვლოდა, რაც არ უნდა რთულ ოპერატიულ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, ყველაზე რთული იყო ცხრა აპრილი (მე გახლდით მილიციის დარგში როდიონოვის მოადგილე), მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ ავყევი და არ გავაკეთე ის, რაც დავალებული მქონდა. უნდოდათ მე გავძღოლოდი წინ და ჩვენი მილიცია. პირიქით, ჩვენ დავეხმარეთ ხალხს იმ გაჭირვებაში, რასაც ძალიან დიდი უსიამოვნება მოჰყვა. ატყდა ლანძღვა-გინება, ფიზიკური გაწევ-გამოწევაც კი – ჩათავლეს, რომ მე ვუღალატე საბჭოთა პარტიას, ორგანოებს და გადავედი მომიტინგეების მხარეზე. უნდოდათ ხალხი ალყაში მოექციათ. ჩვენ გავხსენით გზა და ლესია უკრაინკას ქუჩით გავიყვანეთ ეს ხალხი. ბევრი ასე გადარჩა, თორემ ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, ყველა უნდა დახოცილიყო. ის გრძნობა მაწუხებდა, რომ იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ამ საქმეს ვერაფერს ვშველოდი. 1991 წელს გავედი პენსიაზე. 1995 წელს უკან მიმიწვიეს, პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელად, ექვსი წელი ვიმუშავე და ისევ პენსიაზე გავედი.  

 

 

ჩემს ცხოვრებაში ცუდი პერიოდები ამით არ დამთავრებულა. უფროსი შვილი მანანა გათხოვილია, მისი მეუღლე მოკრივე, დავით კვაჭაძეა. ჰყავთ ორი შესანიშნავი შვილი. პენსიაზე რომ გავედი, მე და ჩემს ვაჟს – გიას მეტი დრო გვქონდა ურთიერთობისთვის. ერთად დავდიოდით სპორტზე, ვვარჯიშობდით, თითქმის ყოველდღე  მივდიოდით აუზზე. კუს ტბაზე ავდიოდით. ერთი სიტყვით, ძალიან კარგად იყო ბიჭი, ყველანაირად ბედნიერი ოჯახი გვქონდა. 2009 წლის 22 ივნისს მოხდა ასეთი რამ: ჩემი მეუღლე ღამის ოთხ საათზე გამოვიდა ოთახიდან, წაიქცა და ფეხი მოიტეხა. ყვირილზე გამოვარდა ჩემი ბიჭი, გვერდზე ოთახში ეძინა. დედა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, ძალიან იმოქმედა მის ნერვულ სისტემაზე და ეპილფესიური გულყრა დაეწყო. სანამ  მეუღლეს მივხედე, ამასობაში, როგორც ჩანს, დავაგვიანე გიას მიმართ ყურადღების გამოჩენა და მდგომარეობა გართულდა. სასწრაფოდ წავიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში. იქ გაუკეთეს ისეთი ნემსი, რომელიც არ უნდა გაეკეთებინათ, თან დიდი დოზით და ბიჭი საერთოდ გაითიშა. სამი თვე მეწვინა საავადმყოფოში. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჯანმრთელეობის სამინისტრო კი დამეხმარა, მაგრამ ერთი დღე-ღამე რეანიმაციაში 570 ლარი იყო გადასახდელი. ვეღარ გავუძელით ამას, მოვკიდე ხელი და სახლში წამოვიყვანე. ოთხი წელია, აპარატზეა. ექთნები მყავს აყვანილი, 24 საათის განმავლობაში ადგანან თავზე. თითქოს რაღაცეები ესმის, მაგრამ რეაგირებას ვერ ახდენს, მხოლოდ თვალს გამოგვაყოლებს ხოლმე. შვეიცარიიდან მყავდა ჩამოყვანილი სპეციალისტები და იმათ თქვეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისთვის ამ წამლის გაკეთებაო. აი, მას შემდეგ ვართ ამ დღეში. ეს სახლი, აგარაკი – რაც გაგვაჩნდა, ბანკში მაქვს ჩადებული. სახლში რაც მქონდა ყველაფერი გავყიდეთ. ერთადერთი, პენსია დამრჩა. ცოტას მეგობრები, ნათესავები მეხმარებიან, ვისაც ახსოვს ჩვენი ოჯახის სიკეთე. მაგრამ როდემდე? ყველას თავისი პრობლემა და საზრუნავი აქვს. მინდოდა, ვინმესთან მივსულიყავი, დახმარება მეთხოვა, მაგრამ არავინ მიღებს, ტელეფონის ზარსაც არ პასუხობენ, საერთოდ არავინ მკითხულობს,  მკვდარი ვარ თუ ცოცხალი. „

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი