logo_geo
ნიკოლზ ბარათაშვილის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - გავგიჟდი მეტი აღარ ვარ, ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია
- +

7 მაისი. 2020. 14:00

 

 

ნიკოლოზ ბარათაშვილს სიყვარულმა მწარე ნაღველით სავსე ფიალა შეასვა. ტრაგიკულ პოეტს ტრაგიკული სიყვარული ხვდა წილად.

 

 

პოეტის პირველი გატაცება ვინმე ნინო ორბელიანი ყოფილა, რომლის ვინაობის შესახებ არავითარი ცნობა არ შემონახულა. შემდეგ მას შეჰყვარებია ფრანგი მეფუნთუშის ასული დელფინა ლაბიელი, რომლისთვისაც ლექსი უძღვნია სათაურით "ასტრა" (ფრანგ. ვარსკვლავი). პოეტი დელფინასთან სახლშიც დადიოდა, მაგრამ სასიყვარულო გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა.

 

 

სულ სხვა იყო ბარათაშვილის სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი. ტატო მასზე ორი წლით უმცროსი ყოფილა. ადრე მომწიფებული და ცხოვრებაში გამოსული ქალიშვილი უფროს ვაჟებთან მეგობრობდა, ერთობოდა. როცა ტატო გაიცნო და დაუახლოვდა, მოსწონდა ჭავჭავაძის ასულს ცნობისმოყვარე, ნაკითხი, დაფიქრებული გიმნაზიელის საუბარი, იყო დრო, როცა თანაუგრძნობდა კიდეც, მაგრამ, საბოლოოდ, უზომოდ განებივრებული, ამაყი ქალბატონი ზევიდან დაჰყურებდა გულჩათხრობილ ჭაბუკს. 1839 წლის 18 მაისს კი ცოლად გაჰყვა დავით დადიანს.

 

 

პოეტის სიყრმის მეგობრის, ლევან მელიქიშვილის გადმოცემით, ბარათაშვილი ბანკეტზე შეხვედრიაეკატერინე ჭავჭავაძეს, სანთლების შუქზე გაჩახჩხებულ მის ბროლის მკერდსა და ღვთაებრივ სახეს, რომელსაც საყურეების ჩრდილთა ციალი აცისკროვნებდა, გაუგიჟებია პოეტი, გონებადაკარგული მეორე ოთახში გავარდნილა და ლევანისათვის შუჩივლია: "ლევან, ლევან! გავგიჟდი მეტი აღარ ვარ. ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია. კაცი ვერ ნახავს უკეთესს." ამ საღამოსვე დაუწერია პოეტს ლექსი "საყურე", სადაც ინატრა მორიდებულმა ტატომ, რომ საყურის ჩრდილქვეშ ბაგე დაეტკბარუნებინა და შეესვა უკვდავების შარბათი:

 

 

"...ჰოი, საყურეო,

 

 

გრძნებით ამრევო,

 

 

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

 

 

მან უკვდავების

 

 

შარბათი ვინ სვის?

 

 

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?"

 

 

მართალია ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში პოეტური სიტყვის კულტი იყო გამეფებული, მაგრამ ქართული სიტყვის გენია-ნიკოლოზ ბარათაშვილი ვერ დააფასეს. შინაგანი ღირსების თაყვანისცემას, გარეგანი დიდების თაყვანისცემამ აჯობა. ამიტომ იყო, მაიკო ორბელიანს რომ შესჩიოდა გულმოკლული პოეტი: "ვინც მაღალი გრძნობის მქონენი მეგონა, იგი ვნახე უგულო, ვისი სულიც განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია..."

 

 

ქედმაღალ, ულამაზეს ქალბატონ ეკატერინეს, ალბათ, ვერც წარმოედგინა, რომ თავის დროზე უარყოფილი ბარათაშვილის სიყვარული, მასზე დაწერილი ლექსები გახდიდა მეტად პოპულარულს, გაახვევდა რომანტიკულობის საბურველში, უფრო მეტად საინტერესო, იდუმალი გახდებოდა მომავალი თაობებისათვის.

 

 

სამწუხაროა, ასეთი ტრაგიკული, დაუმსახურებული ბედი რომ ხვდა წილად. ის, რასაც მაშინდელი ფუქსავატი საზოგადოება აფასებდა, ნიკოლოზ ბარათაშვილს არ ჰქონდა, ხოლო რამაც შემდგომში უკვდავი გახადა მაშინ ის არ ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ, ორივე ფეხით დაკოჭლებულმა, კანცელარიის "სტოლნაჩალნიკმა", თვეში ხუთმანეთიანმა მოხელემ შეძლო მომავალ თაობაში სულის უკვდავყოფა, მსოფლიო ლიტერატურაში თავისი სიტყვის დატოვება.

 

 

 

 

big_banner
არქივი