logo_geo
საარქივო მასალა მერაბ კოსტავას შესახებ - “არავის ენდობა. არ აღიარებს დანაშაულს. იტანს შიმშილს“
- +

26 მაისი. 2020. 10:21

 

 

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში.

 

ქართველი საზოგადო მოღვაწე და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული.

 

 

ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

 

კონსერვატორიიდან ციხეში

 

სანამ დისიდენტობას გადაწყვეტდა, მერაბ კოსტავა პიანისტი იყო, რომელსაც პედაგოგები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, მერაბი ამ გზას არ გაჰყვა. უნდოდა, დისიდენტური საქმიანობისთვის მეტი დრო ჰქონოდა.

 

დისიდენტობა კი ბავშვობიდან დაიწყო, შესაბამისად დევნაც. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათი რამდენიმე მეგობარი ქუჩებში პროკლამაციებს აკრავდნენ, რომლის ბოლოს ასეთი რამ ეწერა „რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის“.

 

"ამნესტი ინტერნეშენელის" წერილი

 

 

“ამნესტი ინტერნეშენელის” წერილი

 

მერაბის ახლობელი, რუსუდან ქუთათელაძე იხსენებს, როგორ მოძღვრავდა მეგობარს, პოლიტიკურ საქმიანობაზე ხელი რომ აეღებებინა:

 

„ცხადად მახსოვს ჩვენი საუბარი: „ბიჭო, დაბერდი, მთლად გაჭაღარავდი, ჭკუა კი არ გემატება. ვის ებრძვი? ვერ ხედავ რა ძალაა?!… ამის ნაცვლად სჯობს მუსიკათმცოდნეობს მიხედო, წერო მუსიკაზე…“

 

ამ დიალოგიდან მეორე დღეს მერაბ კოსტავა მართლაც დააპატიმრეს. ის დაპატიმრებას ელოდა და წინასწარ ფიზიკურადაც კი ვარჯიშობდა, ყოველ დილას მამადავითზე ადიოდა ფეხით.

 

ბავშვობიდან მოყოლებული ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა რამდენჯერმე ჩასვეს ციხეში. საქმეში დევს გამომძიებლის მიერ დაწერილი მერაბის დახასიათება:

 

„კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია. შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა.

 

სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება. არ აღიარებს დანაშაულს. დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს“.

 

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია

 

 

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია

 

მერაბი თავდაპირველად რამდენიმე წლით იყო გადასახლებული. ციმბირში ყოფნისას მუდმივად თვალყურს ადევნებდნენ, ერთხელ მოკვლაც დაუპირეს.

 

მერაბ კოსტავა ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან 1989 წელს ავარიის დროს დაიღუპა.

 

დღემდე არ ჩატარებული გამოძიება რომელიც ნათელს მოჰფენდა იმ ავარიის დეტალებს, რომელმაც მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე იმსხვერპლა.

 

მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

 

სტატია მომზადებულია საარქივო მასალებსა და „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი