logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: არავის მსგავსი მხატვარი
- +

28 ივლისი. 2020. 12:41

 

 

 

 

ეტყობა, გულმა მიგრძნო.

კიდევ კარგი, დავწერე.

ამით ოდნავ მაინც დავამშვიდებ ქალბატონი ნათელას ნათელ სულს.

საქმე ისაა, რომ სხვა ჟურნალში უღირსად შეხებიან.

არა უშავს, ქალბატონო ნათელა, უძღები შვილები, ბოლოს, აუცილებლად ბრუნდებიან.

კვლავაც აღიარებენ, რომ ნათელა იანქოშვილი დიდი მხატვარია.

 

***

 

სად იმალება ფერწერის ღმერთი?!

 

(ნათელა იანქოშვილის ახალი სიცოცხლე)

 

გამოქვეყნებულია ჟურნალ „ცისკარში“ - #3, 2020

 

აღარც კი მახსოვს, ასე რომელი წერილი  დავიწყე, ან დავიწყე თუ არა.

 

თუმცა, ასეც რომ იყოს, უკვე  განსხვავებული შესავალია.

 

კინოსცენარს რომ ვწერდე, ასე დავიწყებდი:

 

სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი სახელოსნო.

 

სტუდენტი სადიპლომო ნახატზე მუშაობს. შემოვა ხელმძღვანელი, მოლბერტს შეათვალიერებს და ჩაილაპარაკებს:  „სა - ინ - ტე - რე - სო - ა - ა - ა!“  შემდეგ მოწაფეს ფუნჯს გამოართმევს და ეტყვის: „შეიძლება, გავაგრძელო?“ პასუხს არ დაელოდება და  ხატვას  შეუდგება.  რამდენიმე მონასმის შემდეგ, მოწაფეს მიმართავს: „მიდი, დაამთავრე“. ოსტატი გადის. შეგირდი ნახატს სწრაფად წაშლის და ხატვას თავიდან დაიწყებს...

 

***

 

ეს ნამდვილად მოხდა.

 

სტუდენტი ნათელა იანქოშვილი იყო, ხელმძღვანელი - მოსე თოიძე.

 

სახელგანთქმულ მხატვარს ოდნავადაც არ სწყენია და სადიპლომო ნამუშევარი უმაღლესი ქულით შეუფასა.

 

აკადემიაში თვით დავით კაკაბაძემაც გამოარჩია და სტიპენდია ერთადერთს დაუნიშნა. მანვე პირველმა შენიშნა ნიჭიერი შეგირდის ერთი თვისება: სიჯიუტე.

 

***

 

მხატვრის სიცოცხლეში, კინოსცენარს ასე დავამთავრებდი:

 

მოსკოვი. ლიტერატორთა სახლი. ნათელა იანქოშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა. უამრავი დამთვალიერებელი. გამოჩენილ ქართველ და რუს მწერალთა, ხელოვანთა და  ხელოვნებისმცოდნეთა აღფრთოვანება. აღტაცების გამომხატველი ჩანაწერები შთაბეჭდილებათა წიგნში: 

 

„არავის მსგავსი მხატვარი“;

„დიდი კოლორისტული გაბედულება“;

„ფერთა მუსიკა“;

„მეტყველი მოქნევა ფუნჯისა“...

 

სწორედ  იქ იტყვის ნოდარ დუმბაძე:

 

„არ მინდა, ვთქვა, რომ ნათელა იანქოშვილისა დღეს არ ესმით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის მომავლის მხატვარია“.

 

 

ერთი ცნობილი მხატვარი კი არცთუ მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკებს: „იმ სიჯიუტემ ამ გამარჯვებამდე მოიყვანა“.

 

ესეც აუცილებლად უნდა ვთქვათ: „მდუღარებაი სულისა“ - ასე შეაფასა ნათელა იანქოშვილის პირველი პერსონალური გამოფენა აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა.

 

           ***

 

ნოდარ დუმბაძის სიტყვებს, ცხადია, ვერ შეველეოდი, მაგრამ კინოსცენარს დღეს ასე აღარ დავამთავრებდი.

 

ოღონდ, არა იმის შიშით, რომ „რუსულ ფინალად“ ჩამითვლიდნენ, უბრალოდ, იმის საჩვენებლად,  რომ ნათელა იანქოშვილის ხელოვნების აღიარება შორს გასცდა ყოფილ საბჭოთა სივრცეს და მის ნახატებს უდიდესი მოწონება აქვთ სტამბოლში,  კიოლნში, ბერლინში, ბრიუსელში, ნიუ-იორკში...

 

          ***

 

 ნათელა იანქოშვილი და მისი მეუღლე, ცნობილი მწერალი ლადო ავალიანი ერთ-ერთი გამოჩენილი კომპოზიტორის შემოქმედებით საღამოს დაესწრებიან.  კონცერტის შემდეგ შინ დაბრუნებული მხატვარი დღიურში ჩაწერს: „თუ ამ საუკუნეში შემფასებელი არ გამოუჩნდება, მაშინ დაიბადება მომავალ საუკუნეში“.

 

თითქოს, საკუთარ თავზე წერსო.  თუმცა, დაფასება და აღიარება არც იმ კომპოზიტორს აკლდა და არც ნათელა იანქოშვილს.

 

საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

 

ყველაზე მაღალი და საპატიო ტიტულები.

 

ბოლოს და ბოლოს, სხვას ვის ღირსებია „ერთი მხატვრის მუზეუმი“, თანაც სად?! – რუსთაველის გამზირზე!

 

მაგრამ  მისი ნამდვილი საერთაშორისო  აღიარება მაინც ოცდამეერთე საუკუნეში დაიწყება.

 

      ***

 

ესეც კარგი კადრი იქნებოდა  კინოსცენარისათვის:

 

კომუნისტების ეპოქა.

 

მხატვარი, რომელსაც სახელოსნო არა და არ აღირსეს, ცეკას პირველ მდივანთან შესახვედრად მისულა. შევარდნაძის კაბინეტიდან ვერიკო ანჯაფარიძე გამოვა. ცხადია, ერთმანეთს მოიკითხავენ. „ნათელა, მოსკოვში გამოფენა გქონდა?“  - ჰკითხავს მსახიობი. უარყოფით პასუხს რომ მიიღებს, ეტყვის: „აუცილებლად უნდა იზრუნო ამაზე“.

 

სხვათაშორის, დღიურში  ამ ეპიზოდს  მთლად სიმპათიით არ ჩაინიშნავს. არცთუ ძნელად შესამჩნევი ირონიით აღნიშნავს, რომ ვერიკო ჭკვიანია და იცის, როგორ უნდა მიაღწიოს აღიარებას.

 

იმ დროს ხომ ყველა გზა მოსკოვში მიდიოდა და იქაური გამოფენის დიდი წარმატება რომ არა, შესაძლოა, შევარდნაძესაც არ გამოედო თავი  „ერთი მხატვრის მუზეუმის“ გასახსნელად, მით უფრო, რომ ამ საქმის ჩაშლას მხატვრის არაერთი კოლეგა ცდილობდა.

 

და როგორ ამაყობდა იმით, რომ ერთსა და იმავე ქალაქში არსებობდა ხელოვნების ორი უნიკალური კერა, ორი დიდი ქალბატონის (ამას მე ვამბობ) სახელთან დაკავშირებული:

 

ერთი მსახიობის თეატრი - ფიქრის გორაზე;

ერთი მხატვრის მუზეუმი - რუსთაველის გამზირზე.

 

და თვით მამაზეციერი მიწაზე მხოლოდ ამის სათქმელად რომ ჩამოვიდეს, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ  თუნდაც ღრმად მოხუცებულმა მხატვარმა, საღ გონებაზე, მუზეუმისთვის ამ სტატუსის გაუქმებას მოაწერა ხელი.

 

მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა და, რაც მთავარია, სახელმწიფოს, ერის, საზოგადოების  ღირსების საკითხია.

 

         ***

 

ნათელა იანქოშვილი ბევრი რამით მაგონებდა ვერიკოს, უპირველესად კი იმით, რაც ბერძენმა ტრაგიკოსმა ასპასია პაპატანასიუმ დიდი ხელოვანის ალღოთი შეიცნო და ასე გამოხატა: „შენ ხარ ძალა საქართველოს მიწისა!“

 

ვერიკოს ძალა კოლხური მიწიდან მოდიოდა,  იანქოშვილისა - კახეთიდან.

 

ერთხელ ხელი და თვალი მიმოავლო დიდ დარბაზში გამოფენილ თავის  ნახატებს და მითხრა: „ყველა  ტილო ჩემი ხელითაა გადაჭიმული. იცით, ეს რა ძნელი და დამქანცველია?!“

 

არ გამკვირვებია.

 

        ***

 

გურჯაანში დაიბადა.

 

სწორედ იმ წელს, როცა ფიროსმანი გარდაიცვალა.

 

ერთადერთი, ვისაც შეადარებენ, ყოველთვის ფიროსმანი იქნება.

 

ფიროსმანი იყო ერთადერთი, ვისაც ქართველ მხატვართაგან გულით  აღიარებდა.

 

დაპირებული ნახატი ჩემთვის რომ  ვერა და ვერ გაიმეტა, ერთი ძალიან კარგი მხატვარი ვუხსენე და  მთელი სერიოზულობით ვუთხარი:

 

„- მან  სამი ნახატი მაჩუქა, თქვენ კი -  ერთიც არა.“

კახური პირდაპირობით მომიგო:

„ - იმან გინდ გაჩუქოს და გინდ -  არა“.

 

ერთხელ კიდევ უფრო ცნობილ და აღიარებულ მხატვარზე მეუბნება: „ეგ ფერებს საერთოდ ვერ ხედავს. დგას და პირდაპირ იხატავს თბილისურ ეზოებს. მხატვრობა იმის დახატვა  კი არ არის, რასაც ხედავ,  შთაბეჭდილების გადმოცემა  უნდა შეგეძლოს. ხელოვნება განწყობილებაა. მე დღეს წარმოსახვით ვხატავ იმას, რაც ოცდაათი წლის წინათ მლეთაში მინახავს და განმიცდია. ეგენი კიდევ იხატავენ. მხატვარს, ნიჭის გარდა, სამი აუცილებელი რამ სჭირდება: ფერწერის ტექნიკა,  უტყუარი ინტუიცია და დიდი ნებისყოფა. ზოგჯერ ცოდნაც ინტუიციით მოგეწოდება. ხელოვანი თავის გზაზე სწორად მიდის ინტუიციის საშუალებით და ზუსტად გრძნობს ეპოქას. უამისოდ ნამდვილი ხელოვნება ვერ შეიქმნება“.

 

         ***

 

ხშირად ამბობდნენ, ხისტი ხასიათი აქვსო და მასთან ურთიერთობას გაურბოდნენ.

მტრობდნენ კიდეც.

დაუნდობლადაც.

მარტო ხარო. გვერდით არავინ გიდგასო, - უსისინებდნენ.

პასუხი გამზადებული ჰქონდა:

„მარტო ის არის, ვინც ძლიერია. აბა, ვინ იდგა ფიროსმანის გვერდით?!“

 

ეს  - შემოქმედებაში, ცხოვრებაში კი სულაც არ იყო მარტო, გვერდით ედგა კეთილშობილი ინტელიგენტი ლადო ავალიანი, ვინც თითქმის მთელი ცხოვრება,  ფაქტობრივად, მის შემოქმედებით წარმატებებს  მიუძღვნა.

 

თუმცა, ამ სრულიად გამორჩეული წყვილის ერთად ყოფნას მაინც „ორის მარტოობა“ დავარქვი. როცა ბატონი ლადო გარდაიცვალა, გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე გამოსათხოვარი, რომელიც ასე დავასათაურე: „ერთის წასვლა ორის მარტოობიდან“. იმავე საღამოს, „მოამბეში“ ჟურნალისტმა დოდო იორდანიშვილმა ჩემი ტექსტი თითქმის მთლიანად წაიკითხა.

 

დრო რომ გავიდა, მითხრა, იქნებ როგორმე შევეგუო ულადოობას, ცოტა მოვხასიათდე და აუცილებლად დაგხატავო.

 

არ მინდა-მეთქი.

 

გაოცება ვერ დამალა. ვინ არ ოცნებობდა ამაზე, მათ შორის, ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე, ვისგანაც დავალებულიც კი იყო.

 

არ დახატა.

აბა, ეგ რა დასახატავიაო?!

მე კი უარს ვეუბნებოდი?!

-  არ გინდა. რომ დაგხატო?!

- მე თქვენი ნახატი მინდა და არა ის, რომ დამხატოთ.

- კარგი, მაშინ ახალს დავხატავ და გაჩუქებ.

ვეღარ დახატა.

მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა მისთვის ლადო, რომ ეს მართლაც განუყოფელი ორი იყო.

 

              *** 

 

დიახ, ეს ნამდვილად გამორჩეული წყვილი იყო.

 

აკაკი გაწერელია წერდა, გამოჩენილი პიროვნებების წასვლა პეიზაჟსაც აღარიბებსო და მაგალითად ის მოჰყავდა, რომ რუსთაველის გამზირს გერონტი ქიქოძის დინჯი სიარული აღარ ამშვენებდა.

 

ვისაც უნახავს, როგორ გამოდიოდნენ ნათელა და ლადო რუსთაველის პროსპექტზე,  განსხვავებულად ჩაცმულნი, როგორ უხდებოდნენ ქუჩას პრემიერაზე, კონცერტზე თუ  გამოფენაზე მიმავალნი, აუცილებლად იგრძნობდა „პეიზაჟის გაღარიბებას“.

 

ამირან გომართელმა შენიშნა, მხატვარს ლადო უფრო ჰგავდაო.

 

ვეთანხმები, თუმცა, ნათელას გარეგნობაშიც ასევე იყო რაღაც ძალიან საინტერესო, ხელოვანისთვის სანატრელი.

 

გრიგოლ აბაშიძის ულამაზეს მეუღლეს ხატავს. ერთ-ერთი სეანსის დროს, ქალბატონი ლამარა ეუბნება: „გიცქერით და  ვფიქრობ, რა კარგი დასახატი ხართ.  თვითონ თქვენ უნდა დაიხატოთ თქვენი თავი, როგორც ფრესკა: შავი თმები, მოყვითალო სახე, მწვანე ფონი“.

 

მხატვარი გაბრაზდება და ეტყვის,  რომ არ უყვარს, როცა ხატვის პროცესში ხელს უშლიან.

 

           ***

 

პორტრეტი ნათელა იანქოშვილის სტიქიაა.

 

არაერთი უეჭველ შედევრადაა აღიარებული: მამის პორტრეტი, ნინო ჭავჭავაძე, ზინა კვერენჩხილაძე, ლადო ავალიანი...

 

ის პიროვნების სულს, ხასიათს, შინაგან სამყაროს  ხატავს.

 

მისი ნაამბობი:

           

„ძალიან გამიჭირდა მედეა ჯაფარიძის პორტრეტის შექმნა. თითქოს, რა უნდა ლამაზი ქალის დახატვას, არადა, გავწვალდი. ვგრძნობდი, რომ ის მხოლოდ ფერია არ იყო,  სილამაზისა და გარეგნული სათნოების მიღმა ძლიერი ხასიათიც იმალებოდა. ვთხოვე, კლეოპატრას წითელი კაბა ჩაეცვა და პორტრეტიც შედგა.

 

ერთმა მომღერალმა  სეანსზე, ფიზიკური ნაკლის დასაფარავად, დიდი შავი მოსასხამი მოიტანა. მხატვარს კი სწორედ იმის ჩვენება უნდოდა, თუ რა „ლამაზი სულის ჭურჭელი“ იყო მომღერლის არცთუ ლამაზი სხეული. პორტრეტიც ზუსტად ამას გვიჩვენებს.

 

 

             ***

 

იანქოშვილის პორტრეტები საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ ზემოთ ნახსენები დიდი საერთაშორისო აღიარება მაინც პეიზაჟებს უკავშირდება.

 

და მივადექით კიდეც იმას, რაც სიახლეა და განსაკუთრებით უნდა გვახარებდეს.

 

ეს არის ინფორმაცია, რომელიც ლონდონში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ გიორგი ლალიაშვილმა ინტერნეტ-სივრცეში გაავრცელა:

 

„ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ  „Himer“-მა გერმანულ და ინგლისურ ენებზე ცალ-ცალკე გამოსცა წიგნი: „ნათელა ინქოშვილი - მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“.

 

ამავე ინფორმაციით ვიგებთ, რომ წიგნის ავტორია ბერლინის „Galerie Komfeld“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, ვინც ორი წელი მოანდომა ნათელა იანქოშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მასალების შეგროვებას.

 

წიგნი ჯერ ხელთ არ მჭერია, მაგრამ ვერ დავმალავ სიამაყეს იმის გამო, რომ იქ, ცნობილ გერმანელ, ინგლისელ, იტალიელ, ამერიკელ, რუს და ქართველ არტ-კრიტიკოსთა მოსაზრებებს შორის, ჩემი მოგონებანიც არის შესული.

 

         ***

 

მე ვიცნობ მამუკა ბლიაძეს.

 

სწორედ ორი წლის წინათ, თბილისში მისივე თხოვნით შევხვდი.

 

ბატონმა მამუკამ მიამბო, თუ რა დღითიდღე  ძლიერდება დასავლეთში ინტერესი ნათელა იანქოშვილის ნახატების მიმართ.

 

გაოცებულნი კითხულობენ: „ვინ არის?“ „ჰოლანდიელია?“ შეიტყობენ, რომ ქართველია. მერე ამას კითხულობენ: „აქამდე სად იყო?!“ „რატომ არ ვიცოდით?!“

 

მაინც რა ხიბლავთ ასე ძალიან იანქოშვილის პეიზაჟებში?

 

ბატონი მამუკას ნაამბობით დავასკვენი, რომ სწორედ ის ხიბლავთ, რაც თავის დროზე მოსკოვშიც შენიშნეს და შთაბეჭდილებათა წიგნშიც ჩაწერეს, თუნდაც შავისა და მწვანის კონფლიქტის თაობაზე:

 

„გაოგნებული ვარ ამ შავი ფერით, ფერით გლოვისა და კაეშანისა, რომელიც აქ, ბრწყინვალე მხატვართან, უეცრად ათამაშდა, გაცოცხლდა, სიხარულის მომნიჭებლად იქცა.“

 

„ნათელა იანქოშვილის ფერწერა გაოცებთ თავისი თვითმყოფადობით, იმით, რომ იგი არ ჰგავს არცერთ სხვა მხატვარს. ფართო, მოულოდნელი მონასმები - ესაა თავისებური ვირტუოზული იმპროვიზაცია, რომელიც ადამიანის სულში  დიდი ემოციური ძალით იჭრება.“

 

        ***

 

მონასმებზე უნდა შევჩერდეთ.

ეს ნათელა იანქოშვილის ერთ-ერთი მთავარი „კოზირია“.

რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ, ეს თვითონ იცის.

ამიტომაც ამბობს ასეთი დაბეჯითებით:

 

„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიჭერ ფუნჯს, როგორ მოუსვამ. სწორედ ფუნჯის მოსმაში იგრძნობთ და დაინახავთ ფერწერის ღმერთს“.

 

უნდა ვაღიარო: მე ნამდვილად ვგრძნობ და ვხედავ ფერწერის ღმერთს, როცა ნათელა იანქოშვილის ნახატებზე  მლეთის, იყალთოსა თუ ალავერდის თავზე მოარულ  ღრუბლებს ვუყურებ.

 

არადა, თითქოს, ერთი  ჩვეულებრივი მონასმია, ფერთა უბრალო მოძრაობა.

მაგრამ რა ძლიერი მონასმია?

აი, ძალა საქართველოს მიწისა!

 

          ***

 

ნათელა იანქოშვილის ნახატებზე, ძირითადად, ოთხი ფერია - უკვე ნახსენებ შავსა და მწვანეს ყვითელი და წითელი ემატება.

 

ყველგან გაოცებით საუბრობენ მის სურათებში აღბეჭდილ ფერთა მუსიკაზე.

 

მოსკოველ დამთვალიერებელს ამ მუსიკამ სკრიაბინი მოაგონა, მე კი განსაკუთრებით იმან გამახარა, რაც მამუკა ბლიაძისგან გავიგე:

 

„ნათელა იანქოშვილის ნახატებს დასავლეთში ქართულ პოლიფონიას ადარებენ. ეს აელვებული წითელი და ყვითელი ფერები, თითქოს, ფერწერაში ჩვენებური კრინისა და კრიმანჭულის გადატანაა.  მათში გაოცებასა და სიხარულს კიდევ ერთი რამ იწვევს: 50 წლის წინათ შექმნილ სურათებს ისეთი ჩაუმქრალი სიცოცხლის ბეჭედი აზით, თითქოს, მხატვარმა ეს - ესაა დაამთავრაო“.

 

აი, რატომ ვიტყოდი უარს „რუსულ ფინალზე“.

 

        ***

 

„ფიროსმანის შემდეგ, ყველაზე საერთაშორისო ქართველი მხატვარი“ - ესეც მამუკა ბლიაძის შეფასებაა, რისი გავრცობაც კიდევ უფრო საინტერესოა:  როგორც ლე დანტიუმ  და ძმებმა ზდანევიჩებმა სამყაროს აღმოუჩინეს ფიროსმანი, ერთი საუკუნის შემდეგ ბერლინის „Galerie komfeld“-ის მფლობელებმა ალფრედ კორნფელდმა და ანნე ლანგმანმა მსოფლიოს ნათელა იანქოშვილის ხელოვნება გააცნეს.  ისინი 15 წლის წინათ ეწვივნენ საქართველოს, აღფრთოვანდნენ იანქოშვილის შემოქმედებით და 2012 წელს თავიანთ გალერეაში მისი პერსონალური გამოფენა გამართეს. 

 

და დაიწყო კიდეც ნათელა იანქოშვილის ახალი სიცოცხლე ოცდამეერთე საუკუნეში!

 

     ***

 

ისევ ფიროსმანთან პარალელი.

 

კი, გულით  უყვარდა, მაგრამ შედარება მაინც არ მოსწონდა.

 

https://i.postimg.cc/wTYZ78YC/download-43.jpg
https://i.postimg.cc/tCdf6SXY/images-10.jpg
https://i.postimg.cc/wj6rQXvF/images-11.jpg
https://i.postimg.cc/HkBhZr8m/unnamed-84.jpg

 

 

ერთხელ მითხრა: „აბა რა მაქვს მე ფიროსმანისა, იმის გარდა, რომ ორივენი ქართველები ვართ, თანაც, კახელები?!“

 

მიხარია, რომ ამას ნამდვილად ვერ ვხვდები.

 

უფრო მეტად კი ის მახარებს, რომ ფიროსმანიც გვყავს და იანქოშვილიც...

 

 

 


 


 


 

 

 

big_banner
არქივი