logo_geo
მუშტაიდის ბაღის „სიზმრები“
- +

7 მაისი. 2020. 16:38

 

 

 

„მუშტაიდის ბაღის დაარსება ირანის აზერბაიჯანის შიიტი მუსლიმების ლიდერის, მუჯდაჰიდის - მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზის სახელს უკავშირდება. იგი რუსეთ-სპარსეთის ომის დროს რუსებმა გადაიბირეს და ირანის შაჰმა ქვეყნიდან გააძევა. 1828 წელს მუჯდაჰიდი თბილისში ჩამოვიდა და თავისი ქართველი ცოლის გამო აქ ცხოვრება გადაწყვიტა. მთავრობამ მას სასულიერო სასწავლებლის გახსნის უფლება მისცა და ქალაქის განაპირას 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოუყო. მირ ფეთეაღამ სახლი ააშენა და ყოფის მოწყობას შეუდგა. თუმცა მალე დიდი უბედურება ეწვია - ცოლი გარდაეცვალა. იგი იქვე სახლთან დაკრძალა და გარშემო ულამაზესი ბაღი გააშენა. გავიდა ხანი და მირ ფეთეაღას სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1845 წელს მან თავისი ქონება გაყიდა და სპარსეთი დაბრუნდა. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა და თბილისის მოსახლეობის საყვარელ სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა“, - აკა მორჩილაძე, „თბილისი“ (ჩანახატები)

 

 

XIX საუკუნიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში, მუშტაიდის ბაღი ქალაქელების ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი სივრცე და თავშეყრის მთავარი ადგილი იყო:

 

 

„დადგა გაზაფხული და ჩვენს ქალაქში ისეთი თბილი დღეები დაიჭირა, რომ სახლში გული აღარ უდგება ხალხს: მუშტაიდისკენ აქცევა აღარ არის, იმოდენა ხალხი მიეშურება მუდამ დღე“, - გაზეთი „ივერია“, 1887 წ.

 

 

აქ, „იმ პირთ, რომელთაც თბილისში ცხენით სატარებელ რკინის გზის გაკეთება აქვთ აღებული, უნდათ თურმე იჯარით აიღონ მუშთაიდის ბაღი და იქ გამართონ როტონდა, რესტორანი, გალლერეია, ელექტრიული სინათლით განათლებული“, - გაზეთი „დროება“, 1881 წ.

 

 

შესაძლოა დღეს საკვირველიც კი იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ მუშტაიდის ბაღის მიმდებარედ იგეგმებოდა თბილისის ზოოლოგიური ბაღის გაშენება:

 

 

„მუშტაიდის გვერდის არის ქალაქის ბაღი, რომელიც იმედს გვაძლევდა, რომ ზოოლოგიური ბაღი გაშენდებოდა, გვეყოლებოდა ყოველ გვარი პირუტყვები და მხეცები, ეხლა ბაღი შექნილა ვიღაცა გარეშე პირის სასარგებლოდ.

 

 

ის ორიოდე პირუტყვი, რომელიც ბაღში იყო ამ რამდენიმე წლის წინად, ზოგი გაყიდეს, ზოგიც ფეშქაშად გაუგზავნეს სხვა ქალაქებს და ეს ადგილი დააგდეს უბრალო ბაღად.

 

 

სხვა ქვეყნებში, სადაც ყინვა და სიცივე ამ გვარი ბაღებისათვის ერთი ათად მომეტებულ ზრუნვას ითხოვს, ყოველი პირუტყვები და მხეცები ჰყავთ მოშენებული - და აქ-კი, სადაც ბუნება ისე ეხმარება, როცა გვყავს, იმასაც სხვებს უგზავნით“, - გაზეთი „დროება“, 1883 წ.  

 

 

აქ იმართებოდა სხვადასხვა თავშესაქცევი ღონისძიებები, მათ შორის ჭიდაობაც, რომლის შემოსავალიც „წყალში დაღუპვისგან მშველელი საზოგადოებისათვის“ იყო დანიშნული“, - გაზეთი „დროება“, 1885 წ.

 

 

 

 

 

საგულისხმოა ისიც, რომ ტფილისის გუბერნატორის ბრძანებით, მუშტაიდში აკრძალული იყო ფაიტონებით და ცხენებით სეირნობა, „რათა ჰაერი არ გამტვერიანდეს და მოსეირნე ხალხმა ისუნთქონ წმინდა ჰავა“, - გაზეთი „ივერია“, 1888 წ.

 

 

ამასთანავე, მუშტაიდის შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ზოგადად, ბაღებისა და მწვანე სივრცეების შემთხვევაში ხდება ხოლმე, თავს იჩენდა პრობლემები, რაც ხეების მოჭრასა და ბაღის ტერიტორიაზე შენობების მშენებლობას უკავშირდებოდა:

 

 

„ერთხელვე რომ ჩაჰკიდეს ხელი ჩვენს „მუშტაიდს“, რაღა შველა მიეცემოდა მომავალში. დრო იყო, როცა ქალაქს ადვილად შეეძლო ამ ბაღის დაპატრონება, მაგრამ ქალაქმა ჯერ ყური არ ათხოვა და მერე, თუმცა მოინდომა, მაგრამ გვიან იყო და ერთად-ერთი საუკეთესო ბაღი ქალაქისა დღეს თითქმის გაშენებულია.

 

 

 

თუმცა, მართალია, ბაღში სიარულს ხალხს არ უშლიან, მაგრამ დარწმუნებული ვართ, შორს არაა ის დროს, როცა ამასაც მოვესწრებით, იმიტომ, რომ თუ ბაღი სამეცნიერო გამოსაკვლევ ადგილად გადაიქცევა, ხალხის სეირნობასაც მოსპობენ.

 

 

ჩვენ გვეგონა, რომ აკმარებდნენ „მუშტაიდს“ იმას, რაც აქამომდე დაჰმართეს, მაგრამ არა.

 

 

„ნოვ. ობოზრ.“ იუწყება, რომ შემოდგომაზე კიდევ მთელი ნაჭერი უნდა ჩამოსჭრან ამ ბაღს და კიდევ ერთი შენობა ააგონო. როდის ექნება ბოლო შენობების აგებას ბაღში – ღმერთმა უწყის, ხოლო ეს-კი მართალია, რომ ყოველ შენობის აგების დროს დიდ-ძალი ადგილი უნდა ამოიკაფოს და მშვენიერი ხეები მოიჭრას ამ ბაღში“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.

 

 

ახლა კი გთავაზობთ 10 ამბავს, რომელიც XIX საუკუნის ბოლო წლებში, სწორედ მუშტაიდის ბაღში და მის მიმდებარედ მომხდარა...

 

 

 

 

#1

 

 

„შაბათს, 31 მაისს ტფილისის მცხოვრებელს მიხეილ შარაბოვს და სამ ალექსანდრეპოლის მცხოვრებელთ იაკობ და ერვანდ ტოხმაზაშვილებს და ზაქარ კაკოზოვს, ხარაზებს, პირობა შეუკრავთ ერთმანერთში, რომ 1 ივნისს (კვირას) „მუშტაიდის“ ბაღში დროება გავატაროთო.

 

 

შუადღისას შეიკრიბნენ თურმე ყველანი მუშტაიდში და მედუქნეს სადილი შეუკვეთეს. რომ სვეს და ჭამეს და კარგა შეზარხოშიანდნენ, ალექსანდრეპოლელები თითო-თითოდ გაიპარნენ თურმე ჩუმად და მარტო შარაბოვი დასტოვეს იქა.

 

 

უკანასკნელს თურმე იმდენი ფული არა ჰქონდა, რომ დანახარჯს გასწორებოდა მიკიტანს და იძულებული იყო თავისი ახალი ჩოხა დაეგირავებინა. გაბოროტებული და ამხანაგებზედ გულ-მოსული თურმე იქიდგან პირ-და-პირ ამხანაგების სახლში წავიდა და დაუწყო ჩხუბი. ჩხუბში იქამდე გაცხარდა თურმე, რომ დანა იხმარა და სამივე დასჭრა. ერთი მათგანი კოკოზოვი ისე დასჭრა თურმე, რომ რამდენისამე საათის შემდეგ ჭრილობისაგან გარდაიცვალა“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

 

 

„სიცხით დამშვრალი მცხოვრებლები საღამოობით მუშტაიდის ბაღებში მიეშურებიან ჰაერის ჩასაყლაპავად, როგორც თვით ამბობენ. სხვათა შორის ერთი სალხინო და დროს გასატარებელი კიდევ მოემატათ ტფილისელებს. ლორთქიფანიძეს დიდუბესთან აუშენებია დიდი ფიცრული, გძელი და მაღალი ჩარდახი. აქ „ლუდსა“ ჰყიდის და კვირაში თითო ორ-ორჯელ ხალხის გასართობსაც ჰმართავს. ამისთვის სამხედრო მუსიკა უკრავს და სხვა-და-სხვა გვარი ჯამბაზები თვალთ-მაქცობენ და თამაშობენ.

 

 

კვირას, 17 აგვისტოს, ხალხით სავსე იყო ლორთქიფანიძის „ტრამვაი“. თითქმის ყოველ სტოლზე ნახავდით ქართველ მანდილოსნებს, კოპ ჩიხტიანებს, რომელნიც არხეინად გაპტყელებულიყვნენ და ლუდს შეექცეოდნენ. ფაეტონის შოვნა არ იყო. ცხენის რკინის მატარებელზე ხოჭვა-გლეჯვა იყო ალაგისათვის. ეს კი ვერაფერი ამბავია, რომ ჩვენს მანდილოსნებს ძუძუ-მწოვარა ყმაწვილებიც თან დაჰყავთ და ღამის 11-12 საათამდე „შავ პივას“ შეექცევიან“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

 

 

#3

 

 

„მიხაილოვის ქუჩაზე, მუშტაიდის ახლოს, პატიოსანს კაცს არ გაევლებაო: დუქნები მთვრალის დედა-კაცებით არის სავსე; ჰყვირიან, წიოკობენ, ხანდისხან ფანჯრიდამ თავებს გადმოჰყოფენ ხოლმე და მიმავალ-მომავალს ხალხს ურცხვად კოცნას უგზავნიანო. ამისთანა ამბები უფრო ხშირია ტრახტირში, რომელსაც ეწოდება „შვეიცარია“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ.  „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

 

 

 „ოთხშაბათს, 10 ივნისს, მუშტაიდში შემდეგი ამბავი მომხდარა:

 

საღამოზედ ლორთქიფანიძის „ტრამვაი“-ში დასეირნობდა ერთი ახალ-გაზდა ქალი, რომელსაც თვალ-ყურს ადევნებდნენ ვიღაც კაცები, უფრო აქაურებიო.

 

 

პატარა ხანს უკან ქალი მივიდა კავალერთან და ორნივე ჩასხდნენ ფაეტონში და წავიდნენ მუშტაიდის ბაღისაკენ. ამ ამბის შემდეგ, არ გაუვლია სულ რამდენსამე წუთს, რომ გაფითრებული კავალერი მოვარდა ღრიალით ისევ „ტრამვაი“- ში და დაიწყო ჩივილი, რომ ვიღაც ხალხი გამოვარდა ბუჩქებიდამ ბაღში და მოიტაცეს ქალიო.

 

 

პოლიცია დაედევნა თურმე ავაზაკებს, მაგრამ ვეღარავინ იპოვა ბაღშიო“, - გაზეთი „ივერია“, 1887 წ.  „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

 

 

#5

 

 

„მუშტაიდის ბაღში შესულა ქუთაისის მაზრის მცხოვრებელი ბართლომე თევზაძე, რომელიც რკინის გზის სადგურზე მეისრედ არის და დაუწყია იქ ნადირობა.

 

 

რამდენიმე ჩიტი კიდეც მოუკლავს, მაგრამ, საუბედუროდ, ცოტას გამწყდარა ერთი გამვლელთაგანიც ჩიტებისთვის თან არ მიუყოლებია.

 

 

თოფის სროლა პოლიციის მოხელეს გაეგო და მონადირე თევზაძეს ციხეში ამოაყოფინეს თავი“, - გაზეთი „ივერია“, 1890 წ.  „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

 

 

„გუშინ-წინ მუშტაიდში ერთი სასაცილო ამბავი მოხდა. ვიღაც სტუდენტი დასეირნობდა ერთს ახალგაზდა ებრაელ ქალთან და ელაპარაკებოდა. ამ დროს წამოეწია ვიღაც უცნობი კაცი, მივიდა და ქალს მხარზე ხელი დაადო.

 

 

სტუდენტმა იფიქრა, ეს კაცი მეტის-მეტად თავხედად და უზრდელად გვექცევაო, აიღო და ერთი ლაზათიანი სილა გაულაწუნა.

 

 

უცნობმაც არ დაახანა, მოუბრუნდა და ერთის მაგივრად ორი მიაკერა ყბებში. მოგროვდა უეცრად ხალხი სეირის საყურებლად; შეიქმნა ჩოჩქოლი, იკითხეს, იწივლეს, რაა, რა ამბავიაო, და აი რა შეიტყეს: ის უცნობი ძმა ყოფილიყო ქალისა და მხარზედ ხელი კალიის ასაყვანად დაედო, სტუდენტს-კი სხვაფრივ ჰგონებოდა, რადგან არ იცნობდა თურმე, და მთელი ეს აყალმაყალი უბრალოდ შეცდომის ბრალი ყოფილიყო. ხალხმა ბლომად იცინა“, - გაზეთი „ივერია“, 1890 წ.  „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

 

 

#7

 

 

„ამ თთვის 24-ს, საღამოზე, მუშტაიდში შემდეგი ამბავი მოხდა. იქნებოდა ესე 9 საათი, რომ უეცრად ბაღში მოსეირნე ხალხი სულ ერთს მხარეს მიაწყდა რაღაც სეირის საყურებლად:

 

 

ერთი ქალი მოსდევდა ვიღასაც მღვდელს, თუ ყასიდად მღვდლურად ჩაცმულს, და ქოლგითა სცემდა. ხალხიც აქეთიქიდგან უკიჟინებდა. მღვდლურად ჩაცმული მტკვრისკენ დაეშვა და თავს უშველა.

 

 

მიზეზი ამ ამბისა, როგორც ხალხი ამბობდა, ის იყო თურმე, რომ ის კაცი ქალს წასტანებია და უკოცნია“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ. „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

 

 

#8

 

 

 „19 ივლისს, საღამოს, მუშთეითის ბაღში, როცა ხალხი ბლომად იყო და მუსიკაც უკრავდა, ერთი დაუჯერებელი ამბავი მოხდა.

 

 

ერთ ახალგაზდა გასათხოვარ ქალს ვიღაც თავზე ხელ-აღებულებმა ნავთი გადაასხეს და ცეცხლი მისცეს. კარგი, რომ ხალხი მიეშველა და დროზედ გაუქრეს ცეცხლი, თორემ საბრალო ქალი სულ დანახშირდებოდა. მაინც-კი ტანისამოსი თითქმის სულ დაეწვა და ალაგ-ალაგ ტანიც დაეშუშხა. ბოროტ-მოქმედნი გაქრნენ“, - გაზეთი „ივერია“, 1893 წ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი