logo_geo
დავით ჭელიძე: ჰამლეტ გონაშვილს 92 წელი შეუსრულდებოდა...
- +

20 ივნისი. 2020. 16:16

 

 

დღეს უდიდეს ქართველ მომღერალს ჰამლეტ გონაშვილს 92 წელი შეუსრულდებოდა.

 

ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა სოფელ ანაგაში. სწავლობდა ბიოლოგიას. მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი. შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორმა მიხეილ კვესელავამ მას ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო.

 

1953-1969 წლებში იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი. 1969 წლიდან ანსამბლ „რუსთავში“ გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. ანსამბლის რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

 

ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში „მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია „ურმული“, „ოროველა“, „წინწყარო“, „წმინდაო ღმერთო“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „დაიგვიანეს“. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია. გონაშვილს გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი („მოდი გიამბობ“, „თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) მოარგო.

 

ჰამლეტ გონაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელ ანაგაში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.

 

თემურ მეტრეველის მამას, ბატონ გიორგის განსაკუთრებით უყვარდა ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით „დაიგვიანეს“...

 

ჰამლეტ გონაშვილი სრულებით ახალგაზრდა, 57 წლისა დაიღუპა...

 

როცა 1985 წლის 27 თუ 28 ივლისს გაგრაში გაზეთი „კომუნისტიც“ ვიყიდე, ელდა მეცა - ჰამლეტის ნეკროლოგი რომ ვნახე. და გავოცდი, როცა ჩვენი მწერლებიდან, ვინც მაშინ გაგრის ლიტფონდში ისვენებდა, ყველას უგულობა შევატყვე, არავითარი ემოცია არ ჰქონდათ. ახლა რომ ვფიქრობ, შესაძლოა მათ წინა დღეებში (ჰამლეტი 25 ივლისს დაიღუპა) შეიტყვეს ეს ტრაგიკული ამბავი, მაგრამ რაღაც ხომ უნდა შემეტყო მათი გამოხედვიდან - სრული ინდეფერენტულობა, უგულობა...

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ეს უდიდესი მომღერალი...

 

 

big_banner
არქივი