logo_geo
გოგი ცაგარელის ომი და მშვიდობა
- +

10 აპრილი. 2020. 00:41

 

 

გოგი ცაგარელი 1947-2020

 

 

2020 წლის 9 აპრილს  გოგი ცაგარელი გარდაიცვალა.

 

 

ეს სტატია 13 წლის წინ, 2007 წელს დაიწერა და ჟურნალის “ფოტო“ პირველივე გამოშვებაში გამოქვეყნდა.

 

 

გთავაზობთ უცვლელად.

 

 

 

ნესტან ნიჟარაძე

 

 

გოგი ცაგარელს ყოველთვის უყვარდა მოვლენების და ადამიანების გადაღება. შესაბამისად, ფოტორეპორტიორად მუშაობის ოცწლიანი გამცდილებაც აქვს. ამბობს, რომ ამ დროს მუდმივად რაღაც ახლათან ჰქონდა შეხება. მუშაობდა მძიმე სოციალურ თემებზე. იღებდა ომებსაც – ჯერ თბილისში სამოქალაქოს, შემდეგ სამხრეთ ოსეთში, მერე აფხაზეთში და ბოლოს, ყარაბახშიც.

 

 

ტერმინი "ფოტოხელოვნება" ყოველთვის აღიზიანებდა. აღიზიანებს დღესაც. ამბობს, რომ მისთვის ფოტოგრაფია არის ან დოკუმენტური ან არადოკუმენტური. ოცი წლის მანძილზე იგი სწორედ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მუშაობდა. დღეს იგი არადოკუმენტურ ფოტოგრაფიას აკეთებს. გოგი ცაგარელის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთსაც და მეორესაც იგი ერთნაირად კარგად აკეთებს.

 

 

 

 

 

 

გოგი ცაგარელი თითქმის 7 წელია აღარ მუშაობს ფოტორეპორტიორად. რუტინულ ფოტოგრაფიულ სამუშაოზეც უარი თქვა. ამიტომ დაიწყო ახლის ძიება და იპოვა კიდეც. ეს ახალი მისთვის კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა. გოგი ცაგარელმა ძველი ფოტოგრაფიული პროცესები და ტექნიკა "გაიხსენა" და დღეს, როდესაც მსოფლიო ფოტოგრაფია უმეტესწილადéციფრული ტექნოლოგიების რიტმში ვითარდება და მისი ესთეტიკის მძევალიც ხდება, იგი თავად ამზადებს ოპტიკას, ამუშავებს ქაღალდს ვერცხლის ხსნარებით, დიდხანს იღებს, დიდხანს ამჟღავნებს, დიდხანს ბეჭდავს და აკეთებს ისეთ ფოტოგრაფიას, როგორიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც 1 საუკუნის წინ კეთდებოდა. იღებს მონოკლის და "პინჰოლის" ტექნიკითაც ანუ როგორც თავად განსაზღვრავს, მუშაობს "ალტერნატიულ ფოტოგრაფიაში".

 

 

 

ამბობს, რომ ასაკმა თავის კორექტივები შემოიტანა მის ხედვაშიც, სურვილებშიც და მისწრაფებეშიც. ახლა იგი « მშვიდობიანი გადაღების » რიტმში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა მანამდე იყო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც გოგი ცაგერილი ფოტორეპორტიორად მუშაობდა და ერთ-ერთი პირველი მიდიოდა მძიმე სოციალური სიუჟეტების და ომების გადასაღებად, იდგა ფრონტის პირველ ხაზზე და ეს  მხოლოდ იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ მას დავალებაზე აგზავნიდნენ, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მას ეს აინტერესებდა. მას ამის გარეშე არ შეეძლო. "გადაღება ჩემთვის იყო გზა, რომელსაც მივყავდი რთული მოვლენების და პრობლემების გაგებამდე. მერე ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რაც მე დავინხე და გავიგე." ეს გზა კი გრძელი აღმოჩნდა. და ამ გზაზე იყო ომიც და მშვიდობაც.

 

 

 

 

 

 

 

ომამდე

 

 

ყველაფერი ანუ ფოტოგრაფია 1980 წელს დაიწყო. სწორედ იმ წელს, როდესაც გოგი ცაგარელს პირველი შვილი შეეძინა, რომელმაც მას გადაღების სურვილი აღუძრა. თუმცა მანამდე ფოტოგრაფიასთან შეხება არ ჰქონია. ამიტომ თვითონ დაიწყო ფოტოგრაფიული პროცესების შესწავლა და შემდეგ გადაღებაც. ძალიან მოეწონა პროცესი და არაერთი ღამეც გაათენა ფოტოების გამჟღავნებაში და ბეჭდვაში. "მერე იყო ერთი ფოტო, ყვება გოგი ცაგარელი. გადავიღე ჩემი მეუღლე და შვილი. მათ უცნაურად ეცემოდათ შუქი და მე მივხვდი, რომ შემეძლო შუქთან მუშაობა." სწორედ ამ ფოტოს შემდეგ, გოგი ცაგარელის ფოტოგრაფიით უწყინარმა გატაცებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. იგი ნელ-ნელა ინჟინერის პროფესიას და საპროექტო ინსტიტუტში სერიოზულ სამუშაოს თავს ანებებს და ასევე ნელ-ნელა დამწყები ფოტოგრაფის სტატუსით ანუ როგორც თავად ამბობს, "არასერიოზული სტატუსით" პრესაში იწყებს მუშაობას. თუმცა მოხდა ისე, რომ გოგი ცაგარელმა მალევე დაიწყო ისეთი ფოტოების გადაღება, რომლებიც მაშინდელი სერიოზული პერიოდიკული გამოცემების მთავარ რედაქტორებს მოსწონდათ. "ძალიან მალე მივხვდი, რომ პრესის ფოტოგრაფია არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა. რეგულარულად ვყიდულობდი იმ უცხოურ ჟურნალებს, რომლებიც მაშინ საქართველოში შემოდიოდა, რომ მცოდნოდა რა ხდებოდა საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკაში და როგორ ვითარდებოდა იგი", იხსენებს გოგი ცაგარელი.

 

 

 

 

 

1984 წლიდან იგი ერთერთი მნიშვნელოვანი პერიოდიკული გამოცემის "მოლოდიოჟ გრუზიის" ფოტოკორესპონდენტად იწყებს მუშაობას. შემდეგ გადადის "საქინფორმში", რომელსაც ერთი წლის მუშაობის შემდეგ ტოვებს. "იქ რომ გამეგრძელებინა მუშაობა, ვეღარ შევძლებდი ისე გადაღებას, როგორც ეს მე მინდოდა. ამას ძალიან მალე მივხვდი." "საქინფორმიდან" ისევ "მოლოდიოჟ გრუზიი"-ში ბრუნდება და 1988 წელს "APH"- ის ანუ "ბეჭდვის და ახალი ამბების სააგენტოს" შემოთავაზებასაც იღებს. იმ დროს "APH"-ში საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფოტოგრაფები მუშაობდნენ და შესაბამისად, 4 წლის მუშაობა გოგი ცაგარელისთვის დიდი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა. შემდეგ იყო სხვა სააგენტოებთან და პერიოდიკულ გამოცემებთან თანამშრომლობაც. შემდეგ კი ომები დაიწყო...

 

 

 

ომი

 

 

"პირველ გადაღებაზე ისე ვკანკალებდი, რომ ხელს ვერ ვაჩერებდი და იძულებული გავხდი იდაყვის მუხლზე დაყრდნობით მემუშავე," სიცილით იხსენებს გოგი ცაგარელი. ეს თბილისის სამოქალაქო ომის დროს ხდებოდა – 1991 წლის დეკემბერში. შემდეგ კი განაგრძობს: "ასხლეტილმა ტყვიამ ისე ახლოს გადამიარა თავზე, რომ თმებით ვიგრძენი, ფეხები დამირბილდა და ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა. აი მაშინ მივხვდი, რომ ეს ომი იყო და რომ ის, რაც ხდებოდა მართლაც საშიში იყო. საშიშიც და საშინელიც. რუსთაველის პროსპექტზე ვიყავით ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობასთან და იქვე, ჩემი კოლეგები იდგნენ, რომლებიც ასევე მუშაობდნენ. მახსოვს, პირველი გასროლის შემდეგ მათ გადმომხედეს და ერთერთმა მითხრა: გოგი, ომი დაიწყო." სწორედ აქ, თბილისში დაიწყო "გოგი ცაგარელის ომებიც". თბილისს სამაჩაბლო და შემდეგ უკვე აფხაზეთიც მოყვა. აფხაზეთს ყარაბახი.

 

 

 

 

გოგი ცაგარელი ამბობს, რომ ომი ადვილი გადასაღებია, უბრალოდ ახლოს, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე, იქ, სადაც, მთავარი, ყველაზე საშინელი ხდება. რატომ არის ადვილი? იმიტომ რომ "ყველაფერი ხელის გულზეა, ყველაფერი გაშიშვლებულია. ადამიანები იმდენად ახლოს არიან სიკვდილთან და დასასრულთან, იმდენად ყველაფრისთვის არინ მზად, რომ სხვანაირად გულწრფელები და გახსნილები ხდებიან." დანარჩენს კი ადამიანი ეჩვევა, ამბობს გოგი ცაგარელი. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ეჩვევა. ეჩვევა სიკვდილს, შიშს, შიმშილს, სიცივეს, ჭუჭყს, დაღლას. ეჩვევა იმასაც, რომ იქვე ახლოს ვიღაც კვდება, შენ კი აგრძელებ გადაღებას, რადგან უნდა გადაიღო. და ომიც რუტინის, ყოვედღიურობის ელფერს იძენს. "ამას ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ როდესაც საომარი მოქმედებები მთავრდებოდა, ჩვენ ვიკრიბებოდით, ვიცინოდით და ვერთობოდით და ცოტა ხნით მაინც აღარ ვფიქრობდით ომზე", ამბობს გოგი ცაგარელი. "მერე მენატრებოდა კიდეც ომში დაბრუნება, თუმცა ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება ეს ენატრებოდეს. ბუნებრივია, მე რაღაც სხვა მენატრებოდა. მახსოვს, თბილისში რომ ვბრუნდებოდი, ვამბობდი: იქ კარგი იყო." რა იყო კარგი ომში? თურმე ის, რომ იქ სხვანაირად გიხარია რომ ცოცხალი ხარ, სხვანაირად გიყვარს სიცოცხლე...

 

 

 

 

აფხაზეთის ომის გადასაღებად გოგი ცაგარელი 1992 წლის 18 აგვისტოს წავიდა, თან ისე რომ არავის გაუგზავნია გადასაღებად, საკუთარი ინიციატივით წავიდა. აინტერესებდა. მის ფოტოებს შემდეგ სხვადასხვა ქართული თუ უცხოური გამოცემები ან საინფორმაციო სააგენტოები ყიდულობდნენ და აქვეყნებდნენ. იგიც დროდადრო ბრუნდებოდა თბილისში, მერე ისევ აფხაზეთში. როგორც ეს უკლებლივ ყველა ფოტოგრაფს ემართება ხოლმე, იგიც ვეღარ ძლებდა ომის გარეშე. უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ომია. ახსოვს როგორ გამოყვა უკანასკნელ მატარებელს ოჩამჩირედან 1993 წლის 29 სექტემბერს, თან ისე რომ ჯერ არც კი იცოდა, რომ სოხუმი დაეცა. უბრალოდ ხვდებოდა, რომ ომი წაგებულია. ახსოვს ისიც, რომ აფეთქების ხმაზე სადღაც ფარშევანგები იწყებდნენ შემზარავად ყვირილს. და ისიც, რომ აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ დიდხანს აღარ იღებდა. აღარ აინტერესებდა სხვა სიუჟეტების გადაღება. ამბობს, რომ აფხაზეთის მერე ერთადერთი საინტერესო გადაღება მისთვის ყარაბახში შედგა, ისიც ომის დროს - ომიდან მშვიდობაზე გადასვლა ძალიან რთული აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

 

მშვიდობა

 

 

შემდეგ კი ომები დამთავრდა. ყოველი შემთხვევისთვის გოგი ცაგარელისთვის. მან ყველა ფირი გაამჟღავნა, ნეგატივები შეკრა და იფიქრა, რომ მათ არასდროს დაუბრუნდებოდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც მხოლოდ ძველი ფოტოგრაფიული პროცესების გამოყენებით მუშაობს და მშვიდად და წყნარად ნატიურმორტებს, პეიზაჟებს და პორტრეტებს იღებს. როგორც თვითონ ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ როდესმე ამ ტიპის ფოტოგრაფიით დაინტერესდებოდა. "როდესაც ფოტორეპორტიორად ვმუშაობდი, მხოლოდ მძიმე სიუჟეტები მაინტერესებდა და არ მესმოდა იმ ფოტოგრაფების, რომლებიც სტუდიაში მუშაობდნენ და შესაბამისად, ორი ან სამი საათი იღებდნენ ერთ ფოტოს. მე ეს არასდროს შემეძლო. სამაგიეროდ, ახლა შემიძლია", ამბობს გოგი ცაგარელი და ისევ იცინის. იცინის, რადგან ახლა მას ერთი ფოტოს გადასაღებად-გასამჟღავნებლად-დასაბეჭდად რამდენიმე დღე სჭირდება. სწორე ეს არის ის ძველი პროცესი, რომლის გამოყენებითაც გოგი ცაგარელი მუშაობს. ეს კი ასე ხდება: იგი ჯერ ფოტოს იღებს. შემდეგ ნეგატივიდან ფოტოტექნიკურ ფირზე პოზიტივს ამზადებს; პოზიტივიდან ისევ ნეგატივეს. შემდეგ ნეგატივს ათავსებს აკვარელის ქაღალდზე, რომელიც მანმადე უკვე შერჩეული, ჟელატინით დაფარული და ვერცხლის მჟავით არის დამუშავებული. შემდეგ ქაღალდი ნეგატივით მზის შუქზე გააქვს, შემდეგ ჩრდილში, მერე ისევ მზეზე. მთავარია იმ დღეს არ წვიმდეს. "იმას რასაც ადრე რამდენიმე წამში ვაკეთებდი, ახლა რამდენიმე საათს და დღესაც კი ვანდომებ. და მე ეს მახალისებს და მაინტერესებს." მას უჭირს ამგვარი მეტამორფოზის ახსნა და ყველაფერს ასაკს აბრალებს. "და დღეს რომ შეგეძლოთ ომის გადასაღებად წასვლა, კვლავ წახვიდოდით? ვეკითხებით ჩვენ მას. "არ ვიცი", გვპასუხობს იგი თავის ლამაზი, კეთილშობილური ბარიტონით.

 

 

 

 

 

სტატიის მოსამზადებლად ინტერვიუ გოგი ცაგარელთან 2007 წელს შედგა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი