logo_geo
ნონა ქარქაშაძე: თავი შემახსენა აკაკიმ... ყველას და ჩემმა აკაკიმ, ჩემი ბებიას აკაკიმ!
- +

9 მაისი. 2020. 15:48

 

 

ამ შუაღამით გადავაწყდი მის გაცრეცილ ფოტოს და ბავშვობის უამრავი მოგონება ამომიტივტივა, გამომაფხიზლა, აღარ დამაძინა, თავი შემახსენა აკაკიმ... ყველას და ჩემმა აკაკიმ, ჩემი ბებიას აკაკიმ!  აკაკი - ეს სახელი ჩემთვის, ბავშვობის გაუხუნარ მოგონებასთან ასოცირდება, არ იცრიცება, არც ილევა... რადგან აკაკი ჩვენს ოჯახში მხოლოდ დიდი მგოსნის კი არა, ჩემი ბებიას ნათლიის სახელიც იყო, ჩვენი ოჯახის დიდი ნათლიის სახელი!

 

 

ბებია სულ რაღაც 10 წლის ყოფილა, როდესაც აკაკი გარდაიცვალა და არც იმდენი მოგონება ჰქონია მასზე, მაგრამ რაც ნათლად ახსოვდა, ჩემთვის მეათასედაც ისეთივე განცდით ყვებოდა, როგორც პირველად. მეც მეათასედ დავჯდებოდი "ბოკონა" სკამზე, ჩამოვუდებდი თავს კალთაში და ვეკითხებოდი მის ნათლიაზე, ჩვენი ოჯახის დიდ ნათლიაზე...

 

 

ბებიას მამა, ვანიჩკა ცქიტიშვილი აკაკის ერთ-ერთი მოურავი ყოფილა და ვის მოანათლიებდა შვილებს აბა, მასზე უკეთესს?!

 

 

1915 წელს, როცა აკაკი გარდაიცვალა, ბებია 10 წლის იყო, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ახსოვდა, როგორ დააჭერინეს ხელში მგოსნის დიიდი სურათი, თავისზე დიდი სურათი და აკაკის სხვა ნათლულებთან ერთად, წინ წაუმძღვარეს მის დაკრძალვის ცერემონიას... მე კი ყოველ ჯერზე ერთნაირად მიკვირდა, ასეთი დიდი როგორ იყო სურათი, რომ ბებიას თურმე სულ ფარავდა, სულ მთლიანად ფარავდა! დღემდე არ ვიცი და ახლა ვეღარც ვერავინ მიპასუხებს ამაზე, რატომ იმალებოდა ხოლმე ბებიას ოჯახი ზოგჯერ აკაკის სახლში, არ ვიცი, იმიტომ, რომ არ მახსოვს, რას მეუბნებოდა, მეც პატარა ვიყავი, როდესაც ბებია გარდაიცვალა.

 

 

ბოლოს მძიმედ დაავადდა ბებია, ალცჰეიმერით დაავადდა და ხშირად მეც, თავის გაზრდილს, ვეღარ მცნობდა, მაგრამ უდიდესი საოცრება ის იყო, რომ აკაკი არასდროს დავიწყებია და როცა აფორიაქებულს ვერაფრით ვამშვიდებდით, ტელევიზორთან ვსვამდით, - ხან ნამდვილად და ხანაც მოტყუებით, "აკაკის აკვანს" ვაყურებინებდით. არ ვიცი, ასეთი რა მადლით მონათლა იმ დალოცვილმა, მაგრამ ის იყო ბებიას მხსნელი უმძიმეს მდგომარეობაშიც.

 

 

თუმცა, მხოლოდ ნათლია არ ყოფილა ეს საოცარი გულისა და მადლის მქონე მგოსანი ჩემი ოჯახისთვის. ობოლთა და გაჭირვებულთა შემწე და მფარველი, ჩემი ბაბუას, ახალგაზრდა, ობოლი გლეხის ბიჭის მასწავლებელიც იყო. დღეს რომ მის კეთილ საქმეთა ჩამონათვალში ამოიკითხავთ, როგორ გაუმართა ხელი დიდმა მგოსანმა ერთ პატარა ნიჭიერ ბიჭს, როგორ ასწავლა და საკუთარი სახსრებით გაუშვა პეტერბურგში სასწავლებლად, ის ობოლი ბიჭი ჩემი ბაბუა იყო, - აქვსენტი იაკობაშვილი.

 

 

ჰოდა, ალბათ ესეც უფლის ნებით მოხდა, რომ წლების შემდეგ, ჩემი ბებიას, ვარდივით გაფურჩქნული, ხელისგულზე გაზრდილი აზნაურის ქალის ბედი, ჩია, ნაკლებად შეხედულ და მასზე საკმაოდ უფროს ობოლ გლეხის ბიჭთან გადაიკვეთა, აკაკის გაზრდილ და გზაზე დაყენებულ ბიჭთან. შეუყვარდა ეს ჭკვიანი ბიჭი ბებიას და გაყვა, მიატოვა ოჯახი და გაყვა მაინც. ოჯახმაც მოატოვა ბებია ამის გამო.

 

 

ისე წავიდა ჯიუტი ვანიჩკა ამ ქვეყნიდან, რომ გლეხის ბიჭზე გათხოვება არ აპატია, ფეხი აღარ დაადგმევინა ეზოში ამ ხელისგულზე გაზრდილ ქალიშვილს!..

 

 

აბა, ნათლია უკვე დიდი ხნის წინ ჰყავდა გარდაცვლილი ჩემ ბებიას, თორემ მის თხოვნას და ბრძანებას წინ ხომ ვერაფრით აღუდგებოდა ჯიუტი და კუდაბზიკა აზნაურის ოჯახი. .. დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, მაგრამ სულ ჰყავდა თავისი აკაკი ჩემ ბებიას, სულ, - ვიდრე ცოცხალი იყო!..

 

 

ახლა კი, შუაღამისას, ეს ყველაფერი ერთმა გაცრეცილმა ფოტომ გამახსენა.. იქნებ სულაც ეს ფოტო ეჭირა ხელში ბებიას, როცა უდიდეს ქართველს უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა? იქნებ ეს არის სწორედ ის ფოტო, - ბებიაზე დიიდი და ნათელი, რისი ნახვის ინტერესიც მთელი ბავშვობა მკლავდა, ვინ იცის !.

 

 

big_banner
არქივი