logo_geo
კოლაუ ნადირაძის ლექსის „გაპარვას“ გამომცემლობის 6 თანამშრომელი გადაყვა
- +

3 მარტი. 2020. 00:34

 

 

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

 

 

კოლაუ ნადირაძის ლექსი “1921 წლის 25 თებერვალი“ ამ მოვლენების ყველაზე მძაფრი და ზუსტი გამოხატულებაა.

 

 

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

 

1969

 

 

ლექსი 1969 წელს დაიწერა, 1985 წელს გამოცემულ “პოეტის ათას სტრიქონში”, ყდაზე ავტოგრაფის სახით „გაიპარა“, რის გამოც მწერალთა კავშირის საგანგებო სხდომა დაინიშნა.

 

 

სხდომას 93 წლის პოეტი არ დასწრებია. მწერლებმა კოლაუ ნადირაძის ლექსი სკლეროზის ნიშნების გამოვლინებას მიაწერეს და მისი დასჯა არ მოითხოვეს, თუმცა მკაცრი პარტიული შეფასება მისცეს.

 

 

ირონიაა, რომ „პოეტის ათასი სტრიქონი“ დიდი ოქტომბრის რევოლუციის 70 წლისთავს მიეძღვნა. ყდაზე კი, კოლაუ ნადირაძის ავტოგრაფის ფოტო „გაიპარა“, რომელიც სისხლიან 25 თებერვალზეა დაწერილი. წიგნს გადაყვა გამომცემლობა “მერანის” 6 თანამშრომელი: მთავარი რედაქტორი მამუკა წიკლაური, მოადგილე იზა ორჯონიკიძე,  განყოფილების გამგე გრიგოლ ჯულუხიძე, სამხატვრო განყოფილების გამგე სპარტაკ ცინცაძე, მხატვრული რედაქტორი კარლო ფაჩულია და ირაღა თქმა უნდა, წიგნის რედაქტორი ლეილა ბეროშვილი, ასევე, მთავლიტის ერთი თანამშრომელიც, ვინც წიგნის დაბეჭდვის ნებართვა გასცა.

 

 

1921 წელს, ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 1921 წლის 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი