logo_geo
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ანუ სიმართლე „უპატარძლო ქორწილის“ რეალური ამბის შესახებ
- +

8 მაისი. 2020. 16:27

 

 

„დაუკარით იმის დედა ვატირე, უპატარძლო ქორწილია“, - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა მიხეილ ჭიაურელის მხატვრული ფილმიდან - „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

 

 

1965 წელს გამოსული ფილმი ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა გადაღებული.

 

 

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ სცენაზე პირველად 1879 წლის 19 დეკემბერს წარმოადგინეს. ამ პიესის პირველ წარმოდგენის შესახებ ვკითხულობთ:

 

 

„დღეს, ოთხშაბათს, საზაფხულო თეატრში იქნება ქართული წარმოდგენა ჩვენი სამუდამო ტრუპპისა. ითამაშებენ ჩვენი აქტიორის უფ. ა. ცაგარელის ახალ სამ მოქმედებიან კომედიას „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“...

 

 

ჩვენ არ წაგვიკითხავს უფ. ცაგარელის პიესა, მაგრამ ვისაც წაუკითხავს და რეპეტიცია უნახავს, ძალიან აქებენ, საუცხოვო რამ არისო, დიდი ეფექტი ექნება სცენაზეო და თამაშობითაც ძალიან კარგად ითამაშებენო.

 

 

შინაარსი პიესისა, როგორც ამბობენ, ერთი ისეთი ფაქტია, რომელიც თბილისელებმა კარგად იციან - შიოევის ისტორია, ქალი რომ მოსტაცა ვიღაც დიღმელ გლეხს. კინტოების ცხოვრება და ხასიათი ფოტოგრაფიულის სინამდვილით არის კომედიაში გამოხატული“, - გაზეთი „დროება“, 1879 წ.

 

 

პიესის შინაარსი რომ სინამდვილიდან არის აღებული, ამაზე, ავქსენტი ცაგარელისადმი მიძღვნილ ტექსტში იოსებ გრიშაშვილიც წერს:

 

 

„1935 წელს ღრმად მოხუცებულმა ცაგარლების მოყვარემ - ნინო გრიგოლის ასულმა უგრელიძემ გვიამბო, რომ „რაც გინახავში“ აღძრული ამბავი მოხდა დიღომში...

 

 

ყოფილა ერთი მემამულე გვარად შიოევი (პეტრე შიოთაღაშვილი), რომელმაც მოიტაცა დიღმელი გლეხის გულას გოგო და მოიწადინა მასზედ ჯვარის დაწერა. ის გოგო თურმე მენახშირეზე ყოფილიყო დანიშნული, ბევრი ემუდარეს გულქვა ბატონს, მაგრამ მან თავისი გაიტანა, ნათესავებიც წინ აღუდგნენ: „უსწავლელია, რათ გინდაო“, - შიოევმა თურმე უპასუხა: „რა ვუყოთ, რომ უსწავლელია, ჰამაც ვაკოცებ, ჰამაც ვასწავლიო“... ბოლოს ამ „ბედნიერ ცოლ-ქმართ“ ეყოლათ ქალი, რომელიც „ზავედენიაში“ მიაბარეს და მოახლეები დაუყენესო...

 

 

ამ ნაამბობის სიმართლეში ეჭვი არ შეგვდის, ვინაიდან მაშინ ეს ამბავი ძალიან გახმაურებული იყო და ჩვენს დიღმელს დრამატურგს - ა. ცაგარელს ეს დიღმის ამბავი გაუხდა საბაბად, რომ ახლად ფეხადგმულ მუდმივ დასს მეორე გიორგი ერისთავად მოვლენოდა....

 

 

ახლა კი გთავაზობთ ორ ტექსტს იმდროინდელი ქართული პრესიდან, სადაც დეტალურადაა აღწერილი ის რეალური ამბავი, 1875 წელს, სოფელ დიღომში რომ მომხდარა:

 

 

გაზეთი „დროება“, 1875 წ.

 

 

 „ერთ დიღმელ გლეხს გასათხოვარი ქალი ჰყოლია. ამ დღეებში სასიძო უპოვნია და ქორწილის დღე დანიშნული ჰქონდაო.

 

როცა სასიძო მისულა და ყველაფერი მზათ ყოფილა საქორწილოთ, ამ დროს ადრინდელი ნაბატონარი დასცემია გლეხს თავზე, აუტეხია ერთი აყალ-მაყალი, ჩხუბი და სასიძო გაუგდია. მე უკეთესს სასიძოს ვუშოვნი შენს ქალსაო!..

 

 

ამბობენ, ამ შემთხვევაში რაღაც რომანტიული მხარე არისო. ამ საქმის თაობაზე, როგორც გვწერენ, ამ ჟამად გამოძიებაა დანიშნული.“

 

 

***

 

 

გაზეთი „დროება“, 1876 წ.

 

 

„ჩვენ მივიღეთ შემდეგი აღწერა იმ შემთხვევისა, რომელზედაც რამდენიმე სიტყვა ამას წინათაც იყო გაზეთში:

 

 

„თფილისის ახლო მდებარე ერთს სოფელში მოხდა ამ დღეებში შემდეგი შემთხვევა: აქაურს ერთს გლეხს ჰყოლია დანიშნული თავის მეზობელს ერთს მენახშირეზედ თავისი ქალი; დანიშვნის შემდეგ რამდენიმე თვის უკან, საქმროს მოუნდომებია ჯვარი დაიწეროს. ქალის მამა მივა თავის ნაბატონართან გ.შ. და მოხსენებს:

 

 

- თუ მიკადრებთ, ამეღამ ჩემს ქალს ჯვარსა ვწერო და მობრძანდითო.

 

 

- ვის მიეცი შენი ქალიო? ჰკითხავს ნაბატონარი.

 

 

გლეხიც დაუსახელებს სასიძოს.

 

 

- არ გაედო, რო შენი ქალი იმას მისცეო, რადგან მე თითონ ფულს და კარგს მზითებს მივსცემო და კარგს ვისმე მივათხოვებო. ეუბნება ნაბატონარი.

 

 

რა საკვირველია, გლეხმა რომ ეს მოწყალების დაპირება გაიგონა, ძალიან გაეხარდა და მუხლთ მეეხვია მას.

 

 

შემდეგ ბატონი უბრძანებს გლეხს, რომ მე სანეფოზე ადრე მოვალ შენ სახლში და არამც-და-არამც კარი არ გაუღო სიძესა და მაყრებსაო, როცა ისინი მოვიდნენო.

 

 

გლეხი დაბრუნდება თავის სახლში და არაფერს შეატყობინებს თავის სასიძოს და არც უარს შეუთვლის.

 

 

სასიძო, როგორც სოფლის ადათი არის, ისე მომზადებით წამოვა სასიმამროს სახლში მაყრებით და ზურნით ჯვარის დასაწერათ და პატარძლის წამოსაყვანათ. მაგრამ სასიმამროს სახლის კარი მაგრა სოლით ჩაკეტილი დახვდებათ, გლეხის ნაბატონარიც შიგნით მოექცევა. სასიძო და მაყრები ჰკვრენ ხელს კარებს, მაგრამ კარი არ იღება, გაჰკვირდებიან, თუ რა ამბავი არისო.

 

 

ამ დროს გამოვა ნაბატონარი სახლიდან ერთი ორი კაცით და თოფებს გაასროლინებს, ქაღალდით გატენილებსა, რომ შეაშინონ მოსული ხალხი.

 

 

მაყრები და სასიძო სულ აქეთ-იქით გაიფანტებიან;

 

 

სასიძოს დაიჭერენ და მთელს ღამეს კედელზედ მიაკრამენ. თუმცა ის იძახის: რა დამიშავებიაო, რომ ესე უღმერთოთ მტანჯავთო; არ გინდათ, ქალს ნუ მომცემთო! მაგრამ ვინ გაუგონებს.

 

 

მეორეს დღეს ამ საწყალს კაცს განათავისუფლებენ და სასამართლოში წამოიყვანენ დასასჯელათ, ამიტომ რომ სახლში მოგვიხტაო. სასამართლო გამოიძიებს ამის დანაშაულობებს და რასაკვირველია, გაამართლებს.

 

 

შემდეგ უფალი ნაბატონარი დაბრუნდება სოფლად და თავის ნაყმევს ეტყვის:

 

 

- მე მსურდა და მსურსო შენი ქალის ცოლათ შერთვაო; ეს ამბები ამისთვის მოვახდინეო; ნება მომეციო, იმაზედ ჯვარი დავიწეროო.

 

 

რასაკვირველია, გლეხი ნებას მიცემს და უფალი ნაბატონარი ჯვარს დაიწერს და მოყვრათ გაუხდება ამ გლეხს“, - ბარბარე ბაბანასოვისა.

 

 

წყარო:  https://www.madatovi.com.ge/

 

 

 

big_banner
არქივი