logo_geo
ირაკლი კაკაბაძე: აუცილებელია, მამუკა გვარიშვილის ხსოვნას პატივი ვცეთ!
- +

15 ივნისი. 2020. 13:59

 

 

ქართველებს ბევრი თვისება გვახასიათებს: ზოგი კარგი და ზოგიც ცუდი, ისევე როგორც ყველა ერს. მაგრამ, ერთი ცუდი თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა წარსულს ჩავაბაროთ საკუთარი ქვეყნის ღირსეული შვილების არდაფასებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენთვისვე ტრაგიკულად მთავრდება. ახლა, როდესაც მთელ მსოფლიოში ეს საშინელი პანდემიაა გავრცელებული, ჩვენ უნდა ვეძებდეთ სიცოცხლის გზებს და ჩვენი ახლობლების გადარჩენის გზებს - იმისათვის, რომ ჩვენ თვითონაც გადავრჩეთ.

 

მამუკა გვარიშვილი ისეთი კაცი იყო, რომელიც ყოველთვის ეძებდა ისეთ ჰუმანისტურ გამოსავალს, რომელიც ნამდვილად ეკადრებოდა „მრავალჟამიერის“ კულტურას, მრავალხმიანობას და „ბახტრიონის“ კულტურას. აი, ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის - რადგან თუ ამ თვისებებს დაკარგავს  ერი, მაშინ მას სიცოცხლე არ უწერია. ახლა უმძიმესი ხანია მთელი კაცობრიობის ისტორიაში - მოვიდა დიდი კატაკლიზმების დრო და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია,  ადამიანებმა, ისევე როგორც მთლიანად ერმა, გამოიჩინოს სიყვარული მისი ახლობლების მიმართ და სიკეთე დათესოს პირველ რიგში. სიკეთეს იმხელა მეტაფიზიკური ღირებულება აქვს, რომ ამის უარყოფა არც ერთ მატერიალისტურ დისციპლინას არ შეუძლია. მატერიალიზმს აკლებული აქვს დღევანდელი სამყარო, თუმცა ის ვერასდროს დაამარცხებს ადამიანში მოყვასის (და მტრისაც) სიყვარულის უნარს და შემოქმედებას. შემოქმედება არ ნიშნავს მხოლოდ ხელოვნების მოღვაწეობას - ის არის რთული და გამოუვალი სიტუაციიდან გამოსვლის ახალი გზის მოძიება - ყველა პროფესიაში და პირველ რიგში სახელმწიფოს მართვაში.

 

მამუკა გვარიშვილის დიდი დამსახურების წყალობით, 1993 წლის მარტში თავიდან იქნა აცილებული დიდი კატასტროფა, რომლისგანაც ქვეყანას სულ რამდენიმე დღე აშორებდა. ამ დროს საქართველოში აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, და ყარაბაღის დაპირისპირებაც ჯერ კიდევ ცხელ ფაზაში იყო - ყველა სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში იყო ძალიან სერიოზული პრობლემები კვებასთან და ელემენტარულ მედიცინასთან დაკავშირებით. სომხეთს ერთადერთი სასიცოცხლო არტერია საქართველოს გავლით ჰქონდა, საიდანაც იქ პური შედიოდა და 1993 წლის მარტში ისლამისტმა ტერორისტებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სარკინიგზო ხიდის აფეთქება მოახერხეს. ამ აფეთქებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სომხეთს იმ დროისათვის მხოლოდ 3 დღის ხორბლის მარაგი ჰქონდა დარჩენილი და ჩვენს სამხრეთელ მეზობელ და ახლობელ ერს უკვე სასიკვდილო საშიშროება ემუქრებოდა. ხიდის აფეთქებას მოჰყვა ძალიან დიდი პანიკა, რადგან ამ მომენტისათვის უკვე რეალური გახდა დიდი  კატასტროფა, რომელიც თავისი მასშტაბით 1915 წლის გენოციდს მიუახლოვდებოდა. ამ დროს მამუკა გვარიშვილს დაევალა ქვეყნისათვის ამ უკიდურესად რთული ვითარებიდან გამოსვლა. ეს თითქმის შეუძლებელი საქმე იყო.

 

ამ დროს აუცილებელი შეიქმნა, რომ ხორბლის გადაზიდვა მომხდარიყო საიათნოვას ერთი სამშობლოდან მეორეში - იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა დიდი კატასტროფა, რომელიც კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტსაც გამოიწვევდა და კავკასიაში ქრისტიანული კულტურების გადარჩენის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მაშინ ეს ინფორმაცია გულდასმით იმალებოდა ოფიციალური სტრუქტურების მიერ, რადგან ქვეყანა დაუცველი იყო - მაგრამ ახლა კი უკვე ცნობილია რომ კავკასიაში და საქართველოშიც ინფილტრირება მოახდინეს ექსტრემისტულმა ისლამისტმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თურქეთის ტერიტორიის გავლით გადმოვიდნენ და სწორედ ისინი აწყობდნენ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც ზოგადად ქრისტიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს დაჯგუფებები დღემდე არსებობენ და მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ნებისმიერ დროს უნდა ვიცოდეთ რომ ისინი შეიძლება ამოქმედდნენ. 1993 წლის მარტში კი უაღრესად რთული მომენტი იყო ქვეყნისათვის - ამ პერიოდში საქართველოს პრაქტიკულად არავითარი დაცვა არ ჰქონდა ისლამური ტერორიზმისაგან. უფრო მეტიც, ეს ის პერიოდია, როდესაც შამილ ბასაევი და მისი ისლამისტი მეგობრები ქართველებს დიდი სიამოვნებით ასალმებენ ცხოვრებას და ართმევენ საცხოვრებელ სახლებს აფხაზეთში. ისლამისტი ტერორისტების საშიშროება ძალიან დიდი იყო. სწორედ იმ დროს იყო, როდესაც მსოფლიომ იხილა სამუელ ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა შეჯახება“, სადაც ლაპარაკი იყო ზოგიერთ უცილობელ დაპირისპირებაზე - მაგალითად ქრისტიანულ და მუსლიმურ სამყაროებს შორის. ამ პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა სიცოცხლის მაგისტრალის შენარჩუნება საქართველოსა და სომხეთს შორის - სამხრეთ კავკასიის ორ ქრისტიან ერს შორის ძალიან დიდი მნიშვნელობის აქტი იყო. მაგრამ როგორ და რა გზით? ამ „სიცოცხლის არტერიის„ გაყვანა სულ რამდენიმე დღის განმავლობაში უკიდურესად რთული საქმე იყო.  მამუკა გვარიშვილმა ეს ურთულესი ამოცანა შეასრულა და ამით მთელი რეგიონი კატასტროფას გადაარჩინა - ეს უდიდესი საქმე იყო.

 

ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი დიდი წვლილისათვის მამუკა გვარიშვილის სახელს ერევნის ერთ-ერთ ქუჩას არქმევენ და მნიშვნელოვანია რომ ჩვენთანაც მოხდეს ეს. არ უნდა დავივიწყოთ ის გმირები, რომელთაც თავიდან აგვაცილეს დიდი კატასტროფა. ახლა, როდესაც ისლამური საფრთხე რეალურია და საქართველოს ნაწილი უკვე ექსტრემისტებს ფულით აქვთ ნაყიდი, ნაწილზე მათი „ბოევიკები“ სამზადისს გადიან და ამავე დროს საქართველოში შემოდის უკანონო კონტრაბანდის გზით ისლამისტი ტერორისტების შეიარაღება - აუცილებელია, რომ მამუკა გვარიშვილის ხსოვნას პატივი ვცეთ. ბინ ზაედის ასეულობით მილიონი დოლარის წყალობით საქართველოში აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ქრისტიანობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაც არის საჭირო ასეთი მაგალითები ჩვენთვის.

 

მამუკა გვარიშვილი განათლებთ აღმოსავლეთმცოდნე იყო. საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში ძალიან კარგი აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლები იყო - ეს იძლეოდა კარგი სტრატეგიული გათვლის პერსპექტივას. რატომღაც საქართველოში მავანმა ფსევდო-განმანათლებელმა „პატრიოტებმა“ გადაწყვიტეს რომ გაეუქმებინათ აღმოსავლეთმცოდნეობის არაჩვეულებრივი სკოლა, მაშინ როდესაც სომხეთში ეს სკოლა შეინარჩუნეს. და ეს ხდება იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოსათვის აღიარებული ყველაზე დიდი საფრთხე სწორედაც რომ ისლამური ტერორიზმია, რომელსაც განუსაზღვრელი ექსპანსიის გეგმები აქვს. უკვე დახატულია ისლამური სულთანატის, ხალიფატის და ემირატების რუკები, რომელთა ნაწილიც არის საქართველო. თვით საქართველო უკვე დიდი ხანია „ისლამური სახელმწიფოს“, „ემირატის“, „ალ ქაიდას“ და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მიერ არის ინფილტრირებული - დღესაც საქართველოში აქტიურია ისლამისტი ბინ ზაედის მიერ დაფინანსებული არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ექსტრემისტული ჯგუფები - და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა - თანამედროვე არაბული სამყაროს შემსწავლელი ინსტიტუტები. ეს დიდი დანაკლისია ქვეყნისათვის - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს, ისევე როგორც სომხეთს, კარგად უნდა ახსოვდეს ასობით ათასი ადამიანი, რომელიც შეეწირა აგრესიული ისლამიზმის დამპყრობლურ ომებს. ახლაც ემზადებიან ისლამისტები ახალი შეტევისათვის - ამისათვის მილიონობით დოლარი იხარჯება. მაგრამ, საქართველოს დღეს აღარ ჰყავს მამუკა გვარიშვილის მსგავსი ეროვნული მოღვაწეები, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ და არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე. დღეს, როდესაც საქართველოში ქრისტიანული კულტურის განადგურებისათვის ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება - საქართველოს სჭირდება მამუკა გვარიშვილის მსგავსი პატრიოტები, რომლებიც განათლებულებიც არიან შესაბამისად და შეუძლიათ კიდეც ისეთი გმირობის ჩადენა, რომელიც ბატონმა მამუკამ 1993 წლის მარტში ჩაიდინა, როდესაც ფაქტიურად სიცოცხლის მაგისტრალი გახსნა საქართველოსა და სომხეთს შორის.

 

მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია საქართველოში აღდგეს აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტრატეგიული თავდაცვის პოტენციალს მაშინ, როდესაც ქვეყანას ამდენი საფრთხე აქვს ექსტრემისტული ისლამიზმისაგან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ვაჟას გენიალური ქმნილება „ბახტრიონი“ - დღეს ის დროა, როცა საქართველოს სჭირდება დაცვა ყიზილბაშების ლეგიონებისგან. მამუკა გვარიშვილი თავისი დროის ზაალ არაგვის ერისთავი იყო, რომელიც კარგად იცნობდა არაბულ კულტურას და ყველანაირად მზად იყო, მოეგერიებინა ისლამისტური ექსპანსია. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ აღვადგინოთ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიც და ის დიდი ტრადიციაც, რომელიც საქართველოს ამ დარგში ჰქონდა.

 

დღეს საქართველოს კარგად უნდა ახსოვდეს მამუკა გვარიშვილი და მისნაირი გმირები, იმისათვის, რომ არ გავხდეთ ხალიდ შეიხ მუჰამედის ახალი ტერორისტული აქტების მსხვერპლნი...

 

 

 

 

big_banner
არქივი