logo_geo
ტერენტი გრანელის სიყვარულის ისტორია
- +

10 ივნისი. 2020. 17:11

 

 

 

ფრაგმენტი ინტერვიუდან, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი, თამარ პაიჭაძე საუბრობს ტერენტი გრანელის უცნაური სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ:

 

- ეს ამბავი მის წინააღმდეგობრივ, ემოციურ, ფრთხილ, სათუთ და ამასთანავე, პრინციპულ სულიერ სამყაროს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. პოეტის უახლოესი მეგობარი, გენო ქელბაქიანი, ტერენტის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას დაუმეგობრდა. მისი მოგონების მიხედვით, ტერენტი გრანელს თავისი შემოქმედებითი სრულყოფილების ზენიტში ყოფნისას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში და უამრავ წერილს იღებდა. ერთ-ერთი, კიევიდან ახალგაზრდა ქალმა გამოუგზავნა. ეს იყო თამარ ჯაფარიძე - იმ დროისათვის კიევში საცხოვრებლად წასული ოფიცრის მეუღლე. წერილის მიხედვით, გრანელის ლექსების კითხვა მისთვის ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ ქცეულიყო. ამბობდა, რომ თბილისში ყოფნისას საიდუმლოდ უყვარდა პოეტი და ბევრი მისი ლექსი ზეპირად იცოდა. ტერენტი ამ წერილით გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა.

 

მისი მეგობარი წერს, - რადგან ის ამ ქალს არ იცნობდა, საკითხს ფრთხილად ეკიდებოდა, თუმცა საპასუხო წერილი მისწერა და ამის შემდეგ მათი მიმოწერა რეგულარული გახდა. მეგობრები ამჩნევდნენ, რომ პოეტი სხვაგვარი გახდა, სიხარულისა და ბედნიერებისაგან ცაში დაფრინავდა. საერთოდ, ძალიან დაუდევარი, მოუვლელი იყო, ზოგჯერ ზამთარში თეთრი ტილოს ტანსაცმელი ეცვა; იმ პერიოდში კი ამ მხრივაც გამოიცვალა - ყოველთვის სევდიანსა და მისტიკურს, თვალებშიც სიხარულის სხივი ჩაუდგა. გარშემო მყოფებისთვის საგრძნობი იყო, რომ მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა. პოეტმა ერთადერთს - გენო ქელბაქიანს გაანდო თავისი საიდუმლო. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლექსი "შენს მოლოდინში"... ერთ-ერთ წერილთან ერთად, თამარმა ტერენტის საკუთარი ფოტოსურათი გამოუგზავნა. ტერენტიმ ის გენო ქელბაქიანს უჩვენა, რომლის თქმითაც, ქალი იმდენად მომხიბვლელი იყო და ისეთი მშვენიერი თვალები ჰქონდა, რომ თავადაც მოინუსხა. ერთხელაც, ტერენტიმ თამარისგან მიიღო წერილი, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებდა.

 

თამარმა ოჯახის მიტოვება და ტერენტისთან თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა. პოეტი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ადგილს ვერ პოულობდა... დათქმულ დღეს სადგურზე მისულმა გენომ და ტერენტიმ ხალხისგან დაცლილ ვაგონში მარტოდ დარჩენილი ქალბატონი დაინახეს, გვერდით უზარმაზარი ჩემოდნით. როცა გენოს ტერენტისთვის შეუხედავს, სახეზე ფერი არ ედო თურმე პოეტს... მეგობრები ნელი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ქალს. თამარმა პოეტს ხელი გაუწოდა და მიესალმა, ტერენტიმაც მიუგო: "გამარჯობა". მერე გენოს მიუბრუნდა და უთხრა: "ჩვენ წავედით, გვეჩქარება!" - და ადგილიდან მოწყდა. გენო ქელბაქიანი იხსენებს:

 

"მე არ მინახავს უფრო ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და, უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული, როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი."

 

დაბნეულმა და შეწუხებულმა გენომ ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა, იქიდან მობრუნებულმა კი მეგობარს დაუწყო ძებნა. მოგვიანებით, ქანდაკებასავით თეთრი და მგლოვიარე პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და ჩუმად მობუტბუტე ნახა... პოეტი თითქოს ცოცხლებში აღარ ეწერა... მეგობრის საყვედურის შემდეგ ესღა თქვა:

 

"ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა... სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე ლექსი? რად მოვტყუვდი? ახ, რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი!"

 

ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ქალი ან ულამაზო, ან ასაკოვანი იყო. უბრალოდ, ტერენტის ის სხვაგვარი წარმოედგინა, მისი პოეტური წარმოსახვა არ დაემთხვა რეალობას... ეს ქალბატონი კიევში აღარ დაბრუნებულა, საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ტერენტი სადილად ერთ ქალბატონთან დადიოდა, რომელიც ვერის სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდა. ერთხელ, ამ ქალის სახლის ფანჯრიდან თამარ ჯაფარიძე დაუნახავს, ფეხზე წამოიჭრა თურმე და სხვა ფანჯრიდან მეორე მხარეს გადახტა. მთელი ცხოვრება თავს არიდებდა თამართან შეხვედრას და არც არასოდეს ახსენებდა. მხოლოდ ამ სტრიქონით "გამოიტირა":

 

და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ, დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე. არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე, არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი