logo_geo
ლევან მამალაძე: გთხოვთ!
- +

10 ივლისი. 2020. 19:39

 

 

 

 

„საერთო გაზეთი“ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის ღია წერილს აქვეყნებს.

 

„ლევან მამალაძის ღია წერილი ქართველ საზოგადოებას

 

ამ წერილს თუ აღსარებას საქართველოს საზოგადოებას ვუძღვნი.

 

მინდა იცოდეს ყველამ _ მე, ერთ ქართველ კაცს, ჩემი ქვეყნის მოყვარეს და გულშემატკივარს, რომელსაც საქართველოს ცის დანახვა არ მღირსებია 17 წელიწადია და ჩემს მიწაზე ფეხი არ დამიდგამს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო და რა `დამიშავებია~.

 

რატომ არ მეძლევა უფლება, სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლი მამაჩემის, ბიძაჩემების და სხვა ჩემი ახლობელ-მეგობრების საფლავებს მაინც რომ მოვეფერო და ჩემს სამ შვილს, სულით ხორცამდე ქართველებს, ქართულ მიწაზე გავლა ვაღირსო?!

 

მათ სიზმრებში აქვთ საქართველო, თავიანთი ბავშვობის მეხსიერებიდან, ჩემი და ჩემი მეუღლის მონაყოლი ისტორიებიდან.

 

არავინ არ მომიკლავს და არ გამიუბედურებია, სახელმწიფოსთვის არ მიღალატია, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჩემი ქვეყნის ინტერესები არ დამიზარალებია, ბიუჯეტი არ გამიძარცვავს, ოქრო და ვერცხლი არ მომიპარავს, დიახ, არ მომიპარავს, მაგრამ, მოდით, თავიდან დავიწყებ:

 

1988 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში _ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოდით.

 

1989 წლიდან მწვანეთა მოძრაობის სწავლული მდივანი ვიყავი.

 

მოგვიანებით, პარლამენტის დეპუტატი გავხდი ქვემო ქართლიდან, შემდეგ კი ქვემო ქართლის გუბერნატორად დავინიშნე.

 

დღეს ზოგიერთები ჩემზე ამბობენ, ლევან მამალაძე შევარდნაძესთან განსაკუთრებით დაახლოებული იყოო, არადა, იმის მიუხედავად, რომ შეხვედრისას ბოლომდე, გულდასმით მოგისმენდა და რჩევებსაც გაითვალისწინებდა, მთავრობაში არავინ იყო მისი „მეგობარი“ და ძმაკაცი.

 

იმ ურთულეს პერიოდში მაინც მოხერხდა ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ჩამოყალიბება, სახელმწიფოს განესაზღვრა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციები, ყველა სტრატეგიული პროექტი მაშინდელი პერიოდიდან იღებს სათავეს. მათ შორის, პატრულისა და იუსტიციის სახლების შექმნა. ამ პროექტების განხორციელება უსახსრობის გამო მაშინ ვერ მოხერხდა. სააკაშვილმა კი შსს მინისტრის კახა თარგამაძის გამზადებული პროექტები თავის დამსახურებად გამოაცხადა.

 

ქართული სახელმწიფოებრიობა პირველ ნაბიჯებს დგამდა და, თავისთავად ცხადია, ძალიან ძნელი იყო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობა, მით უფრო, ქვემო ქართლში.

 

ეს გუბერნატორის ინსტიტუტის პირველი აპრობაცია იყო საქართველოში.

 

მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა შევძელით: სახელმწიფო საზღვრებიდან და საწარმოებიდან განვდევნეთ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და განვაიარაღეთ ისინი.

 

სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად, შევქმენით ერთობლივი კომისია. ტყვეობიდან დავიხსენით საქართველოს ასეულობით მოქალაქე.

 

მრავალეროვნულ რეგიონში ჩამოყალიბდა ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის უზენაესობა, შეიქმნა შესაბამისი საკონსულტაციო და მართვის სტრუქტურები. თანასწორუფლებიანობის პრინციპით განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო რეფორმა, რეგიონმა პირველი ადგილი დაიკავა სს პროდუქციის წარმოების კუთხით. ჩამოყალიბდა მრეწველობის ხელშეწყობის, საინვესტიციო მიმზიდველობის და საბიუჯეტო უზრუნველყოფის პროგრამები. აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო და ბიზნეს-ჯგუფების მონაწილეობით შეიქმნა რუსთავის მეტკომბინატის რეაბილიტაციისა გეგმა, რაც მოწონებული იქნა სამივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ. განხორციელდა სს „აზოტის“ ნედლეულით და ბუნებრივი აირით მომარაგება, ამავე საწარმოსთვის შეიქმნა კარბამიდის წარმოების მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდი გეგმა, რაც მოიწონა კიდევაც იაპონურმა კორპორაცია „იტოჩუმ“.

 

რეორგანიზაცია ჩატარდა სს „მადნეულში“ და წამგებიანი საწარმო რენტაბელური გახდა. სახელმწიფო ინტერესები განმტკიცდა ოქროს მწარმოებელ საწარმო „კვარციტში“, არ მიეცათ საშუალება ცრუ ინვესტორებს გაეკოტრებინათ და ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ქონება. რაიონებში ამოქმედდა მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები. მომზადდა კომპლექსური ანტიკორუფციული პროგრამა და საკანონმდებლო ინიციატივის სახით დაეგზავნა სამინისტროებს.

 

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა ეს პროგრამა შეგნებულად დაბლოკა. ასევე დაბლოკეს ხე-ტყისა და ჯართის ექსპორტის რეგულირების ჩვენს მიერ შედგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც გამიზნული იყო საქართველოს ხე-ტყის უმოწყალო ჩეხვისა და საწარმოების ძარცვის შესაჩერებლად, რის გამოც საჯაროდ ვამხილე სააკაშვილი სახელმწიფოს საწინააღმდეგო და კორუფციულ მაქინაციებში, 2003 წლის თებერვალში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

 

თანამოაზრეებთან ერთად შეიქმნა პირველი თვითმმართველობის ასოციაცია, მომზადდა თვითმართველობის რეფორმა, რაც მოიწონა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

 

ჩვენი ინიციატივით, წალკის რაიონში ჩავასახლეთ აჭარაში და სვანეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახები, შეივსო მიტოვებული სოფლები, დაბალანსდა დემოგრაფიული მდგომარეობა, თავიდან იქნა აცილებული პროვოკაციები ქართულ-ამერიკული წვრთვნისა და აღჭურვის სამხედრო პროგრამის, ტრანსნაციონალური ნავთობსა და გაზსადენების მშენებლობაში.

 

აშენდა და გარემონტდა მრავალი ეკლესია-მონასტერი.

 

ეროვნული მასშტაბი მიენიჭა „დიდგორობის“ სახალხო ზეიმს. იერუსალიმში რომ ხუთჯვრიანი დროშებით შედიოდნენ ქართველები, ისეთი დროშა დიდგორზე აფრიალდა, როგორც „ძლევაი საკვირველი“ და გამარჯვების სიმბოლო.

 

რაც ჩამოვთვალე, ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, თუმცა ცუდის დამჯერეს, რაც უნდა კარგი გაუკეთო, მაინც ვერ შეასმენ.

 

სააკაშვილმა, რაც კი ჩვენ გვიკავშირდებოდა, ყველაფრის წაშლა მოინდომა _ წალკაში ჩასახლებული ქართველები უყურადღებოდ დატოვა, „დიდგორობის“ ზეიმი გააუქმა, მაგრამ ხალხი მაინც დადის დიდგორზე და იქ აშენებულ ეკლესიაში ლოცულობს დღესაც…

 

სააკაშვილი ყოველთვის კონკურენტად აღმიქვამდა, მაგრამ რეალური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი ვუთხარი ძალისმიერი და ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ პარლამენტში შეიყვანა და „მოქალაქეთა კავშირის“ ფრაქცია ჩააბარა, სააკაშვილს სტაბილურობა მაინც არ აწყობდა, ხელისუფლების დამხობა სურდა, ამ საქმეში კი ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ვიყავი მე.

 

მაშინ მას უკვე ჰქონდა თათი დადებული ქართულ მედიაზე. სააკაშვილმა შესანიშნავად იცოდა, რა ძალა და შესაძლებლობები აქვს, ზოგადად, პრესას და იყენებდა კიდევაც ამას ყოველთვის. ჩემს შემთხვევაშიც, მოსყიდულ მედიაში, შავი პიარით, ჩემს განადგურებას შეუდგა.

 

მე ვამხელდი სააკაშვილს: თუ როგორ ცდილობდა ის იუსტიციის მინისტრობისას სახელმწიფო საწარმოების ხელოვნურად გაკოტრებას და მისაკუთრებას, მილიონობით თანხების მითვისებას და არჩევნების გაყალბებას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისას ქალაქის ბიუჯეტიდან დიდძალი თანხების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას, უცხოეთში დამალულ ანგარიშებს და ა. შ.

 

2003 წლის თებერვალში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე სააკაშვილის კორუფციის ამსახველი ყველა დოკუმენტი წარვადგინე. მასალები მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს გადაეცა. კონტროლის პალატამ დაადასტურა ჩემს მასალებში ასახული ყველა ფაქტის სისწორე.

 

იმ პერიოდშივე გავშიფრე სააკაშვილის მიერ შემუშავებული ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები და ვიდეომტკიცებულებებიც, სამართალდამცავებს გააჩნდათ, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ, მიშასთან დაპირისპირებას უფრთხოდნენ.

 

მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ მე გამოვააშკარავე მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ხელოვნურად გაკოტრებისთვის ინვესტორებისგან მილიონობით დოლარის ქრთამის აღების ფაქტებზე.

 

სააკაშვილი სიმართლეს ვერ იტანდა. გემახსოვრებათ, სამჯერ გამექცა პირდაპირი ეთერიდან, მაგრამ საზოგადოება იმდენად იყო გაბრუებული, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალდებას არ იჯერებდნენ.

 

რომ არ ვინდობდი, ამან მთლად გაამწარა მიშა და თავისი თაღლითური დანაშაულებები რომ გადაეფარა, რუსეთიდან ძვირადღირებული Pღ-ტექნოლოგები ჩამოიყვანა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმას ადგენდნენ. ისინი მიშამ მე დამიპირისპირა.

 

სწორედ მაშინ დაიწყო, აქტიურად, მოგონილი ჭორების გავრცელება, ჩემსკენ ტალახის სროლა, ოქროს ზოდები, ნიანგები, რაშები და ა. შ.

 

მიზანი ერთი იყო, საზოგადოების თვალში მონსტრი შეექმნათ, მოეკვეთათ და გაენადგურებინათ მამალაძე.

 

ერთ დროს გაღლეტილი მიშა კი უცბად მდიდრდებოდა, ბრონირებული ჯიპით დასეირნობდა, კერძო თვითმფრინავებით დაფრინავდა საზღვარგარეთ, საზოგადოებას კი პოლიტტექნოლოგების მიერ შემუშავებული მეთოდებით აბრუებდა, მეტროში ჩადიოდა და ხალხს თავს აცოდებდა.

 

მისი მთავარი მიზანი ხელისუფლების დამხობა და უზურპირება იყო, ამიტომ ოპონენტების და კერძოდ, ჩემი განადგურებისთვის ფულს არ იშურებდა.

 

ეს ფაქტები „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და დამფუძნებელმა კობა დავითაშვილმაც დაადასტურა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.

 

მიშამ საზოგადოება ვირტუალურ რეალობაში მოაქცია და ჩემზე გავრცელებულ ჭორებს ადვილად აჯერებდა.

 

თბილისი-რუსთავის ავტობუსებში სპეციალურად სვამდნენ მოენეებს, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ პირადად დაინახეს, როგორ ვეზიდებოდი ოქროს ზოდებს და ნიანგის ტყავებს. ეს ჭორები იმდენად აბსურდული იყო, რომ ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ეს ამბავი სააკაშვილის პროკურორებმაც კი ვერ დაადასტურეს.

 

ჩემი გასამართლების სხვა გზა რომ არ იყო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩემი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია კანონდარღვევად გამოაცხადეს.

 

დეკლარაციას 1997 წლიდან ვაბარებდი და მაკონტროლებელ ორგანოს შენიშვნა არასდროს დაუფიქსირებია. მიუხედავად ამისა, დოკუმენტაციით დადასტურებული ავტომობილის შეძენას ქრთამი დაარქვეს, საბანკო ბარათებზე 4 წლის განმავლობაში 15 000 ჯამური ბრუნვა კი ფინანსურ მაქინაციად ჩათვალეს.

 

ეს კამპანია სწორედ `მადნეულის~ და `კვარციტის~ ვითომ ინვესტორებისთვის გადაცემაში ხელის შეშლის გამო ამიგორა სააკაშვილმა, რადგან ყველანაირად ვცდილობდი, ეს ობიექტები სახელმწიფოსთვის შემენარჩუნებინა. სააკაშვილმა, როგორც კი პრეზიდენტი გახდა, სახელმწიფოს წაართვა ორივე საწარმო, რუსულ კომპანიას გადასცა ერთ ლარად და თვითონ წილში ჩაჯდა თავის ბიძასთან თემურ ალასანიასთან ერთად.

 

ხმამაღლა ვაცხადებ: `მადნეულსა~ და `კვარციტში~ პირადი ინტერესი არასდროს მქონია და ხმები, თითქოსდა, რაიმე სადაო მქონდეს მის ძველ ან ახალ მფლობელებთან აბსოლუტური ტყუილია.

 

მოგეხსენებათ, ქვემო ქართლში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები _ აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები და სხვები. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა დიდი შრომა დაგვჭირდა, ქართული სახელმწიფო მათთვის მშობლიური გამხდარიყო. ეთნიკური კონფლიქტებით სისხლისგან დაცლილი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით სტაბილურობის მიღწევა.

 

სააკაშვილის რუსმა ტექნოლოგებმა მედიაში ეს ფაქტი სპეციალურად ისე შეფუთეს, რომ თბილისში ქართული მოსახლეობა გაეღიზიანებინათ.

 

ქვემო ქართლში ეთნიკურ ჯგუფებს კი ჩასძახოდნენ: მამალაძე ზვიად გამსახურდიას გამოზრდილია, ქართველებს ეხმარება, ეკლესიებს აშენებენო.

 

სააკაშვილს არეულობის მოწყობა უნდოდა. მან პასპორტები მოტყუებით მოპარა ბოლნისელ აზერბაიჯანელებს და პროვოკაცია მოაწყო, დაძაბულობა სპეციალურად რომ შეექმნა და ქართული და აზერბაიჯანული მოსახლეობა დაეპირისპირებინა.

 

სააკაშვილისთვის ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავდა, ამიტომ ასევე ადვილად მისცა რუსეთს ე.წ. ოსეთ-აფხაზეთის აღიარების საშუალება, ხოლო სამდღიან ომში სამარცხვინოდ დამარცხებულთ, თბილისში გავიმარჯვეთო _ აძახებინა!..

 

მაგრამ დავუბრუნდეთ 2003 წლის არჩევნებს.

 

მე გადავდექი გუბერნატორობიდან და მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს ბოლნისის რაიონში. როგორც მაშინ მითხრეს, მიხეილ სააკაშვილს თინა ხიდაშელისთვის ჰქონია დავალებული ბოლნისში არჩევნების ჩაშლა.

 

ყველა მცდელობის მიუხედავად, მე ბოლნისში გავიმარჯვე და დაიწყო ცსკო-ში საჩივრების შეტანა, სასამართლოები და აურზაური, მაგრამ არჩევნების შედეგებს მაინც ვერ ცვლიდნენ. ამიტომ ხიდაშელმა, რომელთანაც პირადი შეხება არასდროს მქონია, წინასწარ შემუშავებული გეგმით, ცსკო-დან წევრები გამოაყრევინა, თუმცა არჩევნების შედეგები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ გაუქმება მაინც ვერ შეძლეს. არჩევნები რომ ვერ ჩაშალეს, სააკაშვილი ძალიან გაუწყრა თურმე თინას და შეპირებულ თანამდებობაზე _ იუსტიციის მინისტრად დანიშვნაზე _ უარი უთხრა. ამის გამო გადამეკიდა თინა ხიდაშელი. მერე სააკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ მაჟორიტარობა ერთადერთს მე გამიუქმა, ცსკო-ს ახალი თავმჯდომარის ჭიაბერაშვილის ხელით, სრულიად უკანონოდ.

 

უკანონობა და უსამართლობის რეპრესიული მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავებას იწყებდა.

 

არჩევნები ბოლნისში ხელახლა დანიშნეს. მიშამ იცოდა, რომ მე კვლავ გავიმარჯვებდი და მონაწილეობა რომ არ მიმეღო, ჩემს წინააღმდეგ სასწრაფოდ აღძრეს სს საქმე.

 

ჩემს საბრალდებო დოკუმენტში წერია: თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, აიძულა უცხოეთის მოქალაქე, გვარად პანდიტი, მამალაძისთვის შეეძინა ძვირადღირებული ავტომობილი.

 

როგორც გაირკვა, პანდიტი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა და გაქცეული იყო ლონდონში. აღძრული საქმის შეჩერების სანაცვლოდ, პროკურატურა გაურიგდა პანდიტს, რომ ყალბი ჩვენება მიეცა. ჩვენების ტექსტი ფაქსით მიიღეს ლონდონიდან. პანდიტის ფაქსის ფურცელი მტკიცებულებად ჩათვალა პროკურატურამ. ამისთვის არც ნოტარიული დამოწმება და არც პირის იდენტიფიკაცია არ მოუთხოვიათ.

 

იმ კომპანიას კი, სადაც თითქოს იყიდეს მანქანა, „შევროლეს“ მარკის ავტომობილით თურმე არასდროს უვაჭრია, ის კი არა, მაღაზიაც არ არსებობდა თურმე მაშინ. ამის დამადასტურებლად თავად მაღაზიის მაშინდელმა მეპატრონემ მაღალაშვილმა განაცხადა: მაღაზია ახლახან გავხსენი და ასეთი მარკის ავტომანქანაც არასდროს გამიყიდიაო.

 

რეალურად, ეს მანქანა, ირაკლი ჩუბინიშვილის ფირმის მეშვეობით, დუბაიდან ჩამოიყვანეს.

 

ჩვენ ყველა საბაჟო და ტრანსპორტირების საბუთი მივაწოდეთ პროკურატურას, მაგრამ მათთვის უმთავრესი სააკაშვილის დავალების შესრულება იყო.

 

დღეს პანდიტი ხელახლა იძლევა ჩვენებას და აღიარებს, რომ გარიგების შედეგად დააწერინეს ჩვენება და გამოაგზავნინეს ფაქსით, პროკურატურამ კი, რაც პანდიტს დაჰპირდა, არ შეუსრულა. ის გამოიყენეს და მერე, უბრალოდ, „გადააგდეს“…

 

მაგრამ გავაგრძელებ ჩემს ე.წ. ბრალდებებს, რომელიც ჩემს საქმეში დევს.

 

„აბსოლუტ-ბანკის“ პლასტიკური ბარათი დეკლარაციაში ოფიციალურად მქონდა დაფიქსირებული, სადაც ყველა ჩემი საბანკო ოპერაცია იყო აღნიშნული, ამიტომ პროკურატურამ ბანკის თანამშრომელი კობა ბექაური აწამა და გაუპატიურების მუქარით ჩემზე ცრუ ჩვენება დააწერინა. ბექაურმა მერე მთლიანად უარყო ჩვენება და ბევრჯერ მიმართა სამართალდამცავებს წამების შესახებ, საგაზეთო სტატიაც გამოაქვეყნა, მაგრამ რეაგირება დღემდე არავის მოუხდენია.

 

აი, ასეთი `ბრალდებების“ გამო მომისაჯეს, შეკრებითობის პრინციპით, თავისუფლების აღკვეთა 17 წლით და დაიწყეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ უსასტიკესი რეპრესიები.

 

მე მებრძოდა სახელმწიფო მანქანა, სააკაშვილი კი ყოველი ჩვენი ტრაგიკული შემთხვევით ხარობდა.

 

ორიოდე თვე იყო გასული ხელისუფლებაში ნაცების მოსვლიდან, როცა ქონებისა და ბიზნესის მიტაცებამ ფართო მასშტაბი მიიღო.

 

ჩემს მშობლებს მიუვარდნენ კოჯორში და სახლიდან გამოყარეს. მამაჩემი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხევში წავიდა. სპეცდანიშნულების რაზმმა იქაც მიაკითხა. სთხოვდნენ ბაბუაჩემის ისიდორე მამალაძის მიერ 60-იან წლებში ერთსართულიანი ოდის ხარჯების წყაროს წარმოდგენას. ლოგინად ჩავარდნილ დედაჩემს შეიარაღებული ნიღბოსნები სახლში უვარდებოდნენ და დაკითხვებზე მიჰყავდათ.

 

თბილისში ბიძაჩემის კუთვნილი ბინა განვადებით მქონდა აღებული. ამის შესახებ დეკლარაციაშიც მქონდა აღნიშნული.

 

ჩემი ცოლი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ამ ბინიდან ქუჩაში გამოაგდეს.

 

გააფთრებული ეძებდნენ ხელჩასაჭიდს.

 

თუმცა ჩემი ქონება ისე ვერ გამოიყურებოდა, რა ფონსაც სააკაშვილის მედია მივრცელებდა _ „რუსთავი 2“-ით სხვის სახლს უჩვენებდნენ, რომ თვალისმომჭრელი ყოფილიყო მაყურებლისთვის.

 

როცა ეს ეცოტავათ, დაიწყეს ჩემი ნათესავებისგან და ახლობლებისგან ზეწოლით ჩვენებების გამოძალვა.

 

დაკითხვიდან წამოსული ბიძაჩემი _ 47 წლის დათო პაიჭაძე თავის სახლში 10 წლის შვილმა სისხლის გუბეში იპოვა. დათომ ვეღარ გაუძლო ზეწოლებს და სიცოცხლეს გამოესალმა.

 

მახსოვს, 2004 წელს, ჩემს დაბადების დღეზე მამამ დამირეკა: ჩამოდი, ბიჭო, ციხეში ვინ არ მჯდარა, იქიდან უთხარი სიმართლე ყველას და შეგეშვებიანო.

 

რამდენიმე დღეში გია ბარამიძეს დავურეკე: ჩამომიშვით, ჩავჯდები ციხეში, ოღონდ იმის პირობა მომეცით, რომ სამართლიანი სასამართლო იქნება-მეთქი. ბარამიძემ მითხრა, ზურა ჟვანიას დაველაპარაკებიო. მომდევნო დღეს ბარამიძემ ჟვანიას ნათქვამი გადმომცა: „არ ჩამოხვიდე, პირადად ჩემს საწინააღმდეგოდ გამოგიყენებს სააკაშვილი, სამართლიანი სასამართლო კი არა, ცოცხალი რომ დარჩე, იმის გარანტიას ვერ მოგცემთო“.

 

მამაჩემს ეს ვეღარ ვუთხარი, ისედაც დარდობდა, მუდმივი ჩხრეკა, თვალთვალი, შეიარაღებულთა თარეში ჩვენს ოჯახში ყოველდღიურ ნორმად იყო ქცეული. ნიღბიან ზონდერებს სააკაშვილის ე.წ. ჟურნალისტები მოჰყვებოდნენ, ყველამ იცოდა, რომ საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ თითქოს მე მეძებდნენ, ლოგინების ქვეშ და კარადებში მაინც ჩხრეკდნენ ყველაფერს, ოჯახს აპანიკებდნენ, რომ შოუები მოეწყოთ და ხალხისთვის ეჩვენებინათ.

 

ტელეფონით ბოლო საუბრისას მამაჩემმა მითხრა: „ჩამოსვლაზე არც კი იფიქრო, სასტიკად აწამებენ სულხან მოლაშვილს და არც შენ დაგტოვებენ ცოცხალს, ეგ შობელძაღლებიო“.

 

მამაჩემი დაუმთავრებელმა ცინიკურმა დაკითხვებმა ინსულტამდე მიიყვანა და გარდაიცვალა.

 

ის დღეს იმ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული, ჩვენი გვარისა და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით რომ აშენდა.

 

ჩემი ოცნებაა, ოდესმე მივიდე მის საფლავთან და ჩავეხუტო მამის გულზე დაყრილ მიწას, რადგან მისი იმქვეყნად გაცილების საშუალება არ მომეცა.

 

შვილის გარდაცვალებას ვერ გაუძლო ბაბუაჩემმა შალვა პაიჭაძემ და ისიც იმ ხანებში გარდაიცვალა.

 

რეპრესიები შეეხო ყველა ჩემს ახლობელს. ჩემი სიძე გოჩა ანთიძე უკანონოდ დააკავეს, კარცერში ამყოფეს და სანამ ჩემს დას ერთადერთი ბინა დიდ დიღომში არ გააყიდინეს, არ გამოუშვეს. გოჩა ციხეში დაავადდა და გარდაიცვალა. ხანში შესული ჩემი ნათესავი ამირან ყაჭეიშვილი სიმსივნით საავადმყოფოში იწვა, სპეცნაზელები მიუჩინეს, თვალისმომჭრელ სცენებს დგამდნენ და ტელევიზიით გადასცემდნენ. ამგვარმა ზეწოლამ მასაც სიცოცხლე მოუსწრაფა. ჩემი დები და ძმა, ასევე ახლობლები, თუკი ვინმე სადმე მუშაობდა, ყველა დაითხოვეს სამსახურიდან და სიცოცხლე გაუმწარეს, გაუთავებელ დაკითხვებზე ატარებდნენ.

 

მაშინ ჩემი ანამარია 8 წლის, ნიკა კი 7 წლისა იყო. სკოლის დირექტორს, სადაც სააკაშვილის შვილებიც სწავლობდნენ, მოსთხოვეს ჩემი შვილების დაუყოვნებლივ სკოლიდან გაგდება. ბავშვებს აუტანელი გარემო შეექმნათ. კეთილმა ადამიანებმა გვაცნობეს, რომ სააკაშვილის დავალებით, ზონდერებს ჩემი შვილების გატაცება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ ჩემი შეპყრობის მიზნით, ოჯახი დაეშანტაჟებინათ. ჩემი მეუღლე, მარიკა, იძულებული გახდა, საქართველოდან გახიზნულიყო. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ თვალთვალს გაქცეოდნენ და და არაოფიციალური გზებით ქვეყანას გასცლოდნენ. ასეთი ურთულესი გზით უკრაინაში ჩამოვიდნენ. აქაც არ გველოდა მშვიდი ცხოვრება. მოგზავნილი ქილერებისგან თავის დაღწევა იოლი არ იყო… მაშინ ჩემი უმცროსი ვაჟი ლეგა ორწლინახევრის იყო, როცა ჩავეხუტე, ასე მითხრა: „სააკაშვილმა სათამაშოები წამართვაო“.

 

ანამარია და ნიკა უკრაინულ სკოლაში რომ მივიდნენ, ცოტა ხანში დამრიგებელმა დაგვიბარა და გამოკითხვა დაგვიწყო. საქმე იმაში იყო, რომ ბავშვებს, თურმე, უნდა მოეყოლათ, ვინ როგორ გაატარა ზაფხული. ჩემები ჩხრეკისა და ნიღბოსნების მოვარდნის სცენებს ყვებოდნენ, ნახატებში კი ხელებაწეულს ხატავდნენ თავიანთ თავს შეიარაღებული სპეცნაზელების ფონზე.

 

ვიხსენებ ყოველივეს და თვალზე ცრემლი მადგება. ვისაც ეს არ გაუვლია, ვერ ჩაწვდება ამ მძიმე განცდებს.

 

ალბათ, გახსოვთ, ცნობილი ფილმი „მონანიება“, ან ფაშისტური რეჟიმის მიერ წამებულნი. სწორედ ასეთი სისხლიანი რეპრესიები დატრიალდა ჩვენს თავზე. ადამიანი სხვისგან ელის ისეთივე ქცევას, როგორც თვითონ მოიქცეოდა, თუმცა აზრადაც კი არ მომსვლია, შესაძლებლობა რომ გამჩენოდა, სააკაშვილზე და მის ოჯახზე რეპრესიები განმეხორციელებინა.

 

მე და ჩემი ოჯახი მხოლოდ იმისთვის დავისაჯეთ, რომ მე პოლიტიკაში ვიყავი აქტიურად ჩაბმული და სახელმწიფო ინტერესებს ვიცავდი. მიშა კი კონკურენტად და მოწინააღმდეგედ აღმიქვამდა. მე რომ პოლიტიკაში არ ვყოფილიყავი, სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ან მეღალატა მაშინდელი პრეზიდენტისთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის, არავინ აღძრავდა საქმეს და არც რეპრესიები განხორციელდებოდა ჩემზე. შეგახსენებთ, ჩემი საქმე, რომელიც სააკაშვილის პროკურატურამ ჩემი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციის გამოშიგნვის შედეგად შეკერა, ამასაც რომ დავეყრდნოთ, ვერავინ იპოვის ერთ თეთრსაც, რომ რამე საბიუჯეტო თანხა იქნა გამოყენებული, ან რაიმე ფორმით ზიანი მივაყენე სახელმწიფოს.

 

დადგა 2012 წელი და დააკვირდით, წინა ხელისუფლების რომელ წარმომადგენელზე განხორციელდა მსგავსი რეპრესიები?!

 

ხშირად გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ანიჭებენ საკითხებს პოლიტიკურ დატვირთვას. არადა, სადაც სამართალი და კანონია, ჩემი საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. სწორედ პოლიტიკური მოტივაციის გამო უკრაინამ 2004 წელს დევნილის სტატუსი მომანიჭა.

 

დღემდე ზუსტად ვერ დამიდგენია, რა თქვეს ჩემზე ჩემმა არაკეთილმოსურნეებმა ისეთი, რის გამოც დაუსაბუთებლად ამომიღეს 2012 წლის პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საპარლამენტო სიიდან. მეუბნებიან, რომ სიიდან თინა ხიდაშელის კატეგორიული მოთხოვნით ამომიღეს.

 

ფრთიან ანგელოზობაზე თავს არ ვდებ, მაგრამ გამოიკვლიონ ჩემი ყველა ნამოქმედარი, მოიძიონ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა და შემოსავლები და ნათელი გახდება, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და არც არასდროს ვყოფილვარ ფუფუნებაში, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების ნაწილი გავრცელებული ჭორებით დაარწმუნეს და მონსტრად გამომაცხადეს, ჩემს საქმეში არ არსებობს ფაქტი ან მტკიცებულება, რომელზეც პასუხი არ იყოს გაცემული და რაიმე დანაშაულს ამტკიცებდეს. მოწმეებმა, რომელთა ჩვენებებზე დაყრდნობით შეკერა პროკურატურამ საქმე, დააფიქსირეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და გარიგების სანაცვლოდ ჩამოართვეს ცრუ ჩვენებები.

 

2012 წლის შემდეგ მრავალჯერ მივმართე პროკურატურას. მასალები პროკურატურაში სპეციალურად შექმნილ `სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების დეპარტამენტში“ დევს.

 

მიუხედავად ამისა, სამართლებრივ ჭრილში, ჩემი საქმე არსად არ განხილულა. სამწუხაროდ, პროკურატურაში დღემდე მუშაობენ ის პროკურორები, რომელთაც დანაშაული მიუძღვით ჩემს უკანონო დევნაში და ჩემი ახლობლების სიცოცხლის ხელყოფაში. სასამართლოშიც მსგავსი ვითარებაა, წინასწარ მითხრეს, რომ ჩემი საკითხის განხილვაზე იტყვიან უარს.

 

ასეთმა მიდგომებმა გადამაფიქრებინა საქართველოში ჩამოსვლა და ციხიდან სამართლისათვის ბრძოლა. სააკაშვილის ზონდერი პროკურორები იმას ლამობენ, ჩარაზული მიხილონ საკანში.

 

მე მზად ვარ, ყველა მოგონილ თუ რეალურ ბრალდებაზე პასუხი ვაგო, ოღონდ მომეცეს საშუალება, რომ ღია სასამართლოზე წარვსდგე. საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შემთხვევაში, მე თვითონ გავუკეთებ ინიცირებას და სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის გასამართლების პრეცედენტს შევქმნი.

 

2015 წელს ინტერპოლმა აღიარა ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა და საერთაშორისო ძებნა გამიუქმა. მიუხედავად ამისა, საქართველოში რაიმე სამართლებრივ პროცესს ვერ მივაღწიე.

 

იმავე წელს პრეზიდენტ მარგველაშვილს მივმართე განცხადებით. მარგველაშვილმა მიპასუხა, საკითხი პოლიტიკური არისო, აერიდა სააკაშვილთან დაპირისპირებას.

 

ყველამ იცის, რომ სააკაშვილმა სამართალი თავის თავზე მოირგო და თავი დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა. მან დააფუძნა ელიტური კორუფცია, შექმნა რეჟიმი, რომელიც ანადგურებდა ყველას, ვისი საჭიროებაც გაჩნდებოდა, ქვეყანა შიშსა და ტერორში მოაქცია, გამოავსო ციხეები, წამება და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ნორმად აქცია. ტერიტორიების დაკარგვის ფონზე, საზოგადოება ვითომდა კეთილდღეობის ვიტუალურ რეალობაში აცხოვრა, რომლისგანაც ზოგი დღესაც ვერ გათავისუფლებულა. ასეთი რამ არც ერთ მმართველს არ გაუკეთებია სამშობლოსთვის, ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია საკუთარი ხალხისთვის.

 

2012 წელს, როცა ჯერ კიდევ შიში იყო დამკვიდრებული, კონსპირაციულ პირობებში, ქვემო ქართლის მოსახლეობასთან და სხვა რეგიონებშიც, ვატარებდით წინასაარჩევნო აგიტაციებს, რომ სისხლიანი რეჟიმი დასრულებულიყო საქართველოში.

 

სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც, ჩემს საახლობლო-სანათესაოსთან ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული.

 

2020 წლის დასაწყისიდან რამდენჯერმე მივმართე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით. ჩვენ არ შეგვიწუხებია ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები, თუმცა დღენახევარში, ჩემი შეწყალების მხარდამჭერ პეტიციას, 4000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება პოზიტიურად უყურებს ჩემს დაბრუნებას საქართველოში. ჩვენი მხარდამჭერები აქტიური ქმედებისთვის არიან მზად, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დროულად განიხილავს ჩემს თხოვნას.

 

კვლავ ვიმეორებ: რაც ჩემზე განხორციელდა, რეპრესიების და პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია და არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ჩემი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვოს.

 

ბევრს ვფიქრობ იმაზე, რატომ უნდა იზრდებოდნენ ჩემი შვილები უცხოობაში, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილები.

 

მე და ჩემმა მეუღლემ შვილებს არ დავავიწყეთ ქართული ენა და ტრადიციები, ისინი შორიდან ეტრფიან საყვარელ სამშობლოს.

 

ანამარია 23 წლისაა, ოსტინის უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და იურიდიულ კომპანიაში მუშაობს ტეხასში. 22 წლის ნიკოლოზი საერთაშორისო იურისპრუდენციის მაგისტრია, 18 წლის ლეგა ტურიზმის და სასტუმრო საქმის სპეციალობით სწავლობს.

 

პირადად მე, ამ ხნის განმავლობაში, ღირებული გამოცდილება შევიძინე სოციალური ფსიქოლოგიის, კონფლიქტოლოგიის, კრიზის-მენეჯმენტის, სტრატეგიული ანალიზისა და დაგეგმარების განხრით.

 

ყველა მეკითხება, საქართველოდან ბევრი წასვლაზე ოცნებობს და რად გინდა დაბრუნება ან რას გააკეთებ რომ ჩამოხვალო.

 

ვისაც ემიგრაციაში არ უცხოვრია, ვერ მიხვდება, რაოდენ მძიმეა სამშობლოსგან განშორება.

 

პოლიტიკის დაუნდობელ მორევში განმეორებით შესვლას არ ვაპირებ. თუ შესაძლებლობა მომეცემა, საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის კრეატიული მიმართულებებით და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით მინდა დავკავდე. მოვამზადო შესაბამისი საინვესტიციო პროექტები, მოვიზიდო ინვესტორები, ვიმუშაო სამეცნიერო და შემოქმედებით სფეროში.

 

მესმის, რომ ადამიანებს შეხედულებები ინფორმაციის საფუძველზე უყალიბდებათ. ამ წერილმა კი, ზოგი უგულო და ურწმუნო, შეიძლება, გააღიზიანოს კიდეც, რადგან ვერ თავისუფლდებიან სააკაშვილის დამღუპველი სინდრომისგან. აზრის ფორმირების სოციალურ და ნეირო-ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სამეცნიერო შრომები მაქვს გამოქვეყნებული და, შემიძლია ვთქვა, სიღრმისეულად ვიცნობ ასეთ საკითხებს.

 

საქართველოში ზოგს დავავიწყდი, ბევრი, შეიძლება, არც მიცნობს და მხოლოდ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით აქვს ჩემს შესახებ შთაბეჭდილება შექმნილი, მაგრამ, გთხოვთ, დაფიქრდით: ვინ და რის გამო ავრცელებდა ჭორებს და რა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო რატომ ვარ დღემდე დევნილობაში. საქართველოში ხომ დემოკრატიული პრინციპები მკვიდრდება, აღარ არის ძალადობა, წამება და ადამიანთა ღირსების აყრა.

 

მე, პირადად, არ ვიცნობ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, თუმცა, მიმაჩნია რომ, ბატონმა ბიძინამ შეუძლებელი შეძლო და საქართველოს ჩამოაშორა ძალადობრივი რეჟიმი. ის ეხმარება ქვეყანას და უამრავ ადამიანს უმართავს ხელს, ქართული საზოგადოება არ უნდა იყოს უმადური და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს.

 

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემს მიმართ დასრულდება სააკაშვილის მიერ გავრცელებული, დეზინფორმაციაზე დაყრდნობილი შთაბეჭდილებების ეპოქა და სიმართლე თავის გზას იპოვის.

 

ყველას მინდა გთხოვოთ, გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა.

 

არ არსებობს სასჯელი იმაზე მძიმე, ვიდრე 17 წელი სამშობლოდან მოწყვეტილი, დევნილობაში იმყოფებოდე.

 

მეტი რა უნდა მოხდეს, რა სახის პანდემია და ჟამიანობა? _ ასეთ დროს მხეციც კი არ ესხმის პირუტყვს თავს, მე რა დავაშავე ისეთი, რომ ამდენი ხანი სამართლიანობის აღდგენას ვერ ვეღირსე?!

 

დედაჩემი 80 წლისაა, მის გვერდით მინდა ვიყო.

 

გთხოვთ დახმარებას, დამაბრუნეთ ჩემს მიწა-წყალზე, ჩემს სამშობლოში, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად.

 

 

პატივისცემით, ლევან მამალაძე“

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი