logo_geo
ნოდარ დუმბაძის თვალით დანახული გალაკტიონის თვითმკვლელობა
- +

1 მაისი. 2020. 14:21

 

 

 

ყველასათვის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე, მარტოობის ორდერის კავალერის, გალაკტიონის თვითმკვლელობას სულ სხვაგვარად განიხილავს და ამ ფაქტს თავისებურ, დუმბაძისეულ ახსნას უძებნის.

 

 

აი, რას წერს ის:

 

 

“გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა…

 

სინამდვილეში აი რა მოხდა: გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო.

 

მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია.

 

 

იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან! ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

 

 

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად – “ვეფხისტყაოსნად” ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

 

 

რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა:

 

 

დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემლჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა.

 

 

მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.

 

 

სად უნდა ვსდიოთ ქარს, რომელიც ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

 

 

გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის “აი, რა მზის სიზმარიას” მსგავსად წაღმა-უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად;

 

 

ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც, რაღა თქმა უნდა.

 

 

ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

 

 

ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს.

 

 

ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს.

 

 

რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მის დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს:

 

 

- კი, ძამიკო, შენმა აჯობაო…

 

 

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.”

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი