logo_geo
ვახტანგ კობაიძე: 70-80-იან წლებში თენგიზ სულხანიშვილის მსგავსი ჟურნალისტები, თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო
- +

6 ივნისი. 2020. 15:28

 

 

 

ორი დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი თენგიზ სულხანიშვილი გარდაიცვალა. გთავაზობთ მისი მეგობრის, ასევე ცნობილი ჟურნალისტის ვახტანგ კობაიძის მოგონებას.

 

 

70-80-იან წლებში თენგიზ სულხანიშვილის მსგავსი ჟურნალისტები, მხედველობაში მყავს ტელეჟურნალისტები, თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო. მათშიც თუ ვინმეს გამოარჩევდით, ერთ-ერთი თენგიზი იყო. კარგი გარეგნობა, სპორტული აღნაგობა, ადამიანებთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი ნიჭი, უაღრესად განათლებული, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, ენაკვიმატი. უშრეტი ფანტაზია საოცრად ეხმარებოდა ისეთი სიუჟეტების, რეპორტაჟების თუ გადაცემების მომზადებაში, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელიც კი იყო იმ პერიოდისთვის (საბჭოთა წყობის დოგმებს თუ გავითვალისწინებთ). ერთი სიტყვით, ერთობ კოლორიტული ფიგურა გახლდათ. და, რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი მცოდნე. ბერტოლდ ბრეხტის ერთ-ერთი გმირისა არ იყოს, „რასაც აკეთებდა, ლაზათიანად აკეთებდა“.

 

 

თენგიზი უნივერსიტეტში ჩემზე ორი კურსით წინ იყო. ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების რუსულ ჯგუფში სწავლობდა. ყაზახეთის ყამირიც მოვლილი ჰქონდა და ყოველმხრივ თითით საჩვენებელი სტუდენტი იყო, ყველა იცნობდა და ყველას იცნობდა...

 

 

1966 წელს ლეონიდ ბრეჟნევი ესტუმრა საქართველოს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტშიც „მოაბრძანეს“, როგორც ძველი „ყამირელი“. პომპეზური შეხვედრა მოუწყვეს. ვინ-ვინ და თენგიზ სულხანიშვილი დაახვედრეს, რომელმაც კარგი რუსულით ისეთი სიტყვა უთხრა „ყამირელთა“ სახელით, რომ ლეონიდ ილიჩმა გვერდზე დაიყენა და ხელიც კი მოხვია. ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს კიდეც ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ. სწორედ ამ დროს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ფოტორეპორტიორმა, რომელიც მთელ ამ ღონისძიებას ფირზე აღბეჭდავდა, ეს მომენტიც დააფიქსირა. მოგვიანებით, როცა ლეონიდ ბრეჟნევმა უნივერსიტეტი დატოვა, ყველა თენგიზს შემოვეხვიეთ. გივი შეყილაძემ ვერ მოითმინა და ცნობისმოყვარეობით ჰკითხა – „თენგიზ, ერთი გამაგებინე, რას ეპუტუნებოდი ამ მეფისტოლა კაცს?!“ თენგიზს გაეცინა – „ისეთი არაფერი. მკითხა, Ну как там, на целине? მე ვუპასუხე – Всё хорошо, Леонид Ильич, только русских баб не хватает!“. სწორედ ამან გაამხიარულა ლეონიდ ილიჩი. გივი შეყილაძემაც სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა. ფოტო კი თენგიზ სულხანიშვილს შემდგომში ბევრჯერ გამოადგა, ოღონდ არა თანამდებობრივ კარიერაში, რაც თენგიზს ნაკლებად აინტერესებდა. კარგი ჟურნალისტობა მისთვის მთავარი იყო. სხვათა შორის, ამ ფოტოს „მაგიური ძალის“ მოწმე ორჯერ მეც გავხდი.

 

 

 

 

 

1976 წელს თენგიზი საახალწლო გადაცემას ამზადებდა. მაშინ ის ტელევიზიის ახალგაზრდობის გადაცემათა რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო. მზადება ზაფხულიდანვე დაიწყო. სოხუმში მასპინძლობას ქალაქკომის ერთ-ერთი მდივანი, გვარად ბარციცი უწევდა. თენგიზმა სასტუმროში ყოფნა არ ისურვა – თავისუფლად და ჩემ ჭკუაზე ვერ ვიქნებიო და სინოპის ტურბაზაში, რომელიც „კომკავშირის XIV ყრილობის“ სახელს ატარებდა, დირექტორმა გივი მეშველიანმა ნება დართო ოროთახიანი სამხედრო კარავი ჩაედგა. აქ ცხოვრობდა თავის ორ განუყრელ მეგობარ-ოპერატორთან იგორ ნაგორნისთან და ვოვა ერმაკოვთან ერთად, გოგონებიც არ აკლდათ.

 

 

მე და ჩემი მეგობარი საშა უნაფქოშვილიც იმ დროს იქ ვისვენებდით. მაშინ ორივე უნივერსიტეტის კინო-ტელე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში ვმუშაობდით. რაღა ბევრი გავაგრძელო, ხუთივე კარგ დროს ვატარებდით, პატივისცემა და დროსტარება არ გვაკლდა. ერთ საღამოს აქოშინებული ვოვა ერმაკოვი მოვარდა – მილიციაში დაგვიჭირეს, ბარციცთან არ დაგვაკავშირეს და ჩვენი პასპორტები უნდა მივიტანოო. ჩვენც გავყევით. ნახევარ საათში გამხიარულებული თენგიზ სულხანიშვილი, იგორ ნაგორნი და ვოვა ერმაკოვი გამოვიდნენ.

 

როგორც გავარკვიე, საქმე ასე იყო: თენგიზი თავის მეგობრებთან და ნაცნობ ქალთან ერთად რესტორან „ნართაში“ სადილად იმყოფებოდა. იქვე, გვერდით კუპეში ადგილობრივები ქეიფობდნენ, რომელთა შორის მილიციის თანამშრომლებიც იყვნენ. უკვე საკმაოდ შეზარხოშებულებს მოეწონათ გვერდით მჯოდმი ქალბატონი. თენგიზ სულხანიშვილს და მის მეგობრებს მისი „შეწერვა“ მოუნდომეს, რასაც ჩხუბი და აყალ-მაყალი მოჰყვა. დაიმტვრა ჭურჭელი, სკამები და ა.შ. ასე აღმოჩნდნენ მილიციაში. „კუტუზკა“ ნამდვილად არ ასცდებოდათ, რომ არა პასპორტები. გადაშალა განყოფილების უფროსმა პასპორტი და გადმოვარდა ფოტო – ლეონიდ ბრეჟნევი და თენგიზ სულხანიშვილი... აი, აქ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. „აღშფოთებულმა“ განყოფილების უფროსმა მოაყვანინა „დაზარალებულები“, მათ შორის თავისი თანამშრომელიც და სტუმრებისადმი უპატივცემულობის და ჩხუბის გამო 10-10 დღით პატიმრობა მიართვა, ხოლო თენგიზ სულხანიშვილი, იგორ ნაგორნი და ვოვა ერმაკოვი ბოდიშებით, მოწიწებით გამოაცილა, თან დაპირდა, რომ მათ დაცვას პირადად თავის თავზე აიღებდა.

 

 

 

ეპიზოდი მეორე: იმავე წელს, შემოდგომაზე მე უკვე მოსკოვში სასწავლო სტაჟირებაზე ვიმყოფებოდი. თენგიზი თავის განუყრელ ოპერატორებთან და იგორ არაყიშვილთან ერთად საახალწლო გადაცემისთვის მილოცვებს მოსკოვში იღებდა. თენგიზი სასტუმრო „როსიაში“ ცხოვრობდა, „ლუქს-ნომერში“. დილით დავურეკე – დროზე მოდი, ისინი გადაღებაზე არიან, მარტო არ მინდა ვისაუზმოო. ნახევარ საათში უკვე იქ ვიყავი. საშვი ავიღე, ავედი ნომერში. სუფრა გაშლილია, ინატრე სულო და გულო საჭმელ-სასმელი... Садись, бедный студент, угощайся – მომმართა რუსულად. ცოტა გამიკვირდა. მერეღა მივაქციე ყურადღება – ვიღაც ასაკოვანი ქალი და სამი მამაკაცი ერთი ოთახიდან მეორეში გადი-გამოდიან… თურმე სასტუმროს შიდა განაწესის დარღვევისთვის თენგიზს მოსთხოვეს სასწრაფოდ ნომრის დაცლა. „ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჭამე და თან დავლიოთ, „პახმელიაზე“ ვარო“. სასმელი დამისხა, თვითონაც დაისხა. გადავკარით ერთი, მეორე... დაუპატიჟებელ სტუმრებს, ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო, თან ფინალიც მაინტერესებს... 10 წუთის ბორიალის შემდეგ პატივცემული ქალბატონი თანმხლებ პირებთან ერთად საწოლი ოთახიდან გამოდის და სუფრასთან ჩერდება, სახეზე ალმური ასდის: Тенгиз Давидович, извините... какое-то недоразумение получилось, ещё раз извините... თენგიზმა კარებამდე მიაცილა. შემობრუნდა და ორივეს ისტერიული სიცილი აგვიტყდა. საძინებელ ოთახში, საწოლის თავზე ისევ ის ფოტო ეკიდა, ოღონდ უფრო დიდი ფორმატის. ფოტოდან მომღიმარი ლეონიდ ილიჩი და „თენგიზ დავიდოვიჩი“ იმზირებოდნენ. მე მგონი, კომენტარი არაა საჭირო.

 

 

სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ თენგიზის რედაქციით ჩემი პირველი ტელეგადაცემა გავაკეთე – „თბილისის უნივერსიტეტის თვითშემოქმედება 50 წლისაა“. 1980 წელს, როცა რადიო-ტელევიზიის თანამშრომელი გავხდი, თენგიზ სულხანიშვილი უკვე საკავშირო ტელევიზიის სპეცკორესპონდენტი იყო. თავისი ორიგინალური და თამამი (იმ დროისთვის) რეპორტაჟებით უკვე კავშირის მასშტაბით აოცებდა და აკვირვებდა ტელემაყურებელს.

 

 

 

ვახტანგ კობაიძე

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი