logo_geo
სტალინი, ესპანელ კომუნისტთა ბელადი და თბილისური სასტუმროს საბჭოური თავგადასავალი
- +

24 აპრილი. 2020. 15:51

 

 

თბილისში თითქმის ყველა შენობას გარკვეული კავშირი აქვს  კომუნისტურ წარსულთან.  გამონაკლისი არც ახლანდელი სასტუმრო „თბილისი მარიოტია“. შენობა, სადაც ახლა უმაღლესი კლასის სასტუმრო ფუნქციონირებს, ცნობილმა თბილისელმა მეცენატმა და მეწარმემ, მიქაელ არამიანცმა 1915 წელს ააშენა.

 

 

 

 

„მაჟესტიკი“ – ასე ერქვა სასტუმროს, რომელიც ამ შენობაში ფუნქციონირებდა. გამორჩეული არქიტექტურისა და სერვისის სასტუმრო მალევე გახდა პოპულარული არამარტო თბილისში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. სამწუხაროდ, დიდების დღეები მალევე დასრულდა. 1921 წელს თბილისში შემოსულმა და დამკვიდრებულმა ბოლშევიკებმა „მაჟესტიკის“ ექსპროპრიაცია მოახდინეს.

 

 

 

სასტუმროს ფუნქციის აღდგენამდე ყოფილ „მაჟესტიკში“ საქართველოს პროფესიული კავშირების მუშათა სასახლე იყო განთავსებული. 1939 წელს შენობას შიდა რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და აქ სასტუმრო „თბილისმა“ დაიწყო ფუნქციონირება.

 

 

 

 

სასტუმროს პირველი სტუმრები საქართველოს კომუნისტური პარტიის მე-12 ყრილობის დელეგატები ყოფილან. მოკლედ, სასტუმრო, ძირითადად, პარტიული ნომენკლატურის მომსახურებაზე იყო ორიენტირებული. კომპარტიის მაღალჩინოსნები მოსკოვიდან  და პეტერბურგიდან სწორედ აქ ჩერდებოდნენ. საინტერესოა, რომ 1941 წელს  აქ დაიდო ბინა ესპანეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანა და მისმა ოჯახმა. ესპანელი კომუნისტების ლიდერის, ხოსე დიასის საქართველოში ჩამოსვლა ესპანეთში გენერალ ფრანკოს წარმატებებმა განაპირობა. მას შემდეგ, რაც ფრანკომ მადრიდი აიღო და ესპანეთზე სრული კონტროლი დაამყარა, რესპუბლიკური ესპანეთის მესვეურები, მათ შორის, დიასი იძულებული გახდა თავშესაფარი  მოეძებნა.

  

 

 

სტალინის უშუალო მითითებით, დიასი ჯერ ლელინგრადში, შემდეგ მოსკოვში, ბოლოს კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისში ჩამოიყვანეს. როგორც ირკვევა, ესპანელ რევოლუციონერს კუჭის პრობლემები ჰქოდა და ექიმებმა მას სამხრეთული ჰაერი ურჩიეს. ასე აღმოჩნდა დიასი საქართველოში, კერძოდ, თბილისში.

 

 

ხოსე დიასზე და მის ოჯახზე (ცოლსა და ქალიშვილზე) ზრუნვა პირადად საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს დაევალა. მკურნალობას ვაკეში, „ლეჩკომბინატად“ ცნობილ კლინიკაში გადიოდა. საიდუმლო დეპეშებიდან ირკვევა, რომ ხოსე დიასი მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომაც მას ფრონტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას უმალავდნენ. გაზაფხულზე ხოსე დიასს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება გაუმძაფრდა, ამიტომაც მისთვის საგანგებო მეთვალყურე ფერშალი მიუჩენიათ, თუმცა ეს ძალისხმევა მთლად ეფექტიანი ვერ გამოდგა. 1942 წლის 20 მარტს, შუადღისას ხოსე დიასი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე გამავალი ერთ-ერთი ფანჯრიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

 

 

22 მარტის “კომუნისტში” საქართველოს კ.პ(ბ) ცენტრალური კომიტეტი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭო „ღრმა მწუხარებით იუწყებოდნენ”, რომ „ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა ესპანეთის მუშათა კლასის ბელადი, ფაშიზმის წინააღმდეგ მგზნებარე მებრძოლი, ამხანაგი ხოსე დიასი”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი