logo_geo
საბედისწერო შეცდომა ელენე ახვლედიანის ცხოვრებაში
- +

27 ივლისი. 2020. 19:21

 

 

ელენე ახვლედიანი ყველა ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელი ხელოვანია. მის მხატვრობას დღესაც აღტაცებაში მოჰყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამთვალიერებელი. რაც დრო გადის, მისი ნამუშევრები სულ უფრო და უფრო შეუფასებელი ხდება, რადგან სწორედ ელენე ახვლედიანმა შემოგვინახა თავის ტილოებში თბილისის უძველესი ხედები.

 

„არტინფომ“ მხატვარის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი და ფაქტები მოიძია, რომელსაც ჩვენს წერილში გთავაზობთ.

 

ელენე ახვლედიანი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო, მაგრამ თელავში გახლდათ დაბადებული. მამამისი, დიმიტრი ახვლედიანი, დახვეწილი ინტელიგენტი, სამხედრო ექიმი გახლდათ და თავისი საქმის პროფესიონალად ითვლებოდა, დედამისი, ელისაბედ ერისთავი, განათლებული, ლამაზი ქალი იყო. დიმიტრი ახვლედიანს თელავთან ახლოს, სოფელ კურდღელაურში, უფასო კლინიკა ჰქონდა, იგი მეცენატი ადამიანი იყო. ელენე ახვლედიანიც მამას დაემსგავსა, მასაც უყვარდა სხვების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების დახმარება.

 

***

 

მხატვარს არასოდეს იზიდავდა სიმდიდრე და ფუფუნება. ის ყოველთვის უბრალოდ და მოკრძალებულად ცხოვრობდა. ელენე ახვლედიანი მართლაც რომ არაორდინარული პიროვნება იყო. თავისუფლად შეეძლო, საძილე გარნიტური ეყიდა, მაგრამ არ სურდა და ძველებურ ტახტს ამჯობინებდა. არც ფუფუნების საგნები იზიდავდა, მისი ფუფუნება ფერწერული ტილოები იყო. ერთ-ერთი მდიდრული საგანი, როიალი ჰქონდა, რადგან მუსიკოსების, მხატვრების წრეში ტრიალებდა. სალონად ქცეულ მის სახლს სტუმრობდნენ რიხტერი, ნეიჰაუზი, გოგოლევა, ტოვსტონოგოვი, ვერიკო ანჯაფარიძე, ლადო გუდიაშვილი, ნატო ვაჩნაძე. იგი ქართულ და დაღესტნურ ჭურჭელს აგროვებდა და მის სახლ-მუზეუმში VI-XVIII საუკუნეებში გაკეთებული ჭურჭელია დაცული. იტალიაში სწავლის დროს ისე უჭირდა, ნატურასთან პედაგოგის გარეშე მუშაობდა, რადგან პედაგოგის დასაქირავებელი ფული არ ჰქონდა.

 

***

 

სწავლის გასაგრძელებლად ელენე ახვლედიანი იტალიასა და საფრანგეთში 1922 წელს გაემგზავრა, თუმცა წასვლამდე მხატვარი ცოლად გაჰყვა აგრონომ ალეკო კაკაბაძეს, რომელიც მასთან ერთად გაემგზავრა იტალიაში სამსახურეობრივი დავალებით. წყვილმა ჯვარი ქვაშვეთის ეკლესიაში დაიწერა, ქორწილიც პომპეზური ჰქონდათ, რუსთაველზე ეტლით დასეირნობდნენ. მათ ქორწილს იოსებ გრიშაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც მწარე ლექსები მიუძღვნა ახალჯვარდაწერილებს. თურმე თავად ჰყვარებია ელენე ახვლედიანი, რომელიც არ გაჰყვა პოეტს. მოგვიანებით ელენეს მეგობრები ამბობდნენ, გრიშაშვილმა დათარსა ელენეო. მართლაც, ელენე ახვლედიანი და ალეკო კაკაბაძე ერთმანეთს მალე დაშორდნენ, ეს იტალიაში მოხდა, სამშობლოში კი უკვე ცალ-ცალკე დაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ მეგობრობდნენ. მხატვარი მეორედ აღარ გათხოვილა. ელენე ახვლედიანი ფეხმძიმედ იყო, მაგრამ ავტოკურსებზე სიარულმა, ის უშვილოდ დატოვა. პარიზში ყოფნისას მხატვარმა მძღოლის კურსებზე სიარული დაიწყო, მანქანა დაიქირავა, მაგრამ ავარიაში მოყვა, მაღაზიის ვიტრინას დაეჯახა და მუცელი მოეშალა. ეს ამბავი მან ძალიან განიცადა, მაგრამ ცხოვრება მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. მოგვიანებით ელენე ახვლედიანი პარიზში ცხოვრობდა და იქ სწავლობდა, აწყობდა გამოფენებს არა მარტო საფრანგეთში, არამედ ამერიკაში, შვეციაში, შვეიცარიაში.

 

***

 

პარიზის წლები და ელენე ახვლედიანის სტუდენტური ხანა განუყოფელია ერთმანეთისგან. მისი პირველი პერსონალური გამოფენაც 1924 წელს პარიზში მოეწყო. პაბლო პიკასო გულგრილი არ დარჩენილა მისი პიროვნების, უშუალობის და შემოქმედების მიმართ, მოსწონებია მისი “კახეთის ზამთარი”, რომლის შეძენაც განუზრახავს. ელენე ახვლედიანს თავისი უამრავი ნამუშევარი გაუჩუქებია, თუმცა პაბლო პიკასოსთან სულ სხვაგვარად მოქცეულა. მხატვარი კახურ პირდაპირობას არასოდეს ღალატობდა და პიკასოსთვის საკმაოდ მკვახედ მიუგია: თუ თქვენ მოგწონთ, მეც მომწონს და არ გავყიდიო. დიდი ადამიანები იოლად უგებენ ერთმანეთს, პიკასოსაც მოსწონებია ქართველი ხელოვანის უშუალობა, დამეგობრდნენ კიდეც, რისი დასტურიცაა პიკასოს მიერ ქალბატონი ელენესთვის ნაჩუქარი საკუთარი ავტოლითოგრაფია, რომელიც დაკარგულად ითვლება. ელენე ახვლედიანის ნამუშევრებიდან ზოგი მოიპარეს, მაგრამ მერე დააბრუნეს, ზოგიც სამუდამოდ დაიკარგა. პარიზული პერიოდის 7 ნამუშევარი, 3 ფერწერული ტილო და 4 გრაფიკული ნამუშევარი, რომლიდანაც ერთი ლადო გულიაშვილის ნაჩუქარი იყო, დაუბრუნდა საკუთარ კერას და წლების შემდეგ სახლ-მუზეუმის კართან აყუდებული იპოვეს თანამშრომლებმა. ეს ნამუშევრები ომისა და ნგრევის პერიოდში, 1993 წელს მოიპარეს.

 

***

 

სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ თავისი სამშობლო ენატრებოდა. ამიტომაც იყო, რომ ელენე ახვლედიანი პარიზშიც კი ქართულ პეიზაჟებს ხატავდა. ის საქართველოზე იყო შეყვარებული. მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა შემოვლილი. იმდენად უყვარდა ძველი ქართული ყოფა, რომ თავის სახლში, თბილისში, ქართული დედაბოძის ელემენტი შემოიტანა და ხისგან დედაბოძის რამდენიმე ვარიანტი გააკეთებინა. პარიზში ყოფნის დროსაც კი, როცა ამ ქალაქის ბუნებას ხატავდა, მხედველობითი მეხსიერებით, მშობლიური საქართველოს პეიზაჟებს ქმნიდა. ელენე ახვლედიანი ძველი სახლების ხატვას ჩქარობდა, თავის კოლეგებსაც ურჩევდა, სანამ დროა, ხატეთ ძველი თბილისის ხედები, რადგან მათი დანგრევის შემდეგ ისინი თქვენს სურათებზე გაცოცხლდებიანო. მართლაც, ის ადგილები, რომლებიც ქალბატონმა ელენემ დახატა, დღეს აღარც არის. ჩვენი ქალაქის ისტორია შემორჩა ტილოზე „ნე უიჟაი, გოლუბჩიკ მოი“, რომელზეც დუქანია გამოსახული. ეს დუქანი იმ ადგილას იდგა, სადაც დღეს გმირთა მოედანზე 11-სართულიანი სახლი დგას. ეს უკვე ისტორიაა. ელენე ახვლედიანს დახატული აქვს სანაპიროზე, „პესკებზე“ მდგარი ძველი სახლი. არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი, როცა თბილისობის დღესასწაულისთვის აღადგენდა თბილისის რომელიმე ძველ უბანს, სწორედ ელენე ახვლედიანის ნამუშევრებით ხელმძღვანელობდა.

 

***

 

საქართველოში მხატვარი 1927 წელს დაბრუნდა და სალონური ცხოვრება დაიწყო. მის სახლში მრავალფეროვანი და საინტერესო საღამოები იმართებოდა. განსაკუთრებით კლასიკის შესრულება უყვარდა და გიტარაზეც უკრავდა. მისგან არანაკლები მუსიკოსი გამოვიდოდა. მის მშობლებს სურდათ, ელენესთვის მუსიკა ესწავლებინათ, 11 წლის ბავშვი თელავიდან თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ თვითონ სულ სხვა პროფესია აირჩია. მისი მხატვრული ნიჭი თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიაში სწავლებისას შენიშნა გამოცდილმა პედაგოგმა ნიკოლოზ სკლიფასოვსკიმ. სწორედ მან და ფოგელმა დააინტერესეს მომავალი მხატვარი ხელოვნებით და ხატვის სიყვარული ჩაუნერგეს. სალონური საღამოების მოწყობის ტრადიცია მის სახლ-მუზეუმში კი მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. ახლაც, როცა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში რაიმე ღონისძიებაა, ყოველთვის ჟღერს მუსიკა და თითქოს ეს ჰანგები მისი ნამუშევრებიდან მოდის.

 

***

 

ელენე ახვლედიანის გარდაცვალება უეცარი და მოულოდნელი იყო. მხატვარი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1975 წლის 28 დეკემბერს, როცა მისი მეგობარი მხატვარი ქალების ნამუშევრების გამოფენის დახურვაზე ფინანსთა სამინისტროს შენობაში სიტყვა უნდა წარმოეთქვა, ტვინში სისხლი ჩაექცა და ორ დღეში, 30 დეკემბერს, გარდაიცვალა. ძველი თბილისის ციკლისთვის ელენე ახვლედიანს რუსთაველის პრემიის ლაურეატობა მიანიჭეს. ცნობილი ფოტოგრაფის, სააკოვის, მიერ გადაღებულმა ელენე ახვლედიანის შესანიშნავმა ფოტომ პარიზის ფოტოგამოფენაზე გრანპრი დაიმსახურა. მხატვარმა მთელი თავისი ნამუშევრები და სახლი, სადაც თბილისში ცხოვრობდა, თავის ხალხს უსახსოვრა. მის სახლ-მუზეუმად მოწყობაში კი მსახიობ გოგი გეგეჭკორის მეუღლემ, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძემ დიდი როლი ითამაშა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი