logo_geo
მოგზაურობა 90-იანი წლების საქართველოში - ტრანსპორტის სახეობები
- +

30 აპრილი. 2020. 12:15

 

 

90-იანი წლები გაჭირვებასთან ასოცირდება. ტოტალური უშუქობა, პურის რიგები, დაცარიელებული მაღაზიები და სხვა... შეიცვალა დრო, შეიცვალა თაობები და საქართველოს უახლოესი ისტორიაც წარსულს დარჩა.

 

 

თბილისელებისათვის ყველაზე პოპულარული იყო მეტრო, რომელიც ხშირად უშუქობის გამო გვირაბში იჭედებოდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ყველაზე აქტიურად იყენებდა მოსახლეობა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, ერთი ის, რომ ყველაზე იაფი იყო და მეორე, მეტრო იყო და დღემდე რჩება ყველაზე სწრაფ ტრანსპორტად. მეტროს არასოდეს შეუწყვიტავს მუშაობა, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროსაც კი.

 

 

 

 

როგორც უკვე ვთქვით, ხშირი იყო მეტროში შუქის ჩაქრობა და ამ დროს ხალხს გვირაბიდან ფეხით უწევდა გამოსვლა. არ იყო სათანადო რაოდენობის მატარებლები, რის გამოც მატარებლების ჩამოდგომას შორის ინტერვალი დიდი იყო. ბუნებრივია, ამის გამო ვაგონებში ხშირი იყო ჭყლეტვა. უშუქობის პერიოდში მეტრო იყო ის ადგილი, რომელსაც სხვებთან შედარებით სტაბილურად მიეწოდებოდა ელექტროენერგია. იმ ოჯახებში, ვისაც სხვებისგან განსხვავებით, შუქი ჰქონდათ, ხშირად გაიგონებდით - მეტროზე ვზივარო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეტროს ხაზიდან არალეგალურად იპარავდა დენს.

 

 

 

 

 

მეორე არანაკლებ პოპულარული ტრანსპორტი ტროლეიბუსი იყო, რომელიც ახლანდელ თაობას მხოლოდ ფოტოსურათებით ახსოვს. ტროლეიბუსში გარეთ უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე შიგნით. ამ დროს ფაქტობრივად, არავინ იხდიდა მგზავრობის ღირებულებას, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ხელს არ უშლიდა ამ ტრანსპორტის ფუნქციონირებას.

 

 

აგრეთვე უბილეთოდ მგზავრობდა ტრამვაის მგზავრთა დიდი უმრავლესობა. ტრამვაი დიდი პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, ალბათ ამან განაპირობა ისიც, რომ 90-იან წლებში მხოლოდ გარკვეულ უბნებში თუ არსებობდა ტრამვაის რკინიგზა. ტრამვაი გამოირჩეოდა ნელი მოძრაობით, რაც ამ ტრანსპორტს კიდევ უფრო არაპოპულარულსა და არაკომფორტულს ხდიდა გადაადგილებისთვის.

 

 

90-იან წლებში მოძრაობდა ავტობუსებიც. მათ უმეტესობას დიდი ხანია გასული ჰქონდა ექსპლუატაციის ვადა, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტს არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები, რომ ახალი შეეძინა, ამიტომ ძველი ავტობუსებით გადიოდნენ ფონს.

 

 

 

 

როგორც წესი, ავტობუსი თავის დროზე არასოდეს მიდიოდა დანიშნულების ადგილას, მაგრამ მას მაინც ყავდა თავისი მგზავრი. ისევე, როგორც ტროლეიბუსებსა და ტრამვაიში, აქაც ხშირი იყო უბილეთოდ მგზავრობა.

 

 

მიუხედავად გაჭირვებისა, 90-იან წლებში აქტიურად გამოიყენებოდა ტაქსებიც, რომელიც ისე უხვად არ მოძრაობდა, როგორც დღეს, მაგრამ მათი ნაკლებობა მაინც არ შეიმჩნეოდა. ტაქსების უმეტესობას საბჭოთა პერიოდის "ტაქსო-პარკის" მანქანები შეადგენდნენ, რომლებიც უკვე მძღოლებს პირად საკუთრებაში ჰყავდათ და არავითარი გეგმის გადახდა არ უწევდათ. ამ პერიოდში ხშირი იყო ტაქსის "გადაგდება", ამიტომ ტაქსის მძღოლები ახალგაზრდა ბიჭების ჩასმას ერიდებოდნენ, ხოლო ღამის საათებში ფაქტობრივად, არ მოძრაობდნენ. მართლაც ლომის გული იყო საჭირო იმისათვის, რომ იმ პერიოდის თბილისში გვიან "გეტაქსავა", რადგან ხშირი იყო დაყაჩაღებაც, რასაც სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლეც ეწირებოდა ხოლმე.

 

 

  

ასეთია ზოგადი სურათი იმისა, რაც დედაქალაქში ხდებოდა. უფრო მძიმე იყო რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ცენტრალურ რკინიგზაზე, ხშირად, მატარებელი 3-4 დღე ერთ ადგილას იყო გაჩერებული, და როცა დენი მოვიდოდა, უკან ბრუნდებოდა. დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ მოსაყოლად თუ გაიხსენებს ვინმე, მაგრამ 20 წლის წინ, ეს იყო საქართველოს ყოველდღიურობა, რომელიც იმედია, აღარასოდეს დაბრუნდება.

 

 

ლადო გო­გო­ლა­ძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი