logo_geo
„ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში…“ – მირზა გელოვანის პირველი და უკანასკნელი სიყვარული
- +

2 მარტი. 2020. 14:28

 

დღეს მირზა გელოვანის დაბადების დღეა.

 

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს, რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე“, – წერდა მირზა გელოვანი ფრონტიდან, მაგრამ „სიცოცხლით მოთამაშე“ პოეტს შინ დაბრუნება არ ეწერა. 1944 წელს ბელარუსში, მდინარე დვინის გადალახვის დროს დაიღუპა. მაშინ მირზა 27 წლის იყო…

 

მირზა გელოვანი ნაქალაქარში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით, მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი თიანეთში, იმ ადგილას დასახლდა, სადაც დღეს მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმია განთავსებული.

 

მირზას მამა, ეკონომისტი გედეონ გელოვანი წიგნიერი და განათლებული ადამიანი იყო და მის სახლს ყოველთვის ცნობილი და საპატიო ადამიანები სტუმრობდნენ. გედეონ გელოვანსა და ევა მაჩურიშვილს რვა შვილი ჰყავდათ. მომავალი პოეტი, რომელსაც რეზო დაარქვეს, 1917 წლის 2 მარტს დაიბადა.

 

ლექსების წერა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. თავიდან ლექსებს „მზის კაცის“ ფსევდონიმით წერდა, მაგრამ შემდეგ ფსევდონიმად მირზა შეარჩია.

 

თანამედროვეთა მოგონებებიდან ჩანს, რომ მირზა გელოვანი ლამაზი გარეგნობისა და დაუდგრომელი ბუნების, თამამი, ამაყი და თავნება ბიჭი იყო, რომელიც გამუდმებით თავგადასავლებს ეძებდა და გოგონების დიდი მოწონებით სარგებლობდა. მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ციცინო გაბიდაურის მონაყოლიდან ვიგებთ, რომ მირზას პირველი სიყვარული სრულიად ახალგაზრდა ასაკში სწვევია, მაგრამ:

 

– მირზა გელოვანის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელად 1989 წელს დავინიშნე და ოცდამეშვიდე წელია, აქ ვარ. ამ სახლისა და მასში მცხოვრებთა სულების მიმართ ძალიან დიდი მოკრძალება და მოწიწება მაქვს. მირზას მშობლები და და-ძმა თიანეთის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი. მე და ჩემი თანამშრომლები დავდივართ, საფლავებს ვუვლით, ეზოში დარჩენილ მირზას ნატერფალებს ვეფერებით და მომავალ თაობას მის შემოქმედებას ვაცნობთ. მირზა ძალიან ლამაზი ახალგაზრდა იყო და ბევრ გოგონას მოსწონდა, მაგრამ მთის ხალხი გრძნობებს ძუნწად გამოხატავს. ისეც ხდება, რომ ახალგაზრდებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთს ვერ უმხელენ და მათი გრძნობის შესახებ სხვებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე თავად. ცხადია, რომ ძველ დროში უფრო მეტი უმანკოება და სიწრფელე იყო, ამიტომ შეყვარებულები გრძნობების ფრქვევას შორით ტრფიალს არჩევდნენ. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ მირზას პირველი სიყვარული პოეტ ალაზა ხაიაურის და იყო. ბატონი ალაზა ისეთი კოლორიტული და პატივსაცემი ადამიანი ბრძანდებოდა, რომ ძლივს გავბედე, მისთვის ამის შესახებ მეკითხა. ბატონმა ალაზამ გაიღიმა და მითხრა, ეს ისეთი სიყვარული იყო, რომ ერთმანეთისთვის არც გაუმხელიათო. მე უმცროსი ძმა ვიყავი და ჩემი დის სიყვარულს ან გათხოვებას არავინ მეკითხებოდა, მაგრამ ყურმოკვრით ვიცოდი, რომ სარასა და მირზას ერთმანეთი უყვარდათ. მირზას დაუდგრომელი და თამამი ბუნების გამო, ჩემი ძმები სარას მასთან ურთიერთობას უკრძალავდნენო, მითხრა ბატონმა ალაზამ. როგორც ჩანს, ძმებმა გააფრთხილეს და, რომ მირზასგან თავი შორს დაეჭირა და მუქარანარევი გაფრთხილება მირზასაც შეუთვალეს. მე ვიცნობდი სარას. ეს იყო თეთრი პირისახის და არისტოკრატული გარეგნობის ულამაზესი ქალი, რომელიც თიანეთის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა და 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მირზა გელოვანის პირველ, უიღბლო სიყვარულს ეძღვნება 1935 წელს დაწერილი ლექსი „თეთრი მიწა“:

 

„დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით,

თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები.

მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით,

ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები.

 

ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი,

სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა.

მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი

და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა“.

 

სარა ხაიაურთან წარუმატებელი სიყვარულის შემდეგ, მირზას ცხოვრებაში ახალი სიყვარული – თანაკურსელი, თიანეთელი გოგონა გამოჩნდა.

 

17 წლის პოეტმა 16 წლის მარიამ ცალუღელაშვილს ცოლობა სთხოვა, თუმცა ამჯერად, წინააღმდეგობას საკუთარი ოჯახიდან წააწყდა. მარიამი ტრადიციულად ხელის თხოვნას ითხოვდა, ამისთვის კი მირზას ოჯახის თანხმობა იყო საჭირო. ციცინო გაბიდაურის თქმით, „თავნება და ონავარი“ მირზა დედის მიმართ განსაკუთრებულად მოკრძალებული იყო და მას თქვენობითაც კი მიმართავდა, ამდენად, ცხოვრების მეგზურის არჩევაში დედის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებდა.

 

როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ, რომ მირზამ ტრადიციულად ხელი არ სთხოვა, მარიამმა პოეტის სიყვარულს უარი უთხრა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქუთაისელ პავლე დავითაიაზე გათხოვდა.

 

ამ დროს მირზა ორჯონიკიძეში იყო. საერთოდ, უყვარდა მოგზაურობა. მარიამის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, დაწერა არაჩვეულებრივი ლექსი „ჩემი მუქარა“, დღეს რომ „მწყემსის მუქარის“ სახელით არის ცნობილი:

 

„დამაცადე, ნატყვიარში დავიფინო ბალახი,

კვლავ ვიხილო მთები ქარში

ჩემგან გადანალახი.

გაგიტაცო, ლურჯა მალი

მიგვაფრენდეს მალვითა,

მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ,

სისხლს გავუშვებ ღვარადა;

ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ,

ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე-მალო, ვერ დამალავ,

კოცნას მაინც დავაჩენ,

ერთი წუთით შენს შავ დალალს

ბალახებში დავაფენ.

მერე მომწვდნენ, მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს,

გადამკრან და გადამჩეხონ,

ხმალი მიწას სწვდებოდეს!“

 

მუზეუმის ხელმძღვანელი მირზა გელოვანის ლექსებში „თმების“ თემატიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პოეტის ლექსების მუზებს სწორედ ლამაზი და გრძელი თმა ჰქონდათ.

„ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით

გამახსენდება თმები-შოლტები.

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,

 მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები

ასფურცელას და ოქროსთმებიანს,

ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები

და შენზე დარდში დამთენებია.

მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ“.

 

1935 წლიდან პოეტის პოპულარობა იზრდება. მირზა გელოვანის ლექსები უკვე „ჩვენს თაობასა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება, მაგრამ მოდის 1939 წლის ნოემბერი და მირზას წითელ არმიის რიგებში იწვევენ. ორ წელიწადში კი დიდი სამამულო ომი იწყება.

 

როგორც ჩანს, კალმის გარდა, მირზა გელოვანს იარაღთანაც ბავშვობიდან ჰქონდა ურთიერთობა.

 

ცხრა წლისა ყოფილა, როცა მისთვის პირველი თოფი უჩუქებიათ და 13 წლისა უკვე გამოცდილ მონადირეებთან ერთად, დათვებსა და მგლებზე სანადიროდ, მთებში დადიოდა. „როგორი მადლობელი ვარ, დედაჩემო, იარაღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან. იარაღი, სიმართლე და ვაჟკაცობა. ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი“. – წერდა მირზა დედისთვის გამოგზავნილ წერილში.

 

ფრონტიდან გამოგზავნილი, დენთისა და ტყვიის სუნით გაჟღენთილი წერილები ლექსებითაა სავსე და აქ ჩნდება პოეტის ახალი, საყვარელი ქალის თინა მაქსიმელაშვილის ხატება. ქალისა, რომელსაც მირზა გელოვანმა გენიალური ლექსი უძღვნა:

 

„ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,

რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,

რომ საქართველოამ გაზაფხულში,

როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს.

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი

და შენ ჩაიცვი კაბა ყვავილის,

რომ მტკვარი ღელავს, როგორც ყოველთვის,

როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის“.

 

ქალბატონი ციცინო აღნიშნავს, რომ თინა პოეტის უკანასკნელი სიყვარული იყო, რომელიც მისავე ნაჩუქარ იებთან ერთად, რომელიც გულისჯიბით დაჰქონდა, საფლავშიც ჩაიყოლა.

 

მარიამ ცალუღელაშვილის შემდეგ, მირზას ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ქალი – ნინო ლედიანი, თუმცა მასთან ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

 

შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ მირზა მექალთანე იყო, მაგრამ ასე არაა.

 

ეს ურთიერთობები ისეთ დროს ყალიბდებოდა, როცა ახალგაზრდა პოეტი თავადაც გრძნობდა ქალებისგან ინტერესსა და სიმპათიას. ცხადია, თავადაც დადებითად იქნებოდა განწყობილი მშვენიერი ქალბატონების მიმართ, თუმცა, ეს ურთიერთობა ყოველთვის მოკრძალებული და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული იყო. როცა თინა მაქსიმელაშვილზე ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება რამდენიმე წლის წინათ მუზეუმში მოსული ხუთი ქალბატონი. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ორმა მათგანმა მიიქცია. ქალბატონები მირზას სახლის კედლებს ეფერებოდნენ და მის ხელშენავლებ ნივთებს ესათუთებოდნენ. ბოლოს კი შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერი დატოვეს: „სანამ ჩვენი თაობა ცოცხალია, შენ დაკარგვა არ გიწერია“. როცა ეს ქალბატონები წავიდნენ, ჩანაწერის ნახვის შემდეგ შევიტყვე, რომ ერთ-ერთი მათგანი თინა მაქსიმელაშვილი იყო.

 

ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მირზა თინა მაქსიმელაშვილის მიერ გამოგზავნილ იებს ახსენებს: „მარცხენა გულისჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს“. „თინასგან იები დამრჩა სახსოვარი, ჩემი – არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს“.

 

მირზა გელოვანი 27 წლის ასაკში დაიღუპა. „დიდ ლიტერატურულ მიზანზე“ მეოცნებე პოეტი, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე შექმნილი გენიალური ლექსების სახით უძვირფასესი საგანძური დაუტოვა შთამომავლობას და უდიდეს ქართველ პოეტთა გვერდით დაიდო ბინა.

 

ციცინო გაბიდაურის თაოსნობით, მირზა გელოვანის კარ-მიდამოში სახალხო დღესასწაული „მირზაობა“ იმართება, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს. იმართება ლიტერატურული საღამოები „მთაში გაბნეული მარგალიტები“, სადაც ადგილობრივები თუ ჩამოსულები მირზა გელოვანის ლექსებს კითხულობენ.

 

„მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,

დანაშაული არდაბრუნების…“

big_banner
არქივი