logo_geo
ძველთბილისური დასახელებანი – ბეთლემი, კლდის უბანი და ფეთხაინი
- +

11 მარტი. 2020. 15:10

 

 

ბეთლემის ეკლესია დღეს ფეთხაინის ეკლესიად ცნობილი ტაძრის პირვანდელი სახელწოდებაა. საქართველოში ქრისტიანულ სამლოცველოებს ხშირად ე.წ. „წმინდა ადგილების“ სახელებს არქმევდნენ. ებრაულად „ბეთ“ სახლს ნიშნავს, „ილი“ – ღვთისას. ამგვარად, „ბეთილი“, „ბეთლემი“ ღვთის სახლს ეწოდება. ბეით–ლეჰმი ან ბეთლეჰემი თავდაპირველად ქანაანელთა, მოგვიანებით კი, იუდეველთა ქალაქი იყო სამხრეთ პალესტინაში (დღევანდელ იორდანიაში) და ბიბლიის მიხედვით, დავითის სამშობლოა. სახარების მიხედვით, აქ იესო ქრისტე დაიბადა.

 

 

გადმოცემით, თბილისის ბეთლემის ეკლესიას ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენამდე მრავალი გადაკეთებით (განსაკუთრებით ინტერიერში) მოღწეული ეკლესია აუგია თავად გივი ამილახვარს 1740 წელს. ეს ის გივი ამილახვარია, რომლის თაოსნობითაც, 1742 წელს ააშენეს ქაშვეთის აგურის ახალი ეკლესია (დღევანდელის წინამორბედი). გივი ამილახვარი ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემოქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი ყოფილა. მას არაერთი ციხე და ეკლესია აღუდგენია. ბეთლემს სომხური ეკლესია დაეპატრონა და მას ფეთხაინი ეწოდა, თუმცა ეკლესიას, როგორც ქართველთათვის უძველეს „წმინდა ადგილზე“ აგებულს, ქართველი მრევლიც ჰყავდა.

 

 

კლდის უბნის დასახელება ბუნებრივი პირობებიდან მოდის. იგი განლაგებულია მეტად დამრეც რელიეფზე. უბანს საზღვრავენ კომკავშირის (ახლანდელი სოლოლაკის) ხეივანი, აზიზბეკოვის (ახლანდელი ბეთლემის აღმართი) ქუჩა, ფეთხაინის უბანი. თბილისის მრავალი ადგილიდან ჩანს აქ მდგარი კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია.

 

 

ფეთხაინის უბანი – ტერიტორია, რომელიც მოქცეულია ეხლანდელი ენგელსის (ახლანდელი ლადო ასათიანი), აზიზბეკოვის(ახლანდელი ბეთლემის აღმართი), გომის ქუჩებს, ფეთხაინის ეკლესიასა და ფეთხაინის კიბეს შორის.

 

 

ფეთხაინის კიბე – კიბე, რომელიც ფეთხაინის უბანში კლდეს აყვება და ეკლესიასთან მთავრდება. კიბის პროექტი 1850 წელს შეადგინა თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა, ტიმოთე ბელოიმ. პროექტში კიბეს მიუყვებოდა სვეტებზე მოწყობილი სახურავი, მაგრამ პროექტი ბოლომდე არ განხორციელებულა და ამასთან, კიბის ტრასაც ნაწილობრივ შეიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი