logo_geo
რატომ აღარ ახსენებენ სტალინს რუსეთში
- +

10 მაისი. 2020. 23:34

 

 

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილე აღნიშნა მსოფლიომ. სამწუხაროდ, პანდემიის ფონზე, დიდი ზარ-ზეიმით აღნიშვნა ვერ მოხერხდა, აღლუმის მოწყობა რუსეთის ხელისუფლებამაც კი გადადო, რომელიც ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმებით და ძალის დემონტრირებით სახელგანთქმულია. თუმცა, ტელევიზიებით, თითმის მთელი ერთი თვის განმავლობაში გადმოიცემებოდა გადაცემები, ფილმები, ინტერვიუები, თუმცა, არცერთი სიტყვა სტალინის შესახებ. მხოლოდ აქა-იქ ვეტერანები ახსენებდნენ „ხალხების ბელადს“.

 

 

ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება მართებული კითხვა - სად დაიკარგა რუსეთის ფედერაციის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის ისტორიაში და ყოფაცხოვრებაში სტალინის როლი. ნუთუ იმ სტალინის სახელი დაივიწყეს, რომელმაც უზარმაზარი იმპერია შეუქმნა. დღევანდელი რუსული მედია, რატომღაც ომის გამარჯვებას ხაზგასმით მიაწერს მხოლოდ ჟუკოვს. ჩვენ გვახსოვს, ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა, რომ ომის მოგებაში იოსებ სტალინის იგივე იოსებ (სოსო) ჯუღაშვილის ღვაწლი კოლოსალური იყო. სამამულო ომთან ასოცირებული, საბჭოთა კულტურაში, საკულტო ფილმებში და ჩვენს მეხსიერებაში მკვიდრად ამოშანთული ფრაზა «за родину, за Сталина» - თითქოს სამუდამოდ წაშალეს რუსული დღევანდელობიდან. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ძნელია ამის წაშლა ხალხის მეხსიერებიდან, მათი მენტალიტეტიდან და ისტორიიდან, რომელიც ადრე თუ გვიან ყველაფერს დაალაგებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს.

 

 

ის, რაც აქამდე ვიცოდით, სტალინის შესახებ, რომ მან ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნა, ქვეყნის მძლავრ აღმშენებლობასთან ერთად, სწრაფად იზრდებოდა ხალხთა კეთილდღეობა, სურსათსა და სამრეწველო საქონელზე ყოველწლიურად იკლებდა ფასები, შენდებოდა ქალაქები და სოფლები, სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ბინათმშენებლობა, თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდებოდა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, მეცნიერება და კულტურა, ხუთწლედები და პარტიის ყრილობები, პატაკები, რომლებიც იგზავნებოდა მისამართზე - “მოსკოვი, კრემლი, სტალინს”, როგორც ჩანს მირაჟი იყო. დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არა და, ისტორია გვამცნობს, რომ ყველაფერი ასეც იყო, სხვა საკითხია რის ხარჯზე.

 

 

დიქტატურა და ტირანია არ შეიძლება დაბრალდეს მხოლოდ სტალინს, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საბჭოთა კავშირი და ზოგადად კომუნისტური სისტემა ავტორიტარული მართვის ერთ-ერთ ცნობილ მოდელს წარმოადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ მმართველობაც ავტორიტარული და დიქტატორული იქნებოდა, რაც არ გამორიცხავს ტირანიას. ცხადია, ეს არ ამართლებს არც სტალინს და არც საბჭოეთს, მითუმეტეს დიქტატურას და ტირანიას. ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა. ჩვენ ვიცით, რა მოხდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, თბილისს ახსოვს სისხლიანი 9 მარტი და მშვიდობიანი მიტინგის დაცხრილვა, ხრუშჩოვის რეფორმები და ეკონომიკის რეგრესი, კრიზისი და შიმშილობა საქართველოში, ასევე მოარული ხმები, რომ ხრუშჩოვს ქართველების გადასახლება უნდოდა ციმბირში, რადგან მიიჩნევდა, რომ „ეყოთ ქართველებს მზიან მიწაზე ცხოვრება“.

 

 

სტალინიზმის პერიოდს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ვიცი რომ ხალხი აღფრთოვანებული იყო იმ პროგრესით, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიდა ქვეყანა და გრძნობდა მოსახლეობა, რასაც ვერ იტყვი ხრუშჩოვის ხანაზე, რომელმაც აშკარა რეგრესი მოუტანა სტალინის აშენებულ სახელმწიფოს.

 

 

ამერიკის ხმის რუსული გამოცემა წერს, რომ მოსკოვში „გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების ნახევარი (50%) დიდად აფასებს იოსებ სტალინის როლს მეორე მსოფლიო ომში. ეს არის გამოკითხვის შედეგები, რომელიც გამოაქვეყნა 9 მაისისთვის (2017 წ.), პრო-კრემლურმა ფონდმა „საზოგადოებრივი აზრი“. „ამასთან, ბოლო 12 წლის განმავლობაში 10% -ით გაიზარდა იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც დადებითად აფასებენ სტალინის საქმიანობას, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უარყოფითად რეაგირებს, შემცირდა 3% -დან 8%-მდე. 32% -ს კი მიაჩნია, რომ "ხალხთა ლიდერმა" ითამაშა, როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი როლი.“

 

 

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, დღეს აშკარა ტენდენციად იქცა, რომ მეთოდურად და თანმიმდევრულად გადააბრალონ სტალინს ყველა სისტემური დანაშაული თუ დემოკრატიის დეფიციტი სახელმწიფოში, რომლის იდეოლოგიაც ღვთის გმობაზე და პროლეტარიატის ჰეგემონიაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად სისასტიკით გამოირჩეოდა. სახელმწიფოში, რომელშიც ადამიანის უფლებების ცნებას ყურმოკვრით იცნობდნენ და ქალებს დახვრეტას იმ ბრალდების საფუძველზე უსჯიდნენ, რომ ქმარი „ხალხის „მტერი“ იყო, მხოლოდ „ბელადის“ ბრალეულობას იხსენებენ მილიონობით დახვრეტილი ადამიანის და განადგურებული სიცოცხლის გამო. საინტერესოა, სტალინმა ხომ არ მოკლა მეფე და დახვრიტა რომანოვების ოჯახი? ცნობილია ხალხში მოარული ხმები, როგორ უთხრეს ვლადიმერ ილიას ძე ლენინს მეფის მცირეწლოვან შვილზე, რომ სიცხიანი იყო, მან კი არც ის შეიწყალა. ასეთი იყო პროლეტარიატის ბელადი, „მტკიცე და ურყევი“. თუმცა, ჩვენ გვახსოვს, ყბადაღებული ლოზუნგი - „ლენინს უყვარდა ბავშვები“.

 

 

 

მოსკოვის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორი, იგორ ჩუბაისი თვლის, რომ რუსების მიერ სტალინის პოზიტიურად აღქმისკენ გადახრა მოხდა მხოლოდ კრემლის "მკაცრად შენარჩუნებული პროპაგანდის ხაზის" შედეგად.

 

 

”ეს წმინდა პროპაგანდისტული ეფექტია”, - ამბობს ის ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. - „სტალინისადმი დამოკიდებულება იცვლება არა იმის გამო, რომ იხსნება ახალი დოკუმენტები და ფაქტები, არამედ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის პოლიტიკას ახორციელებს ხელისუფლება. ხრუშჩოვის დროს, სტალინი მოულოდნელად კრიმინალი გახდა, ბრეჟნევის პირობებში, ისინი ცდილობდნენ ტირანის სახელი არ ეხსენებინათ, პრინციპში, გორბაჩოვის პირობებში, სტალინიზმის კრიტიკა დაიწყო, პუტინის პირობებში კი განხორციელდა არაადამიანური რეჟიმის გადაფასება. აქედან გამომდინარე, ხდება კულტად ქცევა პიროვნების, რომელიც დამნაშავეა "ხელისუფლების აბსოლუტურად არაკომპეტენტურ მართვასა და ომის წარმართვაში", დარწმუნებულია პროფესორი.

 

 

ცხადია, კრიტიკა სასარგებლოა, პიროვნების კულტი და მისი ემანაცია კი, უადგილო და აზრსმოკლებულია ყველა დროში, თუმცა, ისტორიულად საბჭოეთის და კომუნიზმის დამახასიათებელ ფენომენად აღიქმება. გავიხსენოთ, რომ დღემდე მავზოლეუმში განისვენებს ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. ამაზე ცნობილი ანეკდოტიც კი არსებობს - „ლენინი შეპირდა გლეხებს მიწას, მაგრამ არ აღირსა მათ შეპირებული მიწა. საპასუხოდ, გლეხებს აღმოაჩნდათ იუმორის გრძნობა და არც მათ აღირსეს ლენინს მიწა“.

                             

 

ამავე დროს, სტალინის ღვაწლის არდანახვა სხვა კითხვებს ბადებს და შოვინისტურ ელფერს იძენს. განზრახ ხომ არ შეარჩიეს ქართველი, ერთ დროს სასულიერო სემინარიის ნიჭიერი სტუდენტი, პოეტი, შემდგომში ძლევამოსილი საბჭოეთის ლიდერი, სტრატეგი და ხალხთა ბელადი - განტევების ვაცად? თუკი სტალინი არ იყო კომპეტენტური მმართველი, გამოდის, რომ მილიონობით საბჭოთა ადამიანს ატყუებდნენ სსრკ-ს მიღწევების და მისი პროგრესის შესახებ. ხალხი, რომელიც ომში მოხალისედ მიდიოდა და ფრონტის წინა ხაზზე, თავდადებით იბრძოდა სტალინის სახელით, მოტყუებულები იყვნენ. უამრავი საკულტო ფილმი, პიესა, სპექტაკლი, პოეზიის ნიმუში, მუსიკალური თუ პროზაული ნაწარმოები, ფაქტიურად მთელი საბჭოთა კულტურა, ამ ტყუილის საფუძველზე იქმნებოდა. მაშ რაზე იდგა მრავალმილიონიანი სახელმწიფოს იდეოლოგია, რომელმაც მართლაც მოახერხა ომის შემდეგ ფეხზე დადგომა და განვითარების სწრაფი ტემპების აკრეფვა, ტყუილზე? ან რატომ ვეღარ მოახერხა ხრუშჩოვმა იმ განვითარების ტემპების შენარჩუნება სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ან კი იყო თავად დემოკრატი, ან ლიბერალი?

 

 

საბჭოთა ხელისუფლება, რომელმაც ამდენი ადამიანი დახვრიტა და გადაასახლა, ამორალური საქციელით გამოირჩეოდა არა მხოლოდ სტალინის დროს, როგორც ამას პროფესორი ჩუბაისი ამტკიცებს, არამედ მანამდეც და მის შემდეგაც. წმინდა წყლის ბოროტება იყო ეკლესიების ნგრევა, სასულიერო პირების, მეფის ოჯახის და დიდგვაროვნების დახვრეტა, ხალხის მტრებად გამოცხადება ყველა განათლებული პიროვნების, კრიტიკულად განწყობილი და საღად მოაზროვნე ადამიანის, და ა.შ. ეს ყველაფერი ხალხის მეხსიერებაში დარჩა, ასე რომ ფაქტია, აღიარებენ, რომ ის, რაც საბჭოთა ხანამ ფასეულობად აქცია, ყალბი იყო. თუმცა, მხოლოდ სტალინზე ამ ყველაფრის გადაბრალება, არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ის დანაშაულები, რომლებიც იმდროინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა.

 

 

რუსეთის ამჟამინდელი მთავრობა საბჭოთა კავშირის რეალური სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლეა, რომლის მემკვიდრეობაც, მატერიალურთან ერთად, სულიერი და კულტურული ტრადიციები, ისტორიული წარსული და ხალხის დღევანდელი ყოფაა. მათი არჩევანია, მისდიონ ლენინის და სტალინის გზას, თუ ხრუშჩოვის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დღევანდელი მსოფლიოს და განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში, დემოკრატიული ფასეულობების იგნორირება ისევე დაიმალება, როგორც თივის ზვინში ცეცხლი. მათ შეუძლიათ აირჩიონ დემოკრატიული მმართველობის კურსი, კონცეპტუალურად განსხვავებული მიდგომები დღეს და დანერგონ ადამიანის უფლებებზე დამყარებული, ხალხის ნება-სურვილის გატარებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი. ხოლო, სტალინზე გადაბრალებას და მის პიროვნებაზე ხელის შეხოცვას, ცუდი ელფერი დაჰკრავს და უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე წარსულს.

 

 

ის, რაც რჩება წარსულიდან, ისტორიის საკუთრებაა და მის დამახინჯებას ნურავინ შეეცდება, რადგან ესეც თივის ზვინში ცეცხლის დამალვას ჰგავს. დეკადების მანძილზე არსებობდა სამამულო ომის თუ პატრიოტული სულისკვეთების მითი და მასში სტალინის კოლოსალური როლი იყო, არის და დარჩება ისტორიაში. ეს ხალხის ცნობიერებაში იმდენად არის გამჯდარი, რომ ახლა, ახალი ზღაპრების შეთხზვა, ან ამ ღვაწლის მიჩუმათება, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ასე რომ, ის, ვინც ახალ ქურქს იცვამს, უნდა დარწმუნდეს, რომ კუდი არ ეწვის ქურქის ქვეშ.

 

 

ცნობილია, რომ ანტი-ჰიტლერულმა კოალიციამ მოიგო მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მათ შორის 25 მილიონი საბჭოთა მოქალაქე იყო. დიდია მსოფლიო ხალხების ღვაწლი ამ უსამართლო ომში, თუმცა პატარა საქართველოს, პროცენტულად სხვაზე მეტი თუ არა, ნაკლები მსხვერპლი არ გაუღია. საქართველოდან გაწვეული იყო 700, 000 -ზე მეტი მებრძოლი, რაც მთელი მოსახლეობის 10% იყო. აქედან 300, 000 -ზე მეტი დაიღუპა, 100, 000 ხეიბრად დარჩა. ამდენად, როდესაც ზარალზე ვსაუბრობთ სსრკ-ს ან მოკავშირეთა მხრიდან, სრულიად უსამართლო იქნებოდა იმ ზარალის დავიწყება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა. ასევე, უმძიმესი მსხვერპლი გაიღო უკრაინამ, რომელმაც ომის მთელი სიმძიმე მის მხრებზე გადაიტანა. მოკავშირეების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს გარეშე ამ ომს საბჭოთა კავშირი ვერ მოიგებდა და ეს შესანიშნავად ესმოდა სტალინს. თუმცა, ვერც მოკავშირეები გახდებოდნენ რაიმეს ამ ომში სსრკ-ს გარეშე და იმ ღვაწლის გარეშე, რომელიც სსაბჭოთა ხალხს და სწორედაც რომ სტალინს ეკუთვნის. სამართლიანობა მოითხოვს, რომ მისი ღვაწლი არ დააკნინოს სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთმა, რამეთუ სტალინი თავს რუსად თვლიდა და მას, რუსეთს, პატიოსნად ემსახურა.

 

 

რაც შეეხება ომის გამომწვევ მიზეზებს, სხვადასხვა კონსპირაციებზე დაუსაბუთებლად გაუთავებელი საუბარი ჭორაობას უფრო ჰგავს. უპრიანია ჩატარდეს ემპირიული კვლევა, რომელიც შეისწავლის ამ მიზეზებს, ყოველგვარ კონსპირაციულ თეორიებს ფარდას ახდის და ერთხელ და სამუდამოდ ნათელს მოჰფენს ისტორიულ სინამდვილეს. ამ გენიოსის, თუნდაც ტირანის, ღვაწლის უსამართლოდ მივიწყება ან მიჩქმალვა კი აუცილებლად გამოიწვევს უკურეაქციას, ადრე თუ გვიან. იულიუს კეისარი ტირანი იყო, მაგრამ ის ისტორიიდან ვერავინ წაშალა, ცხადია, არც უცდიათ.

 

 

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სტალინის დასაცავად ოდესმე რაიმეს ვიტყოდი და მითუმეტეს დავწერდი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი რეაქციაა უსამართლობაზე და არა სტალინის კულტის დაცვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი